"შენი ავადმყოფობით ავადობდა, შენი სახარულით ხარობდა"
"ცხოვრებამ იმდენ საინტერესო ადამიანთან შემახვედრა, ადვილი არ არის, მათგან რომელიმე გამოვარჩიო, მაგრამ მაინც შევძლებ, თქვენთან დღეს ერთ პიროვნებაზე ვილაპარაკებ", - ამბობს პოეტი ეთერ თათარაიძე და თენგიზ მირზაშვილს - ყველასთვის საყვარელ "ჩუბჩიკას" იხსენებს.
- წლების განმავლობაში, ჩემზე შთაბეჭდილება ბევრმა პიროვნებამ მოახდინა, მაგრამ ვილაპარაკებ ადამიანზე, რომლის გარეშეც მისი გაცნობის წუთიდან ერთი დღეც კი არ გამიტარებია და მისი გარდაცვალების შემდეგ მუდამ სულიერ კავშირს ვგრძნობ, ეს პიროვნება გახლავთ თენგიზ მირზაშვილი, ჩვენი "ჩუბჩიკა". ჩვენ თითქმის სულ ერთად ვიყავით, ბევრს ვსაუბრობდით. მე და ამირანს (მეუღლე - ამირან არაბული. - ავტ.) ის ოჯახის წევრივით დაგვაკლდა. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა. თენგიზი ავადმყოფობდა, მისი ამბავი მოულოდნელი არ იყო, მაგრამ მაინც ვერაფრით შევეგუე, ბევრი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ სხვა განზომილებაში გადავსულიყავი. ვფიქრობდი, აზრი ლექსების წერასაც აღარ ჰქონდა. ჩემგან განსხვავებით, თენგიზმა ჩემი ლექსები ზეპირად იცოდა. თავად წერდა, დღე არ გავა, ეთერ თათარაიძეს არ შევეხმიანო და არ ვკითხო, იმ დღეს რა დაწერაო? უძველესი, მე-9 საუკუნის თუშური დიალექტი ისწავლა. ჩემს ლექსებს რომ კითხულობდა, ზოგჯერ მეუბნებოდა, ამ ადგილზე ეს სიტყვა ხომ არ აჯობებდაო? საკმაოდ რთული დიალექტია, უძველესი და ძალიან ღრმაა.
- როგორ გაიცანით?
- ამ ამბის მოყოლას ცოტათი შორიდან დავიწყებ. ბავშვობიდან უცნაური ხასიათი მქონდა, მოხუცებთან ურთიერთობა მიყვარდა. IV ან V კლასში ვიქნებოდი, სოფელში მამას მეგობარი სახალხო მთქმელი კობა ხაბრიძე ცხოვრობდა. კარგი პიროვნება და მელექსე გახლდათ, მასთან ხშირად ვიყავი, ავადმყოფობდა და ცხვარში ვეღარ დადიოდა. ასევე, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა (იოსებ) ოსეფა პაპა, რომელსაც მუდმივად მუხლებზე ედო ვახტანგ კოტეტიშვილის ხალხური პოეზია და ხმამაღლა კითხულობდა, მეც ახლოს დავტრიალებდი. როცა უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი და ჩავედი, დამიძახა, ამ წიგნს შენ გჩუქნიო.
ახლაც დიდი სიყვარულით ვინახავ, ძალიან ძვირფასია. უბანი ხვავრიელად მოხუცებით იყო სავსე. მე მხოლოდ დედის დედას მოვესწარი, მარიამს, რომელიც საოცარი ადამიანი გახლდათ. დღეები ველოდებოდი ბერდედას, რომელიც ქვემო ალვანიდან ზემო ალვანში უნდა ამოსულიყო. ყანებზე გამოჩნდებოდა ხოლმე შავოსანი ქალი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ტრაგიკული ბედის ქალი იყო, 5 უცოლო ბიჭი დამარხა, მაგრამ ძალიან ძლიერი პიროვნება გახლდათ, 4 გოგო დარჩა და დები - დედას ყველა თავისთან "იტაცებდა". შესაბამისად, ჩვენთანაც დიდი ხნით ვერ რჩებოდა.
მოხუცებთან ურთიერთობით ძალიან ბედნიერი ვიყავი. იაკობ ძია (თუშები ბიძიას არ ვამბობთ) ხშირად თავის ჩანაწერებს მიკითხავდა. ერთ დღეს რვეული მათხოვა. გადავშალე და ვნახე, ამ რვეულში კავკასიონის ფერდობების ფონზე გაჭენებული ცხენი იყო დახატული. ნახატმა ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, თითქოს მოძრაობს და ფურცლიდან გადმოხტებაო. ძალიან მომეწონა, შუშაბანდში გავვარდი და ვკითხე, - ძია, ეს შენ დახატე-მეთქი? ეჰ! ძია, ე მაგის დახატვა რო შემეძლოს, რა მაგარი ვიქნებოდიო. მერე მითხრა, ამ ნახატის ავტორი ახლა ცნობილი მხატვარია, თენგიზ მირზაშვილიო. ეს სახელი და გვარი პირველად გავიგონე. თურმე ის და მისი თანატოლები მაშინდელი პიონერთა სასახლიდან თუშეთში წაუყვანიათ პედაგოგებს. იქ შეხვედიან იაკობ ძიას, თუში კაცი სტუმრებს შეძლებისდაგვარად გამასპინძლებია, უსაუბრიათ, ლექსები უთქვამთ, მერე 13 წლის თენგიზს უკითხავს, - შეიძლება, შენს რვეულში რაღაც დავხატოო? და ეს ნახატიც ასე შექმნილა.
- თქვენი მეგობრობა როგორ დაიწყო?
- გავიდა წლები... მე უკვე თბილისში ჩამოვედი. უმაღლეს სასწავლებელში რომ ვაბარებდი, ხან ერთი, ხან ნახევარი ქულა მაკლდებოდა. ერთხელ, ვაჟას შემოქმედება რომ შემხვდა და სიხარულით ცას ვეწიე, იმ ნაწერში 2-იანი მივიღე. აღმოჩნდა, რომ გამსწორებელმა ვაჟას სტილი არ იცოდა და ის ციტატები, რომლებიც მეწერა, ყველა ჩაასწორა... მერე ვამბობდი, მე კი არა, 2-იანი ვაჟას დაუწერეს-მეთქი. ძალიან მტკივნეული იყო, სიცოცხლე აღარ მინდოდა. ერთხელ აფიშა წავიკითხე - მეორე დღეს ფილარმონიაში ხალხური პოეზიის საღამო იმართებოდა. მე და ჩემს მეგობარს ძალიან გვინდოდა დავსწრებოდით, მაგრამ ბილეთი არ იყო, ვერ ვიშოვეთ. შინ დაღონებულები დავბრუნდით. საღამოს კარზე ზარის ხმა გაისმა, ჩემი და მოვიდა თავისი გარმონითა და ფანდურით. გავიკვირვე, - ლელა, რატომ ჩამოხვედი-მეთქი? მითხრა, ფილარმონიაში საღამო იმართება და შენც უნდა წამოხვიდეო. - მეც-მეთქი? - დავიბენი. არ ვამხელდი, ლექსებს რომ ვწერდი, მხოლოდ ჩემმა დამ და ერთმა მეგობარმა იცოდნენ, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი. თუშურად ვწერდი, სხვაგვარად არ შემეძლო, იქ ვიყავი ბედნიერი, ვფიქრობდი, რომ ჩემს ნაწერებს სხვები ვერ გაიგებდნენ. ასეც მოხდა, რამდენიმე "დიდმა მწერალმა" ჩემი ლექსები გადაფხაჭნა, მაგრამ შემდეგ მათზე დიდი რეცენზიებიც დაიწერა... მოკლედ, იმ საღამოზე ლელას არაფრით მივყვებოდი, ბევრიც ვიტირე, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ნამტირალევი გავყევი და ფილარმონიის კიბეზე რომ ავდიოდით, ჩვენ წინ შუა ასაკში მყოფმა ადამიანმა სწრაფად გაიარა. ჩემმა დამ თქვა, - აი, თენგიზ მირზაშვილიო. რატომღაც მოხუცად წარმომედგინა და ვფიქრობდი, ლელას შეეშალა-მეთქი. მას ხალხი ეხვია გარს, უამრავ მელექსესა და სახალხო მთქმელს სურდა გამოსვლა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ხალხური პოეზიის საღამო პირველად ტარდებოდა, ინტერესი ძალიან დიდი იყო. ის დღე არასდროს დამავიწყდება, ლექსებს აკანკალებული ხმით ვკითხულობდი და ეს ყველაფრის შემგრძნები ადამიანები მისმენდნენ, ლექსების შემდეგ ბებოსგან მოთხრობილი ამბავიც ვუამბე - როგორ მოკლა პაპამ დედა ირემი, როგორ ტიროდა ირემი და ამის მნახველმა პაპამ თოფი როგორ დამარხა, მას შემდეგ აღარ უნადირია.
ვახუშტიმ, თენგიზმა დიდი აღფრთოვანება გამოხატეს, გაისმა ხმები: კიდევ წაგვიკითხე! კიდევ წაგვიკითხე!.. იმ საღამოს ფართო საზოგადოების წინაშე საჯაროდ პირველად გამოვედი. იმ დღიდან დაიწყო ჩემი და თენგიზ მირზაშვილის მეგობრობა. დღე არ გავიდოდა, ერთმანეთი არ მოგვეკითხა. დღეს მის საფლავზე მისვლა ძალიან მიჭირს. მე და ამირანი როცა მივდივართ, ყოველთვის კალენდულები მიმაქვს, - უყვარდა.
- მის პიროვნულ თვისებებზე რას გვეტყვით, რით იყო გამორჩეული?
- საოცრად მზრუნველი იყო, თან გადაყოლა იცოდა. მთელ მსოფლიოშია მისი ტილოები მიმოფენილი. შენი ავადმყოფობით ავადობდა, შენი სიხარულით ხარობდა. ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით. მე და ამირანი თავისთან სახელოსნოში გადაგვიყვანა საცხოვრებლად. ეს ცალკე ამბავია. ჩვენ ლექსებს ვკითხულობდით, ის ხატავდა, მურაბებს ვხარშავდით. ისე იოლად ხატავდა, იფიქრებდი, ამას მეც შევძლებო. ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია. ჩემი ლექსების კრებული "დევიღუპეთ" რომ გამოვიდა, ძალიან მოსწონდა, გახარებული იყო, ვის არ ურეკავდა, ნახეთო. ძალიან ბევრი ტილო მაქვს მისგან საჩუქრად მიღებული. დაღლილი შინ რომ ვბრუნდები, იმ ნახატებს ველაპარაკები. მას შემდეგ, რაც ცოცხალი აღარ არის, დღეც კი არ გასულა, არ გამხსენებოდა. ბოლო დროს მისი ნახატების გაყალბება დაიწყეს. ტილოს ამოცნობა შემიძლია. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ახლობლის ოჯახში სტუმრად ვიყავი, ერთ ტილოზე მითხრეს, ეს "ჩუბჩიკას" ნახატიაო, ბედნიერები იყვნენ. შევხედე და მივხვდი, გაყალბებული იყო. თავიდან არ შევიმჩნიე, მერე მათ კიდევ შევხვდი, კარგად დავაკვირდი, შემამჩნიეს, ასე რატომ უყურებო? ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, რომ ის მირზაშვილის ტილო არ იყო. "ჩუბჩიკა" გენიალური ადამიანი იყო, შორს იხედებოდა, ჩვენს კულტურას ფესვებამდე ხედავდა და იყო ძალიან მგრძნობიარე, შეგრძნების საოცარი უნარით დაჯილდოებული.
თამუნა კვინიკაძე