"ბედნიერება თუ ნაღველი ყველას ეტყობა თვალებზე" - გზაპრესი

"ბედნიერება თუ ნაღველი ყველას ეტყობა თვალებზე"

ნიკა ქორბუდიანის წინაპრები კახეთში დასახლებულან. ისიც თელავში დაიბადა და გაიზარდა. თავდაპირველად ამ "კახელი სვანის" (როგორც თავს უწოდებს) გადაღებული ფოტოები ვნახე, რომელთა შორის პორტრეტები განსაკუთრებით მომეწონა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფოტოგრაფიამდე მას სხვადასხვა სფეროში აქვს სამუშაო გამოცდილება მიღებული, რასაც ბუნებრივია, საუბარში გვერდს ვერ ავუვლიდით.

- ჩემი ბუნებიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ყველაზე კომფორტულია ის სფერო, სადაც მაქვს თავისუფლება როგორც გრაფიკის, ისე კრეატივის მხრივ, სადაც არ ხარ შეზღუდული იდეების განხორციელებაში. კომფორტულია, როცა შენი თვალსაწიერის, ინტერესისა და გამოცდილების მიხედვით მუშაობ პროექტებზე.

- ფოტოგრაფიამ როგორ გაგიტაცათ?

- ისე არ ყოფილა, რომ ერთ დღესაც გავიღვიძე და ვიფიქრე, მოდი, ფოტოგრაფიას შევისწავლი ან ფოტოგრაფი გავხდები-მეთქი. კამერა სანამ არ მქონდა, მის ფუნქციას ტელეფონი ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე მაქვს კამერა, რომელიც სულ თან დამაქვს, ტელეფონი მაინც რჩება ჩემს მთავარ დამხმარედ და ამიტომ, სულ დასატენია. თან, როცა სწრაფად გინდა რამე გააკეთო, ტელეფონი უფრო პრაქტიკულია. მას შემდეგ, რაც სმარტფონი შევიძინე, ჩემთვის საინტერესო რაღაცებს ვიღებდი და სოციალურ ქსელში ვათავსებდი. ფოტოებს აქებდნენ, თუმცა მე თვითკრიტიკული ვარ, რაღაც ძალიან სერიოზული თუ არ გამოვიდა, ვფიქრობ, რომ უკეთესიც შეიძლებოდა. სამი წლის წინ დავიწყე ცნობილი ფოტოგრაფების მოკვლევა, ვეცნობოდი მათ ნამუშევრებს. მაგრამ არსებობს ისეთი საკითხები, რაშიც პროფესიონალი უნდა დაგეხმაროს და ტექნიკური ნიუანსები შეგასწავლოს. ამიტომ ორი წლის წინ, მეგობრის რჩევით, იური მეჩეთოვისა და მაიკო დეისაძის ფოტოსახელოსნოში მივედი. სწორედ იმ დროს, ერთ-ერთი თეატრის პოსტერს იღებდნენ. როცა განათება ჩართეს და მუშაობა დაიწყეს, მივხვდი, მე იქ უნდა ვყოფილიყავი. საინტერესო იყო მათთან მუშაობა, იურა საქართველოს უახლესი ისტორიის ფოტომემატიანეა. სწავლების პროცესში, ფოტოგრაფიის გარდა, ფილმებს, სხვების და საკუთარ ნამუშევრებს განვიხილავდით. იმ პერიოდში ჯერ არ მქონდა კამერა და ტელეფონით ან მაიკოს კამერით მიწევდა გადაღება... ვცდილობ, როცა ჩემთვის საინტერესო კადრს ვხედავ, მაშინვე დავყარო ყველაფერი და ტელეფონით გადავიღო. შეიძლება ისეთი ხარისხის არ გამოვიდეს, რასაც პროფესიონალური კამერა გადაიღებს, მაგრამ მომენტი, რომელიც მოგეწონა, დამახსოვრებულია. ისევე როგორც ფილმში "პარფიუმერი", პარფიუმერი აგროვებს სურნელებს, ასეა ამ შემთხვევაშიც. ბევრ ფოტოს არც ვაქვეყნებ, რადგან ისინი მხოლოდ ჩემია. ამავდროულად, ამის მიზეზი ჩემი გრაფიკიცაა. დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ, შემდეგ ლექციაზე. იმ დროს, როცა პანდემიის პერიოდში მანქანების გადაადგილება შეზღუდული იყო, მეგობრებთან ერთად ფეხით ბევრს დავდიოდი. თბილისის ქუჩები მოვიარე. პანდემია რომ არა, ალბათ, იმ ადგილებს ვერც ვნახავდი.

GzaPress

- რამდენად გაინტერესებთ ქუჩის ფოტოგრაფია? რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერესო მიმართულება და აქვე გკითხავთ, თბილისის რომელი ქუჩები იყო თქვენთვის აღმოჩენა?

- ძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე ვცხოვრობ და მიუხედავად იმისა, რომ იქ ყოველდღიურად დავდივარ, თურმე ბევრი რამ არ მქონდა შემჩნეული. მიყვარს ძველი თბილისის შენობებზე არსებული ძველი კარი, თავის ჩუქურთმებითა და გარშემო ბზარებით. ქუჩის ფოტოგრაფია პანდემიის პერიოდში უფრო გააქტიურდა, რადგან ფეხით გადაადგილებისას დავიწყეთ ისეთი დეტალების შემჩნევა, რაც აქამდე უმნიშვნელოდ მიგვაჩნდა. ჩემს ქვევით ქუჩაზე, სახლი მთლიანად სუროშია გახვეული და მცენარე ფანჯრებზე ფარდებივით არის ჩამოფარებული. სურო ფოტოშოფით გავალურჯე და ფოტო სოციალურ ქსელში დავდე. მსგავსი ჩარევა არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, მოუხდა. ამ ფოტოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მგონი ამ ტყუილად ღირდა (იღიმის). საერთოდ, ფოტოს დამუშავებისას მინიმალურად ვერევი. ფერის კორექციას ვაკეთებ მცირედით და ადამიანის სახის ნაკვთებს არ "ვასწორებ". ვფიქრობ, საკუთარი თავი უნდა შევიყვაროთ ისეთი, როგორებიც ვართ. რაც შეეხება ზოგადად, მიმართულებას, მიყვარს პორტრეტების გადაღება. ამას თავისი მიზეზი აქვს. ერთი ადამიანი ნახევარი საათის განმავლობაში 5-წუთიანი ინტერვალებით რომ გადაიღო, აბსოლუტურად სხვადასხვა ხასიათის პორტრეტი გამოდის. მაგალითად, ბატონი გელა ჩარკვიანის რამდენიმე ფოტო მაქვს გადაღებული. სასწავლო ცენტრში ბავშვებს მისი წიგნი - "ნაგერალა" წარუდგინა და შემდეგ დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა შეხვედრა. ნახევარი საათის განმავლობაში ვმუშაობდი აუდიტორიაზე და ამავდროულად, ბატონ გელასაც ვუღებდი. განსხვავებული პორტრეტები გამოვიდა. შეიძლება ეს იმიტომ, რომ დიდი ადამიანია, "ბევრია", საინტერესო შინაგანი სამყარო აქვს და შესანიშნავი მოსაუბრეა, ზომიერი ხუმრობით და სასიამოვნო ხმის ტემბრით. სწორედ ამიტომ, მის თითოეულ ფოტოში განსხვავებულ სიღრმესა და განწყობას ხედავ.

- ასეთივე დიდი ინტერესით ვის პორტრეტებზე იმუშავეთ?

- მსახიობისა და რეჟისორის გოჩა ხვიჩიას სპექტაკლი "მარინა რევია" გადავიღე, რომელიც მარნეულის კულტურის ცენტრში დაიდგა. მარინა რევიას პერსონაჟს მარინა ჯოხაძე თამაშობდა. გარდა იმისა, რომ ტრაგიკული პერსონაჟია, თავად მსახიობის გარეგნობაა საინტერესო და ვფიქრობ, სახასიათო ფოტოები გამოვიდა.

- სერიული ან ერთ კონკრეტულ თემაზე გადაღებული ფოტოების გამოფენა თუ გაქვთ გადაწყვეტილი?

- დიახ, ორი პროექტი მაქვს გეგმაში. ერთია პორტრეტების განხრით, ხოლო მეორეს ვერ დავასახელებ. პორტრეტების სერია მინდა ქალების ხაზით გავაკეთო. ქალბატონები საკუთარ გარემოში გადავიღო. ამ შემთხვევაში მე არ მივცემ დავალებას, არამედ იმას აღვბეჭდავ, ვინ როგორ ხასიათზე იქნება და რა საქმით იქნება იმ მომენტში დაკავებული, ხალათით, ყავის ჭიქით ხელში, სახლის დალაგებისას თუ წიგნის კითხვისას. ძალიან მინდა ნინო კასრაძე გადავიღო. მასთან არ მისაუბრია, მაგრამ ამის დიდი სურვილი მაქვს. ცოტა მორიდებული ვარ. მეგობრები ხშირად მეუბნებიან: "მიდი, მიდი, მიაწექი!", მაგრამ ხშირად ჩემს თავს ვერ ვაძლევ უფლებას, ვინმე ზედმეტად დავღალო, გეგმები შევუცვალო და ა.შ. ასევე, სიამოვნებით გადავიღებდი ანა მატუაშვილს - მსახიობს, რომელსაც უცნაური და ეფექტური გარეგნობა აქვს.

- რაც შეეხება მამაკაცებს?..

- აუცილებლად მინდა ვახსენო კახი კავსაძე. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა მისი გადაღება. უბრალოდ, ბოლო წლებში მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და ვერ გავბედე მისვლა. მერე პანდემია დაიწყო და რასაკვირველია, უფრო მეტად მოვერიდე. მგონი, ყველა ფოტოგრაფს ჰყავს გადაღებული, ის ისეთი პერსონა და ტიპაჟი იყო, თან ყველას უყვარდა. როგორ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანის გშურდეს, მაგრამ მე დღემდე მშურს ბელასი, რომელიც ასე უყვარდა ბატონ კახის. ასეთი სიყვარული ხომ ცხოვრების საჩუქარია. რა "რომეო და ჯულიეტა", როცა ბელა და კახი იყვნენ?! შეიძლება ბატონ კახის მის მეუღლეზე სულ არ ელაპარაკა, მაგრამ წლების შემდეგაც დიდი გრძნობა ყოველ მიმიკაში ეტყობოდა. მას თვალებში ჰქონდა სიყვარული, ბედნიერება და სევდაც.

- ეს არის თქვენთვის მოტივატორი და რწმენა იმისა, რომ სიყვარული ნამდვილად არსებობს?

- რა თქმა უნდა, სიყვარული ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია. თუ არ გიყვარს, ხასიათზე არ ხარ და თუ ცუდ ხასიათზე ხარ, საქმეს ვერ აკეთებ, ყოველდღიურობაში სიახლეები ვერ შემოგაქვს, ხოლო სიახლეები რომ არ შემოდიოდეს, ახლა არც ჩვენ ვისხდებოდით და ვისაუბრებდით.

GzaPress

- პორტრეტზე თვალების მიხედვით შეგიძლიათ ამოიცნოთ ვინ ბედნიერია და ვინ პირიქით?

- კარგი ინტუიცია მაქვს. ადამიანს რომ შევხვდები, მისი აურა მიზიდავს ან პირიქით. ვხვდები რამდენად დადებითი ადამიანია. რომ ვთქვა, გულთმისანი ვარ-მეთქი, ასე არ არის, თუმცა, ხშირად თვალებში ჩანს ადამიანის განცდები და ხასიათი. ვფიქრობ, ნაღველი და სევდა, სიყვარული და ბედნიერება აუცილებლად იკითხება თვალებში.

- დაბოლოს, მე თქვენ გაგიცანით, როგორც ფოტოგრაფი, თუმცა არაერთი სხვა პროფესიაც გაქვთ...

- დიახ (იღიმის). ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მაქვს ბიზნესადმინისტრირება მენეჯმენტის მიმართულებით. ამ ეტაპზე ვსწავლობ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ხელოვნების სფეროს მენეჯმენტის სადოქტორანტურო პროგრამაზე. ჯერ პირველ კურსზე ვარ. წინ მაქვს სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობა, რომლის თემაა: "კულტურის სფეროს მართვის საკითხები და თავისებურებები საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით" და იმედია თავს გავართმევ ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელის - ნინო სანადირაძის დახმარებითა და რეკომენდაციებით. მიმუშავია მაღაზიაში კონსულტანტად, ადმინისტრატორად, მაგრამ პირველი ჩემი ოფიციალური სამსახური იყო ლიფტებისა და ესკალატორების ერთ-ერთი კომპანიის გაყიდვების განყოფილებაში, ამის შემდეგ იმავე სფეროში, მსგავსი პროფილით ვიმუშავე, პარალელურად, დასავლეთის ერთ-ერთ ზღვისპირა სასტუმრო-სანატორიუმში, სადაც მარკეტინგის "ჰედი" ვიყავი. ამის შემდეგ ჩემი მცირე ბიზნესი წამოვიწყე, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს - ყვავილების თაიგულებს ვაკეთებთ და ონლაინ ვყიდით. პარალელურად, ნატურალური ქვებისგან სამკაულის გაკეთება-გაყიდვასაც ვახერხებ. ვიყავი სარეკლამო კომპანიაში ხელმძღვანელის პოზიციაზე, ვიმუშავე პიარშიც, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. ახლა კი, სამშენებლო სფეროში ერთ-ერთ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ...

ანა კალანდაძე