ქალი, რომელმაც გადასაყრელად გამეტებული პროდუქტიდან ბიზნესი ააწყო - გზაპრესი

ქალი, რომელმაც გადასაყრელად გამეტებული პროდუქტიდან ბიზნესი ააწყო

ამ ახალგაზრდა ქალბატონმა, თამარ წიქარიშვილმა თავისი საქმიანობით ჩვენში გავრცელებული ყველა სტერეოტიპი უკვე დაარღვია, ქვეყანაში გამეფებული უიმედობის, ბედს შეგუების ზღვარს თამამად გადააბიჯა და სანაგვეზე გატანილი, ჩვენი ღარიბი ქვეყნისთვის უცნაურად გამეტებული ძვირფასი პროდუქტის, მატყლის მოვლა-პატრონობას მიჰყო ხელი. ახლა უკვე 6 ტონამდე მატყლს ამუშავებს წელიწადში, საბან-ლეიბს, ბუმბულის ბალიშებს კერავს და ამბობს, რომ ძლივს აუდის მოთხოვნას ჩვენივე ბაზარზე.

- თამარ, როდესაც მატყლის თემაზე მასალის გაკეთება გადავწყვიტე, თქვენამდე ოცზე მეტ ადამიანს გავესაუბრე. ამ ადამიანების ბიზნესი მატყლის დამუშავებაა, ყოველ შემთხვევაში, ისინი მომხმარებელს სწორედ მატყლის საბან-ლეიბის შეკერვას სთავაზობენ, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ეს ბიზნესი ბებიაჩვენების ნაშრომით სულდგმულობს, ანუ ბებიაჩვენებმა წინა საუკუნეში გარეცხეს ახალგაპარსული მატყლი, მოაშორეს მას პირუტყვის ექსკრემენტები, ბალახი, ბირკები და ა.შ. ამ საუკუნეში კი საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში გახსნილი საბან-ლეიბის სამკერვალოები, მხოლოდ ბებიების ხელით გარეცხილ მატყლს იბარებენ ხელახალი დამუშავებისთვის, ახალგაპარსულს კი ყველა ცხვირს უბზუებს. იქნებ არ ვიცი და ეს მართლაც შეუძლებელი საქმიანობაა?

- თუ ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ ამას, გამოდის, რომ შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ისეთი ხალხი ვართ ან ისეთებად გადავიქეცით, სხვის ნაშრომზე რომ ურჩევნიათ გამდიდრება. თითქმის არაფერს ვაწარმოებთ, რადგან შრომა გვეზარება. მწარე სიმართლეა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა თქვას? ამ სფეროშიც იგივე ხდება. ხშირად ჩვენთანაც მოდის უკვე შეკერილი საბან-ლეიბები გასარეცხად. როგორც თქვენ უწოდებთ, ბებიების გარეცხილი ყოველთვის გამოირჩევა ხარისხით. აი, ლილოში ნაყიდი ახალი ლეიბები კი ვხედავ, რომ აბსოლუტურად გაურეცხავია. იმაში როგორ შეიძლება ჩაწოლა? მატყლი ცხოველური პროდუქტია, რომელიც თუ სანიმუშოდ არ დამუშავდა, უბრალოდ საზიანოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ათასი დაავადება შეიძლება გააჩინოს. უხერხული კია ამისი თქმა, მაგრამ ეს ლეიბები უბრალოდ ყარს, ადამიანებმა კი მათ შესაძენად ფული გადაიხადეს. ამიტომ განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდესაც ასეთ პროდუქტს ვყიდულობთ. ისიც ვიცი, რომ ბევრი "მეწარმე" გასაახლებლად მიტანილ ლეიბებს მხოლოდ პენტავს, გარეცხვის გარეშე, ჩვენი წინაპრები კი გიჟები ნამდვილად არ იყვნენ, როდესაც თითქმის ყოველ წელს ხელახლა რეცხავდნენ მატყლის ნაწარმს.

არ არის შეუძლებელი მატყლის გარეცხვა, მით უფრო, უკვე გარეცხილის. თუ დრო და პირობები გაქვთ, ეს საქმიანობა სულაც არ არის დამთრგუნველი, პირიქით, რაღაცნაირი კეთილი ენერგიით ავსებს ოჯახს.

- ისევე როგორც თქვენი ოჯახი აავსო. საიდან გაჩნდა ამ ბიზნესის იდეა?

- ოცი წლის ვიყავი, როდესაც საბერძნეთში წავედი სამუშაოდ. ოთხმოცდაათიანი წლები იყო, მაშინ უამრავი ქართველი წავიდა ემიგრაციაში, მაგრამ უკან ძალიან ცოტა დაბრუნდა. მე ორ წელიწადს ვიმუშავე იქ. ჩემი მშობლები, მანანა და ოთარ წიქარიშვილები კი აქ დარჩნენ, ჩვენს სახლში, ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში, სადაც ახლა ჩემი საწარმოცაა. გამიმართლა ოჯახში. ეს ბავშვობიდან ვიცოდი, მაგრამ საქმემ კიდევ უფრო გამიმტკიცა მოსაზრება. მარტივად აგიხსნით, ჩემი ემიგრანტობით ნაშოვნი ყველა თეთრი თუ ცენტი, რომელსაც ვგზავნიდი, მათ როგორც შეძლეს, შეავსეს და იმ თანხით კლდეში გასაყიდად გამოტანილი ყოფილი კოლმეურნეობის ფერმა შევიძინეთ. იმ პერიოდში კვების ტექნოლოგიას ვეუფლებიდი, ჩემი ოჯახი კი ფერმის აყვავებას ლამობდა. სხვა ოთხფეხა და ორფეხა ცხოველ-ფრინველთან ერთად, ცხვრებიც გვყავდა, სულ რაღაც ოცდაათამდე სული. თუ მათ ყველა წესის დაცვით უვლი, წელიწადში ორჯერ უნდა გაპარსო. მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ არასდროს გაგვიწყვეტია სოფელთან კავშირი, ამიტომ მეტ-ნაკლებად უკვე ნანახი მქონდა, როგორ ექცეოდნენ ადამიანები მატყლს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირისგან თავი დავაღწიეთ და მატყლის ჩამბარებელი პუნქტები უბრალოდ გაქრა. ისინი უბრალოდ ყრიდნენ ან წვავდნენ მას, მაგრამ როდესაც ჩვენს ფერმაშიც დადგა მატყლის პრობლემა, როდესაც მისმა მარაგმა საკმაო რაოდენობას მიაღწია, ვთქვი, რომ მატყლს არ გადავყრიდი.

- განა არ გამოჩნდნენ "კეთილისმყოფელები", რომლებიც გეტყოდნენ, რომ ეს საქმე წამგებიანი იქნებოდა?

- გამოჩნდნენ. ოჯახის გარდა არავინ ირწმუნა ჩემი წარმატების. გამუდმებით ჩამესმოდა, - ვის რად უნდა შენი მატყლი?! ახლა მატყლს ჩალის ფასიც არ აქვს! ფუი, მაგას როგორ ჰკიდებ ხელს! და ა.შ. ამ ლოგიკით გულზე ხელები უნდა დავიკრიბოთ და ჩინეთიდან ვისაზრდოოთ - სინდიპონი დავიფაროთ, პლასტმასის პომიდორი მივირთვათ, ხელოვნურად გამოყვანილი პური ვაცხოთ... ოღონდ თუ არაფერს აწარმოებთ და ქმნით, რითი აპირებთ იმ ჩინურის ყიდვასაც? ახლა უამრავი მატყლი ნადგურდება ქვეყანაში. იწვება, იყრება, ამით გარემოც ზიანდება და ვღარიბდებით კიდეც. ამას არ ჯობია, გავრეცხოთ ეს დალოცვილი და რაღაც გზა ვუპოვოთ?

- დარწმუნებული ვარ, რადგან ახლა წარმატებული ხართ, ბევრი ადამიანი დაგეთანხმებათ და ტაშს დაგიკრავთ, მაშინ კი, როდესაც იწყებდით, სრულიად ტრივიალურ პრობლემებს აგვარებდით მარტოდმარტო: წყალი, დენი, გზა...

- წყლის დიდი პრობლემა იყო სოფელში. მიამიტურად ვთვლიდი, რომ თუ წყალს შემოვიყვანდი ფერმამდე, სხვა წინააღმდეგობა აღარც შემხვდებოდა. იმხანად ჩვენს სოფელს სასმელი წყალიც არ ჰქონდა საკმარისად. მატყლის გასარეცხად ჭის ან წყაროს წყალს უბრალოდ ვერ გამოვიყენებდი, რადგან ასეთ შემთხვევაში სოფელი წყლის გარეშე უნდა დამეტოვებინა, ამიტომ ალტერნატიული გზის ძიება დავიწყე და გამოვნახე კიდეც. მარილიანი წყაროს წყალი, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში სასმელადაც იყენებენ, გასარეცხად ნამდვილად გამოდგებოდა. მხოლოდ მილები იყო ჩასაყრელი, რომ წყალს ჩვენამდე მოეღწია. რეგიონული განვითარების ასოციაციამ, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ფარგლებში ახორციელებდა პროექტებს იმ სოფლებში, სადაც ნავთობსადენმა გაიარა, 1.200 ლარით დამიფინანსა ეს პროექტი. ასე გაჩნდა წყალი ჩემს ფერმაში.

- წყალი გამოჩნდა, მაგრამ საიდან მოვიდა ცოდნა?

- ცოდნა შეცდომების გადალახვით მოვიდა. თავიდან მატყლს ცივ წყალში, სარეცხი საშუალებების გარეშე ვრეცხავდით. ამას დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა, მაგრამ რაკი მითხრეს, რომ მატყლის გარეცხვის წესი ასეთი იყო, სხვა გზა არ მქონდა. ჩვენმა მონდომებამ მაინც მოიტანა შედეგი, იმ პერიოდისთვის პოპულარულები ვხდებოდით რაიონში. პირველი შეკვეთებიც წამოვიდა. შემკვეთთა შორის, ჩემი ძალიან კარგი ნაცნობიც გამოჩნდა. ორმაგად მოვინდომე მისთვის და საუკეთესო საბან-ლეიბი შევუკერეთ. წავიდა ეს ადამიანი სახლში, აბსოლუტურად კმაყოფილი. მალე საქართველოდან გამგზავრებამ მოუწია, ერთი წლის თავზე დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ მის მოწონებულ ლეიბ-საბნებს ჩაკეტილ ოთახში უსიამოვნო სუნი დაეყენებინა... ეს ამბავი საკუთარ კარში გატანილ გოლს ჰგავდა... ოღონდ ეს წარუმატებლობა ღირსეულად გადავიტანე და ახლებურად დავიწყე აზროვნება. დავანებე წინაპრებისგან ნასწავლი მეთოდით რეცხვას თავი, გავიგე როგორ რეცხავს მატყლს დანარჩენი მსოფლიო და პირველად გამოვიყენე ამისთვის თბილი წყალი და თხევადი საპონი.

- 2016 წელს ევროკავშირის ხელიც შეგეხოთ.

- უფრო კონკრეტულად კი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის - "მერსი ქორპსის" ხელი. პროგრამის დონორები იყვნენ შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში და ავსტრიის განვითარების საგენტო, პროგრამის სახელი "ალიანსების კავკასიის პროგრამა" გახლდათ, რომელიც "მერსი ქორპსის" მიერ განხორციელდა. პროგრამის ხელმძღვანელი არაჩვეულებრივი ქალბატონი, ჰელენ ბრადბერი იყო. მათ დამიფინანსეს ჩემი უკვე უსაშველოდ გაზრდილი საქმიანობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობების ნაწილი, ასევე მომცეს საჭირო ტექნიკური აღჭურვილობისთვის თანხა და დამეხმარნენ მზის ბატარეებით აღმეჭურვა ჩემი საწარმო. - ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებულები ამინდზე, ამიტომ შეგვიძლია ზამთარ-ზაფხულ ვიშრომოთ და არა სეზონურად, როგორც ეს მანამდე ხდებოდა.

როდესაც ყველა სამუშაო დავასრულეთ და მათი წარმომადგენლები მოვიპატიჟეთ იმის სანახავად, თუ რა გაკეთდა, იმდენად მოეწონათ ის, რაც დავახვედრეთ, ვფიქრობ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და კიდევ დაგვიმატეს სოლიდური თანხა იმ წვრილმანებისთვის, რაც წინა პროექტში არ იყო გათვალისწინებული. თავი სიზმარში მეგონა... ახლა 350 კვადრატული მეტრი შენობა გვაქვს, ცხელი წყალი და ყველა ის დანადგარი, რაც საქმიანობისთვის გვჭირდება, თუმცა მატყლს ისევ ხელით ვრეცხავთ, რადგან ჩინეთში შეძენილმა სარეცხის მანქანებმა არ გაამართლა...

- ის ადამიანები, ვინც წაგებას გიწინასწარმეტყველებდნენ, ახლა როგორ იქცევიან?

- ახლა ყველა ჩემ გვერდითაა. შევცვალე ჩემ გარშემო ამინდი. მთელ სოფელს ვერა, მაგრამ ჩვენს კუთხეს სრულად მოვუხსენი წყლის პრობლემა, სამუშაო აქვთ, სადაც 350-დან 750 ლარამდე ანაზღაურებას იღებენ. უკვე სხვა სოფლებიდანაც ვიღებ თანამშრომლებს. სამი დღის წინ სრულიად ახალგაზრდა ბიჭიც მივიღეთ კოლექტივში, 18 წლისაა, ის საბნებს შეკერავს ბოლოს ნაყიდი საკმაოდ ძლიერი საკერავი მანქანით.

GzaPress

- შეუძლებელია ამ თემაზე ვისაუბროთ და არ შევეხოთ ცხვრის გაპარსვის პრობლემას.

- დიახ, ეს პრობლემაა, რადგან ერთი ცხვრის გაპარსვა საშუალოდ 3 ლარი ჯდება. როდესაც ფერმერს 2000 ცხვარი ჰყავს, უჭირს ამხელა თანხის გადახდა, ამიტომ ორჯერ გაპარსვის ნაცვლად, ცხვარს მხოლოდ ერთხელ პარსავენ. სამწუხაროდ, ეს ფაქტი პირველ რიგში, თავად პირუტყვს აზიანებს. ის მძიმდება, სხეულის ტარება უჭირს, შესაბამისად, ზანტად გადაადგილდება და საძოვარზე გაშვებული, საკვებსაც შეუფერებლად ცოტას იღებს, წონას ვერ კრებს, მისი ფასიც ეცემა... თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მხარეა ამ პრობლემის. აი, ყველა ამბობს, რომ მატყლს ფასი არ აქვს, ამიტომ უნდა გადავყაროთო. მე ერთ კილო მატყლში სამოცი თეთრიდან ლარამდე ვიხდი, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს, რასაც ჩასაბარებლად მომიტანენ, მივიღებ. არა, თუ ცხვარი წესის დაცვით არ გაიპარსა, მას ვერაფერში გამოვიყენებ. ამ წესების დაცვა კი თითქმის არავის უნდა...

- მითხარით, რომ 70 ფერმერისგან იბარებთ მატყლს. რა სტანდარტის დაცვას ითხოვთ მათგან?

- სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაზე მცირედის. გაპარსვისთვის მზიანი დღე უნდა შევარჩიოთ, მანამდე კი ცხვარი მოვამზადოთ. გავბანოთ, კარგად გავაშროთ, მოვარიდოთ ეკალ-ბარდებში სიარულს, რომ შემდეგ ხელები არ დავიზიანოთ ბეწვში ღრმად ჩარჩენილი ეკლებით. გასაპარსად სუფთა ადგილი უნდა შევარჩიოთ, დავუფინოთ საფენი, სადაც შემდეგ მის მატყლს გადავახვევთ და სუფთა ტომარაში ჩავდებთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მუცელსა და ფეხებზე ჩამოპარსული მატყლი სრულიად გამოუსადეგარია, ამიტომ ცალკე უნდა მოვაგროვოთ გადასაყრელად. და მთავარი, ცხვარი სასურველია, საპარსი მანქანით იყოს გაპარსული. ჯერ ერთი, ეს იცავს მატყლს დაზიანებისგან, გარდა ამისა, ეს მეთოდი უსაფრთხოა თავად ცხოველისთვის და გაცილებით მცირე დროსაც მოითხოვს. ნანახი მაქვს, როგორ პარსავენ ცხვარს შოტლანდიელები, კარგი ოსტატი ამ საქმეს სამ წუთს ანდომებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ გაცილებით დიდი ზომის ცხვრები ჰყავთ. ამას ბევრი სიკეთე მოაქვს - არ ისტრესება ცხვარი, არ ზიანდება მატყლი, არ იხარჯება დიდი დრო და შრომა.

თუ ამ სფეროში სწორ მიდგომებს დავნერგავთ, დარწმუნებული ვარ, მატყლის ფასიც მოიმატებს. უფრო მეტსაც ვიტყვი, თუ გინდათ დამთავრდეს წუწუნი იმის შესახებ, თუ როგორ ნადგურდება მატყლი და ივსება ქვეყანა ამ ნაგვით, არათუ ერთჯერადად უნდა დაფინანსდეს ეს და მსგავსი პროექტები, არამედ რაღაც პერიოდის განმავლობაში, სისტემატურად. მე მათ ადგილზე გასვლით, მომთაბარე მასტერკლასებს დავაფინანსებდი, თუმცა მხოლოდ ეს არ არის გასაკეთებელი. გარდა ამისა, დროა ამ საქმეში სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებიც ჩაერთონ. ასეთი ცოდნა არსებობს ქვეყანაში, თუმცა არაფრით მოხდა თანხვედრა სამეცნიერო სფეროსა და პრაქტიკოს ფერმერებს შორის, თუ არ ჩავთვლით ორიოდე პიროვნებას, რომლებსაც სამეცნიერო ხარისხი აქვთ ამ სფეროში და ახლა ფერმერობასაც ითავსებენ...

ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში ცხვრის ვაქცინაციის პრობლემა აღარ დგას, რამდენიმე განსაბანელიც მოეწყო, ცოტა ამოისუნთქეს ფერმერებმა, მაგრამ წელიწადში ერთხელ დაბანილი ცხვარი მთელი წლის განმავლობაში ჭუჭყიან ფარეხში რომ გყავს, იმას ერთხელ და ორჯერ დაბანა უშველის?

- ვის დავაბრალოთ შექმნილი სიტუაცია, ფერმერებს?

- ძალიან ადვილია განსაჯო, შეგვიძლია დავაბრალოთ ფერმერებს, რომ განვითარების ნაცვლად, ყველაფერს საკუთარ ჯიბეებში იდებენო, ოღონდ ეს იოლი, მაგრამ უსამართლო ბრალდება იქნება. ცხვარი საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს. ფერმერს მწყემსის, მიწის გადასახადი აწევს მხრებზე. მწყემსის ხელფასი 2000 ლარს აღწევს. ათას სულზე მეტი ცხვრისთვის ბუნებრივია, ერთი მწყემსი არაა საკმარისი, ამას დაუმატეთ უბედური შემთხვევები და მგლის, დათვის ფაქტორი, რომლის მოკვლის უფლებას კანონი ალბათ, სამართლიანად არ გვაძლევს, ასევე ათასგვარი გადასახადი, საძოვრების პრობლემა, რომელსაც არავინ უვლის და მხოლოდ დედაბუნების იმედადაა მიგდებული, ამ მოუვლელ მიწაში კი ფერმერი სოლიდურ თანხებს იხდის. მოკლედ, შეკრული წრედია, რომელსაც სერიოზული რეორგანიზაცია სჭირდება.

GzaPress

- ცხვარზე სიყვარულით ლაპარაკობთ, ეს თვალში საცემია.

- მიყვარს ცხვარი და ვხუმრობ ხოლმე, ადრე რომ დავბადებულიყავი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე ვიქნებოდი-მეთქი. ახალციხეში რომ გავივლი და ჩემს საბნებს გამოსამზიურებლად გადმოფენილებს დავინახავ, გული სიხარულით მევსება. ახლა ორი საბანი კალიფორნიაში მიდის. საბერძნეთში, ბელგიაში, რუსეთში წაიღეს ქართველებმა. ადგილობრივმა სომხებმა იყიდეს წასაღებად.

- დრო საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი მოასწროთ? როგორც ვიცი, სხვა სამსახურიც გაქვთ.

- 15 წელიწადია, რაც შემოსავლების სამსახურში, საბაჟო დეპარტამენტში ვალეს გამშვებ პუნქტში ვმუშაობ. ალბათ ამანაც იმოქმედა ჩემზე, დავიღალე ამდენი უხარისხო, შემოტანილი პროდუქტის ყურებით. ყველას ყველაფერი შემოაქვს და არავის არაფერი გააქვს. როდემდე?!

- ძლიერი ქალი ხართ. თავს თუ გრძნობთ ასეთად?

- ნაწილობრივ, ალბათ მეტი შემეძლო. დრო არ არის საკმარისი, რომ ყველაფერი მოასწრო. დედა მეხმარება მაგრად, მთლიანად თავისუფალი ვარ ყველა ე.წ. ქალის საქმისგან. თანამშრომლებს შურთ ჩემი გატკიცინებული პერანგების. დიახ, დედა მიუთოებს. ბედნიერი ვარ, ვიფერებ. როდესაც საწარმოს ვაშენებდით, თანადაფინანსებისთვის ბანკიდან სესხი ავიღე. წესისამებრ მოვიდა ადამიანი, რომ ენახა, ვის აძლევდა სესხს. ოჯახში რამდენი ცხოვრობთო? - იკითხა. თქვენ ალბათ უნდა გეკითხათ, თქვენი ოჯახი რამდენი ფუტკრისგან შეგდება-მეთქი, შევუსწორე. ვიცინეთ მაშინ, მაგრამ მართლაც ასეა. ფუტკრების ოჯახია, ყველა შრომობს, დრო ნამდვილად ცოტაა, მაგრამ რაკი ერთმანეთს მხარს ვუმაგრებთ, კიდევ ბევრს მოვასწრებთ.

დეა ცუცქირიძე