როგორ გავუმკლავდეთ აგრესიულ კომენტარებს - გზაპრესი

როგორ გავუმკლავდეთ აგრესიულ კომენტარებს

რა ტიპის ადამიანები ავლენენ ნეგატივს სოციალურ სივრცეში

აგრესიის გამოხატვის უამრავი ფორმა არსებობს, რომელთა მეშვეობითაც ნეგატიური ენერგია წამლავს ჩვენს ფსიქიკას. სარკაზმი, ძალადობა, დაცინვა, უსაფუძვლო კამათი, ჩხუბი, მრისხანება, არაკეთილმოსურნეობა, სისასტიკე და მტრული განწყობა - ეს ის ფორმებია, რომლითაც ვლინდება აგრესია და მკაფიოდ და ღიად ხშირად ვაწყდებით სოციალურ ქსელებში.

ხშირად ეს ადამიანებში უსუსურობის, დაბნეულობის, შფოთვის, დამცირების, დანაშაულის, უიმედობისა და იზოლაციის განცდას იწვევს. თვითშეფასების დაქვეითებასა და ღირსების გათელვას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს.

ნინო ვერხვიაშვილი, ფსიქოთერაპევტი:

- დღევანდელი რეალობა წარმოუდგენელია სოციალური ქსელების გარეშე. თქვენი აზრით, რა ასაკიდან უნდა ჰქონდეს ბავშვს წვდომა ინტერნეტში სხვადასხვა სოციალურ გვერდზე და რამდენად რეკომენდებულია, პატარებს "ფეისბუკის" ან "ინსტაგრამის" გვერდები ჰქონდეთ? - ჩემი აზრით, ალბათ უფრო ოპტიმალურია, ბავშვს 10 წლიდან ჰქონდეს სოციალურ ქსელებთან წვდომა. რაც შეეხება ინტერნეტში სხვადასხვა გვერდს, - ეს იმ მასალაზეა დამოკიდებულია, რასაც მოსწავლე სკოლაში გადის. მოგეხსენებათ, დავალებები და ინფორმაციის მოძიება ხშირ შემთხვევაში, ინტერნეტის მეშვეობით ხდება, უბრალოდ, ძალზე მნიშვნელოვანია, მშობელი ბავშვთან ერთად ეტაპობრივად დგამდეს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ბავშვი საერთოდ, ინტერნეტის ფორმატს გაეცნოს. მნიშვნელოვანია ფლობდეს ინფორმაციას ინტერნეტის გამოყენების შესახებ და ასევე იმ საფრთხეებზეც იცოდეს, რასაც ის მოიცავს. ისევე, როგორც უცხო ადამიანებთან კონტაქტზე აფრთხილებენ ბავშვს, როგორ მოიქცეს, ანალოგიური ქცევის მოდელი უნდა იყოს გადატანილი უშუალოდ ინტერნეტით სარგებლობის დროსაც.

- "ფეისბუკი" და სხვა სოციალური ქსელები არის როგორც ინფორმაციის მიღების, საქმიანი ურთიერთობების, ისე გართობის, მეგობარ-ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალება, მაგრამ რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ ქსელებს? - დადებითი ისაა, რომ ამ გზით კონტაქტი, ადამიანებთან ურთიერთობა მაშინაცაა ხელმისაწვდომი, როცა ისინი ტერიტორიულად შორს არიან, თუნდაც სხვადასხვა კონტინენტზე იმყოფებიან. გარდა ამისა, ეს არის ახალი ადამიანების გაცნობის შანსი, დროის სასიამოვნოდ გატარების ერთ-ერთი გზა, თვითგანათლება, საინტერესო ინფორმაციის მიღება და სხვადასხვა ჯგუფსა და გვერდზე ახალი იდეების გაცნობა. სოციალური ქსელები იძლევა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობასაც, ვინაიდან ბევრი ადამიანი თანხას ინტერნეტით გამოიმუშავებს. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს - ურთიერთობისას არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი უცხო ადამიანი შეიძლება, სულაც არ იყოს ის, რადაც თავს წარმოაჩენს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა უამრავ თაღლითთან ან დამნაშავესთან მოგიხდეს ურთიერთობა. ერთი მხრივ, სოციალური ქსელი "ამარტივებს" ურთიერთობას, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით არის შესაძლებელი ადამიანებთან დამეგობრება ან "წაშლა", საუბრის დაწყება, ასევე - დასრულება, მათი იგნორირება, ვინც არ მოგვწონს, რეალურ ცხოვრებაში კი, როგორც წესი, ეს პროცესი რთულად მიმდინარეობს. რაც შეეხება სხვა მინუსებს - დავამატებ, რომ თუ ადამიანი ქრონიკულად მხოლოდ ინტერნეტით ეცნობა სხვებს, მას შეიძლება სოციოფობიური ტენდენციები განუვითარდეს, ანუ პრობლემები რეალური კომუნიკაციის დამყარებისას. ასევე მინუსია დროის შეგრძნების კარგვა. ინტერნეტით სარგებლობისას დრო თითქოს ნელდება და თუ ადამიანს ჰგონია, რომ მხოლოდ 10 წუთი გაატარა მონიტორთან, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ 1 საათი გასულა უკვე. მოზარდებში სოციალური ქსელი შეიძლება ხელს უწყობდეს თვითშეფასების დაქვეითებასაც, თუნდაც იმით, რომ თუ ერთ კონკრეტულ მოზარდს "ფეისბუკში" ჰყავს 5000 მეგობარი და სხვამ 500-იც ვერ დააგროვა, შესაძლოა, ეს ნეგატიურად ისახებოდეს მის თვითშეფასებაზე, მეორე მოზარდის შემთხვევაში კი, პირიქით - პოზიტიურად აისახება, რომ მას სოციალურ ქსელში 5000 მეგობარი ჰყავს.

- სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება შეიძლება, ნებისმიერი ასაკის ადამიანს განუვითარდეს, თუ ეს მხოლოდ მოზარდებს ეხება? რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანის ფსიქიკას ამ მიჯაჭვულობამ? - როცა ადამიანი ბევრ დროს ატარებს სოციალურ ქსელებში, ამ შემთხვევაში, როგორც მოზარდებში, ისე ზრდასრულებში არსებობს დეპრესიული ტენდენციების საშიშროება. ადამიანს შეიძლება აღმოუცენდეს მხედველობასა და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა. ასევე განუვითარდეს არაერთი სახის ფობიაც, რომელიც შეიძლება შინიდან გასვლასა და ადამიანებთან ცოცხალ კომუნიკაციასთან იყოს დაკავშირებული.

- ნებისმიერი ინფორმაცია, ფოტო თუ სტატუსი, შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს, არ ეთანხმებოდეს, მაგრამ რეაგირების გარეშე დატოვოს, ასე ვთქვათ - "გაატაროს", მაგრამ ხშირად ასე არ ხდება. შეიძლება ვთქვათ, რა ტიპის ადამიანები წერენ სულ უარყოფით კომენტარებს და ყველა მოვლენის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ავლენენ? - როცა ადამიანი, რომელიც მუდმივად ნეგატიურ კომენტარებს წერს, ეს ორ შემთხვევაში ხდება: ერთი - მას აქვს რაღაც ხასიათის შტრიხი და თვისება, რომელსაც არ აღიარებს, არ მოსწონს, მაგრამ სხვაში ამას "ხედავს" და სწორედ ის იწვევს მის გაღიზიანებას; მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ კრიტიკის ობიექტი საკუთარ თავს აძლევს რაღაცის უფლებას და ახდენს კიდეც ამის დემონსტრირებას, ჩვენი "კრიტიკოსი" კი ამას ვერ ახერხებს და საკუთარ თავს უკრძალავს. მისთვის ესეც გაღიზიანების საბაბი ხდება. არსებობს ერთგვარი ბავშვური ტენდენციაც - საკუთარ წარუმატებლობაში სხვების დადანაშაულება. ვიღაცის დაკნინების ხარჯზე თვითშეფასების ამაღლებაც ხდება: თუ სხვას "გააშავებ", უფრო "თეთრი" გამოჩნდები. არსებობს ერთი ძველი, თუ არ ვცდები რუსული გამონათქვამი: შეჭამე მტრის ტვინი და ისეთივე ჭკვიანი გახდები, როგორიც ის იყოო. კიდევ ერთი მიზეზია ისიც, რომ ადამიანს არ აკმაყოფილებს თავისი ცხოვრება და ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს რაღაცებზე, უბრალოდ, სხვას აკრიტიკებს. ყველას გვსმენია ფრაზაც: ვისაც შეუძლია, აკეთებს, ვისაც არა, ის მხოლოდ აკრიტიკებს. ვინც რეალურად აკეთებს საქმეს, იმას არ სცალია, კომენტარებს ჩაუჯდეს, იკითხოს და მერე ნეგატიური რაღაცები წეროს. გარდა ამისა, აგრესიასა და კრიტიკულ აზრს ძირითადად, ის ადამიანები გამოხატავენ, ვინც ანალოგიურ გარემოცვაში გაიზარდა, ანუ ვისაც ბავშვობაში ხშირად აკრიტიკებდნენ და თავს ესხმოდნენ. ამდენად, ისინი მიჩვეულები არიან მსგავს დამოკიდებულებას და იმავეს ავითარებენ სხვების მიმართ ზრდასრულ ასაკში.

- დიდი აგრესიის გარდა, ასევე დიდი რაოდენობით გვხვდება ბილწსიტყვაობა. - არსებობს რიგი შემთხვევებისა (განსაკუთრებით მათში, ვისაც ისედაც დაბალი თვითშეფასება და ნაკლები თავდაჯერებულობა აქვთ), რომ მსგავსი კომენტარების გავლენის ქვეშ მოექცნენ. ერთგვარად დაიჯერონ და საკუთარ თავზე მოირგონ ის, რაც ამ კომენტარებში წერია. სხვათა შორის, პრაქტიკაშიც არაერთი შემთხვევა მქონია, როდესაც სოციალურ ქსელში გაკეთებული გარკვეული უარყოფითი კომენტარის გამო მოზარდს აღარ უნდოდა სკოლაში წასვლა. არსებობს გამიზნული, კიბერდევნასთან დაკავშირებული შემთხვევებიც: სოციალურ ქსელებში ლანძღვამ შეიძლება ადამიანი პანიკურ აშლილობამდეც მიიყვანოს, მით უმეტეს, თუ თავდასხმის ობიექტი არ არის ამოუცნობია. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხდება და როცა ამოცნობა ჭიანურდება, აღნიშნული კიბერდევნის მსხვერპლს აქვს ქრონიკული, სტრესული, მოუგვარებელი სიტუაცია, რომელიც პირველ რიგში, დიდ საფრთხეს უქმნის მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

- როგორ შეიძლება, ადამიანი ამ ყველაფერს გაუმკლავდეს? რა არის გამოსავალი ან ოქროს შუალედი? - ამ ყველაფრისგან თავი რომ დავიცვათ, აზრი არა აქვს ჩვენ გარშემო ერთგვარი ციხესიმაგრეების აგებას - დიდი ენერგია დაგვეხარჯება და არც შედეგი ექნება, ამას დაემატება უსამართლობის განცდა, რაც უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს ჩვენში. "რატომ არიან ადამიანები ასეთები?!." - მსგავს კომენტარს რომ წერენ გულისტკივილით, არც ამას აქვს აზრი, არც კამათში შესვლას და იმის მტკიცებას, რომ ცდებიან. უარყოფითი კომენტარების ავტორების მოლოდინი სწორედ ეს არის - დაინახონ თქვენი მოწყვლადობა და გამოიწვიონ რეაქცია. ამდენად, უნდა მივიღოთ ფაქტი, რომ დიახ, არსებობენ ასეთი ადამიანები. მე ძალიან მომწონს საცერის მეტაფორა: გავცრათ ამგვარი ინფორმაცია.

ანა კალანდაძე