ჯოჯოხეთი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე - გზაპრესი

ჯოჯოხეთი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი ჩალაძის სპექტაკლის - NO EXIT - პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა ჟან პოლ სარტრის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე თურქული ფესტივალის ფარგლებში იმუშავა. წარმოდგენა პირველად ოქტომბერში ღია სივრცეში გაიმართა. ციფრული ფესტივალის გამარჯვებული პროექტი, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანი განსხვავებული სცენოგრაფიაა, ერთგვარად, პანდემიის თემასაც ეხმაურება.

- გიორგი, რის მიხედვით შეარჩიეთ პიესა, პანდემიას ხომ არ დაუკავშირეთ?

გიორგი ჩალაძე, რეჟისორი:

- თურქული ფესტივალის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი ორეტაპიანი იყო. პირველ ეტაპზე 25 რეჟისორის 5 პროექტი შეირჩა. პიესების სია ძირითადად, მე-20 საუკუნის უკვე კლასიკად ქცეული ნაწარმოებებისგან შედგებოდა. ერთ-ერთი გახლდათ ჟან პოლ სარტრი. საერთოდ, ეგზისტენციალური მიმდინარეობები მაინტერესებს. სარტრმა ეს პიესა პარიზის ოკუპაციის პერიოდში დაწერა, მაშინ, როცა ფაშისტების მიერ პარიზის ბლოკადა მიმდინარეობდა. ეს იყო ნაწარმოები სამი ადამიანის შესახებ, რომლებიც დაბომბვისას ბუნკერს აფარებენ თავს. პიესაში კი ომზე სიტყვაც არ არის ნათქვამი. ჩაკეტილი სივრცის თემა ჩვენს პანდემიურ ჩაკეტილობას დავუკავშირე და არჩევანი ამ პიესაზე შევაჩერე. პიესა ადამიანების შესახებაა, რომლებსაც ყურადღების გადატანის საშუალება არ გააჩნიათ. ისინი ატყუებენ სხვებს და იტყუებენ საკუთარ თავს. მაგრამ გარემო მაინც ამხელს მათ და ასეთი პირობების მიუხედავად, მაინც მიდიან ჭეშმარიტებამდე.

- როგორ გადაწყდა სპექტაკლისთვის სცენოგრაფიის შერჩევა? მსახიობები და მაყურებელი, ფაქტობრივად, ერთ სივრცეში არიან მოქცეული...

- სარტრის მოცემულობა ჩაკეტილი ოთახია. გვინდოდა, მოქმედება შემოსაზღვრულ სივრცეში განვითარებულიყო. გარდა ამისა, თუკი პიესის მთავარი იდეის მიხედვით, "ჯოჯოხეთი, ეს არის სხვები", რატომ უნდა იყოს ერთი ადამიანისთვის "სხვები" მხოლოდ ორი მსახიობი და არა მაყურებელიც?! ამიტომ მსახიობები მაყურებელთანაც უშუალო კონტაქტში შედიან. პერსონაჟების მეხსიერებაში არიან ადამიანები, ვისზეც საუბრობენ და მათი საუბრის ხორცშესასხმელადაც მაყურებელი გამოვიყენეთ.

- სპექტაკლის მიმდინარეობისას ეკრანზე ჩანს, როგორ იხარშება ქვაბში ბაყაყი...

- ბაყაყის სიმბოლო ერთ საყოველთაოდ ცნობილ ექსპერიმენტს უკავშირდება: ექსპერიმენტის მიხედვით, თუკი ბაყაყს მდუღარე წყალში ჩასვამ, ის მთელ ძალებს იკრებს და წყლიდან მაშინვე ხტება, ხოლო თუ ცივ წყალში ჩასვამ და წყალს თანდათან გააცხელებ, ბაყაყი ტემპერატურას ეგუება და როცა წყალი უკვე ცხელია, ამოხტომას ვეღარ ახერხებს, რადგან მთელი თავისი ენერგია შეგუებას შეალია. სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი თუ მაყურებლისთვის გაჩენილი კითხვაა: არის კი ჯოჯოხეთი სხვა ადამიანები? თუ ჯოჯოხეთი ჩვენშია?!. ჯოჯოხეთი სწორედაც რომ ჩვენშია, რადგან სხვების დამოკიდებულება ჩვენდამი ჩვენგანვეა გამოწვეული. ხშირად საკუთარ თავს ვუწყობთ ჯოჯოხეთს.

თამარ მამულაშვილი, მსახიობი:

- ყოველი ახალი როლი ახალი შეხვედრაა - გმირთან, პერსონაჟთან პირველი შეხვედრა. მთელი სიუხეშე და სიბინძურე ასმაგდება, როცა ადამიანი სხვა და თანაც ჩაკეტილ სივრცეში ხვდება. ამიტომ სპექტაკლი საკმაოდ მძიმე სანახავი და აღსაქმელია. ყველა იმ სიამოვნებისთვის, რომელიც არასწორი გზით განვიცადეთ, ადრე თუ გვიან პასუხი უნდა ვაგოთ. ცხოველური ვნებები საბოლოოდ უზარმაზარ ტვირთად იქცევა, რომლის დანახვა და აღიარება ხშირად ადამიანს არათუ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც კი უჭირს.

გმირები ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი - ეს სხვებია. ჩემს გმირს კი ამ დასკვნაში ეჭვი შეაქვს - ჯოჯოხეთი ეს სხვებია? იქნებ ჩემშია ეს ჯოჯოხეთი და მე სხვას ვაბრალებ?.. უმჯობესია, ადამიანებმა შევძლოთ და საკუთარ გულში ჩავიხედოთ.

- ხატია, გაიხსენეთ სპექტაკლზე მუშაობის პროცესი. რა შეგძინათ ამან როგორც მსახიობს და რაზე დაგაფიქრათ როგორც პიროვნება?

ხატია მელქაძე, მსახიობი:

- მუშაობის პროცესი ძალიან რთული იყო, რადგან თვით პიესაა ასეთი. ვფიქრობ, ჩემი პერსონაჟი ყველაზე მრავალფეროვანი იყო. გვინდოდა შეგვექმნა გმირი, რომელიც "ფერადია", თითქოს ხალისიანიც, სინამდვილეში კი უზარმაზარ ტრაგედიას მალავს და თან დაატარებს. ჯოჯოხეთი ალბათ მაინც ჩვენშია და არა ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებში. ჩვენს ცხოვრებას თავადვე განვაგებთ და ვალაგებთ. თუ სიბრალულს, სინანულსა და შეცდომების აღიარებას შევძლებთ, ეს ჯოჯოხეთი დაპატარავდება და იქნებ გაქრეს კიდეც.

შორენა ლაბაძე