რა ასწავლა სხვის შვილებზე მზრუნველობამ მარიკა ხუციშვილს - გზაპრესი

რა ასწავლა სხვის შვილებზე მზრუნველობამ მარიკა ხუციშვილს

მარიკა ხუციშვილმა 5 წლის წინ სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა და სულ მალე იქაურობა ბაღნარად გადააქცია. ეს საოცარი ქალბატონი 2 შვილის დედა, 5 შვილიშვილის ბებიაა და ბოლო 5 წელია სხვის შვილებსაც ზრდის - მათ უყოფს დედობრივ სიყვარულსა და მზრუნველობას.

- წნორში დავიბადე და გავიზარდე, ბედის საძებნელადაც არ წავსულვარ შორს (იცინის), 16 წლისა ახლოსვე გავთხოვდი. 36 წლის ასაკში უკვე შვილიშვილი მყავდა. მეუღლე მეხუმრება ხოლმე, ვითომ მოგიტაცე, არადა, ნებით გამომყევიო, მაგრამ არ იყო ასე. შეყვარებულები ვიყავით, სკოლას ვამთავრებდი და ვეხვეწებოდი, ოღონდ ბანკეტამდე არ წამიყვანო და მერე ჩემი ფეხით გამოგყვები-მეთქი. მაინც არ დაიცადა. რაც მთავარია, გამიმართლა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარგი მეუღლე და შვილები მყავს.

GzaPress

- სწავლაში ალბათ ხელი შეგეშალათ...

- რა თქმა უნდა, მალევე გამიჩნდა ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე გოგონა. 1990 წელს უკვე ორივე მყავდა და იმ პერიოდს დაემთხვა ქვეყნის არევაც. მართლაც ცუდი წლები გაიარა ჩვენმა თაობამ, ხშირად მშივრები ვიძინებდით, ოღონდ შვილებს ჰქონოდათ საჭმელი. იმ წლებში წნორშიც გაიხსნა სასწავლებლები და საექთანოზე ჩავაბარე, ყოველთვის მომწონდა ეს პროფესია, დედაც ექთანი იყო და ალბათ ამიტომ. ერთხანს კერძო კლინიკებშიც ვმუშაობდი, როგორღაც გაგვქონდა თავი, შევძელით და შვილებს ვასწავლეთ. ორივემ უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა...

15 წელი ვიცხოვრე თბილისში, დედამთილ-მამამთილთან ერთად, სად აღარ ვმუშაობდი - საცხობში, ძიძად ოჯახში... მიმართლებდა, რადგან ყოველთვის კარგ კოლექტივში, კარგ ადამიანებთან ვხვდებოდი. ამასობაში ბავშვებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ყოველ წუთს მაინც ჩემს სახლ-კარზე ვფიქრობდი; არ არსებობდა დღე და წამი, არ გამხსენებოდა ეს ეზო, თითოეული ხე, ბუჩქი... შორიდან ვეფერებოდი ყველაფერს და როგორც კი შესაძლებლობა მომეცემოდა, აქეთ გამოვრბოდი. ძალიან დიდი ეზო მაქვს და მიყვარდა მისი მოვლა-პატრონობა. მერე ვიფიქრე, მოდი, წავალ და სოფელში ცხოვრებას თავიდან დავიწყებ, იქნებ გამომივიდეს-მეთქი. მინდობით აღზრდის პროგრამის შესახებ ვიცოდი და რაკი ბავშვებთან ურთიერთობის ამხელა გამოცდილება მქონდა, თანაც მიმღები ოჯახების დეფიციტი იყო საქართველოში, გადავწყვიტე, მეც ჩავრთულიყავი ამ კარგ საქმეში. მეუღლეც არ შემწინააღმდეგებია. დავრეგისტრირდი ადგილობრივ სოციალურ დაწესებულებაში და 5 თვეში მომიყვანეს 5 ბავშვი, დედმამიშვილები. მათი დაშორება არ შეიძლებოდა. რაკი ხუთნი იყვნენ, დიდხანს ვერ ნახეს ოჯახი, ვინც მათ მიიღებდა. უფროსი გოგონა ახლა მე-17 წელშია, ნაბოლარა ბიჭი კი - 7-ის. ეს იყო 2016 წელს. ბავშვებს ინტელექტუალური განვითარების შეფერხება აქვთ, სამს - უფრო გამოკვეთილად. 12 წლის ბავშვს უჭირს ისწავლოს საათის ცნობა, 20-მდე თვლა, ისე კი ულამაზესი, სიცოცხლით სავსე, კეთილშობილი ბავშვები არიან. აქვე, მეზობელ სოფელში ცხოვრობდნენ. მოგეხსენებათ, სოფლის ამბები - აქ ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე და მაფრთხილებდნენ, არავითარ შემთხვევაში არ ამეყვანა, უარი მეთქვა მათ მზრუნველობაზე, რადგან თურმე ყველაფერს ანადგურებდნენ. ბალახს და ხის ნერგსაც კი არ ტოვებენ, რომ არ ამოძირკვონო, - მითხრეს. იცოდნენ, როგორ მიყვარდა ყვავილები და მცენარეები, ამიტომ მაფრთხილებდნენ, მაგრამ ახლა რომ განახათ, როგორ ზრუნავენ, უვლიან და უფრთხილდებიან თითოეულ ნერგს, გაგიკვირდებათ. თუ სახლში არ ვარ, მირეკავენ და ტელეფონით მაჩვენებენ, რომ ვარდი აყვავდა. ტრენინგებზე თუ დეკორაციების გასაფორმებლად, სულ ერთად დავდივართ, მინდა მათაც შევასწავლო ეს საქმე. აღებული თანხიდან კი ვახალისებ და თავიანთი შრომის საფასურს ვაძლევ.

- ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ხართ შეჭიდებული...

- პირველ დღეს რომ მოვიყვანე პატარები სახლში, მთელი ღამე ვტიროდი, როგორ გავბედე და ვიკისრე ამხელა პასუხისმგებლობა-მეთქი? ჩამოვუარე ბავშვებს და ჯერ ერთს გავუსწორე საბანი, მერე - მეორეს, სანამ მეხუთემდე გავედი, დავმშვიდდი. მთელი ღამე ვფხიზლობდი და დავცქეროდი ხუთივეს, იქნებ ან დედა მოეთხოვათ, ან ეტირათ, მაგრამ ადვილად შეეგუვნენ აქაურობას. პირველი დღიდანვე სულში ჩავისვით ერთმანეთი. აი, ყველაზე პატარა, ქანანი ამ წუთასაც ჩახუტებული მყავს, პირველი შეხვედრისთანავე რომ გამოიქცა და ჩამეხუტა, მას შემდეგ სულ ასე გამოხატავს სიყვარულს. უცხოობა არ უგრძნიათ, ძალიან საყვარლები და თბილები არიან. მეგობრობენ მეზობლის, ნათესავების ბავშვებთან. ჩემს ძმას და დას მიჰყავთ ხოლმე ხშირად თავისთან. ჩემს დას საცხობი ჰქონდა და ყველას დაბადების დღეზე ულამაზეს ტორტებს უცხობდა. მეზობლის ბავშვია გიორგი, ქანანთან მეგობრობს, მის გარეშე ვერ ძლებს, ყოველ წუთს ეძახის სათამაშოდ. ქანანი წელს ბაღს ამთავრებს და სექტემბერში ისიც სკოლაში მიდის. არ ვიცი, უამათოდ რა მეშველება, არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ ოდესმე წავლენ ჩემგან, არადა, ეს დღე ალბათ დადგება. ვიდრე სკოლას დაამთავრებენ, შეუძლიათ ჩვენთან ყოფნა.

- სწავლა-განათლების პროცესში რამდენად არიან ჩართულები?

- სპეცპედაგოგები ჰყავთ და საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებაში. ერთ-ერთი მათგანი ჭიდაობაზეც დაგვყავს, ეწყობა ექსკურსიებიც. მათი განვითარებისთვის ბევრი რამ კეთდება. ამ ეტაპზე წნორში იგეგმება საწარმოს გახსნაც, სადაც მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვები ხელსაქმეს შეისწავლიან. ჩემი მიზანია, ეს ბავშვები გზაზე დავაყენო, რომ მათ სამომავლოდ შეძლონ და მიხედონ თავიანთ თავს.

- მშობლები თუ მოდიან შვილების სანახავად?

- აქამდე უფრო ხშირად მოდიოდნენ, ასე თვეში, ორ თვეში ერთხელ, მაგრამ ბოლო დროს ვეღარ ახერხებენ - ფერმიდან ფერმაში გადადიან, ასეთია მათი ცხოვრების წესი. თან ბოლო 4 წელიწადში კიდევ 2 ბავშვი გაუჩნდათ.

GzaPress

- ამ ბავშვების შემდეგ კიდევ აპირებთ მინდობით აღზრდაში სხვებიც აიყვანოთ?

- აღარ. ნეტავ, ეს ბავშვები მივიყვანო ბოლომდე და ამისთვის მომცეს გამძლეობა ღმერთმა. ეს არის ძალიან შრომატევადი გონებრივადაც, ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც. წარმოდგინეთ, როგორია 5 სხვისი შვილის პატრონობა, რამხელა პასუხისმგებლობაა. ახლა აღარ მიჭირს, მაგრამ თავიდან მართლაც რთული იყო. ბევრი ვალდებულება გაქვს - უნდა გქონდეს შესაბამისი პირობები, დიდი სივრცე, ნათელი ოთახები, ხშირად მიიყვანო ექიმთან კონსულტაციებზე, მნიშვნელოვანია განათლების მიღება, ღონისძიებებში ჩართულობა, ხდება ყოველთვიური შემოწმება, როგორ აცვიათ, რას ჭამენ, როგორ ვექცევით და ა.შ.

- ახლა თქვენს ულამაზეს ეზოზე და ხელნაკეთ ნივთებზეც მინდა გკითხოთ. როდის დაინტერესდით მებაღეობით და როგორ იქმნება ასეთი ლამაზი დეკორაციები?

- საახლობლოში ყველამ იცის, რომ ძველი ნივთი არ უნდა გადააგდოს, მე უნდა მომიტანოს, რადგან მათ ახალ სიცოცხლეს ვაძლევ, ვაახლებ. ჩემი ხელით ვაკეთებ ყველაფერს. აი, ახლაც დეკორატიული აუზი მინდა გავაკეთო, უკვე დავიწყე სამუშაოები. ეზოში ბევრი ყვავილი მაქვს, თუმცა მებაღე ვარ-მეთქი, ვერ დავიტრაბახებ, ჩემს ჭიას ვახარებ. გარდა ამისა, ვამზადებ დაბადების დღის გასაფორმებლად აქსესუარებს, ვაფორმებ სადღესასწაულო, საქორწილო სუფრებსაც. ჩემი შვილების, ახლობლების, შვილიშვილების დაბადების დღისა და ქორწილების სუფრებს რომ ნახულობდნენ, მოსწონდათ და მერე ყველა მთხოვდა, მათთვისაც გამელამაზებინა დღესასწაული. ბევრ რამეს ერთად ვეჭიდები, რაც იოლი არ არის. ამ ყველაფრის გარდა, სახლის საქმეც თავზე საყრელია - ათნი ვცხოვრობთ და ქალს რა გამოულევს საქმეს?

- ბევრ რამეს ვასწავლით შვილებს, თუმცა მათგანაც ბევრს ვსწავლობთ მშობლები. თქვენ რა გასწავლათ სხვის შვილებთან ურთიერთობამ?

- ამაზე ბევრჯერ მიფიქრია და მიტირია კიდეც. მასწავლა, რომ აუცილებლად უნდა გიყვარდეს სხვისი, რათა იგრძნო, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული. როგორ უძლებ ამდენს, არ დაიღალეო? - მეკითხებიან ხოლმე. არ დავიღალე, პირიქით, იმხელა ძალა შემმატა ჩემმა გადაწყვეტილებამ და არჩევანმა, რომ უფრო მეტი სიყვარული მაქვს უფლის, ბავშვების და სიცოცხლის...

ნინო ჯავახიშვილი