რას ნანობს ბორის შხიანი - გზაპრესი

რას ნანობს ბორის შხიანი

ბორის შხიანის ბავშვობაში იყო ერთი ამბავი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აფიქრებდა. ბოლოს, "გამოსავალი" იპოვა და წლების წინ თავს გადახდენილი ისტორიის სპექტაკლად გადაქცევა გადაწყვიტა. აკა მორჩილაძის წერისა და თხრობის სტილი მოსწონდა. ერთ დღესაც, ინგლისში მყოფ მწერალს დაუკავშირდა, ქუთაისელი ბიჭისა და ებრაელი გოგონას შესახებ უამბო. თან უთხრა, რომ სურდა სიუჟეტს ბედნიერი დასასრული ჰქონოდა.

მის იდეას ხორცი აკა მორჩილაძემ შეასხა, - დაწერა პიესა, რომელზეც რეჟისორი გიორგი სიხარულიძე სპექტაკლს დადგამს, ხოლო მუსიკალური გაფორმება ბორის შხიანის იქნება. ახლა უფრო კონკრეტულად, თუ რა უდევს სპექტაკლს საფუძვლად: წლების წინ, როცა მომავალი კომპოზიტორი ბორის შხიანი ქუთაისში ცხოვრობდა, ერთი ებრაელი გოგონა შეჰყვარებია. მამამისი უბნის სადალაქოში მუშაობდა, 15 წლის ბიჭი კაცმა თავისთან დაიბარა და 2 საათის განმავლობაში მამაშვილურად უხსნიდა თურმე, რომ რელიგიური შეუთავსებლობის გამო, მათ სიყვარულს მომავალი არ ჰქონდა. "დიდი სტრესი მივიღე და მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, თუ რატომ იყო ეს პრობლემა. სწორედ ამიტომ, მინდა, ისეთი მუსიკალური კომედია დაიდგას, რომელშიც სიყვარული გაიმარჯვებს. ვინაიდან სპექტაკლი ქუთაისზეა, მსურს იქ განხორციელდეს. თუმცა, რეჟისორი თავისუფალი კაცია და თბილისში, თუმანიშვილის თეატრში დაიდგმება სპექტაკლი თუ ქუთაისში, არჩევანს თავად გააკეთებს. ორივეგან ძალიან კარგი ჯგუფია, შესანიშნავად მღერიან და ყველაფერს გაართმევენ თავს", - მითხრა საუბრის დასაწყისში ბორის შხიანმა.

- ქუთაისში დავიბადე. ომი რომ დაიწყო, დედა ქუთაისში პედაგოგიურ ინსტიტუტის სტუდენტი იყო. სწავლას თავი დაანება, მუშაობა ტყავის საწარმოში დაიწყო, სადაც მკერავთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. დღე და ღამე მუშაობდნენ, რომ ომის დროს ფრონტი ხელთათმანით თუ ქუდით მოემარაგებინათ. მამა ტანკისტი იყო, ბერლინამდე იარა. მისი ბატალიონი უკან რომ დაბრუნდა, ქუთაისში, მარდალეიშვილზე, ძველ ეკლესიასთან განლაგდა. ამ დროს მამას დედაჩემი დაუნახავს და "ჭკუა დაკარგა" (იღიმის). ჯერ ჩემი ძმა გაჩნდა, მერე მე. სამწუხაროდ, ჩემი უფროსი ძმა უკვე აღარ არის ცოცხალი. მამამ სამხედრო აკადემია ლენინგრადში დაამთავრა. მისი ხელმძღვანელობით ტარდებოდა წვრთნები და წიგნებსაც წერდა სატანკო ტაქტიკაზე. ამავდროულად, იყო ენერგეტიკოსი და ქარხანაში მთავარ ენერგეტიკოსად მუშაობდა. უნდოდა, მეც ამ პროფესიას გავყოლოდი.

- როგორც ვიცი, ბავშვობაში მუსიკისადმი დიდ ინტერესს არ იჩენდით. კონსერვატორიაშიც კი 32 წლის ასაკში ჩააბარეთ. რა იყო მაშინ თქვენი ინტერესის სფერო?

- ჩხუბი და ფეხბურთი (იღიმის). 13 წლის რომ გავხდი, მამამ აკორდეონი მაჩუქა. ბავშვობიდან სამხედრო მარშები, ვალსები მესმოდა და პირდაპირ მათი დაკვრა დავიწყე. აკორდეონს მაშინვე რომ გავუგე, მამას გაუკვირდა, მე კი იმას ვერ ვიგებდი, რატომ იყო ეს უცნაური, რადგან მეგონა, მთელმა მსოფლიომ იცოდა ამ ინსტრუმენტზე დაკვრა.

- პირველი სიმღერა რა ასაკში დაწერეთ?

- მაშინ ანსამბლი "ფაზისი" უკვე შექმნილი მქონდა, როცა ჩემმა ებრაელმა ძმაკაცმა ლილი ნუცუბიძის ლექსი - "ბალადა ღვინოზე" მომიტანა. აბა, ამაზე სიმღერას თუ დაწერო. წავიკითხე და, უკვე დაწერილი მაქვს-მეთქი. დავჯექი პიანინოსთან და დავუკარი. "აი, ასეთი სიმღერები წერე, ბორია, ხალხს გული გაუთბე", - მითხრა.

მოსკოვის კონსერვატორია დირიჟორის განხრით დაამთავრა. სახელმწიფო ორკესტრ "რეროში" მუშაობდა. არის ანსამბლ "ფაზისის" დამაარსებელი და ანსამბლ "ივერიის" არაერთი სიმღერის ავტორი. მუშაობდა იაპონიაში, გერმანიაში და კარგა ხანს რუსეთშიც. იდირიჟორა ფინეთსა და შვედეთში, თუმცა, საქართველოს გარეშე ვერსად გაძლო.

- სხვადასხვა ქვეყანაში მოგიწიათ მუშაობამ. რატომ დაბრუნდით საქართველოში?

- კარგი კითხვაა... არ შემიძლია საქართველოს გარეშე. თვეზე მეტს ვერსად ვჩერდებოდი. ჩამოვიდოდი, დავიმუხტებოდი და ისევ მივფრინავდი. ლენინგრადში რომ ვმუშაობდი, ჩემი ხელფასი თვითმფრინავის ბილეთებში იხარჯებოდა. ასე ვარ ქუთაისის მიმართაც განწყობილი - სულ მენატრება. იქ ჩემი ძმის ოჯახი ცხოვრობს. ჩემი ძმა ცნობილი ეკონომისტი იყო, ნიჭიერი და თავმდაბალი, მისი წიგნებით დღემდე სარგებლობენ სტუდენტები. ქუთაისშია ჩემი მშობლების, ძმის, ბებია-ბაბუების საფლავები.

- როცა ადამიანს მუსიკალური შემოქმედების თვალსაზრისით მდიდარი ცხოვრება აქვს გავლილი, რთულია გამოარჩიო პროფესიულად ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა, მაინც უნდა გთხოვოთ დაასახელოთ ასეთი...

- მართლაც ბევრი ასეთი დღე იყო. მაგალითად, მანანას გამარჯვება გერმანიაში კონკურსზე, სადაც ჩემმა სიმღერამ "გედი" გაიმარჯვა. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ტიროდა. 1983 წელს ეს სიმღერა ევროპაში წლის საუკეთესო ნაწარმოებად დასახელდა... ასევე ძალიან გამიხარდა, მოსკოვში ასპირანტურაში სწავლა რომ შემომთავაზეს. როცა გავიგე, ვინ იქნებოდა ხელმძღვანელი, თითქმის დავმუნჯდი. ეს იყო მარკ ერმლერი, მის ჯგუფში ვსწავლობდი. ის საოცარი ენერგეტიკის კაცი, შესანიშნავი დირიჟორი იყო... ასევე გამიხარდა, ასპირანტურის დასრულების შემდეგ, ლენინგრადის საკონცერტო ორკესტრში, რომელსაც ანატოლი ბადხენი ხელმძღვანელობდა, დირიჟორად რომ გამანაწილეს. ძალიან დიდი წარმატება იყო, როცა ამ ორკესტრის დირიჟორობის პერიოდში, იქ მანანა თოდაძე მივიწვიე. მაშინ ის ჩემი მეუღლე გახლდათ. მთავარმა დირიჟორმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, როცა მისი შესაძლებლობები ნახა და შემომთავაზა, ჩემი სიმღერები შემერჩია, გამეორკესტრებინა და მეორე განყოფილება მთლიანად მანანას შეესრულებინა. განსაკუთრებულად წარმატებული იყო სიმღერა "ძველი ტანგო". არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ მთავარი დირიჟორი იმდენად იხიბლებოდა, ჭაღარა კაცი კულისებიდან გამოდიოდა, მანანას საცეკვაოდ იწვევდა და მასთან ერთად ტანგოს ასრულებდა. ეს მაყურებელზე ძალიან დადებითად მოქმედებდა. დღემდე ვფიქრობ, რა იყო ასეთი გიჟური წარმატების მიზეზი, ასეთი რამ არ გამეორდება.

GzaPress

- დღეს როცა ინსტრუმენტს მიუჯდებით, თქვენი რომელი ნაწარმოების დაკვრის სურვილი გაქვთ ხოლმე ყველაზე ხშირად?

- არც ერთის. სიმართლე გითხრათ, პროფესიონალი ვარ და თუ შეკვეთა არ მაქვს, მუშაობაც მიჭირს. შეკვეთა ჩემთვის ფითილია და მერე ცეცხლი "ინთება". ბევრი სიმფონია მაქვს დაწერილი, სუიტები და კარადაში მიდევს. კიდევ ვწერო და მივამატო?! ვიღაცას ხომ უნდა სჭირდებოდეს. ამას წინათ ძალიან მომეწონა და "ავინთე" იოსებ გრიშაშვილის სატრფიალო ლექსზე "აპრილი თბილისში" და მინდა სიმღერა დავწერო. ეს იშვიათი გამონაკლისებია. ინსტრუმენტთან რომ მივდივარ, სხვების ნაწარმოებებს ვუკრავ. აი, მაგალითად, დათო ფორჩხიძის შექმნილი ფილმების საუნდტრეკები მიყვარს. სულ თან დამდევს ეს მუსიკა და ამას წინათ ვუთხარი კიდეც, - დათო, შენ ჩემთვის ნამდვილი კომპოზიტორი ხარ, შენი მუსიკა ჩემში ცხოვრობს-მეთქი. ცრემლი წამოუვიდა: ბორია ბიძია, შენი სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავსო. დათო ნიჭიერი კაცია, თავმდაბალი.

- გამოვლილი წლებიდან რამე ნაბიჯსა და გადაწყვეტილებას ნანობთ?

- ლენინგრადის საკონცერტო ორკესტრში თანამდებობა არ უნდა მიმეტოვებინა; სოლიდური, დიდი კარიერა იყო, მნიშვნელოვანი. საბჭოთა კავშირის ფონდში რა ჩანაწერებიცაა დაცული, ყველას ეს ორკესტრი ასრულებდა. რასაკვირველია, სრულად მე არ ვდირიჟორობდი, იყო თანამედროვეობის დიდი მუსიკოსი ლეონიდ კოგანიც, მაგრამ გვყავდა შესანიშნავი ორკესტრი, რომლის 80% ებრაელებისგან შედგებოდა. ერთხელ გერმანელმა ფაშისტებმა ჩვენს კარს ბენზინი შეასხეს და ცეცხლი მოუკიდეს. ყველაფერი დაიწვა, მათ შორის ჩემი დაწერილი ოპერისა და ბევრი სიმღერის ნოტებიც... მაქვს ეს სინანული, მაგრამ საქართველოში, 90-იანი წლების დასაწყისში, ბატონი ზვიად გამსახურდიას თხოვნის საფუძველზე დავბრუნდი. ჩვენ მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ მას დიდ პატივს ვცემდი. ჩამოვედი, თუმცა ძალიან მალე მივხვდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა.

- თქვენი მეუღლე, ქალბატონი ნანა ნიკოლაძე როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?

- 15 წელია ერთად ვართ. მანამდეც ვიცნობდი და მომწონდა. ჩემი მეუღლე ქართულის ლექტორია, ფილოლოგი, არაერთი წიგნის რედაქტორი და კარგი ცოლი. ლენინგრადში რომ ვმუშაობდი, მაშინ გამოვიდა "თეთრი საყელო", "დათა თუთაშხია" და ა.შ. ეს და სხვა ნაწარმოებები რუსულად მაქვს წაკითხული, რადგან ქართულად ვჯახირობდი. როცა ჩამოვედი, ჩემმა მეუღლემ რა არ წამაკითხა, რაც ძალიან დამეხმარა ქართულის გახსენებაში. ჩემი მეუღლის სახით, შინ "ცოცხალი ენციკლოპედია" მყავს.

- შვილები?..

- უფროსია ბორიკო, ის პირველი მეუღლისგან მყავს. მუსიკოსია და მიხარია, როცა აქებენ როგორც მის საქმიანობას, ისე ადამიანურ თვისებებს. ჩემს მეორე მეუღლესთან, მანანა თოდაძესთან მყავს თამუნა. როცა ის გაჩნდა, ბორიკოც მონაწილეობდა თამუნას აღზრდაში და უხაროდა, როცა უვლიდა. და-ძმას ძალიან უყვართ ერთმანეთი. მანანას შვილი ლეილაც ჩემი შვილია, "მამას" მეძახის. ლეილას ოქროს გული აქვს. ისე კი, ყოველთვის 7-8 შვილი მინდოდა...

- დაბოლოს, ამ ეტაპზე შემოქმედებითი კუთხით, იმ სპექტაკლის განხორციელებაა პრიორიტეტი, რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ, ხომ?

- დიახ. ნელ-ნელა რეგულაციები რომ მოიხსნება, მუშაობას დავიწყებთ. ამით ქუთაისსაც მინდა "ვალი" გადავუხადო და დავუმტკიცო, რომ მისი "შვილი" ვარ.

ანა კალანდაძე