ადგილის, სადაც ყველა იღიმის
თვითნასწავლმა მხატვარ-დიზაინერმა თამარ ზოიძემ ორი წლის წინ ქვეყანაში აწყობილი ბიზნესი დატოვა და საცხოვრებლად ესპანეთი აირჩია. აქ ორი ჩემოდნით და ერთი შვილით, ფეხმძიმე ჩამოვიდა, მეორე შვილი ემიგრაციაში დაიბადა და თამარმაც დაიწყო პროფესიული ზრდა, შეისწავლა ენა და დღეს ესპანეთში ცნობილი ბრენდებისთვის - "პრონოვიასა" და "როსა კლარასთვის" საქორწილო კაბებს, აქსესუარებს ქმნის.
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც გქონდათ საკუთარი ბიზნესი, მაინც ემიგრაცია არჩიეთ, რა გახდა ამის მიზეზი?
- საქართველოდან წამოსვლის მიზეზი გახდა პირველი ქორწინება და ყოფილი მეუღლე, შიში და დაუცველობა. ამიტომ გამოვერიდე და ახლა მშვიდად ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ დიახ, დავტოვე ოჯახი, ჩემი საყვარელი საქმე, კარიერა - ყველაფერი, რაც კი შემიქმნია ჩემი ხელითა და შრომით, თუმცა არაფერს ვნანობ, პირიქით, არ ვეკუთვნი იმ ადამიანთა რიგს, რომლებიც უკან იყურებიან. ჩემი მზერა, აზროვნება და ფიქრი მხოლოდ წინ, მომავლისკენ არის მიმართული.
- რატომ ესპანეთი და არა ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანა?
- დიდხანს ვარჩევდი ქვეყნებს, საბოლოოდ ორი ვარიანტი დავიტოვე: ესპანეთი ან საფრანგეთი. ესპანეთი იმიტომ, რომ ძალიან მგავს მე ან მე ვგავარ მას, მომწონს აქაური კლიმატი, ხალხი, რაღაც ცეცხლოვანები, ენერგიულები და მხიარულები არიან, ჩემნაირები. მიყვარს ზღვაც. ვგრძნობდი, აქ იყო ჩემი ადგილი, თანაც აქ ქალთა და ბავშვთა უფლებები დაცულია. როგორც გენდერული ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მატარებელი, ბევრი პრივილეგიითა და დახმარებით ვსარგებლობ. ემიგრანტობა რას ნიშნავსო? - ხშირად მეკითხებიან. თითქოს ხარ ომში, თანამებრძოლების გარეშე, ერთი კი არ ხარ, ბევრი ვინმე ხარ ერთდროულად, სულ ძიებაში, სულ ბრძოლაში, სულ მოძრაობაში.
- როდესაც ესპანეთში ჩამოხვედით, რა იყო ის, რამაც თქვენი აღფრთოვანება და გაკვირვება გამოიწვია?
- პირველად შიში დამეუფლა. 7 თვის ორსული ჩამოვფრინდი, სრულიად მარტო, 8 წლის შვილთან ერთად. ერთ-ერთ კურორტზე ვისვენებდი, მარბეია და ტორემოლინო, ეს მალაგის პროვინციებია. თავი არასოდეს მიგრძნია უცხოდ, რადგან კარგად მქონდა შერჩეული ადგილი, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემს ბათუმს. განსაკუთრებული ის არის, რომ აქ ყველა გიღიმის და ქუჩაშიც კი უცხო ადამიანები ხშირად გესალმებიან.
- უცხო მიწაზე თავის დასამკვიდრებლად ბრძოლისას რა იყო ყველაზე რთული?
- ჩემთვის სირთულეები არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მრავლად მხვდება... ჩემი აზრით, მთავარია, როგორ აღიქვამ და შეხედავ ამას, ხან იუმორით, ხანაც დავცინი გამოწვევებს და ამ ომში, უფლის წყალობით, ყოველთვის ვიმარჯვებ. მთავარია რწმენა. როდესაც გწამს, წინ ვერავინ და ვერაფერი დაგიდგება. ერთადერთი სირთულე მონატრება იყო და არის, რადგან მგრძნობიარე ადამიანი ვარ, მაგრამ ამასაც ვიქარწყლებ ჩემს ფერად სამყაროში.
- თვითნასწავლი მხატვარ-დიზაინერი ხართ. როგორ შეძელით ამ მოკლე დროში თავის დამკვიდრება თქვენი პროფესიით?
- დიახ, ყველაფერი ჩემით ვისწავლე, ოღონდ - როდის და როგორ, არ ვიცი. მთავარი მონდომება და სურვილია. ჩემი აზრით, სულაც არ არის მოკლე დრო, 23 თვე დაახლოებით 700 დღე და 17 000-მდე საათია. ამის ნახევარს თუ მაინც გამოიყენებ სწორად და პრაგმატულად ფიქრისთვის, კარგად დაგეგმავ და გათვლი, სულაც არ არის მოკლე დრო საიმისოდ, რომ ახალი ცხოვრება დაიწყო, მით უმეტეს გარემოში, სადაც ყველაფერი უცხო და საინტერესოა. მიზანი, მონდომება, შრომა, საკუთარი თავისა და უფლის რწმენა - ეს გადამწყვეტია წარმატების მისაღწევად.
- ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ, ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან - ქორწინების დღის გალამაზებაზე ზრუნავთ. რას გრძნობთ, როდესაც მათ ბედნიერ სახეებს ხედავთ?
- მეც ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შედეგს ხედავენ სარკეში. ყველა ერთნაირად ნერვიულობს და განიცდის ამ დღეს. ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს მათი მადლიერი თვალების დანახვა, უბრალოდ, თქვენც უნდა ჩააცვათ ერთხელ დედოფალს და მიხვდებით, ეს რამხელა ბედნიერებაა.
- სად ხედავთ წლების შემდეგ თქვენს თავს?
- წლების შემდეგ ჩემს თავს ვხედავ, გაგიკვირდებათ და, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში ერთად. დიდი სახლი მინდა, ჩემი გემოვნებით მოწყობილი, ხის დარაბებით, ეზოში იასამნისა და ალუბლის ხეებით, დიდი შუშის მანსარდით, სადაც დავხატავ. მეყოლება ცხენი, ეზოში მექნება მწვანე მინდორი და ფეხშიშველა ვივლი. მესტუმრებიან მეგობრები, ხელოვანი ადამიანები, მსახიობები, მომღერლები, პოეტები. აი, ასე ვხედავ ჩემს თავს, დიდი სახლის დიასახლისად.
- ყველაზე ლამაზი და ყველაზე ძვირფასი, რაც შეგიქმნიათ, რა იყო?
- საერთოდ, რაც შემიქმნია, ყველაფერი მახსოვს, მაგრამ რამდენიმეს გამოვარჩევ. წლების წინ შევკერე კაბა, რომლის ქსოვილი შეადგენდა 37 მეტრს, გარმონივით იყო. ვერავინ შეკერა, ვისაც სთხოვეს და მე გავაკეთე. კიდევ, "ევროვიზიის" შესარჩევი ტურისთვის ოთო ნემსაძესა და მის გუნდს ჩავაცვი და ამაში მთელი სული, გული და ემოცია ჩავდე.
- თქვენს ოჯახზეც მოგვიყევით. რთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ვიცი, რომ კარგი დედა ხართ. როგორ ახერხებთ და რას ნიშნავს თქვენთვის დედობა?
- დედობა ჩემთვის ნომერი პირველი პროფესიაა და დღემდე ვსწავლობ: ვსწავლობ ჩემი შვილების ფსიქოტიპს; ვცდილობ, მათთან ურთიერთობისას ოქროს შუალედი მქონდეს, არ არის ადვილი...
- რა არის თქვენი სამომავლო მიზნები?
- მინდა, საბოლოოდ დავმკვიდრდე ერთ კონკრეტულ სამსახურში. ვცდილობ, მალე ავიღო მართვის მოწმობა, უმანქანოდ ძალიან რთულია ბავშვებთან ერთად ცხოვრება. ახლო მომავალში ვაპირებ, ესპანეთში გავხსნა ჩემი ატელიე შოურუმი და ვაწარმოო ჩემი ბრენდის ტანსაცმელი. ამაში მეხმარება სახელმწიფო და "ქალთა სახლი", რა თქმა უნდა - დაფინანსებით. ამჟამად ამ მიმართულებით ვმუშაობ.
- რას ხატავთ ყველაზე ხშირად, რა არის თქვენი მუზა?
- ხშირად ვხატავ ნატურას, სხეულს ან სხეულის სხვადასხვა ნაწილს. ვხატავ საკუთარ სხეულსაც, გრაფიკაში. პროფესიონალები ამბობენ, ფუტურიზმი და სიურრეალიზმია, როცა უკვე ზეთით ხატვაზე გადახვალო. ვნახოთ, როგორ განვვითარდები.
- ხომ არ გეგმავთ პერსონალური გამოფენის მოწყობას და საინტერესოა, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
- ვგეგმავ, მაგრამ არ მაქვს დრო. 30-მდე ტილო მაინც უნდა შევქმნა, რომ გამოფენა მოვაწყო. რაც შეეხება ჩემი წარმატების ფორმულას - ეს არის, პირველ რიგში, რწმენა, თავდაჯერებულობა და მუდმივი სწავლა იმისა, როგორ გავხდე უკეთესი. არასოდეს ვნებდები, არასოდეს ვიხედები უკან, არასოდეს ვკამათობ სულელებთან! მუსიკა, დილით ერთი ფინჯანი ყავა, საუბარი საკუთარ თავთან და სიყვარული - ეს მეხმარება ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში.
ფიქრია რობაქიძე