"თვითნასწავლი ვარ და ეს ყველაზე მეტად მეამაყება" - გზაპრესი

"თვითნასწავლი ვარ და ეს ყველაზე მეტად მეამაყება"

მის ნიღბებს, როგორც დეკორატიული, ისე გამოყენებითი დატვირთვა აქვს. მათ საკუთარი ტექნოლოგიით ამზადებს და "ქვის შენარევი" უწოდა. ექსპერიმენტების შედეგად სხვადასხვა მასალის სინთეზით, სიმყარით, ვიზუალურად და ფაქტურით გამორჩეული ნივთები, არტეფაქტების შთაბეჭდილებას ტოვებს. ფართო მასისგან განსხვავებული ხედვა აქვს და არც თავისი აზრების ღიად დაფიქსირების ერიდება. მათ შორის არის აკადემიური განათლებაც, რომლის მიმართაც ერთგვარი პროტესტი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გაუჩნდა. მისი ინტერესის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია: ხატავს, ძერწავს, წერს და სანამ გზას ხის მხატვრული დამუშავებიდან ნიღბების ოსტატობამდე გაივლიდა, არაერთ საქმეში მოსინჯა თავი. ბევრს მუშაობს, მუდმივად განვითარების პროცესშია და მისი აწმყო სამომავლო გეგმებითაც საკმაოდ დატვირთულია...

შოთა თხილიშვილი:

- ბავშვობიდან ყოველთვის ისეთ რამეს ვეძებდი, რითაც ჩემი ყველა შემოქმედებითი უნარის გაერთიანებას შევძლებდი. ვძერწავ, ვხატავ, ვწერ, ხეზე კვეთის სპეციალისტი ვარ და არ მინდოდა რომელიმე ეს "საჩუქარი" დამეჩაგრა. სამსახიობოსადმი მქონდა მიდრეკილება, მაგრამ სკოლა არ დამიმთავრებია. იმ პერიოდში ისეთი ბიუროკრატია იყო, მახსოვს, რამდენიმე ადგილას მისული, ჩემი 9 კლასის ატესტატის გამო არ მიმიღეს, ყველამ ზურგი მაქცია. ზოგადად, ისეთი ხასიათი მაქვს, თუ რამეს თვალი დავადგი, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო. ერთ დღესაც ინტერნეტში თოჯინების თეატრის განცხადებას წავაწყდი, რომლის მიხედვით ნებისმიერ მსურველს შეეძლო თოჯინური ხელოვნების შესასწავლად გასაუბრებაზე მისვლა.

მივედი. ჩემი ნამუშევრები რომ ნახეს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ საბაშვილმა მკითხა, ისედაც ყველაფერი იცი და აქ რაღა გინდაო? მაშინ ვუპასუხე, რომ ყოველთვის მინდოდა, რასაც ვქმნი, იმას ვაცოცხლებდე, უსულო საგანი სულიერად გარდავქმნა და ჩემი ნაწილი მივცე-მეთქი. ამიყვანეს და ამჟამად თბილისის თოჯინების თეატრში, "ნიკოლოზ საბაშვილის შემოქმედებით სახელოსნოში" თოჯინურ ხელოვნებას ვეუფლები. მაშინ რთული პერიოდი მქონდა და მძიმე განცდებში ვიყავი. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ ჩემს ადგილასა და გარემოში ვიყავი. შეიძლება ითქვას, თეატრმა და იმ ადამიანებთან ურთიერთობამ გადამარჩინა.

- ალბათ ცუდი ჟურნალისტი ვიქნები, რომ არ ვიკითხო, რა მოხდა შენს ცხოვრებაში ასეთი ცუდი? ისიც საინტერესოა, რატომ არ გაქვს სკოლა დამთავრებული?

- ორივე შეკითხვაზე გიპასუხებთ: პირველი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დამენგრა და ამის გამო მძიმე პერიოდი მქონდა. სიცოცხლის სურვილიც გამიქრა. არ ვიცი, მაშინ რამ მიბიძგა და მაპოვნინა ძალა, რომ ჩემი შემოქმედებითი უნარებისთვის: ნიღბების, ქანდაკებებისა, ბარელიეფის კეთებისთვის მეტი დრო დამეთმო და შეიძლება ითქვას, ჩემმა ხელობამ გადამარჩინა. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ცოტა ქედმაღლურად გამომივა, მაგრამ მაინც ვიტყვი: პატარაობიდან გახსნილი გონება მქონდა, არ მომწონდა არსებული სწავლების სისტემა. ბევრს ვკითხულობდი, შემეცნებითი საგნები მიყვარდა და იმაზე მეტი ვიცოდი, ვიდრე სხვა თანატოლმა. დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგებსაც. ფსიქოლოგიურად მოსწავლესთან ისეთი დამოკიდებულება უნდა შექმნას, რომ მას ინტერესი გაუჩნდეს საგნისადმი. თითო-ოროლა შემთხვევის გარდა, ეს არ ხდებოდა.

GzaPress

- ჰო, მაგრამ ეს არის საშუალო სკოლა, სადაც სავალდებულოდ ითვლება სწავლების სისტემას აუწყო ფეხი...

- ასეა, მაგრამ არსებული სწავლების სისტემა მისაღებია მაშინ, როცა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულებაა. ვთვლი, რომ ნებისმიერი მასწავლებელი უნდა გადიოდეს გარკვეულ ტრენინგებს ფსიქოლოგიაში, სანამ სკოლაში პედაგოგად შედგება. ბევრ საგანზე აქედან გამომდინარე ამიცრუვდა გული. შეიძლება ეს ბავშვური "წამოფრენა" იყო, მაგრამ სკოლიდან გამოსვლის მიზეზი ეს არ გამხდარა. მაშინ სულ სხვა ინტერესები გამიჩნდა, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ცოდნა მივიღე, შემდეგ ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი გავხდი და ამ საქმეზე გადავერთე. ვთვლი, რომ დიპლომს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ბევრი დიპლომიანი უქნარა გვინახავს და ბევრიც - უდიპლომო გენიოსი. ჩემს ცხოვრებას სპეციალურად შევუქმენი სირთულე, მაგრამ არასოდეს მიფიქრია სკოლაში დაბრუნებაზე. ჩემით მინდოდა გზა გამეკვალა და ეს მოტივაცია ახირებასავით მქონდა გამჯდარი. ფაქტობრივად, გამომივიდა კიდეც. ჩემებისთვის რომ დამეჯერებინა, დღეს ის ადამიანი არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ - თვითნასწავლი და ეს ყველაზე მეტად მეამაყება.

- მშობლები თუ გყავს და რა პროფესიის არიან?

- მყავს, მაგრამ მათ გარეშე გავიზარდე. მამა სამხედრო მოსამსახურეა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანი. ის სხვა ქალაქში ცხოვრობს. დედა პროფესიით არქიტექტორია, ახლა ემიგრაციაშია.

- შოთა, წერ კიდეც...

- დიახ, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად წერა მიყვარს. ეს არის პოეზიაც და პროზაც. დიდი ხანია წიგნის დაწერა მინდა, მაგრამ ამას შესაბამისი განწყობა სჭირდება, რომელსაც შეინარჩუნებ. ჩემი შემოქმედების რაღაც ნაწილს კომერციული სახე მივეცი, ვგულისხმობ ფიგურების, სკულპტურებისა და ნიღბების წარმოებას. ჩემს სამუშაოს დიდი დრო და ენერგია მიაქვს. ყოველდღიურ რუტინაში კი ძნელია განწყობის შენარჩუნება და რთულია ამდენ რამეს ერთად გაუმკლავდე. ამიტომ ყველაზე მარტივი პოეზიაა, თავისით მოდის და იწერება (იღიმის).

- ქალის ვიზუალით ნიღბები ფაქტობრივად არ გაქვს, ხომ? შენი ნიღბების დათვალიერებისას ბევრს შეიძლება შიშის განცდა დაეუფლოს. თავად როგორ აღიქვამ და როგორ აფასებენ მათ სხვები?

- მე მათ გვერდით მძინავს. მათი არ მეშინია, მიყვარს ეს ნიღბები (იღიმის). ვფიქრობ, შემოქმედი რასაც ქმნის, ეს მისი ნაწილია. სხვაგვარად შეუძლებელია რამე შექმნა. სახეებში გამოკვეთილი მიმიკები სხვადასხვა ემოციას განასახიერებს. ამ ემოციების მიმართ ხალხის ნაწილს უჩნდება შიში, მაგრამ მათ მხოლოდ იმას ვეტყოდი, რომ ესეც მათი ხასიათის ნაწილია. რაც შეეხება ნიღბებს ქალის ვიზუალით, ალბათ ისინი უფრო ლამაზი, სუფთა, დახვეწილი და ნაკლებად ბრუტალური უნდა იყოს. მე ხომ იმას ვქმნი, რა ხასიათიც მაქვს, რაც ჩემგან მოდის და შესაბამისად, ქალის ნიღბებიც უხეში გამომდის (იღიმის). ადამიანები ყოველთვის ირგებენ ნიღაბს და მალავენ რაღაცას, მაგრამ არის ასეთი გამოთქმა: "მიეცი ადამიანს ნიღაბი და ის დაგანახვებს თავის ნამდვილ სახეს". მე არასდროს ვირგებ ნიღაბს, მაგრამ ყოველთვის ვაკეთებ მათ. ცოტა პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასეა...

ჩვენს ქვეყანაში დასაქმების მხრივ ხშირად ბევრი უსამართლობა, ბიუროკრატია, ადამიანის უფლებების შელახვა და ფაქტობრივად, მისი მონად გამოყენება ხდება. ასეთ რაღაცებს ვერასდროს ვეგუები და ყველა სამუშაო კონფლიქტით დავტოვე. ეს არც მინანია. მინდა ისეთი წარმოება შევქმნა, სადაც ადამიანების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ იქნება, რეალური ქარხანა, საქართველოში ერთადერთი და პირველი.

- საარსებო მინიმუმისთვის შრომა ყველას სჭირდება. სანამ ნიღბების კეთებაზე აქტიურად გადახვიდოდი, ბევრი სამუშაო ადგილი გამოიცვალე?

- პირდაპირ გეტყვით, არც ერთ სამსახურში ისეთი შემოსავალი და წარმატება არ მქონია, რაც ჩემი პირადი საქმიანობით მოვიპოვე. რაც შეეხება ბევრი იყო თუ ცოტა, გეტყვით, რომ ცოტა ნამდვილად არ იყო.

GzaPress

- ამჯერად რაზე მუშაობ?

- ვქმნი პირველ კოლექციას "დიდი ინკვიზიცია", რომელშიც 7 ნიღაბი შედის. აქ იქნება ბიბლიურ მოტივებზე შექმნილი სხვადასხვა სახე. ნიღბებზე დატანილია ასომთავრული წარწერები, რაც ხელს იმაში მიწყობს, რომ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია მოვახდინო, ასევე - შინაარსობრივი სახეები შევქმნა. მაგალითად, კოლექციიდან პირველი ნიღაბი იყო "ლაზარე", რომელსაც აქვს ულამაზესი სახე, შუბლზე ასომთავრულით ამოკვეთილია წარწერა: "უძლურებაში ხდება სრულყოფილი ძალა ჩემი". შუბლზევე დატანილი აქვს მე-13 საუკუნის ქართული საეკლესიო ორნამენტი. მაშინ ეს ერთგვარად ჩემს განწყობასაც გამოხატავდა, თუ როგორ ვაქციე უძლურებაში სრულყოფილად ჩემი ძალა. ეს ნიღაბი ბევრს მოეწონა და ფაქტობრივად, მათი ნაწილი გახდა და თან, ყველაზე მეტად იყიდება, რაც დღემდე გამიკეთებია. აქვე დავამატებ: მახსოვდა, რომ ქართულ ენას უწოდებდნენ ლაზარეს ენას, რომელიც მკვდრეთით უნდა აღდგეს. ვინაიდან ნიღაბი რელიგიური შინაარსის იყო და ასომთავრული ტექსტი ჰქონდა, ამიტომ მისთვის ყველაზე შესაფერისი სახელი "ლაზარე" იყო და ამ სახელშიც ქვეტექსტი დევს. მეორე ნიღაბს დავარქვი "გაბრიელი", რომელსაც შუბლზე აქვს ბიბლიური წარწერა: "რწმენა საქმის გარეშე მკვდარია". თითოეული სახე რომელსაც ვქმნი, ანგელოზების კონკრეტულ დასს გამოხატავს. მოგეხსენებათ არსებობენ ორფრთიანი ანგელოზები, ოთხფრთიანები - ანუ ქერუბიმები და ექვსფრთიანები - სერაფიმები. მათი ფრთები თვალებად გამოვიყენე და ნიღბები სხვადასხვა ორნამენტით მოვრთე. ჩემს პირველ კოლექციას მალე დავასრულებ და ამის პარალელურად ვაპირებ არმაზის კერპის რეკონსტრუქციას. ინფორმაციისთვის მკვლევრებსა და ისტორიკოსებს მივმართე. ამ კუთხით საკმაოდ ბევრი ცნობები მაქვს, მაგრამ გული მწყდება, რომ ქართული არქეოლოგიური ინსტიტუტი ფაქტობრივად არაფერს აკეთებს. ქართული კულტურის შესახებ უცხოურ საიტებზე უფრო მეტს წაიკითხავ, ვიდრე ჩვენთან. აქედან გამომდინარე, სანამ რამეს შევქმნი, მუდმივად ძიებაში ვარ. მინდა ნივთი არა მხოლოდ გავყიდო, არამედ ის ჩვენს კულტურას აღორძინებდეს. მსოფლიოში არც ერთი ეპოქა შემოქმედების გარეშე დიადი არ გამხდარა. ევროპის ყველაზე დიდებული პერიოდი რენესანსი ხომ მხატვრების, მწერლების ნაშრომებით დაიწყო, ანუ მათ შექმნეს რენესანსი. საქართველოში ოქროს ხანაც ხომ ცალკეული ინდივიდების ნაშრომებს მოჰყვა. რეალურად, შემოქმედებას მოაქვს აღორძინება და სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით დღეს მსგავსი იდეური მუხტი არ არსებობს.

- სამომავლოდ ალბათ კიდევ აითვისებ რამეს და წარმოების მხრივ რაოდენობრივად გაფართოვდები...

- დიახ. სხვადასხვა სეგმენტზე ვგეგმავ გაფართოებას. ვაპირებ საბავშვო სათამაშოების, ჭადრაკის ფიგურების, გამოყენებითი ნივთების დამზადებას. ერთი პერიოდი თიხის საამქროშიც ვმუშაობდი და ამ მხრივაც მაქვს ცოდნა. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა განხრით მინდა ვიმუშაო. ვნახოთ, დროს როგორ გადავანაწილებ.

ანა კალანდაძე