"ის ქალები, რომლებიც არ არიან დასაქმებულები, უნდა დავაინტერესოთ"
ყოველთვის ედარდებოდათ, რომ გაქრობისთვის იყო განწირული სვანური საპნის, ქუდის დამზადების ტრადიცია და ეძებდნენ გზებს ამ ტრადიციების გადასარჩენად. ასე გაუჩნდათ სოციალური საწარმოს დაფუძნების იდეა ჯერ კიდევ პანდემიამდე, სოფელ ლატალში მცხოვრებ ქალბატონებს და ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს.
ახალშექმნილი სოციალური საწარმო "ლატლიიშდ" მესტიაში მცხოვრებ ქალებს ხელსაქმის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ დამფუძნებლებიდან ერთ-ერთს, მადონა წერედიანს ვესაუბრეთ. ის ლატალის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, განსაკუთრებულად უყვარს თავისი სოფელი და ამბობს, რომ ლატალი გამორჩეულია თავისი ფოლკლორით, კულტურით, ტაძრების სიმრავლით.
მადონა წერედიანი:
- ბავშვობიდან მიყვარდა პოეზია, საერთოდ ლიტერატურა, კითხვა, რამაც განაპირობა პროფესიის არჩევა. აქ, ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ლატალი გამორჩეულია თავისი ფოლკლორით, ტრადიციებით, კულტურით, ტაძრების სიმრავლით. სულ რაღაც 350-მდე კომლს ითვლის და თითქმის 65 ტაძარია, IX-X საუკუნის დროინდელიც კი. ჩვენს სოფელშია იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, რომელიც XI-XII საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ეს არის ამ წმინდანის სახელობის ერთადერთი ეკლესია საქართველოში, ასევე, მაცხოვრის ამაღლების, თანღილის მთავარანგელოზის, ლაჰილის წმინდა გიორგის ეკლესიები, იფხის წმინდა გიორგის, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი. სკოლაში 140 მოსწავლე გვყავს.
- როგორ გაჩნდა იდეა, სოციალური საწარმო გაგეხსნათ?
- 2008 წელს სოფლის მოძღვარმა გახსნა თამარ მეფის სახელობის სამრევლო სკოლა, ენთუზიაზმზე ვმუშაობდით ყველა. მე თექას და ქარგვას ვასწავლიდი ბავშვებს და დღემდე ასე, მოხალისეობრივად ვასწავლი. ამ სკოლამ თავისი სიტყვა თქვა და არაერთი კარგი საქმეც გააკეთა. თუნდაც ის, რომ ბავშვები წავიყვანეთ იერუსალიმში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვაწყობდით გამოფენებს და ა.შ. მერე რაღაცნაირად განელდა სურვილი ხელსაქმის სწავლისა და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სოციალური საწარმო. ვთხოვეთ მოძღვარს, რომ საწარმოსთვის სკოლაში გამოეყოთ ფართობი და მართლაც დაგვეხმარნენ. მანამდე კი, 2020 წლის 14 ნოემბერს მე და კიდევ ოთხმა ქალბატონმა - თამთა და ნანო გირგვლიანებმა, მზიანა უდესიანმა და ნინი სტეფლიანმა ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ლატალის თემის განვითარება და ამ პროცესებში ქალების აქტიურობის გაზრდა იყო. სწორედ ეს პროექტი ითვალისწინებდა სოფელში სოციალური საწარმოს გახსნას, სადაც დასაქმდებოდა 10 ქალი, მათ შორის - სოციალურად დაუცველები და შშმ პირები. ისინი იმუშავებდნენ თექაზე, სვანური ქუდებისა და სვანური საპნის წარმოებაზე, ასევე, კერვისა და ქარგვის მიმართულებით. უნდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით და ხორციელდება "ქეასა" (CARE) და PMC კვლევითი ცენტრის მიერ, ადგილობრივი მერიაც ჩვენი აქტიური ფინანსური მხარდამჭერია.
- ოქრომკედით ქარგვა საკმაოდ რთულია, როგორ ისწავლეთ?
- ჩემი მოძღვრის კურთხევით ვისწავლე. თბილისში ვიყავი ახლობლებთან, რომლებიც ოქრომკედით ქარგავენ, ამ საქმის პროფესიონალები არიან, საეკლესიო ნივთები უნდა შეგვეკვეთა. მაშინ ჩემთვის ჩავილაპარაკე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება ქვეყანაზე, ამის კეთება რომ ვიცოდე-მეთქი. მოძღვარმა ეს გაიგონა და მითხრა, დღეიდან ამათთან ივლი და ისწავლიო. შეუძლებლად მომეჩვენა და ვიფიქრე, ახლავე უარს ხომ არ ვიტყვი, რამდენჯერმე მოვალ და რომ არ გამომივა, თვითონაც ხომ ნახავენ-მეთქი, მაგრამ პირველსავე ცდაზე გამომივიდა. მიუხედავად იმისა, რომ თექაზე მუშაობა საკმაოდ რთული და შრომატევადია, იმხელა ენერგიას ვიღებ, დაღლას ვერც ვგრძნობ. პირიქით, ბედნიერი ვარ, რომ ვიღაცისთვის კარგ და კეთილ საქმეს ვაკეთებ და ამ ჩემს ცოდნას ახლა უკვე სხვებს გადავცემ.
- ადრე მთაში ხელსაქმის ცოდნა აუცილებელი იყო ქალისთვის, ხომ?
- დიახ, ყველა ქალმა იცოდა ხელსაქმე. მეც პატარაობიდანვე ვიყავი შეჩვეული შრომას, ეს იქნებოდა მატყლის დამუშავება თუ რამე სხვა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა იმდენად გააიოლა ყველაფერი, რომ ძველებური მეთოდით აღარავის არ უნდა მუშაობა - შრომატევადია და ამიტომ. რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ენერგოეფექტურია, რადგან საერთოდ არ ვხარჯავთ ელექტროენერგიას და ზუსტად იმავე პრინციპებით ვმუშაობთ, როგორც ძველად, როდესაც შუქიც კი არ იყო. ჩვენი ნამუშევრები არ არის გათვლილი დიდ რაოდენობაზე, მაგრამ არის ხარისხიანი.
- ამბობთ, რომ ძალიან გაამარტივეს სვანური მარილის, ასევე სვანური ქუდის დამზადების პროცესი.
- 2015 წლიდან სვანური ქუდისა და მარილის დამზადების ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან სვანური მარილი მოთხოვნადია, ისე გაამარტივეს, რომ აღარც კი აქვს შემორჩენილი თვისებები, რომელიც უნდა ახასიათებდეს. ჩვენი საწარმო ადგილობრივი ნატურალური სუნელებისგან დამზადებულ სვანურ მარილს შემოგთავაზებთ. ვცდილობთ, ტექნოლოგიაც კი ძველებური გამოვიყენოთ, ასევე მოვიძიეთ ტრადიციული ხელსაწყოებიც. იმავეს თქმა შემიძლია სვანურ ქუდზეც - ლატალის თემი 10 სოფელს მოიცავს და მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის ქუდის კეთება, ისიც უკვე მოხუცია. მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი სისქისა და ხარისხისაა ის. სვანურ ქუდში წყალს რომ ჩაასხამ, არ უნდა გაუვიდეს. საწარმოო ნედლეულს ადგილზევე ვიღებთ, რადგან იმასაც კი აქვს მნიშვნელობა, სეზონის რომელ დროს გაიკრიჭება ცხვარი, ქუდისთვის რომ ივარგოს. ამიტომ შეთანხმებულები ვართ ფერმერებთან და მატყლს ისინი გვაწვდიან. ჩვენი მიზანი იყო, ზუსტი სტანდარტების დაცვით აღგვედგინა სვანური ქუდის დამზადების პროცესი, თორემ დღეს ქუდებს ბევრი აკეთებს, მაგრამ უხარისხოდ, ჩინელებსაც კი შემოაქვთ ბაზარზე.
- სვანური საპნის წარმოებაზე რას გვეტყვით? 2021 წლის აპრილში სვანური საპნის დამზადების ტრადიციასაც ხომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს?
- საპნის წარმოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ეკა წულუკიძის დამსახურებაა. ეკა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის კონკურსის ფინალისტია და მან მართლაც ბევრი იშრომა და წერა ამ საკითხის შესახებ. საპონს სვანეთში უძველესი დროიდან ამზადებდნენ და იყენებდნენ როგორც გასარეცხად, ისე დასაბანად. ბებიაჩემიც ხშირად ხარშავდა თურმე, დედა ესწრებოდა ამ პროცესს და სწორედ მას ვთხოვეთ, დეტალურად მოეყოლა და გაეხსენებინა, რა როგორ ხდებოდა. მართლაც სრულად აღვადგინეთ ის პროცესი და დავამზადეთ კიდეც. სახლის პირობებში შეიძლება ბევრი აკეთებს, მაგრამ სვანური საპონი განსხვავებული შემადგენლობისაა. მის დასამზადებლად საჭიროა ღორის (ან საქონლის) ქონი და ნაცარი. თავდაპირველად დიდი რაოდენობით წიფლის ხის ნამწვისგან მიღებული ნაცარი უნდა მოვაგროვოთ, მოვათავსოთ გოდორში ან ნახვრეტებიან ჭურჭელში, შუაში ამოვაღრმავოთ და შიგ პერიოდულად თბილი წყალი ვასხათ. ნაცარი წყლით იჟღინთება და ჩამონაწური წყალი გროვდება ჭურჭელში, რომელიც ქვეშ უდგას და რომელსაც წვრილი ნაცრის ნალექი მოჰყვება. ამ ნაცრიან წყალს ჰერამი ჰქვია და მათეთრებლად იყენებენ. ჰერამს ქვაბში ვასხამთ, ცეცხლზე შემოვდგამთ და დიდხანს ვადუღებთ, ვიდრე სქელ მასას მივიღებთ. ამის შემდეგ დავუმატებთ საქონლის ან ღორის ქონს. ნაცრისა და ქონის ნაზავს მანამდე ვხარშავთ, ვიდრე მასა ცომივით სქელი გახდება. შემდეგ ფორმის მისაღებად მოვათავსებთ პატარ-პატარა ყალიბებში, საიდანაც მალევე გადმოვიღებთ და პირსახოცში შევახვევთ, ვტკეპნით და გამოსაშრობად ფიცრის ნაჭერზე ვაწყობთ. ამ ტექნოლოგიით მომზადებული საპონი დიდხანს ინახება. ამჟამად, სვანეთში სახლის პირობებში საპონს იშვიათად ამზადებენ, ისიც იმ ოჯახებში, სადაც უფროსი ასაკის ქალები არიან. თვლიან, რომ ასე მომზადებული საპონი ქერტლისა და თმის ცვენის საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა.
- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სოციალური საწარმოები რეგიონებისთვის და იქ მცხოვრები ქალბატონებისთვის?
- ჩვენი მიზანია, ის ქალები, რომლებიც არ არიან დასაქმებულები, დავაინტერესოთ და მათი ყოველდღიურობა საინტერესო გავხადოთ. ჩვენი სოციალური საწარმოს მიზანიც ის არის, რომ გავაცოცხლოთ და გადავარჩინოთ ჯერ კიდევ შემორჩენილი ტრადიციული ტექნოლოგიები, გამოცდილება და ამაში აქტიურად ჩავრთოთ სოფლად მცხოვრები ქალბატონები.
ნინო ჯავახიშვილი