გაკვეთილი მინადარ ბებოს სკივრზე ჩამწკრივებული თოჯინებისთვის - გზაპრესი

გაკვეთილი მინადარ ბებოს სკივრზე ჩამწკრივებული თოჯინებისთვის

არავინ იცის, როგორ უყვარს ღვთაებრივი ქართული ასო-ნიშნები ლელა გაფრინდაშვილს. ის ჭიათურის ერთ სოფელში ცხოვრობს, მასწავლებელია. ამდენად შეყვარებული ქართულ ანბანზე არავინ მინახავს... მართალია, ჭიათურა მაღაროებსა და შავ ფერს გახსენებს უნებლიეთ, მაგრამ როცა ლელას გაიცნობ, მერე არ გახსენდება მრეწველობა, გახსენდება მხოლოდ ზეაღმატებული ნიჭი, რომლითაც ის ქართულ ასოებს ავარაყებს... მასწავლებელი ქალის დატვირთული გრაფიკი მუდამ პოეტურია, რადგან ყოველი დილა მისთვის ასე იწყება: "იჭიატა... ჩიტთა ჟღურტულმა დაატკბო მიდამო. გაინაბნენ ნადირნი, ყვავილნი, ხენი... ოქროს სხივებად ამოიწვერა, ნელინელ ამოცურდა მზე. მიელაციცა, სითბოდ და სიყვარულად ჩაეღვარა სულსა და გულში ცოცხალთ თუ არაცოცხალთ, განურჩევლად მიეახლა მინდორთა, მთათა, ბალახთა, ქვათა, მიაყურადა ტანჯულთა ხმათა. ალერსიანი სხივები შემოახვია ყოველს, გააიმედა, მოზოზინე ნისლი ააჩქარა: ეჰეი, სიცოცხლე გრძელდება, სიყვარული არ ძველდება, გაიღიმეთ!"

- ორიოდე სიტყვით გვითხარით თქვენს თავზე...

- დავბადებულვარ საქართველოს ულამაზესი კუთხის, იმერეთის ერთ კოპწია სოფელში ხალიფაურად რომ უხმობენ. პატარაობიდანვე სიყვარულით ვმასწავლებლობდი, მხოლოდ თოჯინებთან. ღვთის წყალობით, ისინი მრავლად მქონდა. მინადარ ბებოს სკივრზე ჩამოვამწკრივებდი, თვითონ სკამზე ვჯდებოდი და რჩევებს ვაძლევდი, გაკვეთილებს ვუხსნიდი.

- კალიგრაფი, რომელსაც სრულიად განსხვავებული ხედვა და ხელწერა აქვს - ასე გიცნობთ საზოგადოება. როგორ დაიწყეთ ასოთმოვარაყება?

- არასდროს ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული მაქვს, ვწერ პატარაობიდანვე. სკოლაში ყველა საგნის მასწავლებელი მთხოვდა, მათი გაზეთისათვის სათაურის გაფორმებას და თითქმის ყოველდღე მიმქონდა სახლში გრაგნილივით დახვეული "ფორმატები", ახლა "ფლიპჩარტებს" რომ ეძახიან. ვცდილობდი, ასოები ერთმანეთს არ დამსგავსებოდა. ისინი წერის დროს იბადებოდა, წინასწარ არასდროს მომიფიქრებია.

- ყველაზე მნიშვნელოვანი კალიგრაფიული პროდუქტი თქვენი შემოქმედებიდან...

- არავის დავკვირვებივარ, როგორ გამომყავდა ასოები, არც კალიგრაფიის გაკვეთილი ჩაუტარებია ვინმეს. თვითონ ვარ ჩემი თავის მასწავლებელი. გამორჩეული არაფერი შემიქმნია, თუმცა ხშირად მქონია სურვილი. ყველაფერი ხარჯებთან და დროსთანაა დაკავშირებული, მე კი ორივეს დეფიციტი მაქვს. კალიგრაფიულად გადაწერილი მაქვს "ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები, ხალხური ლექსი "საბრალო დედაბერი", გამონათქვამები და ლექსები ქართულ ენაზე, ანბანზე, დედაზე. უფრო ხშირად კი სახელებსა და გვარებს ვწერ ბუკლეტების სახით. მინდა წამიერად მაინც ვაჩუქო სიხარული ადამიანებს, გულში მზე ავუნთო, უხილავი სხივებით გავათბო, მსიამოვნებს სიხარულით ანთებული თვალების ხილვა. ქარაფზე რქებით დაკიდებულ ხარ-ირემივით ბევრჯერ ვმდგარვარ განსაცდელის წინაშე.

GzaPress

- და მაინც, როგორ იქმნება ეს კალიგრაფიული შედევრები?

- სიყვარულით და სიკეთის ქმნის გაუნელებელი სურვილით. სული თუ ვარდთა მთოველი არ გაქვს, არ შეეცდები წერო, დრო ფლანგო სხვათათვის...

- გაქვთ საზოგადოების მიერ აღიარება. ოფიციალური აღიარებები, რომელიც მიგიღიათ...

- სულ ოთხჯერ მივიღე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა. მიღებული მაქვს დიპლომი, სიგელები, "ჟიურის რჩეულის" ტიტული, ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას ყურადღების ობიექტი და ფოტოალბომის მფლობელიც გახლდით, 2014 წლის არტ-გენის მონაწილე-კალიგრაფი.

- შვილების შესახებაც გვითხარით. ვინც გიცნობთ, ამბობენ, რომ თქვენ ხართ უპრეტენზიო, მაგრამ გმირი დედა!

- ვითომ გმირობაა სამი შვილის დედობა? თუმცა, იმდენი მყავს, რამდენიც უფალმა მომცა: ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. გოგონები სტუდენტები არიან. უფროსი ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ფილოლოგია-ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია, შუათანა - ამავე უნივერსიტეტის ისტორია-უცხო ენის მეორეკურსელი, უმცროსი შვილი კი მოსწავლეა.

- როგორია სოფლად მცხოვრები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ლელა გაფრინდაშვილის ერთი დღე?

- ჩემი დღე ადრიანად იწყება, პომიდვრის ჩითილებისა და ბოსტნეულ-ბაღჩეულის ხელშევლებით. შემდეგ ქათმებსა და წიწილებს ვაპურებ, ძროხას მოვწველი, ხბორებს მივხედავ. შინ დაბრუნებული საუზმეს ვუმზადებ ოჯახის წევრებს და სკოლაში მივდივარ. იქ მისულს ყველა დარდი მავიწყდება. გაკვეთილებს ხალისით, სიყვარულით ვატარებ.

- ყველაზე მნიშვნელოვანი გახსენება, რომელიც თქვენს სამასწავლებლო გამოცდილებას უკავშირდება...

- ერთი მოსწავლე გოგონა მყავდა, რომელიც დავალებებს მუდამ ასრულებდა, მაგრამ საგულდაგულოდ მალავდა. არც მაჩვენებდა, არც კითხულობდა. რაღაც ჩავიფიქრე და ვაჟებს ვთხოვე, მხოლოდ ზარის დარეკვიდან ათი წუთის შემდეგ შემოსულიყვნენ კლასში. თვითონ ადრევე შევედი და დავალება მოვიკითხე. შევამჩნიე, გოგონამ რვეული მერხზე დადო, მაგრამ არ გადაუშლია, არც მითქვამს. სამაგიეროდ, რაღაც მენიშნა, სწორ გზას ვადექი. გამიხარდა. ვთხოვე, წავიკითხავ-მეთქი, დამეთანხმა. ისეთი გემრიელი დავალება იყო, სიხარული ვერ დავფარე, ლამაზად დავუკომენტარე და შევნიშნე, როგორ გაუბრწყინდა თვალები. ამასობაში ვაჟებიც შემოლაგდნენ კლასში. მეორე დღეს მხოლოდ გოგონები დამხვდნენ, ვაჟები შეჯიბრებაზე წაეყვანათ. ყველა მოსწავლეს წინ ედო მერხზე გადაშლილი დავალების რვეული. ბავშვებს ვთხოვე, წაეკითხათ. მორცხვმა გოგონამ ხელი ასწია და დავალების წაკითხვა ითხოვა. მაშინვე წავაკითხე და ისევ დადებითი კომენტარი მივაშველე. თვალებგაბრწყინებულმა დახურა რვეული და ბედნიერი სახით მიუჯდა მერხს. საბოლოოდ, დავასკვენი, რომ ვაჟების ერიდებოდა. საუბარი ისე წარვმართე, რომ მიმეხვედრებინა, აქ მოსარიდებელი და სამარცხვინო არა იყო რა. ყინული დაიძრა. მალე რამდენიმე ლიტერატურული კონკურსიც მოიგო...

GzaPress

- რა იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი სიხარული?

- პრობლემებზე საუბარი არ მიყვარს და მაინც, ჯანმრთელობაშერყეული მეუღლე, სამი მუდმივად მოავადე მცირეწლოვანი ბავშვი, ძვირად ღირებული მედიკამენტები, ცარიელი ქისა... დიდი სიხარული? საიმედო სიტყვა, რომელიც გავიგონე პროფესორისგან შვილზე. ისე კი უფრო სხვათა სიხარული მახარებს...

- ასეთი დატვირთვის მიუხედავად, მაინც ყველა გიცნობთ, როგორც პოზიტიურ ადამიანს. თქვენი კეთილგანწყობისა და პოზიტიურობის გასაღები რა არის?

- "კოკასა შიგან რაცა სდგას", - მინდა ადამიანებისთვის სიხარულის ჩუქება შემეძლოს, მინდა ყველა მიყვარდეს! და კიდევ... სულ დამაქვს ცრემლი ღიმილთან ერთად, მაგრამ არც ერთი არ არის ყალბი...

P.S. ლელა გაფრინდაშვილს რამდენიმე თვეა, რაც ვიცნობ. ახლა უკვე ვიცი, მინადარ ბებოს სკივრზე შემოწყობილმა თოჯინებმა რომ ასწავლა კარგი მასწავლებლობა, ის კი არ ვიცი, საიდან და როგორ ისწავლა ასოთა გალამაზება, სულის ჩადგმა, გამშვენება და გემოს მიცემა. ჰო, ლელას კალიგრაფიაში აუცილებლადაა მზის სხივების, ახალმოწველილი რძის, ბაღჩაში დილაადრიან დაკრეფილი კიტრის, აღუდღუდებული ცაცხვის ნექტრის და ყველა სასურველი გემო...

როლანდ ხოჯანაშვილი