"ვიშიმშილებ და წიგნს არ გავყიდი"
წიგნებისა და კითხვის უზომოდ მოყვარული ადამიანი - გივი ფიფია მინდა გაგაცნოთ. ინტერვიუდან გაიგებთ, როდის წაიკითხა მან პირველი ნაწარმოები, რა ემოციები დაუტოვა, როგორი მოწიწებით ეპყრობა წიგნს და სხვა ამბებსაც.
- რა ასაკიდან კითხულობდით აქტიურად?
- სკოლაში წიგნები მოჰქონდათ, ერთთვიურ შესყიდვებს ეძახდნენ და ბავშვები ვყიდულობდით. მეორე კლასში ვსწავლობდი, როცა რამდენიმე წიგნი მეც შევიძინე. პირველი ნაწარმოები, რაც სკოლის პროგრამის მიღმა წავიკითხე, "ბაბაჯანას ქოშები" იყო. იმოქმედა ჩემზე და ძალიან დამაინტერესა, შეიძლება იმიტომ, ლექსად რომ არის დაწერილი. მგონი, რითმის სიყვარული თავიდანვე მომდევდა. ნაწარმოები ჰარმონიულად და მუსიკალურად მხვდებოდა ყურში, თან ამბავს ვიგებდი. მეორედაც წავიკითხე, სხვა წიგნებს ხელი არ ვახლე... ბოლოს იქამდე მივედი, რომ "ბაბაჯანას ქოშები" ზეპირად ვისწავლე. დღესაც კი მახსოვს: "ვინ არ იცნობს ბაბაჯანას,/ იმის ქოშებს ძველს და ჯღანას?/ წელიწადი თორმეტი თვე,/ ამ თავიდან იმ თავითვე,/ დიდებთან თუ პატარებთან/ სულ ერთ ქოშებს ატარებდა..." როცა ვისწავლე, ერთ მშვენიერ დღეს დავკეცე წიგნი. გადავხედე ბიბლიოთეკას და ასეთი გრძნობა გამიჩნდა: როგორი საინტერესო რამე წავიკითხე. ამ წიგნებში უფრო საინტერესო ამბები იქნება, რომლებიც სინამდვილეში კი არ არსებობს, არამედ ვიღაცის ტვინშია გადახარშული და მერე უკვე - ლამაზად მოწოდებული.
- ჰოდა, აქედან დაიწყო წიგნის სიყვარული?
- კი, ასე დაიწყო. უკვე მე-4 კლასის მოსწავლე ვიყავი, იოსებ ნონეშვილის ერთტომეული რომ გამოვიდა და თითქმის ყველა ლექსი ზეპირად ვისწავლე. სხვათა შორის, კი არ ვისწავლე, რამდენიმე წაკითხვის შემდეგ უნებურად ვიმახსოვრებდი. ბოლოს, ჩემი თავი მეხუთე კლასში გამოვცადე - რვამარცვლიანი და ოთხკუპლეტიანი ლექსი (ვიღაცის ნათქვამი) ერთი მოსმენით შემეძლო ზეპირად მეთქვა.
- ვინმე გირჩევდათ წასაკითხ წიგნებს?
- შეიძლება რჩევა კი მჭირდებოდა, მაგრამ არავის ვეკითხებოდი. მოწინავე კლასი ვიყავით, მოსწავლეები ბევრს კითხულობდნენ. ჩვენთან, წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში საკმაოდ მდიდარი, ლეო ქიაჩელის სახელობის ბიბლიოთეკა (ქიაჩელი იქ დაიბადა) იყო და წიგნები ხშირად გამოგვქონდა. წავიკითხავდით, მერე 4-5 მოსწავლე შევიკრიბებოდით და ნაწარმოებებს ვიხილავდით. ასეთ შეხვედრებზე ჩუმად ხომ არ იჯდებოდი, იმათ წაიკითხეს, შენ - არა, ე.ი. რაღაც დამცირებულად რომ არ გეგრძნო თავი, შენც გინდოდა წაგეკითხა. ალბათ ასეთი ბავშვური ფიქრებიც კითხვისკენ გვიბიძგებდა. საერთოდ, სკოლაში ნაკლებად იმართებოდა ლიტერატურული ღონისძიებები, აი, მათემატიკური კედლის გაზეთი კი გამოდიოდა, ჩვენც ვმონაწილეობდით მის შედგენაში.
მეხუთე კლასში გადავედი და არდადეგებზე "საბრალონი" წავიკითხე, 680 გვერდი იყო. იმდენად მიხაროდა ამხელა წიგნის წაკითხვა, სადილად რომ ვსხდებოდით, წინადღეს რაც წავიკითხე, იმას ვყვებოდი. მამაჩემი ცნობისმოყვარეობას გამოხატავდა, - ოო, რა კარგიაო, - მეუბნებოდა, ვითომ პირველად ეცნობოდა რომანის შინაარსს. ამას ჩემი დაინტერესებისთვის აკეთებდა, მაშინ ვერ ვხვდებოდი. იმ პერიოდში გამოვიდა კონსტანტინე გამსახურდიას რვატომეული, ეს იყო 1964-1965 წლები. რა თქმა უნდა, ვყიდულობდი და ვკითხულობდი. აი, მაშინ იქცა წიგნი ჩემთვის აუცილებელ მოთხოვნილებად. გარდა ამისა, წიგნის სიყვარული მარტო კითხვაში არ გამოიხატებოდა, უკვე თვითონ წიგნიც გახდა ძალიან ძვირფასი და იმდენად, რომ... არ მახსოვს, ხელებდაუბანელს მომეკიდოს წიგნისთვის ხელი; არ მახსოვს, მხატვრული ლიტერატურა ყდაზე გაზეთის გადაკვრის გარეშე წამეკითხოს. არასდროს წიგნში წარწერა არ გამიკეთებია, ფურცელი არასოდეს ჩამიკეცია. ყოველთვის დიდ მოწიწებას ვგრძნობდი.
- ნელ-ნელა წიგნების შეგროვებაც დაიწყეთ. იშვიათი ეგზემპლარები თუ გაქვთ?
- ასეთი სურვილი გამიჩნდა, როცა რომელიმე გამოთქმა ან ფრაზა მინდოდა გამეხსენებინა: წიგნში უნდა ჩამეხედა, ამიტომ წიგნი მჭირდებოდა, მე უნდა მქონოდა. დღესაც ასე ვარ - წიგნი უნდა შევიძინო, ესაა ჩემი მოთხოვნილება. საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა, ოთხი ათასამდე წიგნი მაქვს და ბედნიერი ვარ. უცბად, როცა მინდა რაღაც მოვიგონო, თაროს გადავხედავ, წიგნს გადმოვიღებ და იმ მონაკვეთს წავიკითხავ.
ჩემი სტუდენტობის დროს ბუკინისტებთან ბევრი საინტერესო წიგნი მინახავს და სხვათა შორის, ძალიან იაფად. ზემელზე ვიყიდე შექსპირის მაჩაბლისეული თარგმანი, ჯერ პირველი 5 ტომი შევიძინე, შემდეგ კიდევ 2 დამატებითი ტომი. პლეხანოვზე ისეთ რამეს წავაწყდი, გამიკვირდა და თვალებს არ დავუჯერე: 2 მანეთი ეწერა "ვეფხისტყაოსნის" პირველ თარგმანს ინგლისურ ენაზე, უორდროპების მიერ შესრულებულს. რაღაც უხერხულად ვიგრძენი თავი, გაოგნებული ვიყავი. ასეთი უიშვიათესი და თან მცირე ტირაჟით გამოსული წიგნი ვიღაცამ 2 მანეთისთვის ჩააბარა?!. ვიყიდე და დღესაც ვინახავ. ასევე იაფად ჩამივარდა ხელში "ქილილა და დამანას" პირველი გამოცემა. ბევრი მინახავს იაფად გამოტანილი ძვირფასი წიგნი. ერთხელ მქონდა შემთხვევა, დავხედე გასაყიდ წიგნებს და დევს "გლეხკაცის ისტორია" - მოგეხსენებათ, საკმაოდ სქელტანიანი წიგნია, - აწერია 8 ლარი. გვერდით იდო მცირე ზომის "მარტოობის ასი წელიწადი", რომელიც 1 ლარი ღირდა!.. გულში გამეღიმა, წიგნი იყიდება მოცულობის მიხედვით - ასეც ხდება.
- წიგნი გაგიყიდიათ?
- არასოდეს. ვიშიმშილებ და წიგნს არ გავყიდი. ოჯახში არაერთხელ მითქვამს: სანამ ცოცხალი ვარ, ეს ბიბლიოთეკა ჩემი იქნება, ხელს ვერავინ ახლებს-მეთქი.
- როგორც გავიგე, "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცით.
- მთლიანად - არა, ნაწილი ვიცი. მეექვსე კლასში დავიწყეთ "ვეფხისტყაოსნის" შესწავლა და მასწავლებელი რასაც გვავალებდა, ყველა სტროფს ჩემი სურვილით ვიზეპირებდი. დაახლოებით 400-მდე კუპლეტი ვიცოდი. ჩემი პედაგოგის მადლობელი ვარ, ნეტავ მაშინ მესწავლა ბოლომდე. ახლა ჩემთვის რთულია, რა თქმა უნდა, აღარ არის ის მახსოვრობა (ბატონი გივი 70 წლისა გახდა მაისში. - ავტ.), იმ პერიოდში კი იოლად ვისწავლე. დღეს ბევრი სტროფი აღარ მახსოვს, მაგრამ კმაყოფილი ვარ, - ცოტა ხომ მაინც ვიცი.
- თსუ-ში რა სპეციალობაზე სწავლობდით და როგორი ლიტერატურული გარემო იყო მაშინ?
- გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე ხმელეთის ჰიდროლოგის სპეციალობით - წყლის ინჟინერი ანუ წყლის "ექიმი" ვარ (იცინის). ექსპედიციებით მთელი საქართველო მოვიარე, ხან მყინვარზე მეძინა, ხან ჭაობში დავეხეტებოდი და ხან სად... საუკეთესო პერიოდი იყო ჩემი ცხოვრების. უნივერსიტეტში ყოველ ხუთშაბათს ტარიელ კვანჭილაშვილი ლიტერატურულ საღამოს ატარებდა, არ მახსოვს, რომელიმე გამეცდინოს. იქ გავიცანი არაჩვეულებრივი პიროვნება - ტარიელ ხარხელაური (გოლიათი ბავშვის გულით), ნიკო რეხვიაშვილი, ლია ბედოშვილი, ნოდარ გრიგალაშვილი... ჩვენთვის ყოველი ხუთშაბათი დღესასწაულის დღე იყო. პლატონას დუქანთან ვცხოვრობდი და უმეტესად ჩემს სახლში გრძელდებოდა ის ხუთშაბათი, ვისხედით და კარგა ხანს ვსაუბრობდით ხოლმე.
- დღეს რა წიგნებს იძენთ? თემატური სერიები გიყვართ?
- სერიების მიხედვით არ ვყიდულობ, თუ ის წიგნები ცალ-ცალკე მაქვს. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოვიდა "50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია", რომლის ყველა ტომი ვიყიდე, წავიკითხავდი და თაროზე მერე ვდებდი. ასევე არ გამომიტოვებია სერია "ქართველი მეფეები". ასეთი წიგნებისთვის ზურგის შექცევა არ შეიძლება. სერიას, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, ხელიდან არ ვუშვებ.
- წიგნებს ალბათ, ყოველდღე კითხულობთ. როცა სადმე მიდიხართ, რა წიგნი მიგაქვთ საგზლად?
- ერთ წიგნს სანამ არ დავამთავრებ, მეორეს არ დავიწყებ. ადრე, ორ წიგნს ერთდროულად ვკითხულობდი. თუ დღეს დავამთავრე წიგნის კითხვა, ახალს იმავე დღეს არ ვიწყებ. უბრალოდ ვფიქრობ, ზოგ ნაწარმოებს თავიდან ბოლომდე ვაანალიზებ. შეიძლება ნაწარმოები მთლიანად დამავიწყდეს, მაგრამ რაც ჩემეულია, იმას ვიმახსოვრებ. კითხვა ისეთი მოთხოვნილებაა უკვე ჩემთვის, როცა არ ვკითხულობ, თავს ცუდად ვგრძნობ. როცა მივდივარ მთაში, ექსპედიციაში, საზღვარგარეთ თუ დასასვენებლად, წიგნი თან არ მიმაქვს. ამ დროს მთლიანად გადართული ვარ სხვა რამეზე - იქნება ეს ბუნება, ქვეყანა, ეკლესიები, ფერწერული ნამუშევრები და ა.შ.
- დაბოლოს, თქვენი აზრით, რატომ უნდა იკითხოს წიგნი ადამიანმა?
- კითხვა აუცილებელია. კითხვის გარეშე ადამიანი რჩება იმად, რაც არის, - შექმნილ ფიგურად, კითხვის შემდეგ კი ის არის პიროვნება.
ნანული ზოტიკიშვილი