რა არის გურული შინაგანი მდგომარეობა - გზაპრესი

რა არის გურული შინაგანი მდგომარეობა

საქართველოზე ასე შეყვარებული და ასეთი პატრიოტი ადამიანი მე პირადად ბევრი არ შემხვედრია. გულანთებული, თავისი საქმის პროფესიონალი, თბილი და გულწრფელი ახალგაზრდა ქალბატონი სოფო ცინცაძე, რომელიც შემოდგომაზე მესამე შვილის დედა გახდება, გურული სიხალისით მესაუბრა.

საუკეთესო დრო

- სკოლის პერიოდი ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ბნელ და ძნელ 90-იანებში გავიარე. მიუხედავად ამისა, საკმაოდ საინტერესოდ ვცხოვრობდით, მთელი კლასი ლიდერის თვისებებით გამოვირჩეოდით - პროექტებს ვწერდით, უამრავი იდეა გვქონდა. ყოველ კვირას კედლის გაზეთი გამოდიოდა, რაზეც ყველანი ერთად ვმუშაობდით. ლამაზი კალიგრაფიის გამო მე ვწერდი უზარმაზარ ფურცელზე ტექსტებსა და ლექსებს. თვეში ერთხელ გამოვცემდით სკოლის პატარა გაზეთს, სადაც სკოლაზე ინფორმაციასა და ჩოხატაურის მნიშვნელოვან ამბებს ვბეჭდავდით. ინტერვიუებს ვიღებდი გამგებლისგან, რესურსცენტრის უფროსისგან და სხვა. გაზეთს ვყიდდით, წარმოიდგინეთ - ერთი ლარი ღირდა და მაინც იყიდებოდა. იმ თანხით ქველმოქმედებას ვეწეოდით. მაგალითად, დავეხმარეთ კოხნარის ბავშვთა სახლს. ყველაფრის ორგანიზებაში რუსული ენის მასწავლებელი გვეხმარებოდა. იყო დღეები, როცა პატარა კაფეს ვაწყობდით და ნამცხვრები მიგვქონდა... შემოსულ თანხებს ისევ სასიკეთო საქმისთვის ვიყენებდით. ე.წ. საზეიმო ღონისძიებასაც ხშირად ვაწყობდით. სკოლაში (ჩემს დროს 120 წელი შეუსრულდა) იმდენად კომფორტულად ვგრძნობდით თავს, "შატალოზე" მხოლოდ ერთხელ წავედით, ისიც იმიტომ, რომ არ ეთქვათ, "შატალოზე" არ ყოფილანო... სკოლის პარალელურად მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი და შვიდწლედი დავამთავრე. ასე რომ, საუკეთესო და აქტივობებით დატვირთული ბავშვობა მქონდა.

გურული შინაგანი მდგომარეობა

- იმდენად გურული შინაგანი მდგომარეობა მაქვს, რომ არ ვიცი... ჯერ ერთი, ჩემი ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი ვარ, საქართველოზე უკეთესი ქვეყანა მართლა არ არსებობს და გულით მგონია, რომ ბადალი არა ჰყავს არანაირი კუთხით. თუნდაც ამდენი მწერალი, პოეტი, გამოჩენილი და ინტელექტუალი ადამიანი რომ არის ასეთ პატარა ქვეყანაში, მსგავსი რამ არსად მეგულება. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია. ხოლო ჩოხატაური კიდევ გურიაში, როგორც ასეთი, ძალიან "წმინდა გურულებითაა" დასახლებული, ლანჩხუთსა და ოზურგეთში მრავალფეროვანი მოსახლეობაა. აქ მაინც მატარებელი არ იყო, რაიონში იმდენი ხალხი არ ტრიალებდა, რომ ვთქვათ, რაღაც გავლენა მოეხდინათ მოსახლეობაზე და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე "წმინდა გურული გვარები" ჩოხატაურშია შემორჩენილი.

გურულად ვლაპარაკობ და ძალიან მომწონს. სტუდენტობისას გადასული ვიყავი სწორ ქართულ საუბარზე. რაიონში რომ ჩამოვედი, წლების განმავლობაში ბანკში ვმუშაობდი და უფრო დახვეწილად ვსაუბრობდი. ასაკი რაც მემატება, იმის კომპლექსი მიქრება, რომ სიტყვებს დავუკვირდე, თუ რას ვლაპარაკობ, პირიქით, გურულად საუბარი ძალიან მომწონს და მინდა არ დაიკარგოს. ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის საუბარი რომ მოგესმინათ, ისე გურულად ჩაუკვარახჭინებდნენ (ზუსტად ასე ჰქვია), რომ ხანდახან მეც ვერ ვიგებდი. ბაბუაჩემი ვაჟა ცინცაძე ძალიან სტუმართმოყვარე კაცი იყო, სახლში გოგოები ვიყავით შვილიშვილები და გვეუბნებოდა: სტუმარი რომ გამოჩნდება, "მობრძანდი" უნდა დეიძახო, ბაბუაო, მართლა ღმერთი შემოდის სტუმრის სახით შენთან და ბედნიერი უნდა იყოო. თუ ჭიშკართან აპირებს გაჩერებას და მალე უნდა წევიდეს, მჭადი, ყველი და არაყი უნდა გაუტანო, სამმა ჭიქა არაყმა რომ გაკრასო. თუ სახლში შემოვა, მაშინ ღვინით გაუმასპინძლდიო. ეს ძალიან შევისისხლხორცე. ახლა ჩემი ოჯახი რომ მაქვს, ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ბებიაჩემიც თითქოს უბრალოდ საუბრობდა, მაგრამ მის ნათქვამში იმდენი სიბრძნე იყო... ახლა უფრო ვაფასებ ბაბუას ტრადიციებს და ბებიას საუბრებს.

GzaPress

ოჯახური იუმორი

- ჩემი ერთი შვილი პატარა იყო, წლისა და ორი თვის, საბავშვო ბაღში რომ მივიყვანეთ, საერთოდ ვერ ლაპარაკობდა. ერთ დღეს ბავშვს ტირილი დაუწყია, სანამ ჩემი მეუღლე მიაკითხავდა. მასწავლებელი გვეუბნება, - ხან რას ვუყვები და ხან რას, მინდა გავაჩეროო. ჩოხატაურში მართლა ისეთი პედაგოგები არიან, თან ჰყვებიან ბავშვებს. ისე გადაგელევიან, გგონია, პირადად შენი აყვანილია. და ამ ციცქნა ბავშვმა, ლაპარაკი რომ არ იცის, ასე უთხრა: აბდლურია მაგიო (იცინის), ე.ი. სისულელეა, რასაც ამბობო. ბავშვი ბაღში ადრე შევიყვანეთ, რადგან მე და ჩემი მეუღლე, ორივენი ვმუშაობდით. რატომღაც დაბადების მოწმობა არ მოუთხოვიათ. როცა ბავშვი ორი წლის გახდა, საბუთები მოიკითხეს და მაშინ მივიტანეთ. დახედა დაბადების მოწმობას და, - უი, მათე ორი წლისა გახდა? არ არსებობსო, - გაუკვირდა მასწავლებელს და გააგრძელა, - არა, ალბათ სამის გახდა, აბა, ამდენი ხანია უკვე ბაღში დადისო. ამას მამამისს ეუბნება. ორი წლის არისო, უმტკიცებს ჩემი მეუღლე. ის თავისას იმეორებს და ბოლოს, ჩემი ქმარი ეუბნება: ქალბატონო, ერთი წუთით მომისმინეთ, ორის გახდა, მაგრამ ბაღში სამი წელია დადისო (იცინის). ქალი ვერ დაარწმუნა, რომ ბავშვი წლისა და ორი თვის მივიყვანეთ.

ისევ გურულებზე

- მთელი საქართველოს და გურულებისთვის ნოდარ დუმბაძე იმდენად საამაყო პიროვნებაა, რომ მაგაზე დაწერილი ნამდვილი ამბები გურულებს შესისხლხორცებული გვაქვს და გაზრდილი ვართ მის ნაწარმოებებზე. ვკითხულობთ და სინამდვილეში, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. გურულის ჩვეულებრივ საუბარშიც კი პატარ-პატარა კურიოზებს დაიჭერ, ზოგი ისეთი ენამოსწრებულია. ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი ვარ ბუკისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში და უამრავი ადამიანი მოდის ჩივილებითა თუ პრობლემებით. ერთი ქალი თხოვნით მოვიდა, მეზობლის ძაღლები ვერ მოვიშორე და რამე მიშველეო. როცა ვიცი, რომ საკითხს ისე ვერ მოვუგვარებ, როგორც მას უნდა, მარტივად გადავდივარ სხვა ურთიერთობაზე, ლამაზად და გურულად დავულაგებ ხოლმე პრობლემას. ჩვენი საუბრის შემდეგ ფიქრობენ, არც ისეთი რთული ამბავი ყოფილაო, და ხალხი მადლობელი მიდის.

ედუარდ შევარდნაძე ყველა შეხვედრაზე ხუმრობდა, და როგორ ვთქვა, გურულებს რთული საკითხის ადვილად გადაწყვეტა არ შეუძლიათ-მეთქი! ის ხან მწარედ იტყოდა სათქმელს, ხან - ტკბილად და ბოლოს მაინც მეგობრულად რჩებოდა ყველასთან. სხვათა შორის, ჩემს ბავშვობაში ჩოხატაურში ჩამოვიდა შევარდნაძე და მასთან ძალიან ახლოს მოვხვდი. მახსოვს, ხალხით გარშემორტყმულ ბატონ ედუარდს ვიღაცამ ფული სთხოვა, ასე პირდაპირ. რა უნდა ეთქვა, ან რა ფული ექნებოდა ჯიბეში პრეზიდენტს?.. მან მთელი სერიოზულობით და თავისუფლად იხუმრა: სად მაქვს მე ფული? აგერ, ეკონომიკის მინისტრი მყავს გვერდით და ამას მოსთხოვეთ ფულიო. ბატონი ედუარდის ნათქვამი ისე ჩამრჩა გონებაში, არ მავიწყდება. ერთი ფაქტი იყო კიდევ: იმ პერიოდში მამუკა ხაზარაძისთვის ფინანსთა მინისტრობა შეუთავაზებიათ. ბანკს ქმნიდა მაშინ ხაზარაძე და არ დათანხმებულა. შევარდნაძეს კი უთქვამს: ხომ გითხარით, არ შევთავაზოთო (იცინის). ყველაფერს ასე ადვილად, ვითომც არაფერი და თან მარტივად აგვარებდა.

"აბდალს" გურულებს რომ გვეძახდნენ, თითქოს არაფერი გვედარდებოდა, ასე რომ არაა, ბევრმა აღიარა. ადრე არ აღიარებდნენ. გიორგი კეკელიძემ თქვა კარგად: გურულმა შეიძლება ისე მოგაჩვენოთ თავი, თითქოს გულთან არაფერი მიაქვს, მაგრამ არ არსებობს, ლოცვა არ წაიკითხოს ღამე, თავქვეშ ბიბლია უდევს და დილას რომ ადგება, შეიძლება ღიღინით წავიდეს ყანაშიო. გურულებს შინაგანი მდგომარეობა უფრო მეტად გულში აქვთ, გარეთ კი ლაღები და ბედნიერები არიან. მომწონს ეს თვისება. გურულს ჰკითხეს: აბდალი ხომ არის გურულებში და ჭკვიანი როგორ არისო? - ჭკვიანი, ძამა, არ გვყავსო!.. როგორ არ გვყავს, მაგრამ ასე ურჩევნიათ, თავი დაანახვონ სხვებს, იუმორი საკუთარ თავზე - ესეც ძალიან კარგი თვისებაა. წუწუნი არ გვიყვარს. გურულებს გვიყვარს და გენში მოგვდევს პოლიტიკური ამბების განხილვა.

ნანული ზოტიკიშვილი