ადგილი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს გამორჩეულად უყვარდა
ნოდარ დუმბაძეს მამისეულ სოფელში სააგარაკე სახლის აშენება უნდოდა, რომლის არქიტექტურული იერიც მოფიქრებული ჰქონდა, მაგრამ განხორციელება არ დასცალდა. სოფელ ხიდისთავში (ზენობანი) დუმბაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა როცა გადაწყდა, ნოდარის მეგობარმა ჯემალ დავითაიამ პროექტზე მუშაობისას მწერლის სურვილები მაქსიმალურად გაითვალისწინა.
სახლ-მუზეუმი ნოდარ დუმბაძის მშობლიური სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა, აქვს დიდი ეზო ულამაზესი ხედით. ეს ადგილი მწერალს გამორჩეულად უყვარდა. მუზეუმის ეზოში დგას ნოდარ დუმბაძის გმირების - ზურიკელას, ბებიას, ილიკოსა და ილარიონის ქანდაკებები, ოდა-სახლი. წლებია მუზეუმის დირექტორია თამაზ ჩიგოგიძე, ხოლო ერთ-ერთი ექსკურსიამძღოლი - მისი მეუღლე მარიკა ჭანიშვილი გახლავთ.
თამაზ ჩიგოგიძე:
- დედაჩემი ნოდარის მამიდა იყო. მეც იმ სახლში ვიზრდებოდი, სადაც ნოდარი გაიზარდა. ქიშვარდი ბაბუა და ოლღა ბებია, ჩემი ბებია-ბაბუაც იყვნენ. ჩემსა და ნოდარს შორის ასაკობრივი სხვაობა 19 წელია, პატარაობისას ხელითაც ვუტარებივარ. ერთხელ აქედან 6 კილომეტრით დაშორებული სოფლიდან (ზედა ზენობანი), სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ნოდარის ხელში აყვანილი ჩამოვუყვანივარ ბებიასთან. ისეთი კაი ბაღანა ვიყავი, ხმა არ ამომიღია, თურმე უხერხულად მედო ხელი და რომ ჩამოვედით, დალურჯებული მქონია, - ნოდარისგან ვიცი. ჩემი მშობლები პედაგოგები იყვნენ. ოჯახი ერთხანს აქ ცხოვრობდა და ბოლოს, შემოვრჩით ამ სოფელში. დედაჩემისგან ვიცი, სოფელ ზედა ზენობანს ადრე "პატარა პარიზს" ეძახდნენ, რადგან ბევრი ინტელიგენტი და გამოჩენილი ადამიანი ცხოვრობდა.
მამაჩემი 1937 წელს გადაასახლეს, ჩემი ბიძებიც დააპატიმრეს. მამა დაბრუნდა გადასახლებიდან, მერე სამამულო ომში იბრძოდა. ჩამოვიდა და ხიდისთავის სკოლაში მუშაობდა. ბავშვობაში ნოდარი ყოველთვის ცელქი, მაგრამ ძალიან კარგი მოწაფე იყო. ოღონდ მასხრობა იყო თავიდანვე მისი თანმდევი თვისება. მამაპაპისეული სახლის აივნის შიდა კედელზე, ისე, რომ კაცის ხელი კიბის გარეშე ვერ მისწვდებოდა, უნაკლო კალიგრაფიით შესრულებული "ცდბ" - სამი რუსული ასო აბრასავით იყო მიწერილი. ამ წარწერას ყოველდღიურად ვხედავდი და ცნობისწადილი მკლავდა, ვინ დაწერა ან რას ნიშნავდა ეს მაგიური ასოები, მაგრამ პასუხი ვერსაიდან ვერ მივიღე. ერთ დღეს ქალაქიდან ორივეს ზიარი ბიძაშვილი იაგო დუმბაძე ჩამოვიდა და ფარდა აეხადა საიდუმლოსაც - ნოდარამ დაწერა, იმ შაკალმა, - თქვა იაგომ და სიცილი აუტყდა. ალბათ ისიც იცი, რას ნიშნავს-მეთქი? "ცენტრალნი დომ ბეზდელნიკავ" - უსაქმურების ცენტრალური სახლი - გადმოაქართულა. 1961 წელს ნოდარისეული სახლი ცოტათი მოვაწესრიგეთ, ცდბ წაიშალა, მაგრამ ნოსტალგია შემომრჩა.
მე-6-7 კლასში ვიქნებოდი, როცა ნოდარი უკვე ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორი და რამდენიმე წიგნის ავტორი იყო. მახსოვს, აქ ჩამოჰყავდა რეჟისორები - თენგიზ აბულაძე, ლანა ღოღობერიძე, ლეილა გორდელაძე. 50 წლისა რომ გახდა, ავადმყოფობდა და თქვა: ქალაქში არ მომასვენებენო. სოფელში წამოდი-მეთქი, ვუთხარი და მე ჩამოვიყვანე, მაშინ ახალი მანქანა ჰყავდა. აქ აღვნიშნეთ მისი 50 წლისთავი.
მოთხრობაში "დიდრო" ასეთი საუბარი მიდის დიდროსა და ნოდარს შორის: "- აუ, რა გაუხარდება მამიდაშენს ახლა შენი დანახვა! გაიგებდი ალბათ, გველმა რომ უკბინა თამაზის, შენს მამიდაშვილს! - აქ არ ვიყავი, დიდროია, მაშინ? - გავახსენე დიდროს..." ნოდარისთან ერთად მდინარეში ვხელაობდი და გველმა მიკბინა. მან თავისი საათი "სეიკო" გამიკეთა ხელზე და გამიხარდა. 18 წლისა ვიყავი, იმ წელს სტუდენტი გავხდი, ნოდარიმ მითხრა: 45 წუთში თუ არაფერი დაგემართება, არ მოკვდები. ნუ გეშინია, მანქანაც არის და თუკი საჭირო გახდება, წაგიყვანთო... გადავრჩი! ეს მოხდა რეალურად.
ნოდარის დედაც მახსოვს, ქალბატონ ანიკოსა და ნოდარის თბილისში ვსტუმრობდით ხოლმე. ქალბატონი სიგარეტს ეწეოდა და ძველ ამბებს იხსენებდა. სოფლის ამბებს ყოველთვის გამომკითხავდა, დაინტერესებული იყო ჩემი ყოფა-ცხოვრებით. ერთხელ ნოდარიმ თავის სახლში ანაგის ქუჩაზე მარტო დამტოვა, მთელი ოჯახი ბაკურიანში დასასვენებლად წავიდა. მანქანა ეზოში იდგა, ხოლო გასაღები ოთახში იდო. მოვიპარე მანქანა, ქალაქში ვიარე და გავაფუჭე, რადგან ძრავიდან წყალი გამოუშვია ნოდარს... ასე დავაზარალე. ერთი პირი გამიწყრა, მარა ამით ამოიწურა ეს ამბავი. საქმე ის არის, რომ ამის შესახებ სოფელშიც იცოდნენ, საპარიკმახეროში ლაპარაკობდნენ თურმე, - თამაზიმ გაიტაცა მანქანა და გააფუჭაო. საიდან, როგორ გაიგეს?..
ყოველ ახალგამოსულ წიგნს ნოდარი სოფელში გვიგზავნიდა წარწერით: "ჩემს აღმზრდელ და ჭკუის დამრიგებელ მამიდა დარეჯანს". ქეთო მასწავლებლის პროტოტიპი ნაწარმოებიდან "მე ვხედავ მზეს" დედაჩემია, რომელიც გერმანული ენის პედაგოგი იყო. ნოდარი, ბებია და დარეჯანი (ქეთოსაც ეძახდნენ) ერთად ცხოვრობდნენ სოფელში. ბაბუა გარდაიცვალა ნოდარის ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ. დარჩნენ ქალები და ნოდარი. ოჯახში კაცის საქმეს ნოდარი აკეთებდა. თვითონ ჰყვებოდა. ტუალეტს ვაშენებდი და დიდი ზომისა გამომივიდაო. ვიღაცას გამოუვლია და უკითხავს: რას შობი, ბიჭო, გამეეყავი ოლღასო?.. ნოდარი ავადმყოფობის დროსაც კი ყველაფერს იუმორით უყურებდა, მაინცდამაინც დაძაბუნებული არასოდეს ყოფილა. ბოლოს "ლეჩკომბინატში" ვიყავი მასთან, ისეთი დაუძლურებული სხვა დროს არ მინახავს... მალე გარდაიცვალა.
მუზეუმის დირექტორი ვარ დაარსების დღიდან, უკვე 25 წელია. სოფელში მაშინ ჩამოვედი, როცა მისი მშენებლობა დაიწყეს. დამიძახეს და ისე დამნიშნეს და ჩამაბარეს მუზეუმი, დაინტერესება პირადად არ მქონია. ნოდარი იმდენად ახლობელი იყო ჩემთვის და ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება, რომ უარი ვერ ვთქვი. ეზოს საკმაოდ დიდი ფართობი უჭირავს, მინდა, კარგი ჯებირი გავაკეთო, ალბათ 10-12 ათასი ლარი ეყოფა, თუმცა ამაზე არავინ ფიქრობს. ულამაზესი ადგილია და მუზეუმის ტერიტორია მინდა, ძალიან შთამბეჭდავი იყოს. პირველად რომ ნახავს ადამიანი, აქ მოსვლის სურვილი უნდა გაუჩნდეს მეორედ, მესამედ... ოჯახი 47 წლისამ შევქმენი, ჩემი მეუღლეც აქ მუშაობს, ორი ვაჟი გვყავს.
მარიკა ჭანიშვილი:
- თამაზი და მე მეზობლები ვართ. როცა გავთხოვდი, ჩემმა მამამთილმა მითხრა: სად იყავი ამდენ ხანს, თუ ჩვენი რძალი უნდა გამხდარიყავიო?!. ერთად რომ დავიწყეთ მუშაობა, მაშინ მოვიფიქრეთ დაოჯახება, მუზეუმმა დაგვაკავშირა ერთმანეთს. ჩემი მამამთილ-დედამთილი - გერონტი და დარეჯანი ნოდარს ასწავლიდნენ სკოლაში. მამიდასთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა, და-ძმასავით იყვნენ. ქიშვარდის 8 შვილი ჰყავდა - უფროსი ვლადიმერი (ნოდარის მამა) იყო და ყველაზე უმცროსი - დარეჯანი. მხოლოდ 9 წელი იყო განსხვავება მამიდასა და ძმისშვილს შორის, ამიტომ თანატოლებივით იქცეოდნენ. სულ ერთად თამაშობდნენ, ხან კამათობდნენ, მამიდა რომ იყო, ეს არ იგრძნობოდა.
ნოდარი ხშირად მინახავს სოფელში ჩამოსული, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახლოს ვიცნობდი. ერთი ეპიზოდი ძალიან კარგად მახსოვს. სკოლა დამთავრებული მქონდა, თბილისში ვსწავლობდი და იმ წელს სოფელში ჩემი მეგობარი ჩამოვიყვანე. გავასეირნე ლალი და ჩაის პლანტაციებს შორის ბილიკს მივუყვებოდით, როცა გზად ბატონი ნოდარი შეგვხვდა, ლაშის ღელესკენ (ამ პატარა ღელეს ახსენებს ნაწარმოებში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") სათევზაოდ მიდიოდა, ანკესი ჰქონდა გადადებული მხარზე და ქუდი ეხურა. ჩავიარეთ და მოგვესალმა, ჩვენც მივესალმეთ. დაქალს ვუთხარი: ეს იცი, ვინ იყო? არაო, მითხრა. ნოდარ დუმბაძე-მეთქი და, - ვაიმე, რას ამბობო?! - ისე შეჰკივლა, ბატონმა ნოდარმა მოიხედა, გაიღიმა და მეგობრულად დაგვიქნია ხელი.
საერთოდ, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი ყველას ძალიან მოსწონს. პანდემიის გამო, მნახველები ძალიან შეცოტავდნენ, შარშან 6 თვე საერთოდ დავიკეტეთ. ჩვენთან იმდენი ბავშვი მოდიოდა სწავლის პერიოდში, ყოველთვის ორ ცვლაში ვმუშაობდით. ზაფხულში უამრავ დამსვენებელს აინტერესებდა მუზეუმის ნახვა, აქვეა ბახმარო, ნაბეღლავი... საიდან არ ჩამოდიოდნენ! იყო ათასი წამსვლელი-მომსვლელი და მუდამ ხალხით სავსე ეზოში, შემოსვლაზე რიგი იდგა. ყაზახები, უკრაინელები, სომხები, პოლონელები - უცხოელები, ვინც ზღვაზე ისვენებდნენ (ურეკი, ბათუმი...), აქ ტაქსებით ამოდიოდნენ.
ამას წინათ იაპონელი იასიჰურო კოჯიმა მოვიდა, რა შესანიშნავად საუბრობს ქართულად. გურიაში ჩამოსულა და ჩვენ გვესტუმრა, თან წიგნი მოგვიტანა, იაპონურად თარგმნა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი მოისმინა, ეზოში გაისეირნა, აქვეა ქიშვარდი ბაბუას სახლი, ილარიონის, ილიკოს სახლები. ყველგან გადაიხედ-გადმოიხედა და ისეთი აღფრთოვანებული დარჩა, აღარ მიდიოდა (იცინის). არ ელოდა ასეთ სილამაზეს, შინაურულ ატმოსფეროს, დაიბარა - კიდევ მოვალო. პატარა კურიოზი დამემართა, არ ვიცოდი, რომ იაპონური წიგნები სხვა მიმართულებით იკითხება და როცა წიგნი ცოტა ხანს ხელში ვატრიალე, მერე ამიხსნა. წიგნს წარწერა გაუკეთა და გვაჩუქა. ჩანაწერების წიგნშიც ისეთი სწორი ქართულით დაწერა, რომ ძალიან მოვიხიბლე მისი ცოდნით. იასიჰუროსთან ერთად გადავიღეთ სურათები მუზეუმის გარეთ თუ შიგნით. უზომოდ კმაყოფილი დარჩა, ეზოში კარგა ხანს იჯდა, ფოტოაპარატსაც დიდხანს აჩხაკუნებდა. მოკლედ, ისეთ დღეში იყო, ძლივს გაიყვანეს ეზოდან.
ერთხელ ერთმა მასწავლებელმა მითხრა - ყოჩაღ თქვენ, მოსწავლეები ისე გისმენდნენ, არც განძრეულანო. ხომ იცით, ბავშვები როგორი აქტიურები არიან და მართლაც ძნელია დარბაზში მათი გაჩერება, როცა მინიმუმ ნახევარი საათი მაინც ვსაუბრობ. ახლახან ქუთაისიდან 23-ე საჯარო სკოლის მესამეკლასელები მოვიდნენ. კლასის დამრიგებელმა მითხრა, ამათ კლასგარეშე მასალაში გავაცანი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები, ყველაფერი იციანო. ჩემი საუბრის ბოლოს ერთი მოსწავლე მოვიდა და მეუბნება: იცით, რა, თქვენ არაფერი გითქვამთ სოსოიას რუსზე და რატომ? მე ვიცი, ის ვინც იყო, მასწავლებელმა წაგვიკითხა გაკვეთილზეო. ნაწარმოებების შესახებ ზოგადად ვსაუბრობთ და ყველა გმირის დასახელება არაა აუცილებელი. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მოვუყევი სოსოიას რუსზეც. ფაქტობრივად, ამ მოსწავლემ იძულებული გამხადა, რომ მელაპარაკა (იცინის). ცოტა ხნის წინ ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან მოვიდნენ სტუდენტები, 14 ადამიანი იყო... მუზეუმმა ნელ-ნელა გამოცოცხლება დაიწყო და მიხარია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
ნანული ზოტიკიშვილი