ამბავი მეოცნებე გოგონასი, რომელსაც წარმატება აგრობიზნესმა მოუტანა - გზაპრესი

ამბავი მეოცნებე გოგონასი, რომელსაც წარმატება აგრობიზნესმა მოუტანა

მუდამ ღიმილიანი, ენერგიული და საქმიანი - ასე იცნობს საზოგადოება "ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარეს - ნინო ზამბახიძეს. ვერაზე დაბადებულმა და გაზრდილმა გოგონამ შეძლო მისთვის სრულიად უცხო სფეროში დამკვიდრებულიყო და წარმატების მისაღწევად, საცხოვრებლად რეგიონში გადასულიყო.

- სხვა ბავშვებივით მეც მეოცნებე ვიყავი. რაზე აღარ ვოცნებობდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ცხოვრებას სოფლის მეურნეობას დავუკავშირებდი. ჯერ ექიმობა მინდოდა. დედაჩემი ახლაც ამბობს, რომ ძალიან მზრუნველი ვიყავი, მაგრამ ამავე დროს, ლიდერობის ნიჭი მქონდა. ყოველთვის ვახერხებდი, პატარ-პატარა შემოსავლის წყარო მქონოდა: ზოგჯერ მანქანას ვრეცხავდი და ფულს ამ გზითაც ვშოულობდი. მოკლედ, ბიზნესისკენ სწრაფვას პატარაობიდანვე ვამჟღავნებდი - ამას დედა მიყვება ხოლმე. როცა უფრო წამოვიზარდე, ერთ დღეს ბიზნესმენობა მინდოდა, მეორე დღეს - მომღერლობა, მერე - რეჟისორობა და ა.შ. ამ თვისებამ მოგვიანებით იჩინა თავი: ყველა ბიზნესი, რომელიც წამოვიწყე, ერთმანეთს საერთოდ არ უკავშირდებოდა.

- მშობლები თქვენც გირჩევდნენ, ჯერ გათხოვდი და კარიერაზე მერე იფიქრეო?

- ამგვარი სტერეოტიპების მსხვერპლი ნამდვილად არ ვყოფილვარ, რადგან მამაჩემი - ლაზარე ზამბახიძე თსუ-ის პროფესორი იყო, 25 წელი მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი გახლდათ, ხოლო დედაჩემი - ლია დგებუაძე - ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. ჩემს მშობლებს ახალგაზრდებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ და მათი ინტერესები ზედმიწევნით კარგად იცოდნენ. თანაც, მე მათი ერთადერთი შვილი ვიყავი და სულ მეუბნებოდნენ, რომ არჩევანი თავად უნდა გამეკეთებინა. არასდროს უთქვამთ, ჯერ უნდა გათხოვდე და მერე კარიერას მიხედოო ან - პირიქით. ჩვენს ოჯახში სულ იმაზე იყო მსჯელობა, რომ განათლება უნდა მიმეღო, ჩემი გზა გამეკვალა და ოჯახზე მერე მეფიქრა. ჩვენს ოჯახში არ იყო მიჩნეული, რომ ქალის ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია, რომ მან მხოლოდ შვილები უნდა გააჩინოს და გაზარდოს, პირიქით, სულ მეუბნებოდნენ - თუ ქალს განათლება არა აქვს, განათლებულ შვილსაც ვერ გაზრდისო.

- არც თქვენს პროფესიულ არჩევანში ჩარეულან?

- საბედნიეროდ - არა. უფრო ჰუმანიტარი ვიყავი, ციფრები და მათემატიკა არ მიყვარდა და მამაც არ მაძალებდა. მეექვსე გიმნაზია დავამთავრე, სკოლაში თავიდანვე ჰუმანიტარული მიმართულება ავირჩიე და თარჯიმან-რეფერენტი გავხდი - ეს ჩემი პირველი პროფესია იყო. მამა სულ მეუბნებოდა: მათემატიკური აზროვნება გაქვს და როცა დაგჭირდება, მათემატიკასაც ისწავლი, ფინანსებსაც კარგად გაუძღვებიო. მისი სიტყვები მოგვიანებით ამიხდა, როცა ჩემი საქმე წამოვიწყე. ფინანსებთან ყოველთვის მქონდა შეხება და დღესაც მაქვს. "ფერმერთა ასოციაციის" პარალელურად, "აჭარა-ჰოლდინგის" მფლობელის მრჩეველი ვარ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გარდა ამისა, მაქვს ყავის ბიზნესი, რომელიც 2005 წელს წამოვიწყე და დღემდე კარგად მუშაობს.

GzaPress

- აგრარულ სფეროში საქმიანობა როგორ გადაწყვიტეთ?

- უკვე ვთქვი, რომ სოფელთან შეხება არ მქონია, მაგრამ კარიერა მაინც სოფელს დავუკავშირე. ვერაზე დავიბადე და გავიზარდე, მერე - ვაკეში გავთხოვდი. მე და ჩემს მშობლებს სოფელი არ გვქონდა და ზაფხულში ძირითადად ზღვაზე ან რაჭაში დავდიოდით. ჩემი ცხოვრება სოფლის მეურნეობას რომ დავუკავშირე, ყველას გაუკვირდა, თუმცა, დედა ამბობს, რომ ეს გენეტიკურია: მისი მამა აგრარულ უნივერსიტეტში ლექტორი იყო და სწორედ აგრონომიას ასწავლიდა.

- ჭკვიან და საქმიან ქალებს ოჯახურ ცხოვრებაში ხშირად არ უმართლებთ. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ თავიანთ საქმეში ბოლომდე იხარჯებიან. თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?

- მართალია, ამბობენ, რომ საქმიან ქალებს ოჯახის შენარჩუნება უჭირთ, მაგრამ მე ესეც სტერეოტიპი მგონია: ძალიან ბევრ ჭკვიან ქალს ვიცნობ, რომელსაც კარგი ოჯახი აქვს და საქმეშიც წარმატებულია. მე ეს შეთავსება არ გამომივიდა და ოჯახი დამენგრა, მაგრამ ყოველთვის ასე ხომ არ ხდება? ისე, გამოგიტყდებით და, ამას ჩემს საქმიანობას ვაბრალებ: ისეთ სფეროში შევაბიჯე, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვდა. სულ რეგიონში მიწევდა ყოფნა. 8 წელიწადი ახალციხეში ვიცხოვრე, დარწმუნებული ვიყავი, სწორ გზაზე ვიდექი და ყველაფერს ჩემი შვილებისთვის ვაკეთებდი, თუმცა, მარტო მათთვის კი არა, სხვისი შვილებისთვისაც: ყველამ იცის, ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას დღეს რა დიდი მნიშვნელობა აქვს. ისიც ფაქტია, სადაც შენ არ ხარ, ბიზნესი იქ კარგად არ კეთდება. ოჯახის მიმართ ყურადღება მოვადუნე, რასაც მეუღლესთან განშორება მოჰყვა. საბედნიეროდ, მე და ჩემმა მეუღლემ, ლევან ტრაპაიძემ შევძელით კარგი ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა.

- ამას ყველა ვერ ახერხებს...

- არც მიკვირს: როდესაც ადამიანი შენი ცხოვრების ნაწილი იყო და ახლა აღარ არის, გაუცხოება სწრაფად იწყება, მაგრამ ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, ეს ჯანსაღი მიდგომაა და არ მესმის, შვილს მამის ნახვა როგორ უნდა აუკრძალო. როცა გაიზრდება და დედ-მამის დაშორების მიზეზს გაიგებს, თავად უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა დედასთან ან მამასთან ახლო ურთიერთობა. არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მამა მოძალადეა, ცოლს სცემს და შვილისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ის, რომ შენი პრინციპების გამო ბავშვს მამასთან სიახლოვე აუკრძალო, ჩემთვის მიუღებელია. მათ ჩვენ მშობლებად არ ავურჩევივართ, ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა ბავშვები ისე გავზარდოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები სტრესი და ტკივილი მივაყენოთ. ამიტომ, ჩემს შვილებს მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მას მეორე ცოლი ჰყავს, მასთანაც შვილი ჰყავს, რომელიც ისევე უყვართ, როგორც ერთმანეთი - ის ხომ მათი ძმაა!

- ქალბატონო ნინო, ოჯახურ ცხოვრებას დამოუკიდებლობა ხომ არ არჩიეთ?

- ვერ ვიტყოდი, რომ ქორწინებაში დამოუკიდებელი არ ვიყავი და თავს შებოჭილად ვგრძნობდი. მაშინაც იმავე ცხოვრების წესს მივდევდი, როგორიც ახლა მაქვს. რა ღირებულებებიც მქონდა, იმას ვემსახურებოდი ოჯახშიც და განქორწინების შემდეგაც. უბრალოდ, ადამიანმა ისეთი უნდა მიგიღოს, როგორიც ხარ. თუ მეორე ადამიანი შენთვის ძვირფასია, სწორედ ასე უნდა მოიქცე, რადგან ადამიანი ერთხელ ცოცხლობს და ბედნიერი უნდა იყოს.

- ორი ვაჟის დედა ხართ. თქვენი შეფასებით, როგორი შვილები გყავთ?

- ნათქვამია, ყველა დედას თავისი შვილი საუკეთესო ჰგონიაო და მგონი, მეც ასეთი მშობლების რიგში გადავედი, თუმცა, ილუზიები არ მაქვს და ორივეს მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ. თუ არ იმსახურებენ, არასდროს ვცდილობ მათ გამართლებას. თითქოს გარეშე თვალით ვუყურებ, რადგან მინდა, კარგები იყვნენ. სულ ვეუბნები: უკან რომ მოიხედავთ და თქვენს წარსულს გადახედავთ, არ უნდა შეგრცხვეთ-მეთქი... სხვა ყველაფერი აქვთ: სახლი, აგარაკი, ნორმალური განათლება, რადგან მათ განათლებაზე დიდ რესურსს ვხარჯავ. უფროსი - ნოდარ ტრაპაიძე აბიტურიენტია. ერთბაშად გაიზარდა და უკვე იმხელაა, ხელში ატატებულს მატარებს. მიხარია, რომ აქედანვე მეწარმის სულისკვეთება აქვს და სულ რაღაც ბიზნესიდეები აწუხებს. ამავე დროს, მუსიკაც უყვარს. მან თავის პროფესიად ტურიზმის სფერო აირჩია. ახლა გამოცდებს აბარებს და დიდი იმედი მაქვს, მოეწყობა. უმცროსი - ილია ტრაპაიძე 14 წლისაა და რადიკალურად განსხვავდება ძმისგან. ის უფრო სწავლაზეა ორიენტირებული. უნდა, ჩემი საქმე გააგრძელოს და თავისი ფერმერთა ასოციაცია შექმნას. რაც მთავარია, ჩემი შვილები საოცრად მზრუნველი, გულთბილი და კარგი ადამიანები არიან - ყველაფერს დათმობენ, რომ მეორე ადამიანს ასიამოვნონ.

GzaPress

- რას იტყვით, თქვენმა შვილებმა ნაადრევად დაქორწინება რომ გადაწყვიტონ?

- მე 23 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი და ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნაადრევი ქორწინება გაუაზრებელი ნაბიჯია, რომელსაც ხშირად განშორება მოჰყვება. ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ადრეულ ასაკში გათხოვდა და განქორწინდა, თუმცა, ისეთი მეგობრებიც მყავს, რომლებიც 30-40 წელია ერთად არიან. თუ ჩემს შვილს ვინმე შეუყვარდება, ცხადია, არ დავუშლი, რადგან ძლიერ გრძნობას ვერ შეეჭიდები. თუმცა, მეც ისე ვეუბნები, როგორც ჩემი მშობლები მარიგებდნენ: სასურველია, ადამიანმა ჯერ თავისი ცხოვრება ააწყოს და ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს და ოჯახის შექმნაზე მერე იფიქროს. მიუხედავად ამისა, თუ გადაწყვეტენ, რომ მათი გრძნობა კარიერულ წინსვლაზე ძლიერია, ავი დედამთილივით ნამდვილად არ მოვიქცევი.

- ესე იგი, კარგი დედამთილი იქნებით?

- იმედია, რადგან წვრილმანების გამო არავის ვაწყენინებ. ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, რომ მეორეხარისხოვან ამბებზე არც უნდა ინერვიულო და არც იკამათო. დედამთილისა და რძლის ჭიდილი წარმოუდგენელი ამბავი მგონია, რადგან ჩემს ყოფილ დედამთილთან ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს, არასდროს კონფლიქტი არ გვქონია და ყოველთვის პატივს ვცემდი როგორც ადამიანს, რომელმაც ჩემი მეუღლე გაზარდა. ისე, კამათით მე და დედაჩემსაც გვიკამათია, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს. კამათი სხვაა, მაგრამ სულ იწუწუნო, იჯუჯღუნო და წვრილმანების გამო მეორე ადამიანს ნერვები დააწყვიტო, ეს - არასწორია. გაბუტვა და ადამიანზე უარის თქმაც მიუღებელი მგონია.

- დაბოლოს, დავუბრუნდეთ თქვენს საქმიანობას: 2019 წელს მთელი საქართველო ლაპარაკობდა თქვენს შეხვედრაზე დონალდ ტრამპთან. როგორ გახსენდებათ ეს შეხვედრა?

- ეს შეხვედრა თეთრ სახლში 2019 წლის თებერვალში მოხდა. დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს უმასპინძლა. სტუმრებს, დონალდ ტრამპის შემდეგ, მისმა ქალიშვილმა ივანკამ მიმართა და ყველას მადლობა გადაგვიხადა წარმატებული საქმიანობისთვის. მე ამ შეხვედრაში "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ხელმძღვანელის სტატუსით მიმიწვიეს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ვიზიტი და შეხვედრა. მათ საქართველოზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს.

ხათუნა ჩიგოგიძე