"ომსა და მტრობას, რაც წარსულში იყო, დღეს არ უნდა ვაგრძელებდეთ"
თუ ზაფხულის ცხელ დღეებში მოგზაურობა გადაწყვიტეთ და გსურთ გაეცნოთ განსხვავებულ კულტურასა და სამზარეულოს, მარიამ ლომიძე გვირჩევს ირანს ვესტუმროთ, იქ აღმოვაჩენთ ბევრ ახალსა და საინტერესოს. მისმა "ინსტაგრამ" და "ტიკ-ტოკ" გამომწერებმა უკვე კარგად გაიცნეს ირანი. უცხო ქვეყანაში ქმრის სიყვარულმა ჩაიყვანა, აღფრთოვანებულია იქ მცხოვრები ადამიანებით. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სარწმუნოება და ტრადიციები აქვს, ამბობს, რომ არასოდეს არავის შეუვიწროებია, პირიქით, პატივს სცემენ მის რწმენას.
- ბიზნესადმინისტრირების განხრით მაქვს განათლება და ოჯახურ ბიზნესს ვხელმძღვანელობდი საქართველოში. ირანში პირველად მეუღლესთან ერთად ჩამოვედი, რათა მისი მშობლიური ქვეყანა გამეცნო. წარმომედგინა როგორც ერთი დანგრეული და უსუფთაო ქვეყანა. მეუღლისგანაც ბევრი არაფერი მქონდა მოსმენილი, რადგან თვითონ სხვა ქვეყნის მოქალაქეა და ასეთი წარმოდგენის შემდეგ სრულიად გაკვირვებული დავრჩი.
- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე, რამდენად რთული აღმოჩნდა მიგეღოთ დაქორწინების გადაწყვეტილება?
- გავიცანი სამსახურში. თავიდან ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დრო რომ გადიოდა, იმდენ კარგ თვისებას ვხედავდი, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვრჩებოდი. ერთ დღეს ვაღიარე, რომ მის მიმართ სიმპათია გამიჩნდა. კარგი ადამიანია და რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას ან სარწმუნოებას? ყველა უფლის შვილი ვართ.
- რამდენად რთული იყო მათ ტრადიციებთან შეგუება?
- ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა. ოჯახიც და მეგობრებიც აცნობიერებენ, რომ მე სხვა სარწმუნოებით და ადათით ვარ აღზრდილი. ამიტომ არ მავალდებულებენ, დავიცვა ის წესები, რასაც თავად იცავენ. მაგალითად, ქალი შარფის გარეშე არ უნდა იყოს მამის, ძმისა და მეუღლის გარდა სხვა მამაკაცთან. მე პირიქით, სულ მთხოვენ, შარფი მოვიხსნა და თავისუფლად ვიყო, როგორც ჩემს სახლში. საინტერესოა სხვა კულტურის გაცნობა. მუდმივად ირანში არ ვცხოვრობთ, ზოგჯერ ჩავდივართ ხოლმე, მაგრამ კონტაქტი მუდმივად მაქვს მეუღლის ოჯახთან. ძალიან მზრუნველები და ყურადღებიანები არიან...
ამდენი წელია ერთად ვართ და კვლავ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ მეუღლის თვისებებით. მზრუნველია, ყურადღებიანი, შეუძლია ადამიანების დახმარება და გვერდში დგომა. მასზე მოკლედ საუბარი ვერასდროს გამომდის, ჩემთვის განუმეორებელი მეორე ნახევარია.
- რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში და რა არის თქვენთვის, როგორც უცხოელისთვის მიუღებელი?
- მომწონს აქაური ხალხი, მათი ურთიერთდამოკიდებულება. დიდ პატივს სცემენ ოჯახის ასაკით უფროს წევრებს. ერთი უქმე დღე აქვთ, მხოლოდ პარასკევი და ყოველთვის ოჯახთან ერთად ატარებენ. მამაკაცები ქალებს თითქმის ყველაფერში ეხმარებიან და ესეც ძალიან მომწონს. უცხო და მდიდარი სამზარეულო აქვთ. ქვეყანაც საკმაოდ მდიდარია მოსავლიანობით და შესაძლებლობებით, ამდენად გამწვანებულსა და ნაყოფიერს არ ველოდი. რაც არ მომწონს და არც თავად მოსახლეობას მოსწონს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ის კანონები და შეზღუდვებია, რასაც მთავრობა აწესებს. იმავე შარფის, მოსასხამის ტარება, ესეც კანონით მოეთხოვებათ და ამიტომ ყველა მოსახლეს თუ ტურისტს უწევს ქუჩაში შესაბამისად ჩაცმული გავიდეს. ინტერნეტში სოციალური ქსელები და საიტები იბლოკება ან იფილტრება. ჩვენ გვგონია, საშიში ქვეყანა და ხალხია, მაგრამ ასე არ არის. ირანი საკმაოდ დიდი ქვეყანაა. ძირძველი ირანელების გარდა, სხვა ეროვნების ხალხიც ცხოვრობს. შესაბამისად, განსხვავდება მათი კულტურა. შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი ირანელები კულტურული და თბილი ხალხია. პატივისცემას, ყურადღებას და ინტერესს ვგრძნობდი ყველგან. არასდროს მიგრძნია განსხვავება სარწმუნოებისა და ეროვნების გამო. სამაგიეროდ, ამგვარ დამოკიდებულებას ზოგჯერ ჩემი თანამემამულეების მხრიდან ვაწყდები და გული მწყდება. კარგი და ცუდი ყველა ეროვნებაშია. ადამიანს სარწმუნოებით არ უნდა განვასხვავებდეთ, მით უმეტეს, ისტორიის გამო მოძულეებად არ უნდა ვიქცეთ. იმას, რაც წარსულში იყო - ომსა და მტრობას ვგულისხმობ, დღეს არ უნდა ვაგრძელებდეთ. სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის ფასი არაფერია.
- ცხოვრებამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა გასწავლათ?
- ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი შვილები და ოჯახია. მადლიერი ვარ, რომ კარგი ადამიანები არიან ჩემ გარშემო. სიყვარულს ვგრძნობთ და გავცემთ, მომავალს იმედით და რწმენით ვუყურებთ. რა არის სხვა საჭირო ბედნიერებისთვის? ცხოვრების ამ ეტაპზე მივხვდი, რამდენი მასწავლა იმ ყველაფერმა, რასაც განსაცდელს ვეძახდი. ამისთვისაც მადლიერი ვარ და დღეს ვცდილობ, შვილებს ვასწავლო, რა არის გაჭირვება, რომ უკეთ იცოდნენ დროის, ფინანსებისა და კარგი ადამიანების ფასი.
- ურჩევთ თუ არა ჩვენს თანამემამულეებს, ჩავიდნენ ირანში შვებულების გასატარებლად?
- ვისაც უყვარს მოგზაურობა, სრულიად განსხვავებული ტრადიციების, სამზარეულოს და ცხოვრების სტილის გაცნობა, მაშინ კი, ირანი იმსახურებს იყოს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში...
- თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ გვითხრათ...
- გეგმაში მქონდა გამეკეთებინა ბლოგი ხელოვნების მიმართულებით. მოვლენები დაჩქარდა და ირანში ყოფნისას სურვილი გამიჩნდა გამეზიარებინა ხალხისთვის ის რეალობა და ემოცია, რაც აქ დამხვდა. ასე დაიბადა ლიფესტყლე ბლოგი, რასაც დიდი ინტერესი მოჰყვა. ბევრი მწერს, რომ სრულიად შეეცვალათ წარმოდგენა ირანზე. ჩემი სურვილიც ეს იყო - მეჩვენებინა რეალობა, რომელმაც თავადაც გამაკვირვა.
ფიქრია რობაქიძე