ექსკლუზიური სტილისა და გარეგნობის თოჯინები - გზაპრესი

ექსკლუზიური სტილისა და გარეგნობის თოჯინები

სამი წელია, რაც ქეთი არევაძემ თავისი თოჯინების გარეგნობასა და განსხვავებულ სტილზე ზრუნვა დაიწყო. თმახუჭუჭა, ტიულის კაბებითა და "უგებით" თავმომწონე გოგონები სულ უფრო მეტად იპყრობენ მნახველის თვალსა და გულს და შესაბამისად, მათი "დედიკოს", მცირე მეწარმე ქეთი არევაძის წარმოებაც სულ უფრო იზრდება.

რამ შეუწყო ხელი განსხვავებული იმიჯის თოჯინების დაბადებას, როგორი ურთიერთობა აქვთ "გოგონებს" და რას აპირებს მეწარმე სამომავლოდ - ქეთი არევაძე დიდი სიყვარულით თოჯინებში გაცოცხლებული ოცნებების შესახებ გვიყვება.

- ქეთი, რაიმე კონკრეტულ ფაქტთან თუ იყო დაკავშირებული თოჯინების შექმნით თქვენი დაინტერესება?

- ეს საქმე 2018 წელს დავიწყე. ჩემს გოგონას სკოლაში დაავალეს, ხელით რომელიმე შინაური ცხოველი შეექმნათ. ამ მიზნით სასწავლო ვიდეოების ძებნა ინტერნეტში დავიწყეთ. აღმოვაჩინე იტალიელი ქალბატონი, რომელიც ულამაზეს თოჯინებს ამზადებდა. ჩემთვის იმდენად მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა, მოსვენება დავკარგე, სულ ამაზე მეფიქრებოდა. იტალიური ენა არ ვიცოდი და ვიდეოებს ხმის გარეშე ვუყურებდი. მოგვიანებით დავიწყე ძიება, როგორ შეიძლებოდა თოჯინა თავად გამეკეთებინა. მას შემდეგ, რაც ეს საქმე დავიწყე, ახალ-ახალ თოჯინებთან კონტაქტი აღარც შემიწყვეტია.

GzaPress

- თქვენს თოჯინებს განსხვავებული, ინდივიდუალური ფორმა და სტილი აქვს. ამაზე როგორ შეჯერდით?

- ფორმაც და სტილიც დროთა განმავლობაში დაიხვეწა. მომწონს ტიულის ქვედაბოლოების, მოსაცმელების, პიჯაკებისა და უგების ერთიანობა. ნაჭერს რომ დავინახავ, უკვე ვიცი, რა სტილი უნდა მოვარგო. ყოველთვის მიყვარდა ხვეული თმა, ჩემი ოცნება იყო, ასეთი თმა მქონოდა. როგორც ჩანს, ეს ოცნება ამ თოჯინებში განვახორციელე. დიდი ზომის თოჯინებს, საშუალოდ, ხუთი დღე სჭირდება, პატარებს კი ორ-სამ დღეში ვამზადებ. შეკვეთების რაოდენობა განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში გაიზარდა. უამრავი დიდი ზომის თოჯინა გავაკეთე. ასევე ბავშვებისთვის ბაჭიებიც დავამზადე. მართალია, კონკრეტული განათლება ამ მიმართულებით არ მიმიღია, მაგრამ უკვე იდეაც და ტექნიკაც თავისით მოდის.

- კერვა მანამდეც გეხერხებოდათ?

- არასოდეს (იცინის). თანაც, ახლა ყველაფერს პრინციპულად ხელით ვაკეთებ, საკერავ მანქანას საერთოდ არ ვიყენებ.

GzaPress

- პროფესიით ვინ ბრძანდებით?

- ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ათეული წლები იტალიურ მაღაზიაში ჯერ კონსულტანტად, შემდეგ კი მენეჯერად ვმუშაობდი. ოთხი წელია, მუშაობას თავი დავანებე. დროც გამომიჩნდა და ასე დავკავდი ახალი საქმიანობით.

- პირველ თოჯინას, როგორც ჩანს, კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც სხვების შექმნაც გადაწყვიტეთ...

- მხოლოდ ჩემი შვილისთვის ვაპირებდი მათზე მუშაობას, მაგრამ მალე მეგობრების რჩევით, გვერდი გავაკეთე და შემოთავაზებები მაღაზიებიდან მივიღე. საახალწლოდ შეკვეთების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. მცირე მეწარმე და სოციალური ქსელის ჯგუფების წევრი გავხდი. აქტიურად ვმუშაობ. ჩვენი ქვეყნის გარდა, თოჯინებმა უკვე "ინახულეს" საფრანგეთი, ამერიკა, ისრაელი, საბერძნეთი. თავდაპირველად, ისე მიყვარდებოდნენ, გასხვისება მიჭირდა. თანდათან მიდგომა შევცვალე. ვიფიქრე, რომ ეს იყო ჩემთვის არსებული შესაძლებლობა სხვების გასახარებლად. მათი დათმობა ასეთი მიდგომით უფრო გამიადვილდა.

- გამოფენებში მონაწილეობთ ხოლმე?

- პანდემიამდე ერთხელ მოესწრო გამოფენა და სხვათა შორის, არც ერთი თოჯინა სახლში აღარ "წამომიყვანია".

GzaPress

- თოჯინების შექმნის პროცესში ქალიშვილიც მონაწილეობს?

- ქალიშვილიც და მეუღლეც. მათი მხარდაჭერის გარეშე ვერც შევძლებდი. პირველი შემფასებლებიც სწორედ ისინი არიან.

- თქვენ მიერ შექმნილი თოჯინები უცნაურად ხელმისაწვდომია...

- დიახ, მაგრამ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ასეა საჭირო. არც ერთი მათგანი მოვალეობის მოხდის მიზნით არ გამიკეთებია. თითოეულში იმხელა სიყვარული იდება, მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით ვერ აღვიქვამ. განსაკუთრებით მძაფრდება ჩემი ემოციური მოლოდინი, როცა ვიცი, რომ თოჯინა ადგილზე მივიდა. მომხმარებლის მოწერილი დადებითი გამოხმაურება ფრთებს მასხამს. ამის გარეშე, მერწმუნეთ, მუშაობას ვერ შევძლებდი. იმის შეგრძნება, რომ თბილი ემოციის გამოწვევა შეძელი, სავსებით საკმარისია ახალი შეკვეთისთვის მზადების დასაწყებად.

შორენა ლაბაძე