"ნუ მექნება ტილო და ფურცელი, მთავარია ვიყო სიჩუმეში და ჭერზეც დავხატავ..."
მხატვარ-კალიგრაფი ალექსანდრე მამუკაშვილი პირველია, რომელმაც საქართველოში კალიგრამის ტექნიკა გააცოცხლა. კალიგრამი ეს არის ლექსი, რომლის გრაფიკული წყობა ფურცელზე ნახატის ფორმას ქმნის. ნახატის ფორმა კი ხშირად ტექსტის სიუჟეტთან არის დაკავშირებული, თუმცა ზოგჯერ მისი საპირისპიროცაა. თვითონ სიტყვა ნიშნავს "ლამაზ ნაწერს": ალექსანდრეს ხელნაწერები ევროპის რამდენიმე ქვეყნის კერძო კოლექციაში ინახება.
- ბევრი ბავშვის მსგავსად, მეც მიყვარდა ხატვა, თუმცა მოგვიანებით, 11 წლის შემიყვანეს გორის სამხატვრო სკოლაში. რამდენიმე თვე ვიარე იქ, შემდეგ ისევ ჩემით განვაგრძე ამ საქმით ტკბობა. 2012 წელს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე და დიზაინის მიმართულებით წავედი. 15 წლის ასაკამდე შემოქმედებით სამყაროში ერთგვარად უკომპასოდ ვვითარდებოდი, რაც ნამდვილად იყო საინტერესო პროცესი - შინაგან სამყაროზე დაკვირვება და ჯერ კიდევ გაუვალი ტერიტორიების მოსინჯვა თორმეტი ფანქრითა და ერთი საშლელით, რაც თავის შედეგს აუცილებლად მოიტანდა, თუმცა სრულიად განსხვავებულს, რომ არა ქართული კალიგრაფია. პირველად სწორედ 15 წლისამ გავგზავნე ნამუშევარი კალიგრაფიის კონკურსზე და გავიმარჯვე, მაშინ მხოლოდ შიდა ქართლის მასშტაბით ტარდებოდა, 2010 წლიდან კი ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა სხვა ხარისხისა და მასშტაბის კონკურსი გამოაცხადა. აქედან იწყება ჩემს შემოქმედებაში ახალი თავი, რომელიც საეტაპო აღმოჩნდა. ისე კი ეთერ ჭკადუაა ჩემი საყვარელი მხატვარი, ჩემს გამოფენაზეც ნამყოფია.
- რა არის თქვენი, როგორც შემოქმედის მთავარი სათქმელი?
- ბოლო რამდენიმე წელია, ხელოვნებას აღარ აღვიქვამ იმ იარაღად, რომელიც მუდამ გადატენილია და ხელსაყრელ მომენტს უნდა ველოდებოდე სათქმელის გადმოსაცემად. მარტივად რომ ვთქვა, მთავარი სათქმელი არ მაქვს. ერთადერთი, რაც ჩემთვის მთავარია, ეს არის გეგმის არარსებობა, იმის დავიწყება, რომ ნამუშევარს ჩემ გარდა სხვისი თვალებიც აირეკლავენ, გულწრფელობა, კონკრეტულ მომენტში მინდობა საკუთარ შეგრძნებებზე, ემოციებზე აქ და ახლა. ჩემი გამოცდილებით, ასეთი მიდგომით პროცესიც და შედეგიც უკეთესია.
- თქვენ ხართ პირველი კალიგრაფი, რომელმაც საქართველოში კალიგრამის ტექნიკა გააცოცხლა. როდის შეიქმნა თქვენი პირველი კალიგრამა, რა გახდა ამის ინსპირაცია?
- ჩემი პირველი კალიგრამის შექმნიდან ათწლეულზე მეტია გასული. ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა შემთხვევა, რომელიც ხელის გავარჯიშებისას მოხდა. საკუთარი სახელის ლამაზად დაწერას ვცდილობდი, როცა სწორი ხაზები გავაქრე და ასოების უსისტემოდ, "წესების" დარღვევით წერა დავიწყე. თანდათან საინტერესო ფორმები გამოიკვეთა და ეს პროცესი მომეწონა. ყოველ მომდევნო ნამუშევარს ტექნიკურად ვართულებდი. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის კალიგრამის ხელოვნებაზე წარმოდგენა არ მქონდა. მოგვიანებით არაბული და ლათინური ნიმუშები აღმოვაჩინე, რომლებისგანაც ჩემი ტექნიკა განსხვავდება და მიხარია, რომ მათ აღმოჩენამდე კალიგრამების ჩემეულ სისტემაში მოქცევა მოვასწარი. ეს მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია არაბულ კალიგრაფიაში, უძველესი, მარტივი კალიგრამის ნიმუშები კი ძვ.წ. IV საუკუნის ძველ საბერძნეთშიც გვხვდება, ხოლო ქართულ ხელნაწერებში გვაქვს XI საუკუნით დათარიღებული კალიგრამა გველის ფორმით, რომელიც ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილ "კლემაქსში" გვხვდება.
- თუ არსებობს რაიმე კანონზომიერება, რის მიხედვითაც კალიგრამებს ქმნით?
- საწყის ეტაპზე ყურადღებას ვაქცევდი, რომ ფორმების სირთულის მიუხედავად, ტექსტი კითხვადი ყოფილიყო, მაგრამ დროთა განმავლობაში კითხვადობა და ფუნქციური მხარე ჩემთვის მეორეხარისხოვანი გახდა, ამან მეტი თავისუფლება მომცა და კომპოზიციურად კიდევ უფრო გავართულე კალიგრამები, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სიმარტივე წამგებიანია. პირადად ჩემთვის, ნაკლები წესი უდრის უკეთეს შედეგს წერისა თუ ხატვის პროცესში. შთაგონების წყარო კი ძირითადად, შინაგანი სამყაროა, ჩემივე ემოციები და შეგრძნებები. ინსპირაციისთვის გარეთ "მოგზაურობას" ყოველთვის საკუთარ თავში ჩაღრმავება მირჩევნია. არ მავიწყდება, რომ ყველას შინაგან სამყაროს გალაქტიკის მასშტაბები აქვს. საკუთარ თავზე დაკვირვება და ამ დაკვირვების სიღრმე განსაზღვრავს, რამდენად უნივერსალურია შიგნით მოპოვებული შთაგონება.
- რას იყენებთ საწერად?
- უმეტესად მუქ, სქელ ქაღალდს, ღია ფერის თხევად, წყალგამძლე აკრილს და მელანში ჩასაწობ ძველებურ კალმებს, რაც ჩვეულებრივი კალმებისგან განსხვავებით, მოქნილობას, მონასმის სისქის კონტროლსა და მეტ შესაძლებლობას იძლევა. ზოგჯერ აიპედშიც ვწერ და ვხატავ, ძირითადად, ახალწაკითხული წიგნების საილუსტრაციოდ.
- კალიგრამის საშუალებით აცოცხლებთ ქართულ ანბანს. როგორია თქვენი დამოკიდებულება ანბანის მიმართ - ალბათ ძალიან უნდა უყვარდეს კაცს მშობლიური ენა და დამწერლობა, ასე რომ მოეფეროს თითოეულ ასოს.
- ასეა. არ მინდა, პათეტიკური ვიყო, მაგრამ მგონია, რომ ოცდაცამეტივე ასო გენეტიკურ კოდში მაქვს და როგორც კი კალამს ვეხები, მარჯვენიდან ტალღებად მოედინება ემოციები, რომელთა გამოთავისუფლებაც ზოგჯერ მხატვრობაზე უკეთესად კალიგრაფიით მიხერხდება. კალიგრაფია თავისი ავტორის წარმოუდგენლად დიდ ენერგეტიკას ატარებს.
- "კალიგრამები სამკაულებში" - როგორ გაჩნდა ეს იდეა?
- ეს იყო 2016 წელს, როცა მოდის სახლის დიზაინერი მესაუბრებოდა თავის კოლექციაზე, რომლის მთავარი თემა სისუსტე იყო. უცებ წარმოვიდგინე, როგორ დაიწერებოდა ეს სიტყვა და მივამსგავსე პულსს, კარდიოგრამას, რაც უკვე მინიმალისტური კალიგრამა იყო, ფორმა პასუხობდა შინაარსს. ამგვარად, დამზადდა ვერცხლის საყურეები, რომელიც მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე გამოვიდა, მოხვდა ჟურნალ "ვოგის" "ედითორიალშიც" და დიდი მოწონება დაიმსახურა.
- ტაროს კარტიც შექმენით, დაინტერესებული ხართ ამ სფეროთი?
- 2019 წელს მეგობრის მეშვეობით აღმოვაჩინე "კატოს ტაროლოგია", ყოველდღე ვუყურებდი მის გაშლებს და იმდენად დამაინტერესა, რომ უკვე 2 წელია, საავტორო დასტაზე ვმუშაობ. 78 არკანიდან ნახევარზე მეტი დასრულებულია, საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ არ ვაპირებ გაჩერებას და კიდევ ბევრი იდეა მაქვს განსხვავებული დასტების შესაქმნელად, მათ შორის ერთი მთლიანად კალიგრამის სტილში იქნება. შეიძლება ითქვას, ტაროს თემა ერთ-ერთ ძირითად საქმიანობად მექცა.
- სხვა გატაცებები, ინტერესები...
- გეიმინგი. ბევრი არასერიოზულად და აგდებით უყურებს ამას, ალბათ სიტყვა "თამაში" უკვე სტერეოტიპულია და ბავშვის გასართობი საქმიანობა ჰგონიათ, მაგრამ ჩემი აზრით, ვიდეოთამაშების ინდუსტრიაც ხელოვნებაა, რომელიც წარმოუდგენელ შრომასა და შემოქმედებითობას მოითხოვს შემქმნელებისგან. ჩემთვის არაერთხელ შთაუგონებია თამაშს თავისი შინაარსით, პერსონაჟებით, საუნდტრეკით და არეკლილა კიდეც ჩემს ნამუშევრებში. გეიმინგის გარდა, ახლახან დავიწყე ვიდეოების ატვირთვა იუთუბიზე, სადაც დეტალურად ვაჩვენებ, თუ როგორ ვხატავ ტაროს კარტებს, ვწერ კალიგრაფიულად, ვავსებ დღიურებს და ეს ყველაფერი არ არის, რის შეთავაზებასაც ვაპირებ ჩემი აუდიტორიისთვის, რომელიც ნელ-ნელა "ტიკტოკიდან" მემატება, სადაც უფრო დიდი, 50 000-იანი აუდიტორია მყავს. ვიმედოვნებ, "ტიკტოკერის" სტატუსს იუთუბერობა გადაფარავს.
- გამოფენა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა თქვენს შემოქმედებაზე...
- გამორჩეულად ქართველი და არაბი კალიგრაფების ჯგუფური გამოფენა მახსენდება - "განსხვავებული ხაზები, იგივე გრძნობა" კაიროს ერთ-ერთ ისტორიულ სასახლეში, 2015 წელს. ამ გამოცდილებას დამატებით ხიბლს ალბათ ისიც სძენს, რომ ბავშვობიდან ძველ ეგვიპტეზე ვარ შეყვარებული. ამავე წელს ქალაქ ალექსანდრიაშიც გამოიფინა ჩემი კალიგრამები, მოგვიანებით აბუ დაბიში, სტრასბურგში, ბორდოში და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონალური გამოფენა იყო "კალიგრამა - მუსიკად ქცეული ანბანი", რომლითაც, იანო ალიბეგაშვილის ინიციატივით, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა წარმადგინა. გამოფენა კლასიკური მუსიკის ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" ფარგლებში ჩატარდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს პანდემიის გამო შეჩერებულია რამდენიმე გამოფენა და პროექტი, რომლის განხორციელებასაც მოუთმენლად ველი.
- როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს ქართულ კალიგრაფიას?
- ეს პირდაპირ კავშირშია საზოგადოების მხრიდან დაინტერესებაზე. ბოლო ათწლეულმა - კონკურსებმა, კალიგრაფიის პოპულარიზაციის მცდელობებმა ცხადყო, რომ საუკუნეების ტრადიციის მქონე, მიძინებული მიმართულება იღვიძებს და სერიოზული ნიმუშები იქმნება. კალიგრაფობა ყოველთვის იშვიათი პროფესია იყო. ვისურვებდი, რომ უფრო მეტ ადამიანს ეცადა და მოესინჯა შესაძლებლობები ამ სფეროში, რადგან ყველამ ვიცით, რომ საკუთარი დამწერლობით ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს. ცალკე თემაა ჩვენი სამსახოვანი ანბანი, რომელიც მეტ ყურადღებას იმსახურებს. ეს არ უნდა იყოს ერთეულების უნარი, შეეძლოს მრგლოვანით და ნუსხურით წერა-კითხვა.
- ვინ არის თქვენი შემოქმედების პირველი შემფასებელი და საინტერესოა, როგორი სამუშაო გარემო და განწყობა გჭირდებათ სახატავად, საწერად?
- ჩემი პირველი გულშემატკივრები ძმა და მშობლები არიან, პირველი შემფასებლები კი რამდენიმე კოლეგა და მეგობარი. მაქსიმალური პროდუქტიულობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მარტო ყოფნასა და სიჩუმეს. მხოლოდ ეს ორი მოცემულობაა ჩემთვის მთავარი. ნუ მექნება ტილო და ფურცელი, მთავარია ვიყო სიჩუმეში და ჭერზეც დავხატავ. გარდა ამისა, ძალიან შთამაგონებს მუსიკის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც მთლად ბოლომდე მუსიკაც არ არის, ამ ჟანრს Dark Ambient ჰქვია და, მგონი, ყველაზე ნაკლები მსმენელი ჰყავს მთელ მსოფლიოში.
ნინო ჯავახიშვილი