"ეს კომპლიმენტი მამაკაცებისგან კიდევ უფრო სასიამოვნოა" - გზაპრესი

"ეს კომპლიმენტი მამაკაცებისგან კიდევ უფრო სასიამოვნოა"

ქუთაისელმა ხატია თხელიძემ პანდემიის პერიოდში სამსახურს კიდევ ერთი ახალი საქმე - "ტაქსაობა" შეუთავსა. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, უფრო უზრუნველყოფილი რომ ჰყოლოდა ოჯახი და მეტი კომფორტი შეექმნა შვილებისთვის. შეკვეთებს აპლიკაციით და ტელეფონით იღებს, კანონმორჩილი მძღოლია, თუმცა სისწრაფე ძალიან უყვარს.

- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი. ოღონდ მაგისტრატურაში ვეღარ ჩავაბარე, რადგან ქუთაისში დავბრუნდი და მუშაობა დავიწყე. ვაპირებ, აუცილებლად გავაგრძელო სწავლა. 2013 წლიდან ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით ერთ-ერთ კლინიკაში, ამჟამად ვმუშაობ საინჟირო მონიტორინგის ჯგუფში, ადმინისტრაციული მენეჯერი ვარ.

- სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოს საშუალებით უამრავმა ადამიანმა გაგიცნოთ. მანამდე როგორ ცხოვრობდით?

- ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე იწყება სკოლისთვის ბავშვების მომზადებით, შემდეგ სამსახურში მივდივარ. 6 საათამდე ვმუშაობ და, თუ ამის შესაძლებლობა მეძლევა, მეგობრებთან ერთად ვატარებ დროს. ეს ორი წელია, როდესაც ერთად მივდივართ ხოლმე სადმე. საჭესთან ყოველთვის მე ვზივარ, რადგან არ ვსვამ, ყოველთვის ფხიზელი ვარ.

- რამდენი წელია, რაც მანქანის მართვა ისწავლეთ?

- პატარაობიდან მქონდა ინტერესი, მესწავლა მართვა და მყოლოდა საკუთარი მანქანა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბავშვობის ეს ოცნება მხოლოდ 29 წლის ასაკში ავისრულე. 2 წლის წინ ვიყიდე პირველი მანქანა. ახლა "პრიუსი" მყავს. სრულიად დამოუკიდებლად, ისე, რომ მასწავლებელი არ მყოლია, ვისწავლე მართვა. მხოლოდ თეორიული ცოდნა მქონდა. ვთვლი, რომ პროფესიონალი და კარგი მძღოლი ვარ.

- ბევრი ჯარიმა გაქვთ თუ კანონს ემორჩილებით?

- სხვათა შორის, არასდროს გავუჩერებივარ პატრულს და არ დავუჯარიმებივარ, მხოლოდ კამერით დაწერილი ჯარიმები მაქვს, ისიც - სიჩქარის გადაჭარბებისთვის. მიყვარს სისწრაფე, არ მეშინია, ოღონდ მგზავრებთან ერთად არასდროს ვმოძრაობ სწრაფად. მეგობრები მეუბნებიან, მამაკაც მძღოლებს არაფრით ჩამოუვარდებიო. ვამსხვრევ სტერეოტიპს - "ქალს რა უნდა საჭესთან", რომ ქალისთვის ტაქსისტობა შეუფერებელი პროფესიაა და ა.შ. მგზავრები რომ მხედავენ, დადებითად ხვდებიან ამ ამბავს. ბევრმა აღნიშნა, საერთოდ დაძაბულები ვართ, როცა საჭესთან ქალია, მაგრამ მართლაც კარგად მართავო. ეს კომპლიმენტი მამაკაცებისგან კიდევ უფრო სასიამოვნოა. ქალებიც არ იშურებენ თბილ სიტყვებს და იმდენად დადებითი ემოციებით ვივსები მთელი დღის განმავლობაში, სულაც არ მიჭირს მუშაობა.

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენი ტაქსისტობის ამბავს?

- 11 წლის ბიჭი და 10 წლის გოგონა მყავს - გიგი და მარიამი. გიგის მეცნიერება ხიბლავს და ფიზიკოსობა უნდა, ტექნიკური საგნები მოსწონს, მარიამს კი ძალიან უყვარს ხატვა და ამბობს, რომ მხატვარი გახდება, თუმცა, ბავშვობაში ვინ რაზე აღარ ვოცნებობდით?.. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ტაქსისტი გავხდებოდი, მაგრამ ხომ ხედავთ, ვარ. ამჟამად მამასა და ბავშვებთან ერთად ვცხოვრობ. ჩემს შვილებს რომ ვუთხარი, "ტაქსაობა" დავიწყე-მეთქი, - დედა, შენ ისედაც ტაქსისტი არ იყავიო? - მკითხეს. როგორც გითხარით, ყველას გადაადგილებაზე ისედაც მე ვზრუნავდი და არ გაჰკვირვებიათ ჩემი ახალი საქმიანობა.

- ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ - ბევრი თავისუფალი დრო გრჩებოდათ თუ უფრო მეტი შემოსავალი გინდოდათ?

- მატერიალურად უზრუნველყოფილი რომ ვიყო და ბავშვების სწავლა-განვითარებისთვის საკმარისი ხელფასი მქონდეს, ალბათ ამ დროს ჩემს ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარებდი. ისეთი დატვირთული რეჟიმი მაქვს, უკვე არავისთვის აღარ მრჩება დრო, სამსახურის დამთავრებისთანავე ვრთავ აპლიკაციას და ვიწყებ "ტაქსაობას".

- ქუთაისისთვის ტაქსისტი ქალი ახალი სიტყვა იყო თუ არიან სხვებიც?

- როგორც მგზავრებისგან ვიცი, მხოლოდ მე ვარ. ადრე "ტაქსაობდა" თურმე ერთი გოგონა, მაგრამ პირადად არასდროს შევხვედრივარ.

- ტაქსისტი აუცილებლად ორდიპლომიანი რომ უნდა იყოს და ბევრს ელაპარაკებოდეს მგზავრებს, ამ "კრიტერიუმს" თუ აკმაყოფილებთ?

- (იცინის) სხვათა შორის, ერთი ბიჭი მყავდა მგზავრი, გამეხუმრა, შენც ალბათ 2 დიპლომი გაქვს სახლშიო. მე ვუთხარი, რომ ნამდვილად 2 დიპლომი მიდევს სახლში, შესაბამისად, ორი პროფესიაც მაქვს და სხვა სამსახურიც-მეთქი. ძალიან კომუნიკაბელური ვარ და არ მიჭირს მგზავრებთან ურთიერთობა. თუ საუბარი უნდათ, რა პრობლემაა?! შემიძლია ველაპარაკო ნებისმიერ თემაზე.

ნინო ჯავახიშვილი