"მაპოვნინეთ ჩემი გოგონა, რომლის გაზრდის სიხარული არ მღირსებია" - გზაპრესი

"მაპოვნინეთ ჩემი გოგონა, რომლის გაზრდის სიხარული არ მღირსებია"

ქალბატონი თამილა შიოშვილი ფიქრობს, რომ თავის დროზე შვილი მასაც მოჰპარეს, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნო. ასაკში მყოფი ქალბატონი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ სანამ ცოცხალია, შვილის სახე დაინახოს და გაიგოს, რომ ის ბედნიერია...

- 1977 წლის 7 აგვისტოს ვიმშობიარე მეოთხე სამშობიაროში. ძალიან ცუდი მშობიარობა მქონდა და მთელი საავადმყოფო ფეხზე იდგა, ქალი გვიკვდებაო. საბედნიეროდ, გადავრჩი და გაჩნდა ჯერ ჩემი ვაჟი, შემდეგ კი, როგორც მითხრეს, - გოგონა, რომლის გაზრდის სიხარულიც არ მღირსებია...

ვაჟი რომ დაიბადა, ექიმებმა დამტოვეს, - ძალიან დავიღალეთ. 15 წუთში მეორეც დაიბადება და მანამდე მოვბრუნდებითო. როცა პალატაში შემობრუნებულან, სააქაო პირი არ მქონია, გავთიშულვარ. საერთოდ, ცხოვრებაში სიცხე რა არის, არ ვიცი და მშობიარობის დღეს ძალიან მაღალი ტემპერატურა მქონდა. როგორც გადმომცეს, ხელიც კი მოაწერინეს ოჯახის ერთ-ერთ წევრს ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ შეიძლებოდა დავღუპულიყავი. მაგრამ ჩემი მეორე შვილი, ტყუპისცალი მაინც დაიბადა. 25 დღე ვიყავი სამშობიაროში, ვითხოვდი, ბავშვი ეჩვენებინათ და ყველა გამირბოდა. მერე მკაცრად მოვითხოვე, შვილი აუცილებლად უნდა ვნახო-მეთქი. მიპასუხეს, მეორე ბავშვი მახინჯი შეგეძინათ და გარდაიცვალაო. ვაჟი კი მომიყვანეს, - აი, ნახე, ნახევარი მხარი, თავიდან ბოლომდე განუვითარებელი აქვსო. მერე რა-მეთქი, და მართლაც, მისი პრობლემა ერთ თვეში "ალაგდა". თურმე გვერდიგვერდ იყვნენ ერთ კვერცხუჯრედში. მერე ვიღაცამ მითხრა, რომ გოგონა იყო დიდი წონის, დაახლოებით 4 კილომდე. ორსული ისე გავიბერე, ვერც ავტობუსში ავდიოდი, მანქანაში ჩაჯდომაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მიჭირდა მოძრაობაც და სანამ არ ვიმშობიარე, არ ვიცოდი, თუ შესაძლებელი იყო, ტყუპი მყოლოდა... ჩემს ოჯახსაც არ ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ და არც მოუთხოვიათ მეორე ბავშვზე ამბის მიწოდება... ჰოდა, ოჯახის წევრ ერთ-ერთ ქალბატონს ჰქონდა ხელი მოწერილი საბუთზე, სადაც ეწერა, რომ ერთი ბავშვი გავაჩინე. რატომ უთხრეს, რომ მხოლოდ ერთი გაჩნდა და მეორის ამქვეყნად მოვლინების ფაქტი, თუნდაც გარდაცვლილიყო, იმ საბუთში რატომ არ აღნიშნეს? რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, თუ არა ჩვილის გადამალვა? რა ვიცი, რა გითხრათ...

კიდევ ერთი ამბავი მახსენდება: ერთი ქალბატონი სიმპათიით იყო ჩემ მიმართ განწყობილი. ხანდაზმული ექთანი გახლდათ და ცოცხალი არ იქნება, სამწუხაროდ, თორემ მას ეცოდინებოდა ბევრი რამ. ცოტა თვალებში რომ გამოვიხედე, კონკრეტული წამალი დამალევინა. მერე მითხრა, - ჩემო შვილო, ეს წამალი რომ არ დაგელიათ, გიჟი, სერიოზული ავადმყოფი დარჩებოდითო. მე იმ ქალის მადლობელი ვარ, რომ მართლა არ გავგიჟდი ვიღაცების წყალობით...

- რატომ უნდა გაგიჟებულიყავით?

- არ ვიცი, სხვა არაფერი უთქვამს... რაც შეეხება ვაჟს, მე რომ ცუდად ვიყავი, "ციგნის" ბავშვივით ხან ვინ აწოვებდა ძუძუს და ხან ვინ, სულ ჩემი შვილის ტირილის ხმა ისმოდა და მომატების ნაცვლად (2 და 300 კგ დაიბადა), წონაში დაიკლო და გახდა კილო და 900 გრამი. სამშობიაროდან მასაც არ მატანდნენ და დავწერე ხელწერილი, რომ შვილზე პასუხისმგებელი ვიყავი თავად, რომ მათთან პრეტენზია არ მექნებოდა. ბავშვი პოლიკლინიკაში არ მიიღეს, ორკილო-ნახევარი მაინც უნდა იყოსო. ჩვენი ექიმი, ლედი ხვადაგიანი ამომიდგა მხარში და ერთ თვეში ჩემი ვაჟი გახდა 4 კილო. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო.

ამ ყველაფრის პარალელურად, დედაზე ვდარდობდი, რომელიც ძალიან ცუდად იყო და ვერ მოდიოდა ჩემს სანახავად. ოჯახის წევრ მამაკაცებსაც არ უშვებდნენ იმ დროს სამშობიაროში. დღეში 9-ჯერ მოდიოდა ჩემი ქმარი, მაგრამ ვერ მნახულობდა...

კიდევ ერთი ტკივილია ეს ამბავია ჩემთვის: დედა იმ პერიოდში ძალიან ცუდად იყო. გაიგო, რომ შვილი შემეძინა და ვერ მოასწრო მისი ნახვა, ისე გარდაიცვალა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, 25 დღე სამშობიაროში დამტოვეს. როგორც კი გამოვედი, იმწუთას ვითხოვე, დედა მაჩვენეთ-მეთქი და არ გამიშვეს, - არ შეიძლება, ახალდაბადებული ბავშვი გყავსო. რაღა ახალდაბადებული, ლამის თვისა იყო. მოკლედ, მავანთა წყალობით, ჩემი დედა შვილს და შვილიშვილს მონატრებული წავიდა ამ ქვეყნიდან.

GzaPress

- როდის დაიწყეთ თქვენი გოგონას ძებნა?

- რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა ეჭვები გამიმძაფრდა, დავიწყე შვილის ძებნა და პირველ რიგში, მეოთხე სამშობიაროს მივაკითხე, სადაც მითხრეს, - წყალდიდობა იყო და ყველა საბუთი დაიკარგაო. რატომ მკვდარი არ მიჩვენეს? არც მისი გარდაცვალების ცნობა მაქვს და არც სხვა რამე... მერწმუნეთ, მთელი ცხოვრება არ მასვენებდა შვილზე ფიქრი. არც ერთი წუთი არ ვყოფილვარ მის გარეშე. ძალიან კარგი ვაჟი მყავს, როგორც ხასიათით, ისე გარეგნულადაც და ხალხი სულ მეუბნებოდა, ასეთი კარგი გოგოც რომ გყოლოდა, რა მაგარი იქნებოდა, და თითქოს ესეც არ მაძლევდა მისი დავიწყების შესაძლებლობას, სულ მახსენებდა იარა თავს. გაზეთებშიც კი ვწერე მასზე, მაგრამ არავინ გამომხმაურებია.

ახლა, როცა ინფორმაციები უფრო ხელმისაწვდომი გახდა და გავიგე, რომ ჩემსავით უამრავი ადამიანი ცხოვრობს ეჭვებით, ბევრმა იპოვა კიდეც წლების წინ მკერდიდან აგლეჯილი შვილი, მეტი იმედი გამიჩნდა, რომ შესაძლოა არ ვცდებოდი, ის ცოცხალია და ამ ასაკში მაინც შევძლებ მის პოვნას, რომ ერთხელ მაინც შევხედო და ჩავიკრა გულში...

მაქვს ეჭვი, რომ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ითამაშა დიდი როლი ამ ყველაფერში და ჩემი ეჭვი კიდევ უფრო გამყარდა, როცა გავიგე, რომ სიკვდილის წინ ჩემთან შეხვედრას ითხოვდა ადამიანი, რომელსაც რატომღაც, არასდროს ვუყვარდი...

წლების შემდეგ ერთმა ადამიანმა ისიც მითხრა: თქვენ სუყველა გიჟები როგორ იყავით, როგორ შეიძლებოდა, წონით 4 კილო ბავშვი არ გენახათო? არც ის უკითხავთ ჩემი ქმრის ოჯახის წევრებს, სად დამარხეს პატარა, მე კი მაშინ საამისოდ ძალაც არ მყოფნიდა. იცით, 5 თვის ფეხმძიმე საწოლში ვერ ვწვებოდი, გულძმარვა მაწუხებდა, მეგონა, ვიხრჩობოდი. ჩემი მამამთილი ამბობდა, ნეტავ მაღირსოს ღმერთმა, რომ ამან მშვიდად დაიძინოსო. ამბობდნენ, ნუ გეშინია, კარგად იქნები, თმიანი ბავშვი დაიბადებაო და მერე ისიც გავიგე, - შენი გოგონა რომ დაიბადა, იმხელა თმა ჰქონდა, ბაფთის შებმა შეიძლებოდაო. არადა, ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფაქტები არ მაქვს.

- ასე მგონია, ბევრი არავინ გედგათ იმ დროს მხარში...

- ასე იყო. მხოლოდ ჩემი და და მამამთილი მეხმარებოდნენ ყველაფერში. არაჩვეულებრივი მამამთილი მყავდა. ცხონება ჰქონდეს მის სულს, ულამაზესი ადამიანი იყო როგორც სულიერად, ისე გარეგნულად, თან გადაყოლილი გახლდათ ჩემზე... შვილის დაბადებიდან რაღაც პერიოდში ქმრის ოჯახიდან წამოვედი, მაგრამ მე და ჩემი შვილი მისგან მუდმივად ვგრძნობდით მხარდაჭერას და მართალია, ამქვეყნიურ სამყოფელში აღარ არის, მაგრამ მაინც უნდა გადავუხადო მადლობა, ასე, სახალხოდ.

- თქვენს ვაჟზე გვიამბეთ რამე...

- ჩემი შვილი განათლებული ადამიანია, კარგ ადგილას დასაქმებული. პარალელურად შესანიშნავი მოცეკვავეც გახლავთ. თავად 4 შვილის მამაა.

თავის დროზე ყველაფერზე ვატარე, რის მიმართაც ინტერესი ჰქონდა. 7 წრეზე დამყავდა. მეც ღირსეულ ოჯახში დაბადებული ვიყავი და არ მაკლდა არც განათლება, არც აღზრდა, სპეციალობით ტყავის ტექნოლოგი ვარ და სამართალმცოდნეობაზეც ჩავაბარე. 34 წელი ვმუშაობდი ფეხსაცმლის ფაბრიკაში, პარალელურად ვიყავი ქალთა საბჭოს თავმჯდომარე, ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე, 10 მოწვევის სახალხო მსაჯული და ა.შ.

მყავს ღირსეული შვილი, რომელსაც არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი. არც იცის, ახლა აქ რომ ვარ. მე რომ ვეძებდი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, მითხრა: გაჩერდი, რა, იქნებ რა კარგი ცხოვრება აქვს, როგორი ბედნიერია და ნუ აუწეწავ გზა-კვალს, გაუშვიო. ოღონდ სადღეგრძელოებში ყოველთვის ახსენებს მას... რა ვქნა, მე დედა ვარ და სხვანაირად მჯერა. ქალი შეუვალია, როცა შვილებს ეხებათ საქმე.

- დაბოლოს, კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ?

- ვერაფერს მივაგენი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჰოდა, ხავსს ჩავეჭიდე. თქვენს ჟურნალში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში, სადაც ინტერვიუ გქონდათ ქალბატონ ია ყველაშვილთან, ის წერდა ერთ ადამიანზე, რომელიც არის 44 წლის და ეძებს მშობლებს. ჩემი შვილიც აგვისტოში ხდება 44-ის და იქნებ გოგონაც ცხოვრობს სადმე...

შეიძლება ვინმეს აქვს მასზე ინფორმაცია და რაღაც მიზეზებით არ მეუბნება, იქნებ ისევ ეშინიათ სიმართლის თქმის და ვთხოვ, თქვენ მაინც გაგანდონ ეს ამბავი. ოცნებად მაქვს ქცეული, ისე არ დავხუჭო თვალები, რომ ჩემი შვილის სახე ვერ დავინახო. იცით, მის სახელზე სანთელს რომ ვანთებ და მოვიხსენიებ, სანთელი ქრება. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი შვილი ცოცხალია, მაგრამ სად ვეძებო და როგორ, არ ვიცი.

გთხოვთ, ამ საქმეში დამეხმაროთ. არ ვითხოვ მისგან და მისი მშვილებლებისგან არაფერს, მხოლოდ იმის გაგება იქნება ჩემთვის საკმარისი, რომ ბედნიერია. მინდა, იმ ქვეყნად მაინც წავიდე დასვენებული და იქაც არ წავიყოლო დარდი იმაზე, თუ რატომ არ ვივაჟკაცე, რატომ უფრო არ მოვინდომე, მაგრამ ვის მივადგე კარზე?..

P.S. თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ ამ ადამიანთან დაკავშირებით, შეგვეხმიანეთ ტელეფონის ნომერზე: 558 25.60.81. საჭიროების შემთხვევაში ანონიმურობა დაცული იქნება. წინასწარ გიხდით მადლობას.

ლიკა ქაჯაია