"დედას ჩემი ძაღლი უფრო უყვარს, ვიდრე მე" - გზაპრესი

"დედას ჩემი ძაღლი უფრო უყვარს, ვიდრე მე"

მოცეკვავე ანი ჯავახი მეუღლესთან, თუთიყუშთან, თევზებთან, 2 კატასთან და 4 კნუტთან ერთად ცხოვრობს. მიაჩნია, რომ ცხოველების მოყვარულები უფრო გულთბილები და კარგი ბუნების ადამიანები არიან.

- ბავშვობიდან ცხოველებზე, ფრინველებზე, მცენარეებზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა! სულ მინდოდა, შინ ძაღლი მყოლოდა. არ მყავდა და განვიცდიდი... ახლა შინ მყავს 2 კატა, თუთიყუში, თევზები და პლუს, 4 კნუტი - ჩემი კატების შვილები (იცინის)... თავდაპირველად თუთიყუში მყავდა. დედა შინ ცხოველის მოყვანის უფლებას არ მაძლევდა, შემდეგ ჩემმა მოსწავლეებმა მალტეზეს ჯიშის ძაღლი - ბუბუ მაჩუქეს, რომელიც ჩემი პირველი "შვილია" (იღიმის). სამწუხაროდ, ბუბუს ძირითადად სახლში ყოფნა უწევდა. მას დედაჩემი უფრო უყვარს, ვიდრე მე. დედას შინ ცხოველის მოყვანა იმის გამო არ სურდა, რომ მომავალზე ფიქრობდა: ძაღლები იმდენ ხანს არ ცოცხლობენ, რამდენსაც - ადამიანები. არ უნდოდა, გული გვტკენოდა... მგონი, ჩემი ძაღლი უფრო უყვარს, ვიდრე მე (იცინის).

- ბუბუ დედასთან ცხოვრობს თუ შენს ახალ ოჯახში?

- არა, მე მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ, ბუბუ დედასთან დარჩა. სტუდიაში ვნახულობ ხოლმე: დედაჩემი სულ ჩემთან ერთადაა - სტუდიაში გვეხმარება და ბუბუც სულ იქაა. თუთიყუშიც დედაჩემთანაა. ახალ ოჯახში ტალღოვანი თუთიყუში მყავს, სახელადაც "თუთიყუში" ჰქვია... კატებს რაც შეეხებათ, "გოგოს" მია ჰქვია, "ბიჭს" - შიფუ. შიფუ სფინქსის ჯიშისაა, მია - ჩვეულებრივი. შიფუ მიას "მიეპარა", რის შედეგადაც, მოულოდნელად, მე და რატი (ჩემი მეუღლე) "ბებია-ბაბუა" გავხდით (იცინის). 4 იდეალური კნუტი გაგვიჩინეს. "ბავშვებს" საყვარლად უვლიან, იდეალური ოჯახი აქვთ... მია, თუთიყუში და თევზები რატის მანამდე ჰყავდა, ვიდრე ცოლად გავყვებოდი... შინ შიფუს მოყვანისას მიამ იეჭვიანა. ერთი კვირა არც გვენახვებოდა, საჭმელს არ ჭამდა, დეპრესია "გამოგვიცხადა"... შემდეგ "დაძმაკაცდნენ", მერე კი "ძმაკაცობა" "უფრო მეტში" გადაეზარდათ (იცინის).

- კნუტებს რას უპირებთ?

- უკვე გაჩუქებულები არიან - მაშინვე დაიტაცეს. ცოტათი რომ წამოიზრდებიან, პატრონები წაიყვანენ.

- კატებს თუთიყუშთან როგორი ურთიერთობა აქვთ?

- ძალიან კარგი. მია წყნარი, მშვიდი კატაა, ხელს არ შეგიშლის, შიფუ კი - გადარეულია. როცა შიფუ ყველაფრის დანგრევის ხასიათზეა, ხანდახან თუთიყუშის გალიას გადმოაგდებს ხოლმე, მერე კი იმალება. ასეთი "წამოვლა" თვეში ერთხელ აქვს.

- თევზებზე რას გვეტყვი?

- მშვიდობიანი, პატარა თევზები გვყავს. ახლა შემატებას ვაპირებთ. პანდემიის გამო, საქართველოში ასე ვთქვათ, კარგი ჯიშის თევზები ვერ ჩამოჰყავდათ. ახლა ნელ-ნელა გზა გაიხსნა და მგონი გვეშველა - აკვარიუმს ლამაზ თევზებს კიდევ შევმატებ...

- მათზე ზრუნვას ბევრი დრო სჭირდება?

- არა, რა ბევრი დრო?! თევზებს დღეში ერთხელ უნდა აჭამო (იცინის). ბევრი რომ ჭამონ, დაიხოცებიან. აკვარიუმის გაწმენდას რაც შეეხება, ამას მე და რატი ერთად ვაკეთებთ. რთული არაა.

- შენს ოთხფეხა და ფრთოსან მეგობრებს რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, უნარი ხომ არ აქვთ?

- მგონი, თავად შიფუა "განსაკუთრებული უნარი" (იცინის). უცნაური ჯიშისაა. საოცარი "წამოვლებები" აქვს... ახლახან სამეგრელოში გვყავდა. წამოსვლა რომ დავაპირეთ, მიხვდა. ეზოში სიარული დაიწყო, მოიღუშა. როცა წამოვიყვანეთ, მოფერება დამიწყო, სახე დამიზილა - იქნებ დამტოვონო (იცინის). მერე, რომ მიხვდა, არაფერი გამოუვიდოდა, საბარგულში გადავიდა და მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია... ჩემი პირველი თუთიყუში - რიკო ძალიან სასაცილოდ ლაპარაკობს. სოციალურ ქსელში დედაჩემს ამის ამსახველი უამრავი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული. ჭყინტი ყველი მინდაო, - თუ რაღაც მსგავს ფრაზას ასწავლის ახლა. რიკომ ბევრი ფრაზა იცის. პოლიციის ჰიმნიც ისწავლა (იცინის). დედა რომ ჩაუჯდება ხოლმე, ერთ კვირაში უკვე ახალი ტექსტი აქვს გამზადებული.

- შენზე რამ მოახდინა ზეგავლენა, რომ ცხოველები ასე შეგყვარებოდა?

- პირველ რიგში, მშობლებმა მოახდინეს გავლენა, რადგან ცხოველებზე ისინიც გიჟდებიან, ისე უყვართ!.. ისეთი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, ძაღლის რომ ეშინია... ჩემი აზრით, ცხოველებთან, ფრინველებთან და მცენარეებთან ერთად, სახლი უფრო მყუდროა. მათ გარეშე შინ მოწყენილობა იქნებოდა... კორპუსის ბინაში ვცხოვრობ. ნეტავ საკუთარი სახლი მქონდეს - ალბათ მაშინვე ქუჩიდან 6 ძაღლს ავიყვან. ახლა ქუჩაში ძაღლს რომ დავინახავ, გავეტირები ხოლმე, - სახლში ვერ წაგიყვან-მეთქი... ბევრ ადამიანს ცხოველების ზედმეტად ეშინია. არ ვიცი, რა სჭირთ. ჩემი აზრით, თუ ცხოველების მიმართ სიყვარულის გამოხატვა არ შეგიძლია, გულთბილ დამოკიდებულებას ადამიანის მიმართაც ვერ გამოხატავ. ვისაც ცხოველები უყვარს და მათზე ზრუნავს, ბევრად გულთბილი და კარგი ბუნების ადამიანები არიან (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი