ნიკოლოზ საბაშვილი თავის სახელოსნოს წევრებთან ერთად ექსპერიმენტულ სპექტაკლს დგამს
თბილისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნიკოლოზ საბაშვილის ინიციატივით, თოჯინური ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისგან ჯგუფი შეიკრა. სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლებს თეატრის სამყაროში უკეთ ჩახედვა და თოჯინური ხელოვნების ათვისება სურთ.
"ნიკოლოზ საბაშვილის შემოქმედებით სახელოსნოში" მსურველები სრულიად უსასყიდლოდ გადიან სწავლებას, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. თოჯინური ხელოვნების სპეციფიკური თავისებურებები, განსხვავებული სტილისა და სპეციფიკის თოჯინის დამზადება, კოსტიუმი, თოჯინის მართვა, მხატვრული და მუსიკალური გაფორმების მნიშვნელობა სპექტაკლის შემქნის პროცესში და ა.შ. - ეს არასრული ჩამონათვალია თოჯინური ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდების სწავლების პროგრამაში.
ნიკოლოზ საბაშვილი:
- ყოველთვის მაინტერესებდა, რამდენად აქვს ხალხს თოჯინური ხელოვნების შესწავლის სურვილი და ამავდროულად, სულ მინდოდა ჩვენს თეატრში ყოფილიყო ახალგაზრდების ჯგუფი, ვინც თოჯინურ ხელოვნებას დაეუფლებოდა. ამის საჭიროება სპექტაკლების სიმრავლემაც მოიტანა, შეიძლება რაოდენობრივად გავიზარდოთ და იმედი მაქვს, თეატრს ამის საშუალება ექნება. შესაბამისად, გადავწყვიტე გამეკეთებინა ჯგუფი თოჯინური ხელოვნებით დაინტერესებულთათვის. გასული წლის შემოდგომაზე გამოვაცხადეთ შერჩევა, რომლის შედეგად 40-მდე ადამიანი გამოგვეხმაურა. 17 წლიდან ზევით ასაკის მსურველების შემოსული განცხადებებიდან, შეირჩა რამდენიმე. ვფიქრობ, მათ აქვთ ამ საქმისთვის შესაბამისი უნარები, ალღო აუღეს სწავლებას და მუშაობაში ბევრ პროფესიულ აღმოჩენასაც გააკეთებენ. იმედი მაქვს, თითოეულ მათგანს თოჯინური ხელოვნება კიდევ უფრო მოაჯადოებს და მათი საქმეში ჩართვა ხელოვნების ამ დარგის პოპულარიზაციას მოემსახურება. ჩვენ პროფესიონალები გვჭირდება.
- ამჟამად რა ეტაპზეა სახელოსნოში სწავლება?
- პანდემიის გამო რამდენიმეთვიანი პაუზა გვქონდა, თუმცა ახლა მუშაობა განვაახლეთ. ამ ეტაპზე 7 მსურველთან ერთად, დაწყებული გვაქვს რეპეტიცია, სადაც ჩართულია ჩვენი თეატრის საამქროც. გავაკეთებთ პატარა, ექსპერიმენტულ სპექტაკლს, რომლის მიხედვით სახელოსნის თანამშრომლები და შემოქმედებითი სახელოსნოს წევრები ერთობლივად იმუშავებენ წარმოდგენაზე. საამქროს თანამშრომლებმა მოიწონეს და აიტაცეს იდეა. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ექსპერიმენტი.
- ეს იმას ნიშნავს, რომ სახელოსნოს აღსაზრდელები ესკიზის, თოჯინების შექმნის პროცესის უშუალო მონაწილეები გახდებიან და სპექტაკლის დასადგმელად მოსამზადებელ პროცესში სრულად იქნებიან ჩართული?
- რა თქმა უნდა, სახელოსნოს წევრები თოჯინების დამზადების სრულ პროცესს საამქროს თანამშრომლებთან ერთად გაივლიან. თოჯინები მათივე ხელით იქნება შექმნილი. სპექტაკლის ამბავზე, იდეაზე, ფორმასა და ხერხზე ერთად ვფიქრობთ და სწორედ ეს მინდა, რომ სახელოსნოს წევრები წარმოდგენის შექმნის პროცესში სრულიად იყვნენ ჩართულები. ცხადია, მე მიმართლებას ვაძლევ, თუმცა ეს ყველაფერი გუნდური მუშაობის შედეგი იქნება. ჩვენს თეატრს აქვს ამბიცია, უხარისხო პროდუქტი მაყურებელს არ წარვუდგინოთ.
- რა გამოცდილება გაქვთ ახალგაზრდებთან მუშაობის თვალსაზრისით?
- ამ კუთხით ჩემი საქმიანობა დაიწყო წლების წინ - 2004-2015 წლებში ვიყავი საბავშვო თეატრალური სტუდია "დებიუტის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი. იმ შენობაში ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე. მშობლიური გარემო იყო, თბილი და ოჯახური. ძალიან მიხარია, როცა დღეს იმ სტუდიაგამოვლილ ახალგაზრდებს პროფესიულად შემდგარს ვხედავ. სტუდია დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა მე მას აღარ ვხელმძღვანელობ. ამას წინათ დღევანდელი აღსაზრდელების პრემიერაზე ვიყავი და ჩემთვის გულის ამაჩუყებელი გამოდგა. დღესაც, ჩემი დიდი მიზანი და ამოცანაა, როგორც მაშინ სტუდიაში, ისევე აქაც - თოჯინებს თეატრის თანამშრომლებისა და დასისთვის იყოს ოჯახური, კომფორტული გარემო, რადგან ეს სამუშაო პროცესსა და შედეგებზე მნიშვნელოვნად აისახება.
"ნიკოლოზ საბაშვილის შემოქმედებითი სახელოსნოს" ერთ მორიგ გაკვეთილს მეც დავესწარი. სახელოსნოს წევრები ჯერ საამქროში საქმიანობდნენ და გამოცდილი თანამშრომლებისგან პრაქტიკულ რჩევებს იღებდნენ, შემდეგ კი დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მათ ხელმძღვანელი დახვდა. რეპეტიციის ბოლოს, ორ ახალგაზრდას გავესაუბრე.
მარინა მაკასარაშვილი (მსახიობი, 24 წლის):
- თოჯინების თეატრის "ფეისბუკ"-გვერდზე როგორც კი თოჯინური ხელოვნების შესწავლის მსურველთათვის კასტინგის შესახებ ინფორმაცია ვნახე, მაშინვე დავინტერესდი. სწავლების პროცესი: თოჯინების ისტორიას, მათ შექმნის პროცესს, მართვას, ანუ ყველა წვრილმან დეტალს მოიცავდა. მართალია, პროფესიით მსახიობი ვარ, ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობ და სადიპლომო სპექტაკლისთვის ვემზადებით, მაგრამ ნებისმიერ მსურველს შეეძლო სივის გაგზავნა. შესარჩევ ეტაპზე თეატრში გამოვცხადდით, ბატონი ნიკოლოზი გაგვესაუბრა და შეგვარჩია. პანდემიის გამო ერთხანს ონლაინ ვცადეთ გაკვეთილების ჩატარება, თუმცა არ გაამართლა. ახლა ისევ განვაახლეთ თეატრში მუშაობა. ხელოვნების სფერო ისეთია, ჩემი აზრით, ბედი ყველა მიმართულებით უნდა სცადო, რომ გაიზარდო და "შეივსო". ეს "მარაგი" ხელოვნების ყველა წარმომადგენელს სჭირდება.
ალექსანდრე აბრამიშვილი (მხატვარი, 24 წლის):
- სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფერწერის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. რეჟისორ გეგა ქურციკიძის რჩევით გადავწყვიტე თოჯინების თეატრის სახელოსნოში მოსვლა. ჩემთვის ეს სფერო უცხო იყო, მაგრამ უკვე ძალიან მსიამოვნებს თანამშრომლების ნახვა, ბავშვებთან ურთიერთობაც და ყველაფერი ის, რასაც ვაკეთებთ. უცხო სამყარო, ჩემთვის ძალიან შინაური გახდა...
- საინტერესოა, სანამ სახელოსნოში მოხვიდოდით, ოდესმე თუ გაქვთ დახატული თოჯინური სამყარო?
- ჩემს სადიპლომო ნახატს "სიზმარი" ერქვა, სადაც ჩემი ბავშვობის სათამაშოები დავხატე სამ კომპოზიციად... ამ ეტაპზეც ძალიან მაინტერესებს თოჯინების შექმნა და ყველა თანმდევი პროცესი. ალბათ მალე გადავწყვეტ, გაგრძელდება და უფრო მეტად განვითარდება თუ არა ჩემი ცხოვრება ამ სფეროში.
დაბოლოს, გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ თოჯინების თეატრში რეჟისორ თამაზ იმნაძის სპექტაკლის "მიფრინავდნენ წეროების" პრემიერა გაიმართა. უახლოეს მომავალში ბახვა წერედიანისა და ნიკოლოზ საბაშვილის ერთობლივი ნამუშევრის "ცირკის" პრემიერა შედგება. თოჯინების თეატრის რეპერტუარში არსებულ სპექტაკლებზე მაყურებელს დასწრება ივლისის ბოლომდე შეუძლია.
ანა კალანდაძე