"...საბრალოს წასასვლელი არსად ჰქონდა" - გზაპრესი

"...საბრალოს წასასვლელი არსად ჰქონდა"

საბერძნეთში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის - მანანა ხეთაგურის ამბავთან დაკავშირებული დეტალების შესახებ იმ ბინის მეპატრონეს ვესაუბრეთ, სადაც ცხედარი იპოვეს და ქართველ ემიგრანტებს, რომლებსაც თავიანთი გასაჭირის მიუხედავად, სხვისი რთული სიტუაცია გულთან ახლოს მიაქვთ, გასაჭირში მყოფი თანამემამულეების დახმარებას ცდილობენ და შვილს, რომელსაც 12 წლის განმავლობაში საკუთარი დედა პირადად არ უნახავს, წლების შემდეგ კი მხოლოდ გარდაცვლილის ნახვის შესაძლებლობა მიეცა...

გეორგიოს ტრიმმისი:

- ბინა, რომელშიც ცხედარი იპოვეს, ჩემია. აწ გარდაცვლილს როცა უჭირდა, ჩემთან მოდიოდა. რა თქმა უნდა, დასარჩენად ოთახს ვაძლევდი. შეიძლება ქირის საფასური დაეგვიანებინა, მაგრამ მერე იხდიდა... აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ - ქართველები, ბერძნები... ხუთშაბათს როცა მოვიდა, ოფისს ვკეტავდი (კორპუსის 1-ლ სართულზე მაღაზია მაქვს). მომისწრო, თორემ კარს არავინ გაუღებდა და ალბათ ქუჩაში დაიძინებდა. ძალიან დაუძლურებული იყო... მისი ოთახის გვერდით ქართველი ქალბატონი ცხოვრობდა, რომელიც ეხმარებოდა. სწორედ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა მითხრეს, ცუდი ამბავიაო... გამოვიძახეთ "სასწრაფო", პოლიცია...

GzaPress

ნინო შუტოვა, ემიგრანტი:

- დაახლოებით 6 თვის წინ, საბერძნეთში მყოფი ემიგრანტის, ელენე გორგაძისგან შევიტყვე, რომ მასთან სახლში ავადმყოფი ქალი იმყოფებოდა, - პროდუქტის ყიდვა მინდა, რადგან ავადაა და ყველაფერს ვერ ჭამსო. დავინტერესდი, მასთან რატომ იყო, რაზეც ელენემ მიპასუხა, - საბრალოს წასასვლელი არსად ჰქონდაო. ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია "ოქროს საწმისის" დირექტორი ვარ, რომელიც ემიგრანტების პრობლემებს განიხილავს, მაგრამ 2 წლის წინ უბრალოდ ყულაბა მქონდა, სადაც თანხას ვაგროვებდი: კომპანიაში, სადაც ვმუშაობ, მომხმარებელი თუ ხურდას დაგვიტოვებდა, - ამით ყავა დალიეთო, - ყულაბაში ვაგდებდით, შეგროვებული ფულით კი არაერთ ადამიანს დავხმარებივართ. მოკლედ, ქალბატონ ელენეს გამოვკითხე და აღმოჩნდა, რომ მანანა ხეთაგური გახლდათ, რომელსაც ლეიკემია ჰქონდა. ელენეს ვურჩიე, - ამხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ იღებ, მის შვილს, ოჯახის წევრებს გააგებინე, ვინმე არ ჰყავს-მეთქი? ელენემ ხელი ჩაიქნია... 50 ევრო შევთავაზე, - რადგან შენთანაა, ბინის ქირის ხარჯიც შენია, ეს თანხა ჩვენს სახელზე გქონდეს-მეთქი. იუარა, - რადგან წავიყვანე, თავად მივხედავო, - და ფული არ გამომართვა. პროდუქტი მაინც გავატანე... 1-2 თვის შემდეგ, როცა ელენე ვნახე, ავადმყოფი მოვიკითხე. - წუხელ სახლიდან გამექცა, არ ვიცი, სად ვეძებოო, - მითხრა. მისი ფოტო მაჩვენა. ვუთხარი, - ვიცნობ, 2 წლის წინ ჩვენთან იყო მოსული-მეთქი... დეტალებს არ ვიტყვი, მაგრამ აწ გარდაცვლილს არანაირი ფინანსური სახსარი არ ჰქონდა, ვერ მუშაობდა თურმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო... 1 თვის შემდეგ ელენემ შეიტყო, რომ მანანა სასტუმროში ყოფილა და, როგორც მითხრა, კუთვნილი ნივთები წაუღო. ვუთხარი, - მის შვილს დაელაპარაკეთ, ლეიკემია რთული დაავადებაა-მეთქი. მიპასუხა, - მისმა შვილმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ მითხრა, ჯობია, მანდ იყოს, რადგან მანდ მკურნალობა უფრო იაფი ჯდებაო. ეს იყო და ეს, ცხონებულის შესახებ არც გვისაუბრია და არც მინახავს...

როდესაც მანანა ხეთაგური გარდაიცვალა, ბატონი გეორგიოსი, რომელიც საბერძნეთში მყოფ ბევრ ქართველ ემიგრანტს ეხმარება, ჩემთან მოვიდა - დახმარება მჭირდებაო... პოლიცია უკვე მოსული იყო - ზედა სართულზე მცხოვრები ქალბატონი ბინის კარს არ გვიღებს, ალბათ შემტვრევა მოგვიწევს, თუ შიგნით არის, "სასწრაფო" უნდა გამოვიძახოთო... ბატონი გეორგიოსი თვითონ კარს ვერ შეამტვრევდა... მოკლედ, ბინაში ქალი გარდაცვლილი აღმოჩნდა. იქ მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა ფოტო მაჩვენა, ისიც მითხრა, ხუთშაბათს 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა, ამიტომ გამორიცხული არაა, "კორონათი" გარდაცვლილიყოო. ვუპასუხე, - შესაძლებელია, მაგრამ ლეიკემია ჰქონდა-მეთქი. პოლიციასაც იგივე ვუთხარი, რადგან კორონავირუსიან ცხედარს კრემაციას უკეთებენ და ეს უნდა ამერიდებინა. სიტუაციის შესახებ საკონსულოს ვაცნობე, რომელმაც იმ წუთშივე სათანადო ზომები მიიღო... ინტერნეტში როცა წავიკითხე, თითქოს მანანა ხეთაგურის ცხედარს კრემაციას უპირებდნენ, ძალიან გამიკვირდა: ჯერ ექსპერტიზის პასუხი არ ვიცით, მცდარი დასკვნები რატომ გამოგაქვთ-მეთქი?! საკონსულოს დაუმსახურებლად ლანძღავდნენ... დადასტურდა, რომ გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა. შემდეგ, დამკრძალავი ბიურო დამიკავშირდა, - გთხოვთ, მომწერეთ, ქალბატონის ცხედარს ვინ მიიღებსო? ცხონებულის შვილის მონაცემების გაგება ბატონ გეორგიოსს ვთხოვე. დავურეკე გარდაცვლილის შვილს - ქალბატონ ხათუნას, მივუსამძიმრე... - ახლა გეორგიოსი გარეკვინებს, დედაჩემი თქვენ მოკალით, ფული მოჰპარეთო!.. - გაგვლანძღა და წყევლა დაგვიწყო... ავუხსენი, რატომაც ვურეკავდი. წყევლას აგრძელებდა, - დედაჩემს ქართველები გვერდით არ დაუდექით, მომიკალითო!.. ქალბატონი მანანა არავის მოუკლავს. უკაცრავად, მაგრამ ქალი "გაბომჟებული" იყო, ლეიკემია ჰქონდა, კარზე აკაკუნებდა და საკვებს ითხოვდა, ვერ მუშაობდა... დროული კვება, წამლის მიღება ხომ სჭირდებოდა, არა?.. არადა, ყველანაირად ვეცადეთ, დავხმარებოდით. ბატონი გეორგიოსი რომ არ ყოფილიყო, საერთოდ ვერ გაიგებდნენ მანანა ხეთაგურის გარდაცვალების ამბავს; საკონსულოში რომ არ დამერეკა და ზომები არ მიეღოთ, ცხედარს კრემაციას ჩაუტარებდნენ, როგორც კორონავირუსიანს, რადგან თურმე, გარდაცვალებამდე თავად საბრალო ქალი ამბობდა, სიცხე მაქვს, დამეხმარეთო, მაგრამ მერე ბინის კარს აღარ აღებდა, - უკვე კარგად ვარო. ცოტათი ამაყი ქალი ყოფილა, - ვინმეს დახმარება რად მინდა? შვილები მყავსო...

GzaPress

ელენე გორგაძე, ემიგრანტი:

- მანანა ხეთაგური საავადმყოფოში რომ მოხვდა, დამირეკა. მაშინვე მის დასახმარებლად მივედი. მე და ჩემმა ფსიქოლოგმა მეგობარმა - ოლიკომ (ქართველი ემიგრანტი გახლავთ) ყველაფერი გავუკეთეთ, რაც შეგვეძლო, დავეხმარეთ... მანანამ 1 თვე ჩემთან იცხოვრა - რა თქმა უნდა, ქირის გარეშე. ექიმებთან დავყვებოდი. ექიმმა გააფრთხილა: თუ ჩემს დანიშნულებას ზედმიწევნით შეასრულებ, კიდევ 10-15 წელი იცოცხლებო, მაგრამ მანანა ჩემგან წავიდა და რას აკეთებდა, არ ვიცი... თავის ქალიშვილს თბილისიდან რაღაც წამლებს აგზავნინებდა. ვეწინააღმდეგებოდი, - ექიმის დაუკითხავად ნუ სვამ, შეიძლება, უკუჩვენება ჰქონდეს-მეთქი, - მაგრამ ძალიან ჯიუტი ქალი იყო... რაც მთავარია, მისმა შვილმა აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა იმ დღიდან, როცა მანანა ხეთაგური საავადმყოფოში მოხვდა. ჩვენ ვურეკავდით, ისიც წარამარა გვირეკავდა. ჩემი მეგობარი ფსიქოლოგის შრომა აუნაზღაურებელია - მხოლოდ მანანა ხეთაგურის მიმართ კი არა, სხვა ქართველების მიმართაც, რომლებიც ქუჩაში გვიპოვია. ორივე ერთად ვმუშაობდით: ვინმე გაჭირვებულს რომ ვნახავდით, მის დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებდით. მაგალითად, ერთ ქართველ ქალბატონს ოჯახი 6 წლის განმავლობაში ეძებდა, ომონიაზე ვიპოვე და ჩვენთან - "ქალთა თავშეყრის ადგილას" წამოვიყვანე. ოლიკო ყველაფერს აკეთებდა, რომ ქალი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაეწვინა... უმუშევარი ქალებიც მყავდა შეფარებული, ფულს ვაძლევდი, ვეხმარებოდი. როცა იმუშავებდნენ, ფულს მაშინ მოიტანდნენ - ეს მათ კეთილსინდისიერებაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ბევრი ისე წავიდა, მადლობაც არ უთქვამს. არა უშავს... მანანა ხეთაგურს რაც შეეხება, მთელი საავადმყოფო გვიცნობდა. ქართველები ვინ ყოფილხართ, როგორ გადააკვდით ერთ გიჟ ქალსო, - ასე გვეუბნებოდნენ. ცხონებული, თმადაუვარცხნელი იჯდა ხოლმე. მისთვის ყოველდღე სუფთა საცვლები მიმქონდა, ჩხუბით ვუცვლიდი - სუფთა ვარო... სახლში რომ წამოვიყვანე, ის დაუვარცხნელი თმა შხაპითაც კი ვერ დავშალე და იძულებული გავხდი, ამეჭრა... მხოლოდ ერთი ანალიზისთვის გადაიხადა 100 ევრო. მეტი "კაპიკი" არ გადაუხდია. დედაც და შვილიც ექიმებს იქით ავალდებულებდნენ, რომ მომსახურებოდნენ. ავადმყოფი ექიმებს ეჩხუბებოდა, შეურაცხყოფას აყენებდა... საბერძნეთში მეც ხომ სამუშაოდ ვარ ჩამოსული, არა?.. მიუხედავად ამისა, ადამიანურად შევიბრალეთ ქართველებმა ქართველი და შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ. ხომ შეიძლებოდა, დამსაქმებლებს გამოვეგდეთ?.. მანანა ხეთაგურის შვილმა დამირეკა, მომიკითხა და მითხრა: - იცით, დედაჩემი გარდაიცვალა და იქნებ მითხრათ, რა დაავადება ჰქონდაო? კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, - ახლა მეკითხები? ავადმყოფობის პირველსავე დღიდან ყველაფერი იცი-მეთქი!.. წარმოიდგინეთ, დილით სამსახურში რომ მივდიოდი, ცხონებულს გამზადებულ საკვებს, წამალს მაგიდაზე ვუტოვებდი. ცალკე ვუმზადებდი, დღის რომელ მონაკვეთში რა უნდა ეჭამა... ბოლოს სამაგიეროდ ის მივიღე, რომ თურმე მისმა შვილმა მე მლანძღა. ახლა ხალხმა განსაჯოს საქართველოდან, მე რა გამიკეთებია და მის შვილს - რა. მაპატიეთ, აღელვებული ვარ და ცოტა არ იყოს, უტაქტოდაც გამომივიდა, მაგრამ გარდაცვლილის ოჯახმა კარგად იცოდა, რომ ხათუნა ხეთაგურს ლეიკემია სჭირდა. მკითხველს ბოდიშს ვუხდი, თუ რამე ზედმეტი ვთქვი, მაგრამ ადამიანებისგან ასეთი დაუფასებლობა როგორ შეიძლება?!.

ციალა წიკლაური, ემიგრანტი:

- გარდაცვალებამდე მანანა ხეთაგურს შვილისთვის უთხოვია, - ცუდად ვარ, მომხედეთო. მართლა ძალიან ცუდად იყო. შვილს ისიც კი უთხრა, - მგზავრობისთვის საჭირო ბილეთის ფული თუ არ გაქვს, მე მოგცემ, მანდ ისესხე და წამიყვანეო... ელენე და ოლიკო საკვებს, მზრუნველობას არ აკლებდნენ. მისმა შვილმა როგორ უნდა თქვას, დედა ქართველებმა მომიკლესო?! უბრალოდ, გული იმაზე მტკივა, რომ აქ ქართველები ქართველებს მხარში ვუდგავართ.

ხათუნა ხეთაგური, გარდაცვლილის შვილი:

- ჩემ გარეშე, დედაჩემის ცხედარს კრემაციას არავინ უპირებდა - ინტერნეტში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. დახმარებას ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ვითხოვდი. საელჩომ უკვე მითხრა, რომ ყველა ხარჯს თავად იხდის... დედა 12 წლის განმავლობაში ემიგრაციაში იყო. შარშან ცუდად გახდა - წაიქცა და ფეხი მოიტეხა. საავადმყოფოში უთხრეს, დაბალი ჰემოგლობინი, რკინის ნაკლებობა გაქვსო. ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს. მაშინ უთხრეს, - ლეიკემიაზე გვაქვს ეჭვიო. ბიოფსია გაუკეთეს, საჭირო თანხა გადავიხადეთ. ლეიკემია არ დადასტურდა. საბუთი მაქვს. ჭორაობენ, ვითომ დედის ავადმყოფობის შესახებ ვიცოდი და არ წამოვიყვანე... შეიძლება დედამ არ იმკურნალა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ლეიკემიაზე უარყოფითი პასუხი კი მივიღეთ, მაგრამ ისიც უთხრეს, - მკურნალობაა საჭირო, რომ არ გართულდესო... მას შემდეგ 1 წელი გავიდა და ახლა ასეთი ამბავი მოხდა... როგორც ვიცი, მკურნალობდა, წამლის ყუთიც კი მაჩვენა, რომელსაც იღებდა... ჭორია, თითქოს ლეიკემიის ბოლო სტადია ჰქონდა... დედას ვიდეოზარით ველაპარაკებოდი ხოლმე, მაგრამ მისთვის სახეზე როგორ შემეტყო, თუ ფერმკრთალი იყო? ძველი მოდელის ტელეფონი ჰქონდა და გამოსახულებას მაღალი ხარისხით ვერ დავინახავდი. ჩემთვის არავის მოუწერია, არავის გავუფრთხილებივარ, რომ დედა ასე ცუდად იყო... ყველას ვეკითხებოდი, რატომ არ მეუბნებოდით-მეთქი? - თვითონ მალავდა, ჩემმა შვილმა არ გაიგოსო, - მპასუხობენ... საიდან უნდა გამეგო?!

- ქართველი ემიგრანტები თქვენი სიტყვების გამო გულნატკენები არიან. როგორც გვითხრეს, დედათქვენს შეძლებისდაგვარად უვლიდნენ, ეხმარებოდნენ, ზრუნავდნენ მასზე...

- ჯერ ყველაფრის თქმისგან თავს ვიკავებ. ძალიან კარგად ვიცი, ვინ ეხმარებოდა და ვინ - არა. ახლა გამოვიდა ყველა დედაჩემის მამამარჩენალი. თუ დედაჩემზე გული შესტკიოდათ, შვილისთვის არ უნდა შეეტყობინებინათ, დედა წაიყვანეო? დედაჩემს ვინმეს მკურნალობა რად უნდოდა? თბილისში წამოვიყვანდი და თავად ვუმკურნალებდი. ვიღაცას ეთქვა, რომ დედა ცუდად მყავდა...

- დედისთვის საქართველოში დაბრუნება გითხოვიათ?

- რომ მოვკვდე, მაინც არ ჩამოვალო, - ამბობდა.

- მიზეზად რას ასახელებდა?

- უნდოდა ემუშავა და იქ ყოფილიყო...

- 12 წლის განმავლობაში დედა არ გინახავთ?

- არა...

ეთო ყორღანაშვილი