რატომ დაედევნა პატრული ნინი გრძელიშვილს? - გზაპრესი

რატომ დაედევნა პატრული ნინი გრძელიშვილს?

ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული სიტუაციების შესახებ მოდელი ნინი გრძელიშვილი გვესაუბრა, რომელმაც ტაქსის მძღოლებთან ხშირი ჩხუბის შემდეგ საკუთარი ავტომობილის შეძენა გადაწყვიტა, შედეგად კი - პირად ფსიქოლოგთან ვიზიტებს მოუხშირა...

- ახალბედა მძღოლი ვარ - წელიწად-ნახევარია, რაც საჭესთან ვზივარ. მანამდე ავტომობილის მიმართ არანაირი ინტერესი არ მქონდა. მართვაც არ ვიცოდი, რა თქმა უნდა. საერთოდ, მანქანა არც მინდოდა. სულ ვამბობდი, - წამიყვანონ, მომიყვანონ. ბოლოს და ბოლოს, ტაქსის გამოვიძახებ-მეთქი (იღიმის). ავტომობილის შეძენა და მართვის შესწავლაც სპონტანურად გადავწყვიტე - კურსები გავიარე და გამოცდაზე "სპონტანურადაც" ჩავიჭერი, რა თქმა უნდა (იცინის). ავტომობილი უკვე ნაყიდი მქონდა, მაგრამ მართვის მოწმობა ვერ ავიღე. მანქანით მხოლოდ ჩემი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ვარტყამდი წრეებს, რომ პატრულს არ გავეჩერებინე. დაახლოებით ერთ თვეში მოვახერხე და მოწმობა ავიღე, მაგრამ ახლაც მგონია - გამოცდაზე რომ გამიშვან, შეიძლება, რასაც იქ ითხოვენ, ვერ გავაკეთო.

- პირველი წარუმატებელი მცდელობისას გამოცდაზე არასწორად რა გააკეთე?

- ავტომობილში ჩავჯექი თუ არა, მაშინვე გადმომსვეს - მგონი, ავტომობილი დაძრულიც არ მქონდა (იცინის): ბოძი წავაქციე, რადგან შემეშალა და მანქანა უკუსვლით წავიყვანე...

- ავტომობილის შეძენა რატომ გადაწყვიტე?

- სულ გზაში ვიყავი, უამრავი დრო მეხარჯებოდა და ცალკე - "ნერვები ნერვებად": ტაქსით მგზავრობის ჩემი ისტორიები რაღაც სასწაულია - მძღოლები რუსულ სიმღერებს მასმენინებდნენ. მოკლედ, ყოველ ჯერზე ვჩხუბობდი და ტაქსიდან ისე გადმოვდიოდი. ბოლოს უკვე ვიფიქრე - ამდენს რატომ ვწვალობ-მეთქი?!. სულ მეგონა, რომ ავტომობილის მართვა არ გამომივიდოდა. მით უმეტეს, საერთოდ, ორიენტირების უნარი "ნულს ქვემოთ" მაქვს: მხოლოდ სახლამდე გზას ვიმახსოვრებ, მეტს - ვერაფერს. ავტომობილის მართვისას მეგობრები დამცინიან - "ტაქსისტივით" სულ ნავიგაციით დადიხარო...

- შენი ავტომობილის სალონში როგორი სიმღერები ჟღერს?

- აბსოლუტურად ყველანაირი, რუსული სიმღერების გარდა. მეცინება, - რაც ავტომობილის საჭეს მივუჯექი, მგონი, გემოვნება დამიქვეითდა-მეთქი. საერთოდ, 70-იანების როკს ვუსმენდი, მაგრამ როგორც კი საჭეს მივუჯექი, საქეიფო სიმღერები ჩავრთე (იცინის). თან, მუსიკა მაღალ ხმაზე მაქვს ჩართული, რადგან ავტომობილის მართვისას სხვა მანქანების ხმა თუ მესმის, ვიბნევი. ჩემს ავტომობილს რამე სერიოზული ნაწილი დაზიანებული რომ ჰქონდეს, ხმას ვერ გავიგონებ. ვინც ჩემთან ერთად მანქანაში ჯდება, ყველა ტკივილგამაყუჩებელს ითხოვს, რადგან მაშინვე თავი სტკივდებათ (იცინის).

GzaPress

- მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკის გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- მაგალითად, ერთხელ პატრულის მანქანამ დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე მდია, სანამ მივხვდი, რომ მე მომდევდა. თურმე, მისიგნალებდნენ, მელაპარაკებოდნენ, მე კი ჩემთვის მივდიოდი, არც სარკეში ვიყურებოდი... ბოლოს პატრულმა "დამიაბგონა" - შვილო, გააჩერეო (იცინის). სანამ გზა არ ჩამიჭრეს, ვერ მივხვდი, რომ მე მომდევდნენ.

- ხშირად გაჯარიმებენ?

- სხვათა შორის, ავტომობილით მშვიდად დავდივარ, მით უმეტეს, პატრულს სიჩქარის გადაჭარბებისთვის არ დავუჯარიმებივარ, რადგან ჩემთვის "მივგორავ", ნერვის აუტოკებლად, წესებს არ ვარღვევ... ერთადერთი, ეს შემთხვევა მახსოვს: გმირთა მოედანზე საპირისპირო მხარეს ე.წ. პროწივზე შევედი, თან - პიკის საათში. საგზაო მოძრაობა თავიდან ბოლომდე გავჭედე - შევეჭერი და ვერც უკან მივდიოდი, ვერც - წინ. იქვე პატრული იდგა... თანამშრომლებს ისე შევეცოდე, არც კი დამაჯარიმეს, - გამომიყვანეს. ალბათ იფიქრეს, თავისი გასჭირვებიაო (იცინის). თავდაპირველად ხალხი ვერც მიხვდა, რას ვაკეთებდი. არცთუ სასიამოვნო რეპლიკები "წამოვიდა", მაგრამ ალბათ ისეთი სახე მქონდა, რომ მათაც შევებრალე...

- შენი ავტომობილით შორ მანძილზე გიმგზავრია?

- არასდროს. ყველაზე შორს საგურამოში წავსულვარ. საერთოდ, ასე მგონია, ტრასაზე ავტომობილს ვერ ვმართავ. არადა, ამბობენ, ქალაქში მოძრაობა ბევრად რთულია, ვიდრე ტრასაზეო. საჭესთან რომ არ ვიჯდე, მგზავრობისგან მაინც ვიღლები. ამიტომ ვერ ვბედავ, ავტომობილით შორ მანძილზე მარტო წავიდე.

- თანამგზავრები საიმედო მძღოლად მიგიჩნევენ?

- თავდაპირველად ოჯახის წევრები ავტომობილში საერთოდ არ მისხდებოდნენ. "ოფიციალურად" ტაქსით მგზავრობდნენ, ოღონდ ჩემს მანქანაში არ ჩამსხდარიყვნენ... მეგობრები მეხუმრებიან - მარტო "ტორმუზით" დადიხარო. მით უმეტეს, "ბეემვე", 8-სიჩქარიანი სპორტული მანქანა მყავს - "საგონკაო" ავტომობილია, მე კი დაბალი სიჩქარით დამყავს. ამის გამო მეგობრები სულ მეღადავებიან - შენ მანქანა რად გინდა? ველოსიპედით უნდა დადიოდეო (იცინის). ნელ-ნელა ოჯახის წევრების ნდობას ვიმსახურებ, რადგან იციან, ჩემთვის "დავგორავ"...

- ამჟამად რომელ ავტომობილსაც მართავ, შენთვის პირველია?

- არა, მეორე ავტომობილია. სხვათა შორის, ახლახან შევიძინე. პირველი - "ჰიუნდაი სონატა" იყო. ჩემთვის დიდი განსხვავება არაა - წინა ავტომობილსაც დაბალი სიჩქარით ვმართავდი და ამჟამინდელსაც ასე ვმართავ... მგონი, ყველა სადაზღვევო კომპანიას "გაშავებული" ვყავარ, რადგან სისხლი გავუშრე: პირველი ავტომობილის მართვისას აბსოლუტურად ყველა პარკინგზე სადაზღვევოში ვრეკავდი, არც ერთხელ მანქანა ისე არ "დამიპარკინგებია", რომ რამისთვის არ "გამესვა". ევაკუატორებს ვიძახებდი მაშინ, როცა თურმე, ერთი ღილაკისთვის უნდა დამეჭირა თითი, - მანქანა არ იქოქება, მოდით-მეთქი. მოვიდოდნენ, დამიქოქავდნენ... ბოლოს ლამის მითხრეს, - იქით მოგცემთ ფულს, ოღონდ თავი დაგვანებეო (იცინის). ჰოდა, ახლა ასე, დაზღვევის გარეშე დავდივარ...

- სერიოზულ საავარიო სიტუაციაში მოხვედრილხარ, როცა შენს ან სხვის სიცოცხლეს საფრთხე შეჰქმნია?

- არა. ყველაზე მეტად ამის მეშინია. ამიტომ განსაკუთრებით ამ საკითხში ვფრთხილობ, რომ ავტომობილის მართვისას ვინმეს არ დავეჯახო. ასე ვთქვათ, სხვისი ცოდვის აკიდების ძალიან მეშინია. მანქანა მაინც "ჟეშტია"... სისწრაფესაც სწორედ ამიტომ ვაკონტროლებ.

- საჭესთან ბილწსიტყვაობ?

- ახალგაზრდა ქალმა ის არ უნდა იკადროს, რასაც მე ვკადრულობ საჭესთან (იცინის): "მეკეტება", შეურაცხადი ვხდები, კაცივით ვიგინები ხოლმე... მერე ძალიან მრცხვენია, მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ.

- გაცნობის მიზნით ავტომობილით ვინმე აგდევნებია?

- ჰო, ერთი შემთხვევა იყო, როცა ბიჭმა გზა დამითმო. მადლობა გადავუხადე. თურმე გამომყვა ვაკიდან გლდანამდე - ბევრი იარა...

- მის მცდელობას შედეგი თუ მოჰყვა?

- არანაირი (იცინის), მაგრამ თავისი მაინც სცადა: ავტომობილის მიხედვით, ჩემი ტელეფონის ნომერი "ამოაგდო" (ეს ზუსტად როგორ ხდება, არ ვიცი), კონტაქტზე გამოვიდა - გოგონი, გამარჯობა. მე ის ვარ, გზა რომ დაგითმეო... ასეა - თურმე, გზას ტყუილად არავინ დაგითმობს ამ ცხოვრებაში (იცინის)...

- ავტოსახელოსნოს ხშირად სტუმრობ?

- მხოლოდ მანქანის ვიზუალთან დაკავშირებით: როგორც გითხარი, პარკირების ყველა მცდელობა კრახით სრულდებოდა. ამიტომ ავტოსახელოსნოში სულ პოლირებასთან, "მალიარკასთან" დაკავშირებით მივდიოდი. უკვე ასე მხვდებოდნენ - ისევ შენ ხარო?!. ბოლოს მითხრეს, - მიდი, რამდენიმეგან კიდევ "გაუსვი" და მერე მოდი, ბარემ თავიდან ბოლომდე გავაკეთოთო, რადგან სახელოსნოში ყოველკვირა მივდიოდი.

- ავტომობილის ვინმესთვის თხოვება შეგიძლია?

- ეს ძალიან არ მიყვარს, რადგან პირად სივრცედ მიმაჩნია. მეზარება სარკეების ხელახლა გასწორება, სავარძლის მორგება და ა.შ. მეგობრებს არც უთქვამთ, - ავტომობილი გვათხოვეო, რადგან იციან, ეს არ მიყვარს. მაგალითად, ზოგს სხვისთვის ტანსაცმლის თხოვება არ უყვარს, მე კი ავტომობილთან დაკავშირებით ვარ ასე განწყობილი.

- საბოლოო ჯამში, შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ავტომობილის საჭეს მიუჯექი?

- ჩემს ფსიქოლოგს ვიზიტები დაემატა (იცინის). რეალურად, მხოლოდ ეს შეიცვალა, მეტი - არაფერი.

- შენი აზრით, კარგი მძღოლი ხარ?

- ვფიქრობ, გადასარევი მძღოლი ვარ, რაც მთავარია - უსაფრთხო: წესებს ვიცავ, სწრაფად არ დავდივარ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქალაქში "ბეემვეს" ყველაზე მშვიდი, ნელი მძღოლი ვარ - ამაზე თავს დავდებ (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი