საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ცოცხალი ენციკლოპედია და...
ცისო კობახიძე საზოგადოებამ "დიდების შოუს" საშუალებით გაიცნო, ის სამეჯლისო ცეკვების უბადლო შემსრულებელი გახლავთ. 83 წლისაა, ხელოვნებაზე, თეატრსა და ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული. დღესაც "გეპეის" თეატრის მთავარი ქორეოგრაფია და გარდა ამისა, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაშიც მუშაობს. როგორც ამბობენ, ეს ქალბატონი ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარია და ყოველთვის გულწრფელად უხარია მათი წარმატება.
- დავიბადე 1938 წლის 17 იანვარს, ჭიათურაში, ამ არაჩვეულებრივ ქალაქში და სკოლაც იქ დავამთავრე. კობახიძეები წარმოშობით რაჭველები ვართ, მამა იყო იქიდან ჩამოსახლებული. 14 წლის ვიყავი, პირველად რომ ვნახე რაჭა და მას შემდეგ ყოველ წელს დავდივარ, მშობლებიც იქ დავასაფლავეთ. მუსიკალური ნიჭი საბავშვო ბაღიდანვე მქონდა. ეტყობა შეამჩნიეს მასწავლებლებმა და ხშირად ვმონაწილეობდი ზეიმებში. სკოლაში მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი ვიყავი, ვაქტიურობდი სპორტშიც - დაინტერესებული ვიყავი კალათბურთით, ტანვარჯიშით. ინსტიტუტში სწავლის დროსაც გავაგრძელე მხატვრულ ტანვარჯიშზე სიარული, ერთხანს მთამსვლელობითაც მოვიხიბლე და ექსპედიციებში დავდიოდი. მამა თანამდებობის პირი იყო, უპატიოსნესი კაცი, დედა - დიასახლისი, არც ერთს არ ჰქონდა შეხება ხელოვნებასთან. მე კი, როგორც უკვე გითხარით, პატარაობიდანვე ვცეკვავდი და ვმღეროდი. სტუდენტობისას კონცერტზე უნდა მემღერა "მუხამბაზი თბილისზე", რომელსაც ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებდა. რეპეტიციის დროს გავიფიქრე, როგორი თავხედი ვარ, როგორ ვბედავ აქ მისი სიმღერის შესრულებას-მეთქი, სცენიდან ჩამოვედი და აღარ ვიმღერე. ვისთან ერთად აღარ გამოვსულვარ სცენაზე: "ორერასთან", ოთარ რამიშვილთან ერთადაც მიმღერია. სკოლა რომ დავამთავრე, უმაღლესში ჩასაბარებლად 2 წლის სტაჟი უნდა მქონოდა, ისე არ მიმიღებდნენ. ამიტომ ვმუშაობდი აბრეშუმის ფაბრიკაში და ვცეკვავდი, ვმღეროდი ამ ფაბრიკასთან არსებულ ანსამბლში. სწორედ იმ პერიოდში გავიცანით ერთმანეთი. მოსკოვშიც ვიყავით კონცერტებზე, რიგაშიც. ერთხელ დედას სთხოვა, ცოტა ხნით მომეცით ეს გოგო, ფილარმონიაში რომ ვამღეროო, მაგრამ დედამ უარი უთხრა, ინსტიტუტში უნდა ჩააბაროს და მაგისი დრო არ ექნებაო.
- პროფესიით ბიბლიოთეკათმცოდნე ხართ, ხომ ასეა?
- ბიბლიოთეკათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე, დავამთავრე დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტიც გერმანული ენის მიმართულებით, ასევე - პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი. ამჟამად საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში ვმუშაობ და ვარ საკმაოდ წარმატებული ბიბლიოთეკარი. აი, სწორედ დღეს გამოგვიცხადეს, რომ ყველა გათავისუფლებულები ვართ და კონკურსის მიხედვით მოხდება თანამშრომელთა შერჩევა. მიუხედავად ჩემი ასაკისა, ყველა დაგეთანხმებათ, რომ კარგად ვასრულებ საქმეს. თავს კი ვიქებ, მაგრამ... ბიბლიოთეკის დირექტორი, ვაჟა პაპასკირი დირექტორის დირექტორს და ცოცხალ ენციკლოპედიას მეძახის. თანამშრომლები მეუბნებიან, შენს შემხედვარეს, ჩვენც აღარ გვეშინია სიბერისო. ჩემი საქმის კეთებისას არასდროს დამიზოგავს თავი, წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ვიმუშავე და თავაწეული წამოვალ იქიდან.
- გული არ დაგწყდებათ?
- გული როგორ არ დამწყდება, უფრო დამენანება, თუმცა ძალიან კი დააფასეს ჩემი შრომა, დიდ სიყვარულს ვგრძნობ ყველასგან. არა უშავს, გავხსნი წრეს და ვასწავლი ცეკვას ან მოვქსოვ ლამაზ რამეებს და გავყიდი, უსაქმურად ყოფნა არ შემიძლია. დილაობით მთელ კვარტალს ფეხით დავივლი ხოლმე და ისე მოვდივარ სამსახურში. ისე კი, ცხოვრებაში გული არაფერზე მწყდება, გულწრფელად გეუბნებით. ძალიან სავსე და ლამაზი ცხოვრება მქონდა.
- ოჯახის შესახებ მითხარით, როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება, "დიდების შოუში" მისულიყავით?
- ისე მოხდა, რომ არ გავთხოვდი. მყავს 2 და, უმცროსს 2 შვილი და 4 შვილიშვილი ჰყავს და მათ გაზრდაში ვმონაწილეობდი. არასდროს მივუტოვებივარ ამ ბავშვებს, არ მიგრძნია, რომ ჩემი საკუთარი ოჯახი არ მყავდა. დისშვილი მეუბნება, არ იდარდო, თუ სამსახურიდან წამოხვალ, მაგ ხელფასს მე მოგცემო. რაც შეეხება ამ შოუში მონაწილეობას, შემთხვევით მოხდა: ჩემმა კოლეგამ ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს უთხრა, სამსახურში ასეთი და ასეთი საინტერესო ქალბატონი გვყავსო. - გაგვაცანი, ვინ არისო, დაინტერესდნენ, მოვიდნენ და შემხვდნენ. მაშინ შემომთავაზეს ამ შოუში მონაწილეობა. თავდაპირველად დავთანხმდი, მაგრამ შემდეგ, მეგობრის გარდაცვალების გამო, უარი ვთქვი. უახლოესი მეგობარი "კოვიდით" გარდამეცვალა, რაც ძალიან განვიცადე. ახლაც, მის ფოტოებს რომ ვუყურებ, მეტირება. გარკვეული დროის შემდეგ კვლავ რომ დამირეკეს, თანამშრომლებმა, ოჯახის წევრებმა მთხოვეს და დავთანხმდი.
- ბიბლიოთეკარობის გარდა, პარალელურ რეჟიმში აქტიურად აგრძელებდით ცეკვის პედაგოგად მუშაობას...
- ჩემი პედაგოგები იყვნენ მიხეილ კაფიევი და ლიდია ლისოვა, არაჩვეულებრივი ადამიანები, მეწყვილე კი - ზაურ მახარაშვილი, ძალიან კარგი პიროვნება, მასთან ერთად ვზრდიდი მომავალ თაობას. 1971 წელს მან დამპატიჟა ცეკვაზე, მაგრამ აკადემიური ცეკვა დავიწყე მოგვიანებით, 1973 წელს ჩავაბარეთ გამოცდები. სამეჯლისო ცეკვების პედაგოგის დიპლომი მაქვს, ილიკო სუხიშვილი აწერს ხელს. ჩემმა მოსწავლეებმა ერთ-ერთ კონკურსზე ოქროს მედლები მიიღეს, რაც ძალიან მეამაყება. ჩემი აღზრდილია ლევან ახვლედიანი, თეონა და თეა წულუკიძეები, ჯერ პოლონეთში და შემდეგ საფრანგეთში ასწავლიდა ნინო ხუციშვილი, ამერიკაში - ნინო გეთიაშვილი.
- ცეკვის პედაგოგებზე ამბობენ, რომ ძალიან მკაცრები არიან. თქვენც მკაცრი იყავით?
- მეწყვილე უფრო მკაცრი იყო და როდესაც ბავშვს უბრაზდებოდა, მივდიოდი და მის გვერდით ვდგებოდი თანაგრძნობის ნიშნად. ერთხელ ამის გამო შენიშვნაც კი მომცა, შენ კარგი გამოდიხარ და მე - ცუდიო?.. ზაურის სიმკაცრის მიუხედავად, მაინც ძალიან უყვარდათ მოსწავლეებს.
- ქალბატონო ცისო, დღეს ხშირად სინანულით ამბობენ, რომ ძველებური ურთიერთობები გაქრა, რომ ისე აღარ უყვართ, აღარ მეგობრობენ, აღარ ენდობიან ერთმანეთს, როგორც ადრე...
- მე ამის დეფიციტს ნამდვილად ვერ ვგრძნობ. ვინც მიცნობს, ყველა დიდ სიყვარულს გამოხატავს ჩემ მიმართ, რადგან მე თვითონ ვარ ადამიანების მოყვარული და ალბათ ეს სიყვარული მიბრუნდება უკან. ყველას ვეუბნები, რომ დამინახავთ, გაიღიმეთ, გაიცინეთ და არასდროს თქვათ, რომ ცუდ ხასიათზე ხართ-მეთქი. ალბათ ამიტომაც, ჩემი თანამშრომლები, ახლობლები თუ მოწაფეები სულ მეფერებიან და იმხელა სიყვარულს გამოხატავენ, ვერ წარმოიდგენთ. სიყვარული და კეთილსინდისიერება - ეს არის ყველაზე მთავარი ურთიერთობებში.
ნინო ჯავახიშვილი