"წინა წლებთან შედარებით, მოიმატა სამკურნალოდ ჩამოსულ პირთა რაოდენობამაც"
ლიკა ახალბედაშვილი ბარსელონაში გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი გახლავთ. ალბათ ცოტა ადამიანი მოიძებნება, ვინც მასზე დადებითად არ ისაუბრებს, ამიტომ გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებლად მისმა დანიშვნამ დიდი სიხარული გამოიწვია ემიგრანტებში. ქალბატონმა ლიკამ, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც გამონახა დრო, ესაუბრა ემიგრანტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის საჭირბოროტო თემებზე.
- როგორც ცნობილია, ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს შეეცვალა სტატუსი და 1-ლი ივნისიდან, როგორც გენერალური საკონსულო აგრძელებთ მუშაობას. რა ცვლილებებია მოსალოდნელი და რა იქნება გენერალური საკონსულოს საქმიანობის პრიორიტეტი?
- საქართველოს გენერალური საკონსულოს ყოველდღიური საქმიანობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნაა, რაც გულისხმობს მათი პრობლემების გაზიარებას, კანონმდებლობის ფარგლებში ამ პრობლემების მოგვარებასა და სათანადო რეკომენდაციების გაწევას. საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეებისთვის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დახმარებისა თუ მომსახურების გაწევა, ვფიქრობ, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო მოვალეობაა. გენერალური საკონსულო ჩვეულ რიტმში განაგრძობს მასზე კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას, ხოლო რაც შეეხება ცვლილებებს, სტატუსის ცვლილებასთან ერთად იზრდება შესაძლებლობები და პერსპექტივები. გენერალური საკონსულო აქტიურად ჩაერთვება ორმხრივ კულტურულ, ეკონომიკურ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სასპორტო, ტურისტულ და სხვა სფეროებში არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი კავშირების ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე აქტიური მუშაობა გაგრძელდება საქართველოს და მისი ევროატლანტიკური კურსის, ევროკავშირში გაწევრების შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დეოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
- როგორია პრობლემები, რომელთა წინაშეც ყველაზე ხშირად დგებიან ესპანეთში ჩასული ჩვენი თანამემამულენი?
- ვფიქრობ, ემიგრაციაში წასული ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველი პერიოდი განსაკუთრებით რთულია. ისინი ხვდებიან კულტურულ და ენობრივ ბარიერს, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ მწირი ან მცდარი ინფორმაცია აქვთ, იმყოფებიან სამშობლოსგან და საკუთარი ოჯახისგან შორს, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს მათ სულიერ მდგომარეობაზე. მე და ჩემს კოლეგებს სისტემატურად გვიწევს სწორი რჩევის მიცემა, რათა უფრო ადვილად მოხდეს მათი ადაპტაცია და ადგილობრივ სოციალურ გარემოში სწორი ინტეგრაცია. ხშირია სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტის მხრიდან წარსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემა, რასაც მაქსიმალურად ვითვალისწინებთ და უმოკლეს ვადაში ვცდილობთ, ოპერატიულად აღმოვუჩინოთ დახმარება. ახალჩამოსულებისთვის მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს ჩართულობა, რასაც გენერალური საკონსულო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს, ისე სულიერი გაძლიერება. სწორედ ამ ხალხს, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად მხარში დგომით აძლიერებს ბარსელონაში ქართული ეკლესიის წინამძღვარი - არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ ერი და ბერი ერთად უნდა იყოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
- წინა წლებთან შედარებით რამდენად ხშირად მოგმართავენ დახმარების თხოვნით?
- წინა წლებთან შედარებით მოიმატა როგორც სამუშაოდ და სასწავლებლად, ასევე სამკურნალოდ ჩამოსულ პირთა რაოდენობამ. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლიდან პანდემიის გამო მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, საგრძნობლად იმატა მოქალაქეთა მხრიდან საკონსულოსადმი მომართვიანობამ და მოთხოვნებიც წინა წლებთან შედარებით სახეცვლილია. პანდემიის დაწყებიდან ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, ჩვენს საკონსულოს არც ერთი წუთით არ შეუჩერებია მუშაობა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად ვმუშაობდით 24-საათიან რეჟიმში. შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს დახმარება აღმოვუჩინეთ ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: სამშობლოში დასაბრუნებელი ავიაბილეთების დაჯავშნა, სხვადასხვა ქალაქიდან სამშობლოში დასაბრუნებელი მარშრუტების შემუშავება, დოკუმენტაციის მოგვარება და ა.შ. ადგილზე დარჩენილებს ვეხმარებოდით როგორც მედიკამენტებით, ისე საკვებითა თუ პირველადი მოხმარების პროდუქტებით. დავეხმარეთ თავშესაფრის გარეშე დარჩენილ პირებსაც. მაშინ, როდესაც მთელი ესპანეთი ჩაკეტილი იყო, საკონსულო საკუთარი ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფდა საქართველოს მოქალაქეების გადაყვანას სამკურნალო დაწესებულებების, აეროპორტებისა და თავშესაფრების მიმართულებით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი დიასპორის ჩართულობა თანამოქალაქეების დახმარების საკითხში. ამ მხრივ მსურს გამოვყო ბარსელონაში არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილის თაოსნობით შექმნილი კრიზის-ჯგუფი, რომელმაც ფასდაუდებელი დახმარება გაუწია გაჭირვებაში ჩავარდნილ თანამოქალაქეებს, ხოლო ალიკანტეში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი მანანა გოგოლაძე, რომელიც პირადად არიგებდა მოქალაქეებისთვის საკვებს და პირველადი მოხმარების პროდუქტებს. ხშირი იყო რიგითი მოქალაქეების მხრიდანაც ერთმანეთის მიმართ თანადგომის გაწევის ფაქტი. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ამიტომ ყველა მათგანს უღრმეს მადლობას ვუხდი. პანდემიის დროს ჩვენი დიასპორის მსგავსმა ერთიანობამ და ერთმანეთის მიმართ თანადგომის გამოვლენამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამხელა ძალა აქვს გასაჭირის ჟამს ქართველების ერთობას და იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ეფექტურია კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფოსა და დიასპორის ერთიანობა. საქართველოზე ეკონომიკურად ძლიერი და დიდი დიასპორის მქონე ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის იმას, რაც საქართველოს სახელმწიფომ და ქართულმა დიასპორამ თავისი ერთიანობითა და შემართებით შეძლო პანდემიის დროს, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვა ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.
ამ ეტაპზე, როდესაც პანდემიამ იკლო და ქვეყნები ნელ-ნელა უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს, გენერალურ საკონსულოში ჩვენი თანამოქალაქეები ძირითადად მოგვმართავენ სხვადასხვა დოკუმენტაციის (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, სამოქალაქო აქტები, სხვადასხვა ცნობის დამზადება და ა.შ.) მოთხოვნით. ხშირია მომართვიანობა ქართველი სტუდენტების მხრიდან, რომელთაც საკონსულო ეხმარება სასწავლო დაწესებულებებში წარსადგენი დოკუმენტაციის უზრუნველყოფაში და ესპანეთის ტერიტორიაზე ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდებაში. ასევე, საჭიროებისამებრ დახმარებას ვუწევთ ქართველ მეზღვაურებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უფლებების დარღვევა.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საზღვარგარეთ გარდაცვლილი მოქალაქეების სამშობლოში გადასვენების ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. არადა, ეკონომიკურად საქართველოზე ბევრად ძლიერ ქვეყნებშიც კი არ არის დამკვიდრებული მსგავსი პრაქტიკა. იმის გათვალისწინებით, რომ ბარსელონაში საქართველოს საკონსულო ოლქი კატალონიის გარდა მოიცავს ისეთ დიდ რეგიონებს, როგორებიცაა ვალენსია, ბასკეთი, არაგონი, ასტურია, კანტაბრია, ნავარა და ბალეარის კუნძულები, რომლებიც სულ მცირე 500 კმ-ითაა დაშორებული გენერალურ საკონსულოს, ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ტრანსპორტირება ბარსელონამდე დამატებით ხარჯსა და დროს მოითხოვს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად, პერიოდულად შაბათ-კვირის დღეებში ვახერხებ ჩასვლას ადგილზე და საკონსულო მომსახურების გაწევას იმ თანამოქალაქეებისთვის, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო არ შეუძლიათ ბარსელონაში საქართველოს გენსაკონსულოში ჩამოსვლა.
- რა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გეგმავს ესპანეთში ტურისტულად გამომგზავრებას?
- 7 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, შეუძლია ესპანეთში მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღემდე) გამგზავრება. საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე. 12 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ ვაქცინაციის მოწმობისა და დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე. ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საზღვრის კვეთის დროს მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ის დოკუმენტაცია, რაც სავალდებულო იყო პანდემიამდე უვიზოდ მგზავრობის შემთხვევაში.
- აუცილებლად მინდა შევეხო კრიმინალს, რადგან ხშირია ქართველების დაკავების შემთხვევა. გაქვთ თუ არა პოლიციასთან კავშირი ან გაქვთ თუ არა სრული ინფორმაცია მოქალაქეებზე?
- გენერალური საკონსულოს ძირითადი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეების, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა, ინტერესების დაცვა. ხშირია ქართველი პატიმრების მხრიდან საკონსულოსთან კომუნიკაციის სურვილი. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კატალონიის ერთ-ერთ ციხეში პირადად მოვინახულე პატიმარი, რომელმაც მოგვმართა ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებით. მის თხოვნაზე გენერალური საკონსულოს მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ადგილობრივ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მოქალაქის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით. მსურს აღვნიშნო, რომ პანდემიამდე სისტემატურად ხდებოდა პატიმრებისთვის წიგნების მიწოდება ციხეში, თუმცა გართულებული რეგულაციების გამო, აღნიშნული პრაქტიკა დროებით შეფერხებულია. ვიმედოვნებ, ახლო მომავალში მოგვეცემა საშუალება, კვლავ განვაგრძოთ ქართული წიგნების მიწოდება ჩვენი საკონსულო ოლქის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი თანამოქალაქეებისთვის.
ფიქრია რობაქიძე