საქართველოს მინისამყარო - გზაპრესი

საქართველოს მინისამყარო

იური იულდაშევის ნამუშევრები ძველი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მინიმოდელებია. შერეული მასალით შექმნილი მინიატიურების დეტალური დათვალიერებისას სითბოს შეგრძნება გეუფლება.

ადამიანის ზომის ფიგურებსაც ქმნის, რომლითაც მოსკოვში ერთ-ერთი რესტორანია გაფორმებული. პანდემიის დასრულების შემდეგ, თვითნასწავლი ხელოვანი გამოფენის მოწყობასაც გეგმავს.

- როსტოვში სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დავიბადე. დედა ფინანსისტი იყო და ბუღალტრად მუშაობდა ერთ-ერთ დაწესებულებაში. მამა თბილისში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად რომ გადმოიყვანეს, 6 თვის ვიყავი. გადმოვსახლდით მამა, მე, ჩემი უფროსი და და დედა. კლარა ცეტკინზე, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით. მეზობლად სხვადასხვა ეროვნების ოჯახები ცხოვრობდნენ. ძალიან ვმეგობრობდით და ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. დღემდე ყველა მახსოვს და სიამოვნებით ვიხსენებ ბავშვობის წლებს. გარშემო ყველა რუსულ ენაზე საუბრობდა, მეც რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და ამიტომ ქართულად კარგად ვერ ვლაპარაკობ, თუმცა, ჩემს შეცდომებზე ვისწავლე და ჩემი შვილები ქართულ სკოლაში შევიყვანე. კოტემ და გიორგიმ უმაღლესი განათლებაც ქართულად მიიღეს - ქართული რუსულზე უკეთ იციან. რაც შემეხება მე, როსტოვში სამშენებლო ფაკულტეტი დავამთავრე, რის შემდეგაც თბილისში საქართველოს მშენებლობის სამინისტროში ესთეტიკის განყოფილების უფროსად ვმუშაობდი.

GzaPress

- რა ევალებოდა ამ განყოფილებას?

- ალბომების, წიგნების ესთეტიკურ მხარეზე ზრუნვა, ყოველწლიური ბროშურების მხატვრული გაფორმება და ა.შ. ლამაზი კალიგრაფია მაქვს და ალბომებისთვის ვხატავდი კიდეც. ერთხელ ალბომების გაფორმების კონკურსში პირველი ადგილი დავიკავე და მახსოვს, ედუარდ შევარდნაძემ ბორჯომის სანატორიუმში დასასვენებელი საგზურით დამაჯილდოვა.

- მხატვრობამ და მინიატიურებმა როდის და როგორ გაგიტაცათ?

- "პერესტროიკის" პერიოდში სამსახურიდან წამოსვლამ მომიწია. სამინისტრომ გარკვეული პერიოდი მუშაობა შეაჩერა და უსახსროდ დავრჩი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, როგორ მერჩინა ოჯახი. შინ რაღაც ნახატები სულ მქონდა. ჩემი მეუღლე ირინა ბანკოვსკაია პროფესიით მუსიკოსია. ფორტეპიანოს პედაგოგია და პირველ მუსიკალურ სკოლაში ასწავლის. მან მირჩია, ჩემი რამდენიმე ნამუშევარი "მშრალ ხიდზე" წამეღო. მისი რჩევითა და დამსახურებთ, ასეც მოვიქეცი, თუმცა დიდი იმედი არ მქონდა, რომ რამე გამოვიდოდა. იქ პროფესიონალი მხატვრები იდგნენ და იმ პერიოდში მათაც კი არ ეყიდებოდათ ნამუშევრები. 1991 წლის დადგომის წინა პერიოდი იყო, როცა საახალწლო თემაზე, ძველი თბილისის შტრიხებით, პეიზაჟების ერთი სერია დავხატე და "მშრალ ხიდზე" წავიღეთ. რამდენიმე საათში ყველა გაიყიდა და იმ დროისთვის საკმაოდ კარგი თანხაც დაგვიგროვდა. წავედით ბაზარში და სადღესასწაულო სუფრისთვის ყველა საჭირო პროდუქტი და შვილებისთვის სხვადასხვა ნივთი შევიძინეთ. ამ მოულოდნელი ამბის შემდეგ მუშაობის გაგრძელების სტიმულიც გამიჩნდა და მას შემდეგ არც გავჩერებულვარ.

GzaPress

- მინიატიურების შექმნამდე სიუჟეტებს წინასწარ ხატავთ?

- ესკიზის გარეშე ვმუშაობ. სიუჟეტი გონებაში იბადება და იდეები მუშაობის პროცესში ვითარდება. ასე გრძელდებოდა მრავალი წელი, კვირის დღეებში ვმუშაობდი და შაბათ-კვირას უკვე დასრულებული ნამუშევრები სანაპიროზე გასაყიდად გაგვქონდა. არაერთი შემოთავაზება თუ დაკვეთა მივიღე მაშინ მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებსაც ეტაპობრივად ვასრულებდი. ერთხელ თბილისში ცნობილი დიზაინერი ბორის კრასნოვი იყო ჩამოსული, რომელიც "მშრალ ხიდზე" გავიცანი. როცა მან ჩემი ნამუშევრები ნახა, თავისთან მუშაობა და ოჯახთან ერთად მოსკოვში გადასვლა შემომთავაზა, თან ბინითა და ყველა საჭირო პირობით უზრუნველყოფასაც დამპირდა, მაგრამ არ წავედით.

- რატომ თქვით უარი?

- სიმართლე გითხრათ, საქართველო ძალიან გვიყვარს, პატრიოტები ვართ და არ გვინდოდა, ჩვენს შვილებს სხვაგან ეცხოვრათ. ჩვენი ერთი შვილი კოტე საქართველოში ცხოვრობს, მეორე - გიორგი შვეიცარიაშია. იქ გადასვლის შანსიც გვქონდა, მაგრამ არც ეს გავაკეთეთ.

- ბატონო იურა, გამოდის, ჯერ იყო პეიზაჟები, მერე მინიატიურებზე გადახვედით. თბილისის გარდა, ყველაზე ხშირად რომელი რეგიონი ხვდება თქვენს ნამუშევრებში?

- დიახ, უწინ უმთავრესად პეიზაჟებს ვხატავდი, შემდეგ მინიატიურების შექმნა დავიწყე და ნელ-ნელა ცოტა ზომებშიც გავზარდე. თითოეული მათგანი ქართულ თემაზეა შექმნილი. შეიძლება ითქვას, საქართველოს სოფლებში არც ვყოფილვარ, მაგრამ მთელ კოლორიტს შინაგანად, სულით ვგრძნობ. ჩემს დამკვეთებს ხშირად გაკვირვებით აღუნიშნავთ, რომ ის ადგილები, რომლის მინიატიურებიც მაქვს შექმნილი, თვალით არ მინახავს, მაგრამ მაინც ვახერხებ, ზუსტად აღვიქვა და გადმოვცე რეალობა. თითქმის ყველა რეგიონი მაქვს "მოცული" და შესწავლილი - როგორც ნაციონალური სამოსი, ისე კერძების წარმომავლობა და მინდა ზუსტად გადმოვცე ყველა კუთხის ტრადიცია.

GzaPress

- იოლი არ არის ნამუშევრებში გასული საუკუნეები ასახო. სპეციალურად სწავლობდით ამ თემას?

- ეთნოგრაფიულ მასალებზე, მხატვართა ალბომების მიხედვით ვსწავლობდი და ახლა, როცა რამე მჭირდება, უკვე ინტერნეტში ვეძებ. თუმცა, ყველა სიუჟეტს მე ვიგონებ და შეიძლება ითქვას, ჩემი ანუ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია.

- დღევანდელობის ასახვა მინიატიურებში თუ გიცდიათ?

- წარსულის თემატიკა უფრო მომწონს, თანამედროვე კი ჯერჯერობით არ მიზიდავს. დღევანდელობით არ ვინტერესდები. ჩემი შთაგონების წყაროა წარსული - "იტალიური" ეზო, სამეზობლო და ჩემი ბავშვობა.

ანა კალანდაძე