"ივანიშვილმა ამ სიტყვებით გამაახალგაზრდავა და ამისთვის მადლობელი ვარ"
92 წლის პედაგოგი - მაყვალა ჩუბინიძე წლების განმავლობაში თბილისის 41-ე საბავშვო ბაღს ხელმძღვანელობდა, ამჟამად კი ამავე ბაღის დირექტორის მოადგილეა. მის ხელში უამრავმა ბავშვმა გამოიარა, რომელთაგან ბევრი შემდგომ უკვე საკმაოდ ცნობილი და წარმატებული პიროვნება გახდა და დღეს მათი სახელები საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ხელოვნებისა თუ სპორტული სფეროს წარმომადგენლები და სხვები.
უფრო ადრე, ახალგაზრდობისას, ქალბატონი მაყვალა გერმანიაში ცხოვრობდა...
- წლების განმავლობაში საინტერესო და აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდით როგორც საქართველოში, საბავშვო ბაღებში, ისე მანამდე, გერმანიაში.
- დიახ. პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ვარ - მაშინდელი პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში დავიბადე და მერე, ლაგოდეხში იმდროინდელი კომკავშირის რაიკომის მეორე მდივნად ვმუშაობდი. პედაგოგიური საქმიანობა თბილისში დავიწყე. მეორე პროფესიით კი გეოლოგი ვარ.
1953 წელს მეუღლესთან ერთად გერმანიაში გავემგზავრე. იქ ქალებს სპეციალური კურსები გაგვატარეს და ერთ-ერთ საიდუმლო ნაწილში საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე 3 წელი ვიმუშავე. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაშიც სწორედ გერმანიაში ცხოვრების დროს მოვხვდი და ერთი წელი ბაგა-ბაღში ვმუშაობდი.
- გერმანელ ბავშვებთან მუშაობდით?
- არა. ესენი იყვნენ იქ მომუშავე ჩვენი თანამოქალაქეების - ქართველების, ასევე, რუსების შვილები. ოთხი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულს, 83-ე ბაღის ძალიან პატარა შენობა ჩამაბარეს. გერმანიაში მიღებული გამოცდილება აქ გამოვიყენე, შენობა მთლიანად გადავაკეთე, სველი წერტილები, სამზარეულო გარეთ გავიტანე, იზოლირებული გავხადე, როგორც იქ იყო და მიხარია, რომ ჩემი ხელმძღვანელობის 35 წლის განმავლობაში ის ბაღი საკმაოდ წარმატებული გახლდათ. შემდეგ უკვე 41-ე ბაღში გადამიყვანეს, სადაც ამჟამადაც ვმუშაობ.
- მსმენია, რომ 90-იანების დუხჭირ წლებში ძალიან ეხმარებოდით ბაღს და აღსაზრდელებისთვის საკვები საკუთარი სახლიდან მიგქონდათ...
- იმ პერიოდში მართლაც ძალიან ჭირდა ცხოვრება. განსაკუთრებულად უჭირდა საბავშვო ბაგა-ბაღებს, სადაც სინათლისა და გათბობის პრობლემების გარდა, საკვების პრობლემაც იდგა. ბევრ მშობელს მხოლოდ იმისთვის მოჰყავდა ბავშვი, რომ ოჯახში საჭმელი არ ჰქონდა. მე კი მქონდა საშუალება, რაღაცით დავხმარებოდი ხალხს და ეს უნდა გამეკეთებინა...
ბაღში არაფერი იყო, გავგიჟდი, რომ დავინახე, როგორი ფარდები ეკიდა... წავედი და შევიძინე ფარდები, გადასაფარებლები და ნელ-ნელა ყველაფერი მოვაწყვე. მაშინდელი ჩვენი ხელმძღვანელობა იმდენად გაოცდა, რომ თითქმის ყველა ბაღის გამგე ჩემთან მოჰყავდათ, რომ ეჩვენებინათ, რა სიტუაცია იყო ჩვენთან. დროთა განმავლობაში ყველაფერი მოვაწესრიგე, ყველაფერი დალაგდა და კონტინგენტი, ჯგუფების რაოდენობაც გაიზარდა.
- ქალბატონო მაყვალა, 57 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე გაატარეთ. სულ რამდენიმე თვეა, რაც დირექტორის მოადგილედ გადახვედით. ამ გადასახედიდან, როგორ აფასებთ განვლილ წლებს? რა განაპირობებდა თქვენი, როგორც მმართველის წარმატებას?
- რა გითხრათ, ყოველთვის ვცდილობდი, ყველაფერი მაღალ დონეზე მქონოდა, ჩემი მიზანი ბავშვისთვის საუკეთესო, პოზიტიური გარემოს შექმნა და კარგი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. თუ საძირკველი არ ჩაიყარა, კედელი როგორ აშენდება?.. მშობელი უნდა ხედავდეს, რომ ბაღში მის შვილს დედობრივი გრძნობით უვლიან. ჩემი კოლექტივი ყოველთვის ერთგული და მშრომელი იყო, ამიტომაც ჩემს აღზრდილებს შორის ბევრი წარმატებული ადამიანია. ძალიან მომთხოვნი ვიყავი და მკაცრი, ოღონდ უხეში - არა.
ცხოვრების უდიდესი ნაწილი ბავშვებთან გავატარე, შვებულებით არასდროს მისარგებლია. ყოველ წელს ვცდილობდი, რაღაც ახალი დამეხვედრებინა პატარებისთვის. სადაც ბავშვია, იქ ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს. ყოფილა შემთხვევა, რომ მშობლისთვისაც არ მიმიცია შვილის შინ წაყვანის უფლება, ნასვამ მამას არასდროს ვატანდი ბავშვს. ჩავისვამდი მანქანაში, ვითომ გასეირნების მიზნით და ორივეს შინ მივიყვანდი.
- როგორც ვიცი, ლექსებსაც წერთ და თითქმის ყველა მათგანი ბავშვებს ეძღვნება.
- "ბავშვებთან თამაში მიყვარდა მუდამ,/ ბავშვებთან თამაშს ახლაც კი ვნატრობ./ დარდი და ტკივილი არ იცის გულმა,/ როდესაც ბავშვებთან ვთამაშობ მარტო..." (იღიმის)
- 2014 წელს, თქვენს ღირსების ორდენს, "დამსახურებული მასწავლებლის" წოდებას, სამკერდე ნიშნებს, ქების სიგელებსა და სხვა ჯილდოებს, კიდევ ერთი შეემატა - თბილისის მერიის ინიციატივით, "თბილისზე მზრუნველის" საპატიო ჯილდო დაწესდა, რომელსაც წარმატებულ მოქალაქეებს გადასცემდნენ. ბაგა-ბაღის დირექტორი ამ წოდებაზე პირველად დასახელდა. როგორი განცდაა ასეთი საპატიო ჯილდოს მიღება?
- ძალიან მიყვარს ჩემი ხმაურიანი თბილისი. ბავშვები მაძლევენ სტიმულს, ვიზრუნო ქალაქზე და ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო მის განვითარებაში. ეს ჯილდო განსაკუთრებულად მიყვარს. 7 დაჯილდოებულ კანდიდატს შორის ერთ-ერთი მე ვიყავი. კლიპიც გადაიღეს და ფუნიკულიორზე ლამაზი საღამოც მოგვიწყვეს. ეს ძალიან სასიამოვნო იყო.
- ოჯახზეც გვიამბეთ.
- მყავს ორი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები. სამწუხაროდ, მეუღლე გარდამეცვალა, ერთი შვილიც - 12 წლის ასაკში...
- ქალბატონო მაყვალა, ყველა თაობის საიმედო დასაყრდენი და მაგალითი ბრძანდებით და ამ ასაკშიც საუკეთესოდ ასრულებთ პროფესიულ მოვალეობას. რა გაძლევთ სტიმულს?
- რა თქმა უნდა, ბავშვებისა და ჩემი საქმის სიყვარული.
ერთხელ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ასეთი რამ ბრძანა, - იმუშაონ ხანდაზმულებმა, თუკი მათ მუშაობა შეუძლიათო. იცით, ამან რამხელა სტიმული მომცა?!. ამ სიტყვებით მან გამაახალგაზრდავა და ამისთვის მისი დიდი მადლობელი ვარ...
ნათია გურგენიძე