"ბავშვებმა გადამარჩინეს და დამაყენეს ფეხზე იმ რთული პერიოდის შემდეგ" - გზაპრესი

"ბავშვებმა გადამარჩინეს და დამაყენეს ფეხზე იმ რთული პერიოდის შემდეგ"

ხშირად ამბობენ, რომ მასწავლებლობა ძალზე რთული და დაუფასებელი პროფესიაა. ლალი მარგიანს მოსწავლეების იმხელა სიყვარული აქვს, ალბათ ეს არის მისთვის ყველაზე საუკეთესო დაფასება. მასწავლებლობა მისი ოცნება იყო, არაქართველი ბავშვებისათვის ქართული ენის სწავლება კი ნატვრა, რომელიც 4 წლის წინ აიხდინა. დღეს ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნას მასწავლებელია. წლევანდელი მეთორმეტეკლასელების ბოლო ზარზე, თავისი მოსწავლეების მსგავსად, თვითონაც წინსაფრითა და ბაფთებით გამოჩნდა და ამ ხალისიანი გადაწყვეტილებით ბავშვებს განსაკუთრებულად დაამახსოვრა ეს დღე.

- დაბადების მოწმობაში დაბადების ადგილად მესტია მიწერია, მაგრამ სინამდვილეში ვანში დავიბადე, რადგან დედა იმერელი მყავდა. თუ რამე კარგია ჩემში, ამაზე იმერეთმა და იქ გატარებულმა ბავშვობის წლებმა იქონია დიდი გავლენა. მამა იყო ძალიან მშვიდი, წესიერი, ნაკითხი კაცი, წიგნების კითხვა სწორედ მან შემაყვარა. ვხუმრობდით, სახლს ცეცხლიც რომ წაეკიდოს, წიგნს თუ კითხულობს, თავსაც არ ასწევსო, და მართლაც ასე იყო.

- პროფესიის არჩევაზე ვინ მოახდინა ზეგავლენა?

- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში უცნაური ოცნებები მქონდა, მაინც მასწავლებლობა მინდოდა ყველაფერზე მეტად. დედაჩემის მხრიდან ბაბუა პედაგოგი იყო. საკონტროლოებს რომ ასწორებდა, ვუყურებდი და სულ მაინტერესებდა, ჩამეჭყიტა რვეულებში. ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი, რომ მეც მასწავლებელი ვყოფილიყავი. შემდეგ, სკოლაში რომ მივედი, ისეთი მასწავლებლები შემხვდნენ, ეს სურვილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა. მესტიაში ვსწავლობდი, 1-ლ საშუალო სკოლაში. ეს იყო საოცარი სკოლა საუკეთესო მასწავლებლებით. მათ არა მარტო ცოდნა მოგვცეს, არამედ გვასწავლეს ცხოვრება, ურთიერთობები, მეგობრობა და სიყვარული. 35 წელია, დავამთავრეთ და კლასელები ყოველ წელს ვიკრიბებით, შეხვედრებისას გამორიცხულია, არ გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი პედაგოგები. მიყვარდა სკოლა, პირველი სექტემბერი და დღემდე განსაკუთრებული შეგრძნებები მომყვება, როგორ გვამზადებდა დედა ამ დღისთვის. გვყავდა ძალიან კარგი დირექტორი, რომელიც თითოეული ბავშვის სულსა და გულში იხედებოდა, ჩვენი სკოლა ქუხდა მაშინ, ისეთი სახელი ჰქონდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი მომავალი არჩევანი. ვაბარებდი უნივერსიტეტში, ფილოლოგობა მინდოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერ ჩავირიცხე. ბავშვობიდან მქონდა გამოცდების დაუძლეველი შიში და გამოცდაზე მისული ორჯერ უკან გამოვტრიალდი.

GzaPress

- თუმცა, 18 წლისა უკვე მასწავლებელი იყავით სვანეთის ერთ-ერთ სოფელში, ხომ ასეა?

- იმ პერიოდში რაიონის განათლების განყოფილება მაღალმთიან სოფლებში წარჩინებით სკოლადამთავრებულებს მასწავლებლებად გზავნიდა. 1987 წელს, როდესაც სტიქიური უბედურების შედეგად ბევრი სოფელი დაიცალა, კადრების ნაკლებობა შეიქნა და ასე მოვხვდი სოფელ კალაში, უშგულამდეა ეს სოფელი. 6 თებერვალი იყო, მე და მამა ტრაქტორით გავუდექით გზას. დიდთოვლობის შედეგად არანაირი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. პირველები ვიყავით, ვინც იმ ტრაგედიის შემდეგ ტრანსპორტით ავიდა სოფელში. მოსამზადებელი ჯგუფი მყავდა, 3 მოსწავლე დამხვდა და დღემდე ცხადად მახსოვს სამივე, მათი ნაწერები და ნამუშევრებიც კი შენახული მაქვს, ისევე, როგორც ბევრი სხვა მოსწავლისა. მაშინ 18 წლის ვიყავი. შემდეგ გადამიყვანეს იელის სკოლაში, სადაც ქართულ ენა-ლიტერატურას ვასწავლიდი. ვმუშაობდი მესტიის პიონერთა სახლში მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელად და პერიოდულად, მესტიის სკოლა-ინტერნატის დაწყებით კლასსაც ვასწავლიდი. ამ კლასის პედაგოგი ხშირად ავადმყოფობდა და მხოლოდ მე "მანდობდა" კლასს. 1988 წლის სექტემბრიდან ფარის საშუალო სკოლაში ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებლად მიმავლინეს ისევ საშუალო განათლებით. ხშირად ისმოდა ჩემს გაკვეთილებზე ლექსები, თემები არაპროგრამული ლიტერატურიდან; ხშირად დამყავდა ბავშვები სოფლის ეკლესიებში, ისტორიულ ადგილებში, ბუნებაში ვატარებდი გაკვეთილებს. მახსოვს, განსხვავებული გაკვეთილების გამო დირექტორმა გადაწყვიტა, რაიონში ეჩივლა, მაგრამ რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს მაშინდელი ხელმძღვანელობისგან, მხარი დამიჭირეს, რადგან ქართული ენა-ლიტერატურის მეთოდისტიცა და განყოფილების გამგეც სკოლის მერხიდან მიცნობდნენ და მენდობოდნენ. პირველი წარმატების შემდეგ, მასწავლებლების რესპუბლიკურ კონკურსზე - "კითხულობს მასწავლებელი" პირველი ხარისხის დიპლომი რომ ავიღე, ფარის სკოლაში უკვე დირექტორის ნდობაც მოვიპოვე. მაშინ კონკურსი იშვიათობა იყო, მაგრამ პიონერთა სასახლის მიერ გამოცხადებულმა ფოლკლორისტების კონკურსმა, რომელსაც ვახუშტი კოტეტიშვილი კურირებდა, ძალიან დამაინტერესა და ორი მოსწავლის ნამუშევარი (ლეგენდები, თქმულებები, ლექსები, ზღაპრები, სვანური ანდაზები, წყევლა, ლოცვა და ა.შ.) ფინალში მოხვდა. სამდღიანი კონფერენცია მაშინდელ პიონერთა სასახლეში დღემდე ნათელ მოგონებად მოგვყვება მე და ჩემს მოსწავლეებს, რომელთაგან ერთი უკვე მასწავლებელია. იქ სამ წელიწადზე მეტხანს ვიმუშავე. შემდეგ გავთხოვდი, იყო არაერთი ცხოვრებისეული სირთულე, განქორწინება, მეორე შვილის გარდაცვალება, რამაც მძიმე კვალი დამაჩნია... ერთადერთი, რაც მოვახერხე, ის იყო, რომ გავხდი სტუდენტი და დავამთავრე უცხო ენების ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. ბევრ ადგილას ვმუშაობდი, მაგრამ ამ წლების განმავლობაში სკოლაში აღარასდროს მიცდია დაბრუნება. 15-წლიანი პაუზის შემდეგ, 2012 წლის ოქტომბერში მეგობრების დაჟინებული თხოვნით კვლავ საყვარელ საქმეს დავუბრუნდი და დაიწყო ლახამულის საჯარო სკოლის ხუთწლიანი ეპოპეა. მარგიანები მულახიდან ვართ და იქაც იყო ვაკანსია, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მინდოდა, სხვა სოფელში წავსულიყავი, თან ძალიან მიყვარდა ქვემო სვანეთი და ადრე არასდროს მქონია იქაურებთან შეხება. ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე ყველაფერი. 5 წელი დირექტორის ოჯახში ვიცხოვრე, ყოველგვარი გადასახადის გარეშე. დირექცია, საკრებულო, მოსწავლეების ოჯახები - ყველა მხარს მიჭერდა ნებისმიერი ღონისძიების მომზადებაში. ვასწავლიდი ინგლისურსა და ქართულ ენებს.

- ამის შემდეგ აღმოჩნდით მარნეულში და, როგორც ამბობთ, დაუოკებელი სურვილი, გესწავლებინათ არაქართველი ბავშვებისთვის, როგორც იქნა, აისრულეთ.

- ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ჯერ კიდევ 80-იან წლებში, თუ არ ვცდები, განათლების სამინისტროს ბაზაზე არსებობდა საზაფხულო სკოლა-ბანაკი "მცირე აკადემია", რომლის ერთ-ერთი ნაკადის მონაწილეც ვიყავი და სადაც საინგილოდან, სოფელ ალიბეგლოდან იყვნენ მოსწავლეები. მათთან ურთიერთობამ დამაწყებინა ოცნება საინგილოში ქართულის მასწავლებლობაზე. კახში არა, მაგრამ წლების წინ არაქართულ რეგიონებში ქართული ენის მასწავლებლების მოთხოვნამ მოსვენება დამიკარგა! სამინისტროში დაგვიანებით მივედი და ოცნების ასრულებამაც რამდენიმე წლით დაიგვიანა. 80-იან წლებშივე მესტიაში, ჩემს მეზობლად დაიწყო სვანეთის მუზეუმის მშენებლობა, ბაქოელებიც მუშაობდნენ. ისინი ჩემს ოჯახში დააბინავეს. სიმართლე გითხრათ, თავიდან ჩვენც და მეზობლებიც, რომლებიც ყოველ საღამოს ჩვენსას იკრიბებოდნენ, რაღაცნაირად ვუყურებდით და ვერიდებოდით. ხუთი კაცი ცხოვრობდა, დილაობით უხმაუროდ გადიოდნენ სახლიდან, საღამოს დაღლილები მოდიოდნენ დაბანილ-გაკოპწიავებულები, ჩუმად ისხდნენ ან ოთახში, ან ეზოში. რა თქმა უნდა, ენის პრობლემა იყო, ხუთიდან ორს შეეძლო რუსულად კონტაქტი და ნელ-ნელა დავიწყეთ ურთიერთობა. საღამოობით ერთად ვვახშმობდით არა მარტო ჩვენთან, არამედ მათ მეზობლებიც ეპატიჟებოდნენ. ორ კვირაში ერთხელ ბაქოში ბრუნდებოდნენ და ყოველ ჩამოსვლაზე არა მარტო ჩვენთვის, არამედ იმ მეზობლებისთვისაც კი მოჰქონდათ ხილ-ბოსტნეულის მარაგი. ერთხელ ერთ-ერთმა ჩემი ტოლა ძმა ჩამოიყვანა. რუსული ცუდად იცოდა, მაგრამ საოცრად მკვირცხლი ბიჭი იყო და მალე დავმეგობრდით. ქართულით დაინტერესდა, სამუშაოს შემდეგ ვისხედით და ვასწავლიდი ქართულ ანბანს, თვლას, სიტყვებს... აი, აქედან გამძაფრდა ჩემი ოცნება, არაქართველებისთვის ქართული მესწავლებინა. 2017 წელს კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავხდი პროექტის - "არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა" - გამარჯვებული, რისთვისაც მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც მრავალ კონკურსანტს შორის გამომარჩია, მენდო და უსაზღვრო ბედნიერება მარგუნა, რადგან დღეს საოცარი ბავშვების მასწავლებელი ვარ და ვცხოვრობ სოფელში, სადაც აზერბაიჯანელები და სომხები ერთად მეგობრულად ცხოვრობენ. კოლექტივმა თბილად მიმიღო. პირველი, ვინც ოჯახში დამპატიჟა, აზერბაიჯანული სექტორის ახალგაზრდა მასწავლებელი, ანარ შარიფოვი იყო. არასდროს დამავიწყდება მისი ოჯახის სითბო. სკოლას რიმა გარიბიანი უდგას სათავეში. ხშირად მითქვამს, რომ მისი დამსახურებაა, ამ მრავალრიცხოვან, ეროვნულად და სარწმუნოებით განსხვავებულ ადამიანებს შორის ასეთი დამოკიდებულება რომაა. 4 წელია, აქ ვარ და მცირე კონფლიქტიც კი არ ყოფილა. საკმარისია, რამე ჩავიფიქრო და მხარში მიდგანან კოლეგები, მშობლები, მარნეულის მერია. ახლა პანდემიამ შეგვიშალა ხელი, თორემ ხშირად ვიწვევთ ცნობილ პოეტებს, ვუმეგობრდებით სხვა სკოლებს.

GzaPress

- რა სირთულეებს წააწყდით მუშაობისა და ცხოვრების პერიოდში?

- იმაზე მეტად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი. საკმაოდ დიდი სოფელია, თუმცა - დაცარიელებული. ბერძნების მიერ მიტოვებული სახლები დანგრევის პირასაა. ყველაზე დიდი სირთულე მაინც ენის ბარიერი იყო და კომუნიკაციის ნაკლებობა. ქართულის მასწავლებლები გვყავს, მაგრამ მე ვარ ერთადერთი ქართველი მათ შორის და ვფიქრობ, ქართველი მასწავლებლის ყოფნას ასეთ რეგიონში სულ სხვა დანიშნულება და ფუნქცია აქვს. ჩემს სომეხ მოსწავლეებს ლექსებით ვასწავლე ქართული და შევაყვარე საქართველო. ძალიან კარგი ბავშვები არიან, სულში ჩაგიძვრენენ, როდესაც დაინახავენ, რომ გულწრფელად გიყვარს ისინი. მიხარია, რომ ქართული ენის შესწავლის ინტერესი გაუჩნდათ.

- ახლა ბოლო ზარის ამბავიც მომიყევით. რატომ გაგიჩნდათ იდეა, ძველებური წინსაფრები შეგეკერათ გოგონებისთვისაც, თქვენთვისაც?

- ეს მეოთხე გამოშვება იყო ამ სკოლაში ჩემი ყოფნის პერიოდში. წლევანდელ მეთორმეტეკლასელებთან განსაკურებული დამოკიდებულება მქონდა, რადგან ჩემს გოგონასაც წელს უნდა დაემთავრებინა სკოლა. ხშირად მიფიქრია, თუ როგორი იქნებოდა ჩემთვის ეს დღე და როგორი გოგო იქნებოდა თეკლა 18 წლის ასაკში. ბოლო ზარისთვის ემზადებოდნენ და მითხრეს, წინსაფრების შეკერვას ვაპირებთო. მე შეგიკერავთ და ქსოვილსაც თვითონ ვიყიდი-მეთქი. გაუხარდათ. სამივეს შევუკერე და 26 მაისს რომ ვფიქრობდი, მეორე დღეს რა გამეკეთებინა განსაკუთრებული და როგორ გამეცილებინა ბავშვები, უცებ ვიფიქრე, - ქსოვილი ხომ დამრჩა, ჩემთვისაც შევიკერავ-მეთქი წინსაფარს. დილით კოლეგამ გამომიარა და რომ დაინახა წინსაფარი, გაუკვირდა. ღონისძიების დაწყებამდე წინსაფარიც ავიფარე, ბაფთებიც გავიკეთე და შევედი დირექტორის კაბინეტში. მასწავლებლებმა რომ დამინახეს, თვალები დააჭყიტეს. გაგიჟდნენ, რა საინტერესო ადამიანი ხარ, როგორ შეგიძლია ამხელა სილაღე და სხვებისთვის ამხელა სიხარულის მინიჭებაო! რაც მთავარია, ბავშვებს მოეწონათ ჩემი სიურპრიზი.

- რას ნიშნავს თქვენთვის მოწაფეების სიყვარული?

- ჩემი მოსწავლეები ჩემთვის ყველაფერია. მე ბავშვებმა გადამარჩინეს და დამაყენეს ფეხზე იმ რთული პერიოდის შემდეგ, რომლის გადატანაც მომიხდა, - როდესაც სკოლაში მივედი და ისინი დავინახე, მივხვდი, რომ სიცოცხლე უნდა გამეგრძელებინა...

ნინო ჯავახიშვილი