დები პაჭკორიების კერამიკა
ცნობილი კერამიკოსების - გიგიშა პაჭკორიასა და მაკა მზარეულიშვილის შვილები წარმატებით აგრძელებენ მშობლების საქმეს. სალომეს პირველად წლების წინ შევხვდი, როცა ის პოლიმერული თიხისგან აქსესუარებს ამზადებდა. ახლა კი მისი და თათას კერამიკული ნამუშევრები საკმაოდ მრავალფეროვანია...
სალომე:
- თიხასთან პირველი შეხება 3 თუ 4 წლისას მქონდა და ჩემი პირველი ნამუშევარიც, ციგაზე მსხდომი სამი ბავშვი, სწორედ ამ დროისთვის თარიღდება. 8 წლის ვიყავი, როცა დედამ საქართველოში პირველი საბავშვო სტუდია "თიხიანი ხელები" გააკეთა, თიხით ძერწვას ასწავლიდა. მისი პირველი მოსწავლეები ვიყავით მე და ჩემი რამდენიმე კლასელი. ამის შემდეგ დაიწყო სახელოსნოში თიხასთან ჩემი ყოველდღიური ურთიერთობა. ნელ-ნელა ჯგუფები გაიზარდა, იყო გამოფენები და ა.შ. თუმცა, სამხატვრო აკადემიაში კერამიკის მიმართულებით არ მისწავლია, პროფესიით სამკაულის დიზაინერი ვარ, ხოლო ჩემმა დამ თეატრის მხატვრობა დაამთავრა, თუმცა წლებია, ორივე კერამიკას ვაკეთებთ. მისი მიმართულებაა კერამიკის გამოყენებითი ნივთები, როგორიცაა ჭიქა და აქსესუარები: გულსაბნევი, საყურე, თმის ჩხირი და ა.შ.
- პირველად რომ შევხვდით, პოლიმერული თიხისგან ამზადებდი აქსესუარებს. დღემდე რა ეტაპები გამოიარე?
- 14 წლის ვიყავი, როცა მინანქრის შესწავლა გადავწყვიტე. სამხატვრო აკადემიაშიც ამ განხრით ჩავაბარე, დიდი ინტერესი მქონდა ამ ტექნიკისადმი და წლების მანძილზე ვამზადებდი მინანქრის აქსესუარებს. რაც შეეხება პოლიმერულ თიხას, დიდი ხნის წინ ინტერნეტში ვნახე ეს მასალა, გამოვიწერე და სხვადასხვა ნივთს ვამზადებდი. ახლა ვერცხლისა და კერამიკის სინთეზით ვაკეთებ საავტორო სამკაულს.
- ბოლო პერიოდში სასაპნეები შეემატა თქვენს ნივთებს...
- დიახ, პირველი სასაპნე ცოტა ხნის წინ, ჩემთვის გავაკეთე. იმდენად პრაქტიკული აღმოჩნდა, რომ რეალიზაციისთვისაც დავიწყე დამზადება. საერთოდ, ასე ვიცი, როცა ახალ ნივთს ვაკეთებ, თავიდან ჩემთვის ვამზადებ გამოსაცდელად და მერე უკვე სხვებისთვის. ქუჩის მარკეტებზე მაშინვე მიიქცია ყურადღება. შემდეგ სასაპნეების ფოტოები ქართველი ხელოვანების პროდუქციის ერთ-ერთ ჯგუფში განვათავსე და დღე-ნახევარში 800-მდე მოწონება დაიმსახურა. ამან დიდი სტიმული მომცა და ახლა უკვე სულ სხვა დიზაინისა და ფორმის სასაპნეებიც გავაკეთე. თან, დროთა განმავლობაში ერთნაირი ნივთის კეთება მბეზრდება, ახალ ფორმებს ვეძებ. უახლოეს მომავალში ღია ზარდახშების, ანუ სამკაულის დასაწყობი თეფშების დამზადებას ვგეგმავ. ვცდილობთ, სულ განვვითარდეთ და სიახლეები შევიტანოთ ჩვენს საქმიანობაში.
- როგორ ნაწილდება რეალიზება ადგილობრივებსა და ტურისტების შორის?
- პანდემიის დაწყებამდე გაყიდვებში იყო აღმავლობა და ტურისტების მხრიდან დიდი ინტერესი. რეალიზების მხრივ ახლა იმ ნიშნულს რომ დავუბრუნდეთ, არ ვიცი, რამდენი დრო უნდა გავიდეს. თუ აქამდე ტურისტებზე ვიყავით დამოკიდებული, ახლა მოემატა ქართველი მყიდველი და შეიძლება ითქვას, დღეს პროდუქციის 70% ადგილობრივად რეალიზდება.
- შენ ოჯახს ერთობლივი გამოფენა ერთხელ უკვე ჰქონდა. პანდემიის პირობებში ძნელია რამე დაგეგმო, თუმცა, სამომავლოდ თუ გაქვთ მსგავსი ჩანაფიქრი?
- პირველი საერთო გამოფენა მამას, დედას, ჩემს დას, ჩემს შვილს და მე 2016 წელს, საშობაოდ გვქონდა. წელს ზამთარში გამოფენის გამართვის საშუალება თუ მოგვეცა, ერთობლივ გამოფენას სიამოვნებით დავგეგმავთ.
ანა კალანდაძე