დათო ოქიტაშვილის პირადი ცხოვრება
დრო მიდის, ყველაფერი იცვლება, მაგრამ რჩება ის, რაც ყველაზე მთავარი და ფასეულია... "ჩემთვის უპირველესი ფასეულობა ჩემი ოჯახია", - გვითხრა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა.
- ოჯახი ჩემთვის, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ყველაზე დიდი სიმდიდრეა. მადლობელი ვარ, რომ ამ მხრივ გამიმართლა: ცხოვრების გზაზე ჩემი მეუღლე რომ არ შემხვედროდა, რასაც მივაღწიე, იმის მეათედსაც ვერ მივაღწევდი, - ამას თითქმის ყველა ინტერვიუში ვამბობ. თუ ოჯახში ჰარმონია არ არის, თუ მეუღლე და შვილები ხელს არ გიწყობენ, რომ შენი საქმე აკეთო, ვერაფერს შეძლებ. დილით, სახლიდან რომ გამოვდივარ, ზოგჯერ ისიც არ ვიცი, როდის დავბრუნდები; მთელმა ოჯახმა ერთად როდის დავისვენეთ, არ მახსოვს, თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე, 2-3-დღიან დასვენებას. მუდმივად დაძაბულ რეჟიმში მიწევს ცხოვრება და ჩემი მეუღლე ამ ყველაფერს მშვიდად იტანს. 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავრწმუნდი, რომ სიყვარულის გარეშე არაფერი გამოვა. ოჯახიც, თუ სიყვარულით იქმნება, ყველაფერს გაუძლებს.
- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?
- ირინა ჩემი მამიდაშვილის უახლოესი მეგობარი იყო. თავიდან უბრალოდ ვმეგობრობდით, ჩვენი ოჯახებიც ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და მეგობრობდნენ. თავდაპირველად ცოლობაზე უარი მითხრა. მე იმათ რიგს მივეკუთვნები, ვისაც ხვეწნა-მუდარა საშინლად არ უყვარს, ადამიანს თავს ძალით ხომ ვერ შეაყვარებ?.. ჰოდა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში ამ თემაზე აღარაფერი მითქვამს, თავი დავანებე. მერე, როცა თანხმობა მითხრა, გამოტყდა: ჩემთვის ხვეწნა რომ დაგეწყო, შენკენ არც გამოვიხედავდიო... სხვათა შორის, ირინა ჩვენს ოჯახში რომ შემოვიდა, დედაჩემმა და მამაჩემმა თქვეს, ნანატრი ქალიშვილი შეგვემატაო. გოგო არ ჰყავდათ და საკუთარი შვილივით მიიღეს. როგორც ჩანს, ჩვენი ოჯახის შექმნა ღვთის ნებაც იყო. ამის დადასტურებაა ის, რომ 25 წელია ერთად ვართ, გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი, კარგი სიძე და ჩემი პატარა შვილიშვილი, კატო დოლაბერიძე, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. ჩვენ ძირითადად წყნეთში ვცხოვრობთ და კატოს ძალიან უყვარს ჩემი დახმარება, ყველაზე მეტად ყვავილების მორწყვა მოსწონს და სულ მახსენებს: ბაბუ, ჩვენი ყვავილები არ დაჭკნესო.
- როგორ ფიქრობთ, ქალს რა უფრო ალამაზებს - გამორჩეული ხასიათი თუ გარეგნობა?
- პირველ რიგში, ყველას ადამიანობით ვაფასებ. საერთოდ არ ვკითხულობ, ვისი შვილია, როგორი ოჯახიდანაა, მდიდარია თუ ღარიბი... მე და ირინას ჩვენი შვილებისთვის არასდროს გვითქვამს, ამასთან იმეგობრე და იმასთან არაო. მატერიალური მდგომარეობისთვის არასდროს მიგვიქცევია ყურადღება. მთავარი ადამიანური თვისებებია, სხვა დანარჩენი - წარმავალია. ადამიანს ვცემ პატივს და არა მის სილამაზეს ან წარმოშობას. ოჯახიც ამ ნიშნით შევქმენი. ამ წლების განმავლობაში კამათიც გვქონია, უთანხმოებაც, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემა არ შეგვიწყვეტია. ჩემი მეუღლე პროფესიით ბიოლოგია, მაგრამ არასდროს უმუშავია, - შვილებს ზრდიდა და ოჯახს უვლიდა. ახლა კი დაიწყო თხოვნა, - გეხვეწები, სადმე მუშაობას დავიწყებო... ვეუბნები: კი ბატონო, იმუშავე, ოღონდ მე არ შემიძლია ვიღაცას დავურეკო და ვუთხრა, ჩემი მეუღლე სამსახურში მიიღეთ-მეთქი. ათასგვარი კონკურსი ცხადდება, სექტემბრიდან აპირებს მონაწილეობას და ვნახოთ... ცხადია, ჩემთვის პრობლემა არ იქნება, ვიღაცას დავურეკო და მეუღლეს ნორმალური სამსახური ვუშოვო, მაგრამ არა - იმანაც ისე უნდა გაიაროს კონკურსები, როგორც ჩემმა შვილებმა გაიარეს.
- მათ პროფესიულ არჩევანში არ ჩარეულხართ?
- არა, ორივე დამოუკიდებელი ადამიანია. მართალია, უფროსი ქალიშვილი ახლა ჩემთან მუშაობს, პრაქტიკას გადის, მაგრამ - უხელფასოდ. მას პატარა ბიზნესი აქვს, რომელშიც არ ვერევი. მეორე შვილი სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს და ძალიან წარმატებულია. თავიდან, როცა ჰკითხეს, - დათო ოქიტაშვილი შენი რა არისო? - ჩემი შორეული ნათესავიაო, - უთხრა. ისინი ცდილობენ, ცხოვრებაში ყველაფერს თავისით მიაღწიონ და მამის კალთას არ ამოეფარონ.
- ამბობთ, რომ თქვენმა ოჯახმა ბევრს გაუძლო, რას გულისხმობთ?
- ვინ იცის, რა ტალახს არ მესროდნენ, რას აღარ მაბრალებდნენ! ჩემმა მეუღლემ მომცა ძალა, თორემ ერთი პერიოდი მინდოდა, ყველაფერი დამეტოვებინა და ამ ქვეყნიდან წავსულიყავი. ყველაფერი ასე დაიწყო: ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვთქვი, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ მჯეროდა... ამის გამო 2007 წელს ავტოფარეხში ჩამკეტეს და ოთხმა კაცმა უმოწყალოდ მცემა! მეზობელმა შემთხვევით მიპოვა ავტოფარეხში ჩაკეტილი და მიგდებული. ამის შემდეგ მეც დიაბეტი დამემართა და დედაჩემსაც. იმ საშინელ დღეს არასდროს გავიხსენებდი, მაგრამ როცა დღეში 2-3 ნემსს იკეთებ, როცა ჯანმრთელობა შერყეული გაქვს, ძალაუნებურად გახსენდება ყველაფერი. არ ვამბობ, რომ ახლა ყველაფერი მომწონს და კარგია, მაგრამ მთელი არსებით მძულს ის ხალხი, ვინც წინა ხელისუფლების დროს უდანაშაულო ადამიანებს სჯიდა. მათთვის ვიღაცის მოკვლა და სადღაც მიგდება არაფერს ნიშნავდა. როგორ უნდა მიყვარდეს ხალხი, რომელიც ჩემს ოჯახს ანადგურებდა და ორ მცირეწლოვან შვილს მამას უკლავდა? ყველა იმ ხელისუფლების მომხრე ვარ, ვინც თავის ხალხს მუშაობის და არსებობის საშუალებას მისცემს. ამიტომ მიკვირს, როცა ვიღაცებს იმ ჯალათების უკან დაბრუნება სურთ! დღეს უკვე აღარ მაინტერესებს, რაც უნდათ, ის წერონ და იკითხონ, ჩემს ოჯახთან ბრძოლა ძალიან რთული საქმეა. ეს პირველ რიგში, ირინას დამსახურებაა, რადგან მან გადაგვატანინა ის სიბინძურე და განსაცდელი, რომელიც ჩვენს ოჯახს თავს დაატყდა. ჩემდა გასაკვირად, ძალიან ძლიერი აღმოჩნდა: ბევრი ისეთი რამ გადაიტანა, რასაც ყველა ვერ გადაიტანდა: შეურაცხყოფა, დამცირება, ლანძღვა-გინება და შიში. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების დროს "ვარსკვლავების" პროექტიც წამართვეს, რომელიც მე მეკუთვნოდა და მხოლოდ 2012 წლის შემდეგ დავიბრუნე. კიდევ კარგი, ის საშინელი პერიოდი წარსულს ჩაჰბარდა და დღეს თავისუფლად შემიძლია საყვარელი საქმე ვაკეთო!
- დაბოლოს, რამდენიმე ფოტო პატრიარქთან ერთად გაქვთ გადაღებული. მეგობრობთ მასთან?
- როგორ გითხრათ?.. პატრიარქმა გადამარჩინა და ის ჩემთვის ყველაფერია. ვწუხვარ, რომ მას ასე ებრძვიან, რომ იმ ადამიანის დამცირება სურთ, რომელსაც ქვეყანაში ამხელა რეიტინგი აქვს. დიახ, მე უწმინდესმა გადამარჩინა: იმ ამბების შემდეგ, 2007 წელს, ძალიან ცუდად ვიყავი, 2 თვე ვიწექი და სინათლე რომ შემოდიოდა, არ მსიამოვნებდა, თვალებახვეულს მეძინა. დღემდე ვერ ვიტან, როცა ვიძინებ და შუქი შემოდის... ამიტომ ღმერთს ვთხოვ, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, რომ მხოლოდ გონიერი და კეთილი ადამიანები ვიხილო ჩვენი ქვეყნის სათავეში!
ხათუნა ჩიგოგიძე