თამარ ფარჩუკიძის პოეტური მეცნიერება და მეცნიერული პოეზია - გზაპრესი

თამარ ფარჩუკიძის პოეტური მეცნიერება და მეცნიერული პოეზია

"ახალი სიტყვა ქართულ ისტორიოგრაფიაში", - ასე შეაფასა ისტორიკოსის, პოეტისა და სიმღერების ავტორის, თამარ ფარჩუკიძის სამეცნიერო კვლევა პირველი ქართული საგანმანათლებლო ემბლემების შესახებ აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ. მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და ორი პოეტური კრებულის ავტორი, არაერთი პოეზიის ფესტივალისა თუ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული საკუთარ შემოქმედებით ცხოვრებას არისტოტელეს ფრაზას არგებს: "ისტორიკოსი წერს ისე, როგორც არის. პოეტი კი - როგორც უნდა იყოს". ასე ავსებს ერთმანეთს მისი "პოეტური მეცნიერება" და "მეცნიერული პოეზია".

ქალბატონი თამარის სახელთანაა დაკავშირებული დღემდე არაერთი უცნობი ისტორიული ფაქტის კვლევა და აღმოჩენა XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის შესახებ.

ახლახან პოეტის ლექსი, "იქმენინ ნათელი", საერთაშორისო კონკურსში "წლის საუკეთესო ლექსად" დასახელდა.

- ქალბატონო თამარ, საგანმანათლებლო საკითხით თქვენი მეცნიერული დაინტერესება ოჯახური ტრადიციების ლოგიკური გაგრძელებაა: პაპა, ცნობილი ლოტბარი ნიკოლოზ სამჭკუაშვილი გყავდათ, მშობლები... თავადაც პრაქტიკული საქმიანობა საგანმანათლებლო სფეროში დაიწყეთ, არა?

- დაინტერესების მთავარი მიზეზი მაინც ჩვენში ოცდაათი წლის წინ დაწყებული საგანმანათლებლო რეფორმაა, რომელიც დღემდე არ დასრულებულა და ლამის "ერის წყლულად" გვექცა. ჩვენნაირი მცირერიცხოვანი სახელმწიფოსთვის განათლება (თვისებრიობას ვგულისხმობ და არა დიპლომირებულთა რიცხვს) და მეცნიერება პრიორიტეტი უნდა იყოს. მით უმეტეს, მრავალსაუკუნოვანი საგანმანათლებლო ტრადიციები გვაქვს. გავიხსენოთ, რით დაიწყო დავით აღმაშენებელმა მეფობა. ომწაგებულ და ღირსებაშელახულ ერს თვითშეფასება დაუბრუნა და შთააგონა, რომ წარმატების წინა პირობა აზროვნებისა და ცხოვრების წესის შეცვლაა. მთავარ მიზნად დასახა განათლების პოლიტიკა: ყველა სოციალური ფენიდან დაიწყო ნიჭიერი ბავშვების მოძიება და მათი პატრონობა. 33 წლისამ კი "მოიგონა" გელათის აკადემია! საფიქრებელია, რომ მას ჰყავდა ბრძენ მრჩეველთა მძლავრი გუნდი, რომელშიც იოანე პეტრიწიც უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ამის შემდეგ გამართა ყველა დიდი ბრძოლა, დაიბრუნა თბილისი, მოიგო დიდგორი და დაგვიტოვა მძლავრი, ეკონომიკურად გამართული სახელმწიფო. გაენათის მშენებლობაშიც მონაწილეობდა და... მივხვდი, რომ გაენათის ემბლემა იყო ქვაში გაცხადებული დავითისეული სრულიად უნიკალური, ინოვაციური კონცეფცია: "ახალი ათინა და მეორე იერუსალიმი". ემბლემის წიგნი "ათენური ცოდნის", ხოლო მზე - იესო ქრისტე, "მეორე იერუსალიმის" იდეის არქიტექტურული განსხეულებაა. აი, სრულიად ახლებური დასკვნებისკენ მიბიძგა პეტრიწონის ემბლემის აღმოჩენამ. ამ ორმა ემბლემამ ცნობილი ფაქტების ახლებურად გააზრების საშუალება მოგვცა. ასეთი სიმბოლოები სხვა ერს რომ ჰქონოდა, აქამდე მსოფლიოს ეცოდინებოდა.

- განგვიმარტეთ, რას მოგვითხრობს თქვენი აღმოჩენილი პირველი ქართული საგანმანათლებლო სიმბოლოები.

- ცხრა საუკუნის წინ ამ სიმბოლოებით ქართველებმა ვთქვით, რომ სამყარო ერთიანი წარმომავლობის, ერთი საწყისისაა და რომ თავისივე ნებით გათითოქვეყნებულ კაცობრიობას გადაარჩენს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით განსხვავებულ კულტურათა დიალოგი, რჯულშემწყნარებლობა.

GzaPress

- ეს ძალიან ჰგავს ადამიანის უფლებათა თანამედროვე პრინციპებს...

- საქმეც ისაა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შუა საუკუნეების დასაწყისშიც გვქონდა, ახლა კი აქეთ გვასწავლიან და ხანდახან გვსჯიან კიდეც - ეს როგორ არ იცითო?! პეტრიწონის (1083 წ., ბულგარეთი, დღევანდლი ბაჩკოვო) ქართველთა მონასტრისა და გაენათის (1106) აკადემიების შემდეგ გაიხსნა ადრეულ უნივერსიტეტებად მიჩნეული ბოლონიის (1088), ოქსფორდის (1167), კემბრიჯის (1213) და პარიზის (1215 წ.) უმაღლესი სკოლები, რომელთაც თავდაპირველად არ ერქვა უნივერსიტეტები. ჩვენშიც და მათთანაც სწავლება მიმდინარეობდა ერთი და იმავე - ტრივიუმ-კვადრიუმის პრინციპით. მეტიც, იმ შვიდ საგანთან ერთად, ჩვენში ისწავლებოდა საერო და კანონიკური სამართალი, მედიცინა და უცხო ენები. ასეთი პროგრამებით კი ევროპული უმაღლესი სკოლები XVI საუკუნემდე სარგებლობდნენ. ჩვენი აკადემიების პირველადობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მათში უძველესი საერო სიბრძნისა და საღვთისმეტყველო ცოდნის შერწყმა მოხდა მაშინ, როცა შუა საუკუნეების დასავლეთის ქრისტიანობას ანტიკური სიბრძნე ჯერ კიდევ კანონგარეშედ ჰქონდა გამოცხადებული. ჩვენმა წინაპრებმა ქვაშიც გამოკვეთეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა მარადიული განაცხადი. აი, საიდან მოდის მსოფლიო საუნივერსიტეტო ემბლემებში მზისა და წიგნის სიმბოლოების დღემდე აქტუალური ტრადიცია. ეს იყო ნეოპლატონური კონცეფციით ნასაზრდოები რევოლუციური იდეა, რაც პეტრიწის გარდა, არავის შეეძლო შთაეგონებინა ახალგაზრდა მეფისთვის.

- როგორ მოხდა, რომ ეს ემბლემები XX საუკუნემდე ვერავინ შენიშნა? ჩვენი უნივერსიტეტის სიმბოლოც ხომ ზოომორფულია?

- ამის შესახებ ბატონმა მიხეილ ქავთარიამ თქვა, - რა დასანანია, რომ უნივერსიტეტის დაარსებისას ამ ემბლემების შესახებ არ იცოდნენო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ პეტრიწი უსათუოდ დადგებოდა საერო თუ სასულიერო პირთა მხრიდან გარკვეულ წინააღმდეგობათა წინაშე. აკი, თავადვე წერს, რომ ასეთი მავიწროებელნი ჰყოლია ორგვარი: უცოდინარნი ("უმეცრებისასწავლოთაითა") და საკუთარი უცოდინარობის უცოდინარნი ("უმეცრებისა უმეცრები"). თავის დროზე ბერძენთა, შემდეგ ქართველთა შორის "თანადგომის ვერმპოვნელ", ბოლოს კი მფარველი მეფის გარეშე დარჩენილ პეტრიწს არც ერში დაელეოდა დავითის პოლიტიკის მიმართ რევანშისტულად განწყობილი მოწინააღმდეგეები და არც ბერში. პეტრიწის გარდაცვალების შემდეგ კი საფრთხე შეექმნებოდა მის ნაღვაწ მემკვიდრეობასაც, რომლის ნაშრომთა უმრავლესობა, "არადოგმატური" ბრალდებებით, შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდში დაიკარგა. ასევე აღარ მიექცეოდა ყურადღება გაენათის კარიბჭის ემბლემასაც, რომელიც ერთი შეხედვით, სულაც არ არის ქრისტიანული სიმბოლიკა.

- საუბრისას ტერმინ "გაენათს" იყენებთ...

- სასკოლო სახელმძღვანელოებსა თუ სამეცნიერო ნაშრომებში ვწერთ, რომ სიტყვა "გელათი" წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან "გენეთიტო" და ნიშნავს შობას. მე კი ვფიქრობ, რომ თავის დროზე განზრახ უარყვეს პეტრიწისა და დავითის ერთობლივი სახელწოდება "გაენათიც" და დაარქვეს "გელათი". საეკლესიო ტიტულში შემოგვრჩა კომპოზიტი "ქუთათელ-გაენათელი". ჩვენი ემბლემები მოწოდებაა გონების განათებისაკენ. ამ შინაარსს წინარე ქართველურ ენაზე ჰქვია "გა ჰე ნა თი" ანუ "განათდი", "გაგვანათლე", "იქმენინ ნათელი..." აქედან უნდა მომდინარეობდეს ტერმინი "განათლებაც".

- მართლაც ჰგავს ეს ქართული და ბერძნული სიტყვები ერთმანეთს?

- რიგ შემთხვევებში, ჩვენი ისტორია ხელახლა გვაქვს დასაწერი. დღემდე განვადიდებთ ანტიკურ და ბიზანტიურ ფენომენს მაშინ, როცა თავად ძველი ბერძენი ისტორიკოსები წერენ: ბერძენთა მომთაბარე ტომების თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიაზე მოსვლამდე, აქ ოქროდამწერლობით გამშვენებული პელასგური ცივილიზაცია ყვაოდა და ისინი წინარექართველური წარმომავლობისანი იყვნენო. სწორედ ასიმილაციის პროცესში ბერძნულმა ენამ შეითვისა პროტოქართველთა კულტურა, მრავალი ენობრივი ერთეული დაისაკუთრა და მერე, ჩვენში შემოსულ ბერძნულად სახელდებულ მითებს, ფაქტებსა და ქართულ სიტყვებს მოწიწებით ვუძებნიდით შესატყვის შინაარსებს. შეცდომათა ამ რიგშია "გაენათის" ბერძნულობის საკითხიც. საბედნიეროდ, დაფარული ისტორიებისა და უძველესი ცოდნების მიმართ ინტერესი თანდათან იზრდება. პეტრიწონის მონასტრის სიახლოვეს არის კლდე უძველესი დამწერლობით. მის წაკითხვას იოანე პეტრიწს ვუკავშირებ. ამ მოვლენის შემდეგ ბიზანტიის იმპერიაში უცებ გახმაურებულა ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა ქართველის სახელი. მალე პეტრიწს მოიხსენიებდნენ ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა "ღვთაებრივი", "აზრებში არწივივით მფრინავი", "ნათელი გონება", "მეუფე ამაღლებულობისა" და სხვა. პეტრიწმა ათეულობით ახალი სიტყვა გვაჩუქა, მათ შორის: აღმოჩენა, აგებულება, ადგილი, ნივთიერი, სულიერი, ზომიერი, გრძნობადი, აღორძინება, ფრიადი, სიტყვიერება, გამჭრიახობა, უსაზღვროება, საცნაური, მგრძნობელობა, სიტკბოება, მხედველობა და ა.შ. მან თავისი კვალი დაატყო ფილოსოფიის, ფილოლოგიის, მათემატიკის, მუსიკის დარგებს... მისი ნეოპლატონური მსოფლხედვა გახდა "ვეფხისტყაოსნის" იდეური საფუძველი, პოემაში ვხვდებით პეტრიწისეულ ლექსიკურ ერთეულებს. ვოცნებობ, პეტრიწის შესახებ გამოიცეს სამწიგნეული: სამეცნიერო, პოპულარული და საბავშვო ვერსიებით, რათა რუსთაველის მსგავსად, ყველამ იცოდეს, რა დიდი ღვთისკაცი გვყავდა.

- დასანანია, რომ პედაგოგიურ საქმიანობას არ ეწევით. 100 000 მოწამის ხსენების დღეს ამავე სახელობის ხიდიდან ყვავილების "გადაფენის" ტრადიციაც ხომ სკოლაში მუშაობის დროს დაამკვიდრეთ?

- დიახ, პედაგოგ დალი ხაჩიძესთან ერთად. ბავშვებს ცოცხალი სწავლება, ისტორიის თანაგანცდა სჭირდებათ: დავითისა - დიდგორზე, ქეთევანისა - მუხრანში, ბოტანიკისა - ბაღში და ზვარში, ქიმიისა - ლაბორატორიაში... გამეტებულები გვყავს ამ გადატვირთული, მტრულად შედგენილი, ხშირად უცხოურიდან კალკირებული სახელმძღვანელოებით სწავლისთვის. 12 წელი ინტერესებისა და შესაძლებლობების დიფერენციაციის გარეშე ერთნაირად მოვითხოვთ ისწავლონ ყველაფერი, ანუ პირობებს ვუქმნით, რომ ვერაფერი ისწავლონ. შედეგად ვიღებთ წარჩინებულ მოსწავლეთა უმნიშვნელო პროცენტს და ღირსებაშელახულ, თავიანთ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვშეპარულ ახალგაზრდებს და ივერიის გაბრწყინებას ველოდებით! საერთოდ, ანგელოზებს ვაჩენთ და მერე ჩვენვე ვაცლით ფრთებს... სამსახურს რაც შეეხება, სამი მტკივნეული მცდელობის შემდეგ გავჩერდი...

- ახლახან თქვენი ლექსი - "იქმენინ ნათელი" საერთაშორისო კონკურსში წლის ლექსად დასახელდა. როგორც პოეტზე, ერეკლე საღლიანმა თქვა, თამარმა მოწმენდილ ცაზე უცებ დაიქუხაო...

- ლექსს ბავშვობაში "გავუშინაურდი". დედა იხსენებდა, ძლივს ლაპარაკობდი, ორხაზიანი სტრიქონით რომ მოგვიმღერე მე და მამასო. ჩემმა შვილებმაც ლაპარაკთან ერთად დაიწყეს მღერა-ლექსობა. ოჯახის ერთ-ერთი სახალისო საქმე კაფიობა იყო. დედა წამოიწყებდა და მერე მორიგეობით უნდა გვეთქვა სიტყვა, რომელზეც კაფიას ავაწყობდით. ამიტომ, ლექსის წერა ბუნებრივ მდგომარეობად მიმაჩნდა და გამომზეურებაც არასოდეს მიცდია. ჩვენ ისინი ვახსენოთ, ვინც საქართველომ სიცოცხლეში ვერ გაიცნო, - ლევან დუმბაძე, ნიკო ბლიაძე, გოჩა გეგუჩაძე - ჩემი მეგობარი პოეტები, სადიდგორე ბიჭები...

GzaPress

- ამბობთ, ჩემს ძმას (გელა ფარჩუკიძე, ცნობილი მუსიკოსი, დირიჟორი, თბილისის ბავშვთა კაპელის ხელმძღვანელი) და მე მშობლებმა სამოთხე აქვე, დედამიწაზე განგვაცდევინესო. კონკრეტულად რას მოიცავდა ეს "სამოთხე"?

- მათ გვაჩუქეს მტკიცე ოჯახური ერთსულოვნება, ურთიერთპატივისცემა, თანადგომა, შემოქმედებითი თანამოაზრეობა, ინტერესთა ერთიანობა, სხვა მრავალი სიკეთე და მთავარი - პასუხისმგებლობის განცდა ხალხისა და სამშობლოს წინაშე. ეს არის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა მშობლებისგან. თავადაც თხზავდნენ სიმღერებს. ათწლეულების მანძილზე მათი ხელმძღვანელობით მუხრანის სკოლის გუნდი წარმატებით გამოდიოდა რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე. გელა ამ ტრადიციის გვირგვინია. მამა, თენგიზ ფარჩუკიძე, ისტორიკოსი, თვითნასწავლი მხატვარი იყო. მღეროდა, წერდა, უკრავდა ყველა ინსტრუმენტზე, რომელთანაც კი შეხება ჰქონია. ხატმწერიც იყო. მისი ცხოვრების შინაარსის ყველაზე ზუსტი მახასიათებელია წარწერა საფლავის ქვაზე: "იჩქარე აკეთო სიკეთე". გარდაცვალების წინადღესაც კი დედა უბნის პატარებს (და ეს უკვე მერამდენე თაობას) ამეცადინებდა: ერთად სიმღერა უნდა შეგეძლოთო... მის მიერ წამოწყებული ერთ-ერთი დიდი სიკეთე კი მუხრანის წმინდა ქეთევანის სახელობის მონასტერია, რომლის ბალავარსაც ჩაეკირა კიდეც...

- სიტყვა "კომპოზიტორი" იუარეთ, მაგრამ ფაქტია, სიმღერებს წერთ.

- უბრალოდ, მაქვს სიმღერები. მზის ამოსვლაზე დიდებული არაფერია, მაგრამ რა უჩუმრად ამოდის ყოველდღე?! საგუნდო სიმღერა "მეჩუქა" დიდი ხნის წინ - "დიდგორი". დედა ამღერებდა გუნდს, საოცარი შემართებით ასრულებდნენ ბავშვები. დასანანია, რომ დიდგორის 900 წლისთავია და ეს სიმღერაც ისევე უჩუმრად დევს, რა სიჩუმითაც ამ თარიღს ვხვდებით.

- თქვენი ჰობი ხელსაქმესა და ჭრა-კერვასთან ერთად, მოხუცებთან მეგობრობაა...

- ქალაქის კორპუსებში გამოკეტილი მოხუცების ბედს განვიცდი. რა იქნება, ჩამოივლიდეს ავტობუსები დილა-საღამოს, წაიყვანდეს მათ სადმე, ქალაქთან ახლოს, მიწის ნაკვეთზე საფუსფუსოდ, საურთიერთობოდ და დააბრუნებდეს საღამოს შინ...

- სამი შვილი გყავთ: იაკობი, ია და დავითი...

- ყველაზე მთავარი საქმე და პასუხისმგებლობა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, უკვე ცხოვრების ურთულეს გამოცდებს გადიან. განიცადეს უსამართლობა, ღალატი, დაუფასებლობა... ძალიან "მაღალ ტემპერატურაზე" იწრთობიან. მათ ღირსებად მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, სამშობლოს არ ტოვებენ. მინდა სჯეროდეთ, რომ ყველაფერი ჩვენი სულის ფორმირების - ზრდისა და დახვეწისათვის ხდება. ვისურვებდი, საკუთარი თავის შეცნობის ყველაზე მნიშვნელოვან პროცესში მუდამ მყარად ევლოთ სამეუფო ღირსების გზაზე, არისტოტელე რომ "ოქროს შუალედს" უწოდებდა...

დედისა და მეუღლის გარდაცვალების გამო ქალბატონ თამარს მხრებზე შავი თავსაფარი ჰქონდა მოხვეული, რომელსაც მისივე ხელით ამოქარგული პატარა ფერადი ყვავილები ამშვენებდა. სიბნელისა და ფერადოვნების ეს მცირე დეტალი მისი ჩრდილში ცხოვრების წესისა და მტკიცე, ნათელი ხასიათის სინთეზის ყველაზე შესაფერის სიმბოლოდ მენიშნა. ახალგაზრდობის შემდეგ გარემოებათა თანხვედრითა თუ საკუთარი ნებით გამოტანილი თვითგანაჩენით, ფართო საზოგადოებისათვის უჩინრად ცხოვრობს. მაგრამ ამ დაფარულში მისი თავშალის პაწაწინა ყვავილებივით ამოწვერილია თითქმის ბავშვური სილაღე და სიხალისე...

შორენა ლაბაძე