ქართული საბალეტო სცენის გერმანელი წარმოშობის მოცეკვავე - გზაპრესი

ქართული საბალეტო სცენის გერმანელი წარმოშობის მოცეკვავე

თბილისის ოპერისა და ბალეტის მოცეკვავე იყო, არაერთი წელი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა და ბევრი მოცეკვავის აღმზრდელი გახლდათ, თუმცა სამწუხაროდ, მისი ფოტოები, შემოქმედებითი და პირადი ცხოვრების დეტალები ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. ნათელა იანქოშვილის ტილოზეც მოხვედრილა, ასევე ლანა ღოღობერიძის კომედიური ჟანრის ფილმში "აურზაური სალხინეთში". კადრში ის მარინა თბილელთან ერთად არის ასახული, მაგრამ კონკრეტულად იმ სფეროში, სადაც ცხოვრება გაატარა, მარია ბაუერზე ბევრი არაფერია ცნობილი.

მარია ბაუერიმ საბალეტო ცხოვრება 12 წლისამ თბილისში, გრიბოედოვის 24-ში, მარია პერინის სტუდიაში დაიწყო. იქ, სადაც ქორეოგრაფიაში პირველი ნაბიჯები გადადგეს: ნინო რამიშვილმა, სიმონ ვირსალაძემ, დიმიტრი და ირინა ალექსიძეებმა, თამარ და ვახტანგ ჭაბუკიანებმა და ა.შ. პერინის სტუდიის დამთავრების შემდეგ, იმავე ანუ 1926 წელს, ის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩაირიცხა.

მოცეკვავესა და პედაგოგზე მეტის გასაგებად, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების, სტრუქტურული ერთეულის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის კურატორ თამარ ცაგარელს მივმართე:

- სამწუხაროდ, მარია ბაუერის შესახებ არ არსებობს ერთიანი, "შეკრული" ინფორმაცია, როგორც ბიოგრაფიული, ისე შემოქმედებითი თვალსაზრისით. არ არის არანაირი რეცენზიაც. მის შვილს აქვს მხოლოდ რამდენიმე მცირე მოგონება დედაზე და სულ ეს არის. პერინის სტუდიაში მისვლისას მარიას პროფესიული გზა გადაიკვეთა ვახტანგ ჭაბუკიანსა და ნინო რამიშვილთან. ჩემი ვარაუდით, იმ საკონცერტო ნომრებში, რომელიც ვახტანგმა თავისი ქორეოგრაფიით სტუდიაშივე, არტოს ბაღში თუ იმდროინდელ საკრებულოს დარბაზში გამართა, მარიამ ბაუერიც მონაწილეობდა. ჩემი ვარაუდი იმ ფაქტს ეყრდნობა, რომ პერინის სტუდიაში მათ ერთ წლებში მოუწიათ სწავლამ.

GzaPress

- თუ არის ინფორმაცია, როგორ მოხვდა მოცეკვავის ოჯახი საქართველოში? რა ირკვევა მისი შვილის მოგონებებიდან? ეს გვარი გერმანული წარმოშობისაა, ხომ?

- მხოლოდ ის ვიცით, რომ მარია ბაუერი თბილისში დაიბადა. დიახ, გვარი გერმანული წარმოშობისაა. უწინ დავინტერესდი და გავარკვიე, რომ ბაუერები გერმანიასა და პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროს არიან გადასახლებული. არქივში ვეძებდი მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას და სამწუხაროდ, ვერაფერს მივაკვლიე.

ამბობენ, რომ მარია ყოფილა ძალიან კარგი სალიტერატურო ქართულით, გამართულად მოსაუბრე. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან პერინის სტუდიაშივე გამოამჟღავნა თავის ნიჭი და დასრულებისთანავე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვიეს. იქ აგრძელებს ის მოღვაწეობას, სანამ წავიდოდა ლენინგრადში, ანუ ამჟამინდელ პეტერბურგში. სხვადასხვა წყაროში გაკვრითაა მითითებული, რომ ლენინგრადში მარია ამჟღავნებს სახასიათო მსახიობისა და მოცეკვავის შტრიხებს. მას კიდევ ერთი დადებითი თვისება ჰქონდა, დრამატული მსახიობის ნიჭი და თანამედროვეებისგან ამითაც გამოირჩეოდა. მას აფასებდნენ როგორც საკმაოდ მგრძნობიარე მოცეკვავეს, პერსონაჟების გაცოცხლებისას იგრძნობდა მთელი ემოცია, რომელიც ამა თუ იმ როლს სჭირდებოდა და მისი ტექნიკა შეფასებულია ტერმინით "ცეცხლოვანი ცეკვა".

შემდეგ წლებში, მისი, როგორც პედაგოგის რეპეტიციებისას, ბალერინებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ყოფილა: ყოველთვის გამოხატეთ თქვენი გრძნობა და ემოცია იმაში, რასაც ცეკვავთ. მოწაფეები მარიას ახასიათებენ როგორც კარგ პედაგოგსა და ქორეოგრაფს...

პეტერბურგის საბალეტო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, მარია თბილისში დაბრუნდა და აქ იწყებს მოღვაწეობას, როგორც მოცეკვავე. ბაუერს ნაცეკვი აქვს ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განხორციელებულ ქორეოგრაფიულ სპექტაკლებში და ის სცენაზე ყოველთვის ვახტანგთან ერთად შედიოდა. ვერ ვიტყვით, რომ მნიშვნელოვანი პარტიები აქვს შესრულებული, თუმცა, რაც უცეკვია, მაყურებლისთვის ძალზე დასამახსოვრებელი ყოფილა. მარია ბაუერი იმ საბალეტო სპექტაკლებშიც ცეკვავდა, რომელიც ჭაბუკიანმა ქართული ეროვნული ბალეტის ხაზით განახორციელა და საკმაოდ წარმატებულადაც. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტური წყაროები არ არსებობს.

ერთ ამბავს გავიხსენებ: 1955 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მარია ბაუერის ბენეფისი შედგა. პროგრამა სხვადასხვა საცეკვაო ნომერს მოიცავდა. ბევრმა არათუ მოსაწვევი, ბილეთიც კი ვერ იშოვა. პროგრამაში ერთ-ერთ ნომერს ყველა განსაკუთრებით ელოდა და საამისოდ ხალხი თეატრში სახანძრო კიბიდანაც ჩადიოდა. ეს იყო "გედების ტბაში" ვახტანგ ჭაბუკიანისა და მარია ბაუერის ესპანური ცეკვა. სამწუხაროა, რომ ჩანაწერი არ არის შემორჩენილი, რადგან ეს მართლაც ცეცხლოვანი ნომერი იქნებოდა. ბენეფისის საღამოს გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, რადგან ხალხი ბოლომდე ცდილობდა ოპერაში სხვა პარტიებთან ერთად, სწორედ "ესპანური ცეკვა" ენახა. ისე იცეკვა ბაუერმა, რომ დარბაზი "აფეთქდა".

GzaPress

- ჭაბუკიანს საკმაოდ მდიდარი ფოტოარქივი ჰქონდა. არც მისი მუზეუმის ფოტოარქივში შეგხვედრიათ ბაუერის ფოტო?

- არა. მიუხედავად იმისა, რომ მარია ბაუერის გვერდით მუშაობდა, როგორც მოცეკვავესა და შემდეგში როგორც პედაგოგთან (ის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ერთ-ერთი წამყვანი პედაგოგი იყო), არავითარი ფოტომასალა და არც წერილობითი წყარო არ არსებობს. ვახტანგ ჭაბუკიანს მისი კოლეგები თუ პარტნიორები ხშირად უგზავნიდნენ მისალოც ბარათებს, ტელეგრამებს, ულოცავდნენ დაბადების დღეებს თუ სხვა დღესასწაულებს, მაგრამ მათ შორის არც ერთი არ ეკუთვნის მარია ბაუერს...

უცნაურია ისიც, რომ არც იმდროინდელი პრესა წერდა მარია ბაუერზე. არ ვიცი, ეს თავად არ უყვარდა მას, თუ კონკურენციის მომენტი იყო. ჩვენთვის ახალი არ არის ეს ფაქტი, დღესაც ასე ხდება - ერთი იჩრდილება მეორეს ფონზე. ამბობენ, მარიას ქალიშვილს არ შეუნახავს დედის ფოტოები ისე, როგორც შეიძლებოდა. მარია კუკიაზე, ოჯახის სასაფლაოზეა დაკრძალული.

ანა კალანდაძე