ქართული "შვიდეული" ჩინურ კინოში - გზაპრესი

ქართული "შვიდეული" ჩინურ კინოში

"წარმოიდგინეთ, რამხელა რაღაცას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, თუკი ეს ფილმი რეალურად დაიბადება. რამდენ ადამიანს დააინტერესებს ქვეყანა, რომლის შვიდი ქართველი მსახიობიც ქართველების ამბავს ჩინეთიდან მოუყვება მსოფლიოს?!."

2019 წლის დეკემბრის ბოლოს პეკინი-ურუმჩი-თბილისის რეისმა ექვსი ქართველი სტუდენტი - მიშო იოსელიანი, მიმი გოგოხია, ბარბარე სუჯაშვილი, გიორგი ზვიადაძე, გიორგი ჭუმბურიძე და თათია გვასალია - შინ ჩამოიყვანა. იმხანად ისინი პროექტის - "აბრეშუმის გზა" სახელოვნებო განათლების ფარგლებში, პეკინის ცენტრალური დრამის აკადემიაში სწავლობდნენ და საახალწლო არდადეგების გატარებას აქ, საქართველოში, მონატრებული ახლობლების გვერდით აპირებდნენ. არც ერთს არ ჰქონდა თან ბევრი ბარგი, რადგან ყველაფერი იქ, პეკინში, სტუდენტურ საცხოვრებელში დატოვეს. პეკინშივე დატოვეს მთავარი რამ: ხელშეკრულება კინოკომპანია Nეწ Hარმონყ ჩენტურყ -თან, რომელმაც ჩვენს სტუდენტებს მრავალსერიიან ფილმთან (სამუშაო სახელწოდებით "ეს ის იყო, რაც გვინდოდა") დაკავშირებით გაუფორმა. ამგვარად, გარკვეული ხნის შემდეგ უკან, საყვარელი საქმის საკეთებლად უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაშინ მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ დედამიწა დავირუსებული იყო, მილიონობით ადამიანი დაიღუპებოდა და პრიორიტეტებს ასე ძლიერ შეგვიცვლიდა ადამიანებს. მალე კინოკომპანიამ მათ აცნობა, რომ გაურკვეველი დროით ფილმის გადაღება გადაიდებოდა, სასწავლებელმა კი მოუწოდა, რომ სამშობლოში დარჩენილიყვნენ და სწავლა ონლაინ გაეგრძელებინათ.

მეშვიდე სტუდენტი, რომელიც თანაკურსელების შემდეგ, უკვე გაცხადებული პანდემიის პერიოდში ჩამოვიდა, შემდეგ კი ჩინეთში დაბრუნდა და დღემდე იქ იმყოფება, თემო ძოწენიძე გახლდათ, რომლის ინტერვიუდანაც ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ.

- თემო, მოდი, პანდემიის გაცხადებიდან დავიწყოთ საუბარი. რატომ ჩამორჩით მაშინ მეგობრებს?

- ჩემი მეგობრები საქართველოში მას შემდეგ გამოემგზავრნენ, რაც კინოკომპანიაში, როგორც მაშინ ვფიქრობდით, მოლაპარაკების მაგიდასთან საბოლოოდ შევიკრიბეთ. უკვე მზად იყო სინჯებიც, ჩინურ მხარეს კი გადაღებების დასაწყებად დრო სჭირდებოდა. ამგვარად, მსახიობებს თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა და გვინდოდა ამით გვესარგებლა. არავინ იცოდა, რამდენ დროს წაგვართმევდა გადაღებები, სერიალი მთელ წელზე იყო გაწერილი, ამიტომ სამშობლოში კარგა ხანს ვეღარ დავბრუნდებოდით. ისინი გამოემგზავრნენ, მე კი ბილეთები შევუკვეთე და რაღაც საქმეზე ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ლაი ჯოუში ჩავედი. სწორედ იქ გავიგე პანდემიის შესახებ. ირგვლივ ნამდვილად იყო ქაოსი, მე შვილი მელოდებოდა საქართველოში, ამიტომ მე და ჩემმა ჩინელმა მეგობარმა, რომელიც ჩემთან ერთად აპირებდა გამომგზავრებას, სასწრაფოდ ბილეთები გადავცვალეთ და საქართველოში ჩამოვფრინდით.

GzaPress

- ჩინეთში დაბრუნება ეჭვქვეშ არ დაგიყენებიათ?

- რაღაც მეუბნებოდა, რომ უკან აუცილებლად წავსულიყავი. მართალია, აკადემიამ აგვიკრძალა ჩინეთში დაბრუნება, მაგრამ ვიზა მქონდა, ამიტომ ეს არ იქნებოდა კანონის დარღვევა. გარდა ამისა, მოვალეობები, საქმეები დასასრულებელი მქონდა. მოკლედ, სამი კვირა გავატარე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად და პეკინში გავფრინდით. ჩემი მეგობარი წინადღეს გაფრინდა, ის ლაი ჯოუში დამელოდებოდა. ლაი ჯოუ ჩინეთის მასშტაბებით საკმაოდ პატარა პროვინციაა, რადგან მხოლოდ ოთხი მილიონი კაცი ცხოვრობს. ბევრს ალბათ გაეცინება, მაგრამ ის ნამდვილად პროვინციაა, თავად იქაურები სოფელსაც კი უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურით არაფრით ჩამოუვარდება დიდ ქალაქებს, თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი მეტროც კი აქვს. როდესაც პეკინის აეროპორტში დავეშვი, მივხვდი, რომ აქ უკვე ახალი წესები მოქმედებდა. საზღვარზე დაწვრილებით გამომკითხეს, სად იყო ჩემი მგზავრობის ბოლო მიზანი, ჩაინიშნეს ის, რაც ვუთხარი, გამაფრთხილეს, რომ შემამოწმებდნენ და გამიშვეს. ლაი ჯოუს საზღვარზე ისევ შემამოწმეს და ძალიან ზრდილობიანად მითხრეს, რომ ორკვირიანი კარანტინი უნდა გამევლო. მაშინ ეს ყველაფერი ახალი იყო, წარმოდგენა არ მქონდა, რა მელოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის, რაც მელოდა, არცთუ ურიგოდ გამოიყურებოდა, რადგან ჩემი საკარანტინო აპარტამენტი, ჩვენი გაგებით, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ჰგავდა, სამჯერადი კვებით, დიდი ყურადღებით პერსონალის მხრიდან, თუმცა კარს სენსორი ჰქონდა და ამ კარის გაღების უფლებაც კი არ მქონდა. როგორი პირობებიც უნდა გქონდეს, მაინც რთულია ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, ამიტომ ღამის სამ საათზე, როდესაც ჩემი ორკვირიანი კარანტინი დასრულდა, იქაურმა პერსონალმა კი შემომთავაზა, დილამდე დავრჩენილიყავი, მეგობრის სახლისკენ დავადექი გზას. ვფიქრობდი, რომ კარანტინი უკვე გამოვლილი მქონდა, მაგრამ იქ შევიტყვე, რომ ჯერაც შორს ვიყავი თავისუფლებისგან, რადგან ახლა თერთმეტი დღით მეკრძალებოდა სახლიდან გასვლა.

- ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩინეთი პირდაპირი მნიშვნელობით ჩაიკეტა. როგორ შეეგუა მოსახლეობა ამ საკმაოდ მკაცრ აკრძალვებს?

- ძალზე დამჯერი ხალხია. არავის გამოუცხადებია იქ კომენდანტის საათი, მაგრამ მთავრობამ ხალხს უთხრა, რომ სახლებში უნდა დარჩენილიყვნენ და ისინი უაპელაციოდ დაემორჩილნენ მითითებას. ასეთი ქცევის წესი მათი კულტურის განუყოფელი ნაწილია. როგორც ვიცი, ჩვენში გავრცელებულია აზრი, რომ ისინი გულჩათხრობილი ადამიანები არიან. ასე არ არის. ისინი საოცრად გახსნილები არიან პირად ურთიერთობაში, შეუძლიათ დაუფარავად გითხრან საკუთარი ემოციის შესახებ, ოღონდ არასდროს ილაპარაკებენ და მით უმეტეს არ იყვირებენ პოლიტიკის გამო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის, რასაც მთავრობა გვეუბნება, აუცილებლად ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ. ამას, რა თქმა უნდა, აქვს მიზეზები, მაგრამ პანდემიის შემთხვევაში ამან არ გაამართლა, ჩინეთში კი ასპროცენტიანი შედეგი მოიტანა. ამ უზარმაზარმა ქვეყანამ სწორედ საკუთარი მოქალაქეების კანონმორჩილობის, ნდობის, გნებავთ, სიბრძნის წყალობით, სამ თვეში გაწყვიტა ვირუსის ჯაჭვი და პანდემია წარმატებითაც ჩააქრო. აქ ძალიან კარგად არის განვითარებული თვითმმართველობა, ყველა პროვინციას თავისი მთავრობა ჰყავს და ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებებს საკუთარსაც ახამებს. ამიტომ პრობლემის მოსაგვარებლად შორიდან კი არ ელიან შველას, იქვე შეუძლიათ რეაგირება.

- ახლა ვიღაც აუცილებლად გეტყვით, რომ ამის გამო ისინი თავისუფლები არ არიან.

- დიახ, მეტყვის, მაგრამ გააჩნია, ვინ რას ეძახის თავისუფლებას. კანონის წინაშე პირნათელი ჩინელი დაბრკოლებების გარეშე მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, ჩინეთის მოქალაქეებს არ აბრუნებენ უკან სამშობლოში, არ უკეთებენ დეპორტს, რადგან ისინი უბრალოდ არასოდეს არ მოგზაურობენ კანონის დარღვევით. თუმცა, არც ესაა მთავარი. მათ აქვთ ის, რაც ასე გვაკლია ჩვენ და რის გამოც მე ვარ ახლა აქ: ეს არის ქვეყანა, სადაც გაქვს სწავლისა და შრომის შესაძლებლობა, იმ პროფესიაში ღირსეულად ცხოვრების უფლება, რომელიც გიყვარს. ამ ქვეყანაში, თუ არ იზარმაცებ, აუცილებლად მიაღწევ მიზანს. განა ეს არ არის თავისუფლება?

- და სადაც აღწევენ მიზანს. მათ ხომ დაამარცხეს პანდემია?

- დიახ, დაამარცხეს. კანონის, მითითებების, წესების დაცვით. უკვე 7-8 თვეა, რაც ყველა რესტორანი, კაფე, კლუბი შეფერხების გარეშე მუშაობს. რა თქმა უნდა, მიმტანებს ისევ უკეთიათ პირბადე, მაგრამ - არა სტუმარს. გარდა ამისა, არავინ იცავს დისტანციას, ეს უბრალოდ საჭირო აღარ არის, რადგან აბსოლუტურად მშვიდად ვართ, ვიცით, თუკი სადმე გამოჩნდება ვირუსი, მას ოპერატიულად ჩააქრობენ.

- როგორ ხდება ეს "ჩაქრობა"?

- პანდემიის დასაწყისში, როცა სადმე გამოჩნდებოდა ახალი კერა, მთელ ქალაქს კეტავდნენ. ახლა იკეტება ქალაქის ის რაიონი, სადაც შემთხვევა დაფიქსირდა. არ დაგავიწყდეთ, რომ აქ მილიონობით ადამიანზეა ლაპარაკი. ჩაკეტავენ რაიონს, შეამოწმებენ აბსოლუტურად მთელ მოსახლეობას და როცა დარწმუნდებიან, რომ ვირუსი აღარსადაა, გააღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ორჯერ-სამჯერ ამოწმებენ ამ ხალხს, თუკი რაღაც ეჭვი გაჩნდება. პეკინში, სადაც ოცდაოთხი მილიონი ადამიანი ვცხოვრობთ, უკვე ჩვიდმეტი მილიონია აცრილი.

- ვაქცინაცია სავალდებულო ხომ არ არის?

- არა. ცოტა ხნის წინ ვირუსის ახალი შემოტევა რომ მოხდა, საჭირო გახდნენ მოხალისეები საყოველთაო ტესტირების გასაკეთებლად. სიტუაცია საფრთხილო იყო იმის გამოც, რომ ეს ინდური შტამი გახლდათ, რომელიც სამშობლოში დაბრუნებულმა მოქალაქემ შემოიტანა: მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანმა გაიარა შემოწმება ქვეყანაში შემოსვლისთანავე, ეს შტამი მაინც გაავრცელა საკუთარ პროვინციაში. მოხალისედ მაშინვე გაემგზავრა მშობლიურ პროვინციაში ჩვენი თანაკურსელი მაჰრეზი. ჩინელებს პატრიოტიზმის დონემდე აქვთ აყვანილი კორონასთან ბრძოლა. ჰოდა, იქ სიტუაცია საკმაოდ მალე დაასტაბილურეს, ამ შემთხვევამ იქაური მცხოვრებლებიც გამოაფხიზლა და მასობრივად ჩაეწერნენ ვაქცინაციაზე. ამ ამბავმა ასი მილიონი ადამიანი "მოაქცია". აი, რა არის სიყვარული - სიყვარული მოქმედებაა.

- თქვენც აიცერით?

- რა თქმა უნდა. აცრის შემდეგ ძალიან სასაცილო რამ შემემთხვა. ექიმმა აცრამდე გამაფრთხილა შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგრამ მაინც სასაცილო იყო. აქ ტელეფონზე გვაქვს მიბმული ყველაფერი - მათ შორის საკრედიტო ბარათიც. მოკლედ, აცრიდან მეორე დღეს, სისხამ დილით, ავტობუსის გაჩერებაზე მივედი, ამოვიღე ტელეფონი, რომ სამგზავრო ბილეთი მეყიდა და აღმოვაჩინე, რომ კოდი არ მახსოვს. იცით, რა კოდზე გელაპარაკებით? რომელიც მეხუთე წელია მაქვს... მართალი რომ გითხრათ, ძალიან შევშფოთდი და რაც მთავარია, სამსახურში დავაგვიანე. მეცინება ახლა, პირველად დავაგვიანე სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ვარ, სასაცილო მიზეზით: კოდი დამავიწყდა!

GzaPress

- მეხსიერება რამდენ ხანში დაგიბრუნდათ?

- მაშინვე! ბანკში დავრეკე და სანამ ისინი კოდს აღმადგენინებდნენ, თავად გამახსენდა.

- სხვა არანაირი დისკომფორტი არ შეგქმნიათ?

- არანაირი, თუ არ ჩავთვლით, მცირედ მოთენთილობას აცრის დღეს. ამის შესახებაც გამაფრთხილეს, ამიტომ არაფერი მქონდა დაგეგმილი და ის დღე შინ გავატარე.

- ჯერჯერობით ჩინეთი არ იღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. რა შეცვალა ამან ქვეყანაში?

- დიახ, ისინი არ გასცემენ ახალ ვიზებს, ამიტომ ვინც შემოვრჩით, ისინი გაცილებით მოთხოვნადები გავხდით: ძალიან ბევრი სამუშაოა ახლა აქ უცხოელებისთვის. ამ სისტემაში უცხოელი ვერ მუშაობს ჩინელის ადგილზე და - პირიქით, რადგან ეს სამუშაო ადგილები განსხვავებულია. უცხოელებს დიდ პატივს სცემენ. მაგალითად, კლუბში შესვლაც და სასმელიც უფასოა, რადგან უცხოელი სტუმარი მათი პრესტიჟია. სამწუხაროდ, საკუთარ თავზე დაბალი აზრის არიან. რომ არ მოგატყუოთ, ხშირ შემთხვევაში, ჩინელები ქართველებზე უკეთ საუბრობენ ინგლისურად, მაგრამ პედაგოგებად ჩინელი მაინც არ უნდათ.

- ვიცით, რომ ჩინეთის ეკონომიკამ გარკვეული ზარალი ნახა პანდემიის გამო და ეს დაეტყო მათი ცხოვრების წესს?

- დიახ, ნავარაუდები 6 პროცენტის ნაცვლად, 2,5 პროცენტით გაიზარდა მათი ეკონომიკა. ეს ყველაფერი უკვე დასრულდა. 18 პროცენტია ზრდა ბოლო სამ თვეში. ამათი კულტურული თავისებურებაა - ნაკლებს ხარჯავენ და მეტს ინახავენ, ამიტომ არავის უგრძნია ფინანსური პრობლემები. რა თქმა უნდა, ღარიბები აქაც არიან, მაგრამ ეს სხვა თამასაა. ერთსაძინებლიანი სახლი პეკინის გარეუბანში მილიონი დოლარი ღირს, ამათ ისეთი გაჭირვება გამოიარეს წინა საუკუნის დასაწყისში და ისეთი დიდი ნახტომი გააკეთეს, სრულიად სხვა დამოკიდებულებით უყურებენ რაღაცებს. ჩემი მეგობრის ბაბუა მიყვებოდა, როგორ ჭამდნენ მიწას იმიტომ, რომ შიოდათ. მათ მეხსიერებაში ის პერიოდი წაშლილი არ არის.

- მოსახლეობას მთავრობის დახმარება არ დასჭირდა პანდემიის დროს?

- არა, ამას მასობრივი ხასიათი არ ჰქონდა, მაგრამ ვისაც დასჭირდა, დაეხმარნენ.

- თემო, მოდი, ახლა ფილმზე ვისაუბროთ. როგორც დასაწყისში მითხარით, დაგეგმილი კინოგადაღებები არ გაუქმებულა, დამტკიცებული ბიუჯეტიც ისევ არსებობს და არც გადამღები ჯგუფი წყვეტს თქვენთან კავშირს.

- დიახ, ასეა. ამასობაში დავმეგობრდით. ისინი იმედიანად არიან და პირველი სამი სერიის გადაღებას საქართველოში გეგმავენ. საქმე ძალიან გაართულა ჩვენი ქვეყნის წითელ ზონად გამოცხადებამ, მაგრამ ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი, სიე ძია რი ფიქრობს, რომ ზაფხულის ბოლოს მაინც მოხერხდება და გადამღები ჯგუფი საქართველოში ჩამოვა. ამის იმედს ის ჩართულობა მაძლევს, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან ვგრძნობთ. წარმოიდგინეთ, რამხელა რაღაცას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, თუკი ეს ფილმი რეალურად შეიქმნება. რამდენ ადამიანს დააინტერესებს ქვეყანა, რომლის შვიდი ქართველი მსახიობიც ქართველების ამბავს ჩინეთიდან მოუყვება მსოფლიოს?

- ამ მოლოდინში რითი ხართ დაკავებული?

- ვშრომობ. ჩემს მეგობართან ერთად პეკინში დავაარსე თეატრალური სკოლა, სადაც ასაკის შეუზღუდავად ვამზადებთ მსურველებს. გვაქვს აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი კურსებიც. გვინდა, აღმოსავლური და დასავლური კულტურის სინთეზით რაღაც ახალი შევქმნათ, ვიზრდებით. გარდა ამისა, შანხაის თეატრალურ უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. გამოცდების შედეგებით ათ დაფინანსებულ სტუდენტს შორის მოვხვდი. გავიმეორებ: თუ ზარმაცი არ ხარ, ჩინეთი განვითარების საშუალებას გაძლევს.

დეა ცუცქირიძე