რას ჰყვება ელჩი მაია ყიფშიძე ქვეყანაზე, რომელსაც ქალი პრემიერ-მინისტრი მართავს
ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი მაია ყიფშიძე დიდი და ღირსეული ოჯახიდანაა. მისი დიდი ბაბუა, გრიგოლ ყიფშიძე ილია ჭავჭავაძის მარჯვენა ხელად და ჟურნალისტიკის და ახალი საერთო-ეროვნული სალიტერატურო ენის დამკვიდრების ერთ-ერთ ფუძემდებლადაა მიჩნეული; ბაბუა, ვასილ ყიფშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ; მამა, გრიგოლ ყიფშიძე - ცნობილი არქიტექტორია, რომელმაც თავისი გამოგონება, სითხით ქვის კონსერვაცია, 90-იან წლებში პარლამენტის დაზიანებული სვეტების აღდგენის დროს გამოიყენა. ქალბატონი მაიას მამიდა და მამიდაშვილი არიან ჩვენი ლეგენდარული მსახიობები - ელენე ყიფშიძე და ზურაბ ყიფშიძე. არც შვილები, სოფო და გიორგი ჩამორჩებიან წინაპრებს. იმედია, აუცილებლად ცალკე ვუამბობ მკითხველს სოფოზე - სამი შვილის დედასა და წარმატებულ ადამიანზე, ასევე მის ძმაზე - ჯაზის ვირტუოზულ შემსრულებელზე, საქსოფონისტ გიორგი ბერიშვილზეც, რომელსაც ფანები "ხონძის" ფსევდონიმით იცნობენ.
ქალბატონი მაიას სამშობლოსთან ოცდაოთხსაათიანი ბმა ვერ უქრობს ნოსტალგიას, ალბათ ამიტომაც იოლად დაგვთანხმდა ინტერვიუზე.
- ქალბატონო მაია, ნორვეგიის თემა პირდაპირ "იანტეს კანონით" მინდა რომ დავიწყოთ...
- ჩემთვის საინტერესო იყო ამ ე.წ. კოდექსის აღმოჩენა, რომელიც ნორდიკულ ქვეყნებში ერთგვარ ქცევის კოდექსადაა მიღებული და დიდ გავლენას ახდენს აქაური მოსახლეობის და საერთოდ, სკანდინავიელების მორალური ქცევის ნორმებზე. "იანტეს კანონის" (დანიურად ჟანტელოვენ) მიხედვით ცდილობენ ახსნან სკანდინავიის ქვეყნების მოსახლეობის ეგალიტური ბუნება. ამ ე.წ. ათი მცნების თანახმად, არაორდინარული და ძალიან გამორჩეული საქმის კეთება, დაუმორჩილებლობა ან პირადი ამბიციურობა თუ თავმომწონეობა ღირსეულ და ადამიანის შესაფერის საქციელად არ მიიჩნევა.
ამ "კანონში" შემავალი ათი წესი ძირითადად ერთ თემატიკაზეა აგებული და ჩვეულებრივ, ერთი წინადადებით მოიხსენიებენ ხოლმე: "ნუ ფიქრობ, რომ განსაკუთრებული ხარ ან - ჩვენზე უკეთესი".
ეს "კანონი" დანიელმა მწერალმა აქსელ სანდემუსმა ჩამოაყალიბა რომანში "გაქცეული საკუთარ ნაკვალევს კვეთს". მუშებით დასახლებული გამოგონილი ქალაქი იანტე, სადაც მთავარი ფასეულობა სოციალური თანასწორობაა, რომელიც ამ კანონთა კრებულის დაცვით მიიღწევა. რა თქმა უნდა, ეს "კანონები" მწერალს ციდან არ მოუწყვეტია, ის საკუთარი ხალხის ფსიქოტიპის, ღრმა ფსიქოლოგიური წვდომის შედეგად შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ მისი "მიმდევრები" ხშირად ხუმრობენ კიდეც ამაზე, შეიძლება ითქვას, რომ პრინციპში, სკანდინავიელები შინაგანად ხელმძღვანელობენ მისით.
- გვიამბეთ ნორვეგიაზე და უფრო მეტი - ნორვეგიელებზე, რადგან ძალიან საინტერესოა თვითმხილველის ხედვა.
- სხვა ფაქტორებთან ერთად (გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, ისტორიული წარსული და სხვა) კლიმატურ პირობებს დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ჩამოყალიბებისთვის. აქ უგრძელესი მკაცრი ზამთარი განსაზღვრავს ადამიანების ფსიქოტიპსაც. ასეთ კლიმატურ პირობებში მცხოვრებმა ზუსტად იცის, რომ გრძელი, გაწელილი რვა თვის განმავლობაში უნდა ებრძოლოს ყინვას. ოქტომბრის ბოლოდან, დღის სამ საათზე აქ ღამდება და გარეთ გასვლისკენ აღარაფერი გიბიძგებს გვიან გაზაფხულამდე. ნორვეგია საკმაოდ მეჩხრადაა დასახლებული, განსაკუთრებით - ჩრდილოეთისკენ. ერთი ფერმიდან მეორე ფერმამდე მისასვლელი გზა ორი, ზოგჯერ მეტი კილომეტრიცაა. ახლა მანქანით ამ გზას ყინვაშიც იოლად გაივლი, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ამ გზების დაფარვა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. უნდა მიგესწრო მეზობლამდე ისე, რომ არ გაყინულიყავი, იქ მისულს აუცილებლად უნდა დაგხვედროდა სითბო და საჭმელი გადასარჩენად. აბა, ვინღა დაადგებოდა ასეთ გზას დიდი მიზეზის გარეშე?.. ბუნების სიყვარული, ამავე დროს ბუნებასთან ჭიდილი და მასთან გამარჯვების ჟინი, ეს საოცარი თვისებებია. ეს ყველაფერი ილექება გენში, ამიტომაცაა, რომ ქართველისთვის, ნორვეგიელი ერთი შეხედვით ცოტა ჩაკეტილი ადამიანია. ოღონდ, ხმამაღლა ვაცხადებ, და ბევრი ჩემი თანამემამულე დამეთანხმება, რომ ისინი ერთი შეხედვით ნამდვილად დისტანციურები არიან, მაგრამ თუ ნორვეგიელი შენი მეგობარი გახდა, ხვდები, როგორი "ღრმა" ხალხია ეს უძველესი ერი. მათ განსაკუთრებული მეგობრობა და ერთგულება იციან.
- ნორვეგია არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის სიებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების რაოდენობით მეოთხე ადგილს იკავებს. იოლია ნორვეგიელის ყოფა?
- შესაძლოა ამ "ხმამაღალმა" ციფრებმა ვინმეს აფიქრებინოს, რომ ნორვეგიის მოქალაქეს ფეხი ფეხზე გადადებულს შეუძლია იცხოვროს, მაგრამ ასე არ არის. ნორვეგიელი მშრომელი და მიზანსწრაფული ადამიანია. 1969 წელს ქვეყანაში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ მათი ყოფა გაიოლდა, ოღონდ რასაც მანამდე აკეთებდნენ, თავი არ დაუნებებიათ. აქ სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა საუკუნეებია შეუფერხებლად ვითარდება, თევზჭერა და ზღვის პროდუქტების ექსპორტი კი, ნავთობისა და გაზის ექსპორტის მსგავსად, ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათია. ნორვეგიელი თავის საქმეს აკეთებს და არავის ელოდება, რომ ხელს წაახმარს, ამიტომ მოვიდნენ ისინი ამ კეთილდღეობამდე, ნელი ნაბიჯებით მოვიდნენ.
ჩვენგან განსხვავებით, მათ დამოუკიდებლობა 1905 წელს საბოლოოდ მოიპოვეს, მანამდე კი 400 წელი დანიის ქვეშევრდომობის ქვეშ იყვნენ (1380-1814 წწ.), შემდეგ კი შვედეთის, ამ განვითარებული ქვეყნის ფრთებქვეშ. თუ შევადარებთ, ჩვენ დამოუკიდებლობის მიღებიდან მესამე წელს ძალით შეგვიყვანეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და განვითარება 70 წლით შევწყვიტეთ. განვითარების შანსი მხოლოდ 30 წლის წინ მოგვეცა, ნორვეგიას კი ეს შანსი 116 წელია აქვს და მშვიდად აშენებს თავის ქვეყანას. განვლილ დროში ჩვენ იმდენი გავაკეთეთ და იმდენს მოვერიეთ, ნამდვილად მჯერა, ომი და ნგრევა რომ არ ყოფილიყო, გაცილებით წინ ვიქნებოდით. ხელს ჯერაც რაღაც დოზით შემორჩენილი საბჭოთა მენტალიტეტიც გვიშლის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის თავაწეული წევრია, რომელშიც ნორვეგიაა, - გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, - ჩვენ მეტი ძალისხმევა გვჭირდება, მით უმეტეს - ქვეყნის ოკუპაციის ფონზე. ჩვენი ვექტორი ევროპისკენ დასახულია, უბრალოდ, უნდა ვიყოთ ერთსულოვნები, შრომისმოყვარენი, მომთმენნი და ყველამ ჩვენი წილი აგური დავდოთ.
- ნორვეგიის სამეფოს ახლა პრემიერ-მინისტრი ქალი მართავს. ვისაუბროთ ქალის როლზეც იმ ქვეყანაში.
- ამ მშვიდ და ლამაზ ქვეყანაში არა მარტო პრემიერ-მინისტრია ქალბატონი, არამედ მინისტრთა კაბინეტის შვიდი წევრი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრიც, ასევე - ოსლოს მერი, პარლამენტის პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი. მთავრობის შემადგენლობის ორმოცი პროცენტი ქალბატონები არიან. ახლანდელი პრემიერი მემარჯვენე კონსერვატორული პარტიის ლიდერი ერნა სულბერგია. საქართველოში ნორვეგიის ელჩიც ქალია - ქალბატონი ჰელენა ანდერსენი. ამ ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობების და თანამშრომლობის არენაზეც გააქვს ეს როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რაც მეამაყება; მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩამოვრჩებით ნორვეგიას, წარმომადგენლობით დონეზე, სულისკვეთებით, თამამად ვუწყობთ მას ფეხს, ამიტომაც ჩვენი შეხედულებების თანხვედრის ბევრ ჭრილში ვართ ნამდვილი პარტნიორები.
სკანდინავიელ საზოგადოებაში ქალს დიდი როლი უკავია არა მარტო სამთავრობო კვოტებით, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. საინტერესოა ამ მხრივ ნორვეგიული ოჯახი, რადგან აქ სრულად არის განაწილებული მოვალეობები მეუღლეებზე. ამაში სახელმწიფოც იღებს მონაწილეობას. არსებობს მამის ოფიციალური დეკრეტული შვებულება, რომლითაც საჭიროებისამებრ სარგებლობენ მამები, გაყრის შემთხვევაში კი გაწერილია მოვალეობები, რომლის დახმარებითაც დედ-მამა თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობებს. ეს კანონმდებლობა ბუნებრივად მოვიდა ამ საზოგადოებაში, რადგან ნორვეგია წლების განმავლობაში თანამიმდევრულად ამ მიმართულებით დგამდა ნაბიჯებს.
- ნორვეგია დიდი ყურადღებით ეკიდება ემიგრანტების მიღებას.
- დიახ, მკაცრია ქვეყანაში შემოსვლის კრიტერიუმები. ამ მომენტისთვის ნორვეგიაში დაახლოებით 413 ქართველი ცხოვრობს და სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობს - იქნება ეს ხელოვნების, განათლების, სამშენებლო თუ სხვა სფეროები; ზოგიერთ მათგანს საკუთარი პატარა ბიზნესიც აქვს. ბევრი მათგანი 90-იან წლებში ჩამოვიდა და შვილებიც აქ შეეძინათ. გასახარია, რომ რაც ნორვეგიამ ორმაგი მოქალაქეობა დაუშვა, ძალიან ბევრი მომართვა მივიღეთ საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებაზე. ჩვენი დიასპორა მცირერიცხოვანია, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ნორვეგიაში ღირსეულად ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. საქართველოს მთავრობა მუდმივად სთავაზობს მათ სხვადასხვა პროექტსა და სერვისს, რამდენადაც დიასპორის გაძლიერება ქვეყნის კონსტიტუციით გაწერილი ვალდებულებაა.
- რა სირთულეებს წააწყდა პანდემიის დროს ქართული დიასპორა ნორვეგიაში და როგორი მონაწილეობა დასჭირდა საელჩოს?
- როდესაც "კოვიდ-19"-ის გავრცელება გლობალურ პანდემიად გამოცხადდა და ფრენები შეწყდა, აქ სტუმრად და სასწავლებლად ჩამოსულ ბევრ ჩვენს თანამემამულეს დასჭირდა დახმარება. ძირითადად, მათ სამშობლოში დაბრუნებაში სჭირდებოდათ ხელშეწყობა. გვქონდა საქართველოს მოქალაქეების დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევაც. ნორვეგიაში საქართველოს საელჩოს ოთხივე თანამშრომელი 24-საათიან რეჟიმში ვიყავით ჩართულები მათი პრობლემების მოგვარებაში. გაათმაგდა პასუხისმგებლობაც. მადლობა ღმერთს, ეს შევძელით.
- რაკი ნორვეგია ჩვეულ რიტმს უბრუნდება, ალბათ განაახლებთ დაწყებულ პროექტებსაც, არა?
- პროექტებზე მუშაობა არც შეწყვეტილა, ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. რასაკვირველია, ველოდებოდით რეგულაციების შემსუბუქებას, რადგან ბევრი რამ ვირტუალურად ვერ ხორციელდება. ყველა პროექტს ვერ ჩამოვთვლი, თუმცა გამოვყოფდი რამდენიმე სფეროს, როგორიცაა თავდაცვის, განვითარების, ენერგეტიკის, დემოკრატიული განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის, ინკლუზიური განათლების სფეროები.
ცალკე მინდა გამოვყო ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელშიც ასევე ვცდილობთ, აქტიურად ვიმუშაოთ, - ეს ეკონომიკური დიპლომატიაა, რომელიც ექსპორტის ზრდას, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ხელშეწყობას ემსახურება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია წამოვიდეს საქართველოსკენ; ის დიდი გამოცდილებაც, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური განვითარების პროცესში დაეხმარება. ერთ-ერთი ასეთი დასრულებული პროექტი ენერგეტიკის სფეროში, შუახევის ჰესი გახლავთ აჭარისწყალზე, რომელიც 2020 წლის მარტიდან მუშაობს. არ შეიძლება არ აღვნიშნო ნორვეგიის წყლისა და ენერგორესურსების დირექტორატის წარმატებული პროექტი განახლებადი ენერგიის სფეროში. რიგში დგას კიდევ რამდენიმე პროექტი. ნორვეგიაში უზარმაზარი გამოცდილებაა ჰიდროენერგეტიკაშიც, ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების კუთხითაც, მართლაც ვირტუოზები არიან ნორვეგიელი სპეციალისტები ამ მიმართულებით. ამიტომ ვცდილობთ მონიშნული პროექტები რეალობად იქცეს. ასევე ჩვენი მიზანია გავაცნოთ საქართველო როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე უძველესი კულტურისა და ისტორიის ქვეყანა. შემოვიკრიბე ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც გვეწვივნენ სტუმრად, ანდამატივით იზიდავთ ჩვენი ქვეყანა და აუცილებლად ბრუნდებიან უკან. ორმხრივი ურთიერთობები ძალიან საინტერესოა. ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ხალხისგან და ასევე გავუზიაროთ ბევრი რამ. სინამდვილეში ხომ ეს მიზიდულობა პირველ რიგში, ადამიანური ფაქტორითაა განპირობებული.
ყველაფერი წინაა, ყველაფერი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, ნაბიჯ-ნაბიჯ. ვინ იფიქრებდა თუნდაც რამდენიმე წლის წინ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოვაწერდით ხელს და "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება" ან ვიზალიბერალიზაცია გვექნებოდა?! მთავარია, ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც ჩვენი ისტორიული და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია, 2024 წლისთვის, როცა ევროკავშირში გაწევრების ოფიციალურ განაცხადს შევიტანთ, ასოცირების შეთანხმებისა და სხვა შეთანხმებების ფარგლებში მიღებული "საშინაო დავალებები" შევასრულოთ, მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ევროპის სტანდარტებს, რაც თავის მხრივ ღირსეული ცხოვრების, ქვეყნის გაერთიანების, სიმშვიდის საფუძველი იქნება.
დეა ცუცქირიძე