ერკეთის ტაძრის სიწმინდეები და განსხვავებული სახის მუზეუმი
ერკეთის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი ჩოხატაურიდან 6 კმ-ის დაშორებით, ულამაზეს სოფელ ერკეთში მდებარეობს. VII-VIII საუკუნეში აგებული ეკლესია გურულ ერისთავებს ეკუთვნოდათ. XVIII საუკუნის 50-იან წლებში ერკეთის ტაძრის წინამძღვარი მაქსიმე III შარვაშიძე, მღვდელმთავრად აკურთხეს. მისი ბრძანებით ააგეს ეკლესიის კანკელი და მოხატეს საკურთხეველი. ეკლესიაში შემორჩენილია ვაზისგან დამზადებული უნიკალური კარი (რამდენიმე საუკუნე ამშვენებდა ტაძარს, ახლა მუზეუმის ექსპონატია), ფრესკები, უძველესი სახარება, მიქაელ მთავარანგელოზის ხატი, ტრაპეზის ქვა. დეკანოზმა ილარიონ მგალობლიშვილმა 1905 წელს იატაკის ქვეშ დამალა ტაძრის ძვირფასეულობები, რათა ისინი გურიაში ეგზეკუციის განმხორციელებელ, გენერალ ალიხანოვ-ავარსკის დარბევისგან ეხსნა.
მონასტრის იღუმენია დედა მარიამი, წლების წინ მივიდა ყველასგან მივიწყებულ ერკეთის ეკლესიაში და ცხოვრობდა ტაძრის ერთ-ერთ მინაშენში. მან მოაწესრიგა ეკლესია, დაასუფთავა ეზო. თანდათან შემოუერთდნენ სხვა დედები და მორჩილები. დედა მარიამმა ტაძრის მახლობლად, ადგილის დასუფთავებისას მიაგნო წყაროს, რომელსაც გერასიმეს წყაროს უწოდებდნენ და ადგილობრივების თქმით, მას განკურნების თვისება გააჩნდა. წყაროს მიდამოების გაწმენდის დროს კი აღმოაჩინეს საფეხურები. ამჟამად "მთავარანგელოზ მიქაელის" წყაროზე განსაბანია მოწყობილი. მონასტრის ტერიტორიაზეა კლდეში ნაკვეთი სენაკი. ის ყოფილა დაყუდებული ბერების სამლოცველო და მამების მოსასვენებლის მშენებლობისას გამოჩნდა. ტაძრის სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოების დროს გაირკვა, რომ ძველი ფრესკები აღდგენას არ ექვემდებარება, მათი მხოლოდ შემაგრება შეიძლებოდა.
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
- თავიდან, წელიწად-ნახევრის მანძილზე ტაძრის ერთ-ერთ მინაშენში ვცხოვრობდი მორჩილ ფოტინესთან, დღეს უკვე მონაზონ ანტონინასთან ერთად. ღვთის მადლით გამრავლდა მონასტრის დების რაოდენობა და დღეს 22 ვართ. ერთი ბიზნესმენის დახმარებით უძველესი ტაძრის ახლოს დიდი კომპლექსი აშენდა, ამ საქმეში მრევლი - ადგილობრივი მოსახლეობაც გვეხმარებოდა. მიტროპოლიტ იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით, ერკეთის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი 2006 წლის 19 სექტემბერს, მიქაელ მთავარანგელოზის მიერ ხონაში აღსრულებული სასწაულის ხსენების დღეს გაიხსნა. ტაძარში დაბრძანებულია უძველესი, დაახლოებით XVIII საუკუნის მიქაელ მთავარანგელოზის ხატი, რომელიც კანკელის ხატი იყო. ის ხანდახან იკარგებოდა, მაგრამ ღვთის მადლით ისევ ბრუნდებოდა საყდარში. კომუნისტების დროს ტაძარს საწყობად იყენებდნენ, ხატები და საღვთისმეტყველო ლიტერატურა დაწვეს. ერთ კაცს მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ნაჯახით შუაზე გაუპია, რადგან ვერ ჩამოუხსნია... სოფლის მკვიდრმა ასაკოვანმა ხალხმა იცის, ვინ იყო ის კაცი - ორ დღეში მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, შვილს მეხი დაეცა და ზუსტად ისე გაუპო სახე, როგორც ხატი იყო შუაზე გაპობილი. წლების შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მთავარანგელოზ მიქაელის ხატის რესტავრაცია ითავა.
დედათა მონასტერი დაახლოებით სამი თვის გახსნილი იყო, როცა ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის წინამძღვარ მამა თომასთან ერთად, ჩვენთან ამოვიდა ბათუმელი ახალგაზრდა კაცი, რომელიც აქვე, სოფელ იანეულში ისვენებდა. ბატონ ავთოს ხილვა ჰქონდა, ღვთაებრივი სილამაზის ჭაბუკი გამოეცხადა. მან არ იცოდა ეს ჭაბუკი ვინ იყო, რომელმაც უთხრა - აღმადგინეო და უბრძანა, ჩვენს ტაძარში ამოსულიყო. ახალგაზრდას ცოტა შეშინებია კიდეც, მამა თომას მიმართა და მოსალოცად ამოვიდა. ბატონი ავთო როგორც კი შევიდა ტაძარში და შეხედა მთავარანგელოზის ხატს, მაშინვე შეიცნო ის ღვთაებრივი სილამაზის ყმაწვილი, რომელიც მას ეჩვენა. არსებობს ფოტო, სადაც არის აღბეჭდილი ხატი პირვანდელი, გაპობილი სახით. ბატონმა ავთომ ხატის რესტავრაცია საკუთარი ფინანსებით გადაწყვიტა. ასეთი სასწაული მოახდინა მიქაელ მთავარანგელოზმა - თავი აღადგენინა. ხატს ორმაგი ჩარჩო აქვს, ძალიან მძიმეა და მეორე სასწაული მაშინ მოხდა, როცა რესტავრირებული მოაბრძანეს, ტაძრის რთულად ამოსასვლელ კიბეზე სამ მონაზონს მოგვქონდა - ჩვენ კი არ ამოვიყვანეთ ხატი, თავად ამოგვიყვანა, მსუბუქად ამოვდიოდით. მალე, აქ მოღვაწე მღვდელს, დეკანოზის წოდების ჯვარი ჩამოუბრძანეს. ის ამ ხარისხში არ იმყოფებოდა და ჯვარი შესწირა ხატს მადლიერების ნიშნად. ამის შემდეგ მრევლმაც დაიწყო ნივთების შემოწირვა და მართლაც, ბევრი სასწაული მოხდა მათ ოჯახებში. ეს ძვირფასი ნივთები გამოიყენება მიქაელ მთავარანგელოზის ხატის პერანგში ჩასასმელად. შემოწირული თითოეული თეთრიც კი ერკეთის ეკლესიისადმი დიდი სიყვარულის გამოხატვაა. მონასტრის ძირითადი მფარველი მიქაელ მთავარანგელოზის ხატია.
სიწმინდეებიდან აღსანიშნავია სასწაულებრივად გადარჩენილი უძველესი სახარება. კომუნისტების დროს, როდესაც რელიგიურ ლიტერატურას ანადგურებდნენ და ტაძრებს ანგრევდნენ, აქ მოღვაწე ბოლო მღვდელმა - ილარიონ მგალობლიშვილმა ცეცხლწაკიდებული სახარება თურმე წყალში ჩადო, მერე გააშრო და ოჯახში ინახავდა. შვილიშვილს დაუბარა, როცა დევნა შეწყდებოდა და წირვა-ლოცვა აღდგებოდა, სახარება მაშინ გამოეჩინა და ერკეთის ტაძარს ხლებოდა. ტრაპეზის სახარებამ უამრავი განსაცდელი გამოიარა, ფურცლები არეული იყო, მაგრამ სარესტავრაციოდ რომ წავიღე, აღმოჩნდა, გვერდიც არ აკლდა და არც ასოები წაშლილა. დღემდე სრული სახით არის შემორჩენილი. ტრაპეზის სახარებას მხოლოდ 12 საუფლო და ტაძრის დღესასწაულზე გამოვაბრძანებთ ხოლმე.
გამორჩეულია ახალი დაწერილი წმინდა ნიკოლოზის ხატი, რომელიც ხატმწერმა ანატოლი რიაბოშენკომ შემოსწირა ჩვენს ეკლესიას მას შემდეგ, რაც მისი სახელოსნო დაიწვა და მხოლოდ ეს ხატი გადარჩა. შეკვეთით იყო დაწერილი, მაგრამ შემკვეთი აღარ გამოჩნდა და ანატოლის ვთხოვე ჩვენი მონასტრისთვის. მითხრა, ერთი წელი მოვიცდი, იქნებ შემეხმიანოს, თუ არა, მერე წაიღეთო. ზუსტად მეორე დღეს გაჩნდა ხანძარი. ხატმწერმა დამირეკა და მთხოვა მასთან სახლში მივსულიყავი. ხატი, როგორც გრაგნილი, ისე იყო დახვეული. ანატოლიმ გაასწორა და აღმოჩნდა, რომ დაზიანებულიც კი არ იყო, თითქოს ცეცხლი არც გაჰკარებია. ხანძრის შედეგად მხოლოდ ფერი შეეცვალა, რაღაცნაირი სიძველის ფერი დაედო. ერთხელ საეკლესიო მაღალი იერარქიის წარმომადგენელმა შეხედა ხატს და ბრძანა: რომელი საუკუნისააო. ამ დროს, თანამედროვე და უკვე სასწაულმოქმედი ხატია.
მონასტერში 200-ზე მეტი წმინდა ნაწილია მობრძანებული, სიწმინდეებმა აქ ინებეს დავანება. მათ შორისაა ხუთი დიდმოწამის - წმინდა გიორგის, წმინდა დიდმოწამე მინას, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს, ქალწულმოწამე მარინეს და წმინდა მკურნალ პანტელეიმონის წმინდა ნაწილები. კიევ-პეჩორის ლავრიდან ჩამობრძანებულია ოცზე მეტი წმინდა მამის წმინდა ნაწილები. ასევე არის სანაწილე - სიწმინდეების ჩასაბრძანებელი, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში რომიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს. ის წლების მანძილზე ინახებოდა ერთ-ერთი კათოლიკე მღვდლის შთამომავალის ოჯახში. რადგან მათ არ იცოდნენ სანაწილეს დანიშნულება და არ სჭირდებოდათ, თავის მეზობელს ანატოლი რიაბოშენკოს გადასცეს, რომელიც იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მნათე იყო. ანატოლიმ სანაწილე დააბრძანა თავის სახელოსნოში. შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ერკეთში წამოებრძანებინა. ასე აღმოჩნდა ჩვენთან, ღვთის შეწევნით და ანატოლის გულისხმიერებით. სანაწილეს სერტიფიკატის სახით, თავისი დამადასტურებელი მოწმობაც მოჰყვა. ამ სანაწილეში მოთავსებულია წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი, მოციქულთა თავთა - პეტრეს და პავლეს წმინდა ნაწილები და სხვა მოციქულთა წმინდა ნაწილები. ეს წმინდანები მონასტრის მფარველები არიან.
აქვე, ცალკე შენობაში გავაკეთეთ ძველი ნივთების მუზეუმი. თავიდან ვფიქრობდი, მარტო სპილენძის ნივთები შემეგროვებინა, მაგრამ სოფლის მოსახლეობიდან ზოგს ჯართში ჩაუბარებია, ზოგმა კი გადაყარა. მერე ერთმა ქალბატონმა დოქი მოიტანა, ბებიაჩემის დროინდელიაო, გვითხრა. იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე ყველაფერი, რაც სიძველესთან იქნებოდა ასოცირებული და რასაც მოიტანდნენ, ჩვენთან დაიდებდა ბინას. აქ არის: ტელეფონები, ჩემოდნები, უთოები, ლამპები, ქვასანაყები, ლარნაკები, ნაირნაირი ჭურჭელი...უამრავი რამ დაგვიგროვდა. ზოგიერთი 100-150 წელს ითვლის, თითოეული ასეთი ნივთი როგორი ძვირფასია ოჯახისთვის და ამას რომ შემოსწირავ ტაძარს, რამხელა სიკეთეა.
ჩვენ ყოველთვის დიდი სიხარულით ვეგებებით მთავარანგელოზთა ოთხივე დღესასწაულს. პირველი დღესასწაული აღინიშნება 8 აპრილს, ხარების მეორე დღეს, როცა თაყვანს ვცემთ მთავარანგელოზ გაბრიელს. სხვათა შორის, მახსოვს ერთ წელს 8 აპრილი აღდგომას დაემთხვა. 26 ივლისი არის კრება მთავარანგელოზ გაბრიელისა, ანუ ყველა ის სასწაული და დღესასწაული აღინიშნება, რაც დაკავშირებულია მთავარანგელოზ გაბრიელთან. 19 სექტემბერს აღვნიშნავთ მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულის ხსენების დღეს ხონაში და ამავდროულად არის ჩვენი მონასტრის გახსნის, განახლების დღე. მეოთხეა, 21 ნოემბერის დღესასწაული - კრება მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცო ზეცისა ძალთა. წლის ბოლოსკენ, ასე ვთქვათ, დამაგვირგინებელი დღესასწაულია. უფლის მადლობელი ვარ, რომ ამ სავანეში ვმოღვაწეობ. მთავარანგელოზებს ვევედრები, უფალმა შეიწყალოს ჩვენი ერი, ღმერთმა გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო.
ნანული ზოტიკიშვილი