საგარეჯოელი ბიჭების 4 ოქრო-ვერცხლი და კანადელი ქართველის ბრინჯაო - გზაპრესი

საგარეჯოელი ბიჭების 4 ოქრო-ვერცხლი და კანადელი ქართველის ბრინჯაო

წელს, 19-20 ივნისს უნგრეთში ჩატარდა ტურნირი "ბუდაპეშტის თასი 34". ამ ტურნირიდან მისი აღზრდილები 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ, რითაც ძალიან გაახარეს მწვრთნელიც და თანასოფლელებიც. ბატონ ბადრის ამ წარმატების შესახებ ვესაუბრეთ:

- ამ სოფელს, როგორც იცით, დიდი ტრადიციები აქვს ჭიდაობაში - არსენ მეკოკიშვილი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და შვიდგზის ჩემპიონი სამბოში, სწორედ გიორგიწმინდელი იყო. მე 1978 წელს დავიწყე ძიუდოში ვარჯიში ბიჭიკო მარიდაშვილის ხელმძღვანელობით, ის საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი გახლდათ 1959 წლიდან. გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე უმცროს ასაკშივე, შემდეგ გავხდი საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკებში, ახალგაზრდებში და დიდებში ძიუდოშიც, სამბოშიც, ქართულ ჭიდაობაშიც. ვიყავი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, თბილისის საერთაშორისო ტურნირის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ფინეთის საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი. ისე მოხდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არასდროს მიჭიდავია - 24 წლის ვიყავი, როდესაც ქვეყანა აირ-დაირია და მეც სპორტს თავი დავანებე, ეს 1991 წელს იყო. 2012 წლიდან კი ჩემს სოფელში დავბრუნდი და აქაურ ბავშვებს ვავარჯიშებ. ვერ ვიტყვი, რომ დიდი ხელშეწყობა გვაქვს, მაგრამ არ ვწუწუნებთ და ვცდილობთ, საკუთარი ძალით მოვაგვაროთ არსებული პრობლემები.

- თუ არიან სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული, რა ასაკის ბავშვებს იღებთ და რას ითვალისწინებთ მათი შერჩევისას?

- ძირითადად, 7 წლიდან ვიღებ ბავშვებს, თუმცა მშობლებს უფრო პატარების მოყვანის სურვილიც აქვთ. განსაკუთრებით ბიჭების მამები აქტიურობენ, ერთი სული აქვთ, როდის შემოიყვანენ შვილებს ჭიდაობის წრეზე. მხოლოდ ფიზიკური მონაცემების მიხედვით ვერ შეარჩევ ბავშვს და ვერ მიხვდები, როგორი ძიუდოისტი დადგება მისგან. ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, აქაც მთავარი მონდომება, ბრძოლისა და გამარჯვების სურვილია. შეიძლება თავიდან სუსტი იყოს, მაგრამ წვრთნისას ისე განვითარდეს, საუკეთესო შედეგს მიაღწიოს. სხვათა შორის, გოგონებიც მოჰყავთ, თუმცა საგარეჯოში მწვრთნელი ქალიც არის და მასთან უფრო კომფორტულად ვარჯიშობენ.

GzaPress

- უნგრეთიდან ოთხი მედლით დაბრუნდით, ამ ტურნირის შესახებაც მოგვიყევით.

- ბუდაპეშტში 34-დ ტარდება უკვე ეს ტურნირი, რომელშიც ყოველწლიურად დაახლოებით 25-მდე ქვეყანა მონაწილეობს. წელს 23 ქვეყნიდან 120 კლუბზე მეტი მონაწილეობდა. 14 წლის ლერი ილურიძე თავის ასაკში ვერცხლის პრიზიორი გახდა, 13 წლის ლუკა დარისპანაშვილმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა - თავის ასაკშიც და უფრო მოზრდილებშიც, 16 წლის დავით კევლიშვილიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა. სულ მალე, 17 ივლისს, ის რუმინეთში სარეიტინგო ტურნირზე, ევროპის თასის მოსაპოვებლად მიემგზავრება. სხვათა შორის, ამ ტურნირზე გამოდიოდა კიდევ ერთი ქართველი ბიჭი, ლაშა წაწალაშვილი, ოღონდ - კანადის სახელით, ამჯერად ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ლაშა საქართველოში ხშირად ჩამოდის, შეკრებებზეც რჩება და ჩვენს ბავშვებთან ერთადაც ვარჯიშობს. ზოგისთვის ეს პირველი გასვლა და პირველი გამარჯვება იყო და ბუნებრივია, ამ წარმატებამ ბავშვები ძალიან გაახარა. გარდა ამისა, ისინი დიდ გამოცდილებას იძენენ და კიდევ უფრო მეტი სტიმული უჩნდებათ შემდეგი ბრძოლებისთვის.

ნინო ჯავახიშვილი