თეა გვასალიას დიდი სიყვარული და ახდენილი "ესპანური" ოცნება - გზაპრესი

თეა გვასალიას დიდი სიყვარული და ახდენილი "ესპანური" ოცნება

ამბობენ, რომ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ... ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჟურნალისტისა და მთარგმნელის - თეა გვასალიას საქმიანობას: ქალბატონმა თეამ ბავშვობის ოცნება სინამდვილედ აქცია და დღესაც ამ სინამდვილეში ცხოვრობს.

- ჩემი ფიქრები და ოცნებები ყოველთვის ესპანეთს უკავშირდებოდა. რატომ?.. მეც არ ვიცი! რაც თავი მახსოვს, სულ ვოცნებობდი, ესპანური ენა მესწავლა და ამ ქვეყანაში წავსულიყავი. სულ პატარა ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ესპანეთი ჩემი ოცნების ქვეყანა იყო. დღესაც ეს ქვეყანა ჩემთვის ყველაფერია და ჩემი პროფესია, ნებისმიერი ჩემი საქმიანობა ესპანეთთან არის დაკავშირებული. მიხარია, რომ ძველი გატაცება დიდ სიყვარულად იქცა და დღემდე გრძელდება.

- თუ გახსენდებათ, როდის ან საიდან დაიწყო ეს სიყვარული?

- არ ვიცი, არ მახსოვს, საიდან დაიწყო. ერთადერთი ის მახსოვს, რომ პატარაობიდანვე ჯიუტად ვიმეორებდი: ესპანური მასწავლეთ და ესპანეთში წამიყვანეთ-მეთქი. სკოლა საშინლად არ მიყვარდა, რადგან იქ ჩემთვის საინტერესო საგნებს არ მასწავლიდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც კარგად ვსწავლობდი. მახსოვს, რა ბედნიერი ვიყავი, სკოლა რომ დავამთავრე! არ მიყვარდა ყოველდღიური რუტინა და რეჟიმი, არც საგნები, რომლებიც იძულებით უნდა მესწავლა. მიკვირდა, რატომ უნდა მესწავლა ფიზიკა ბოლო კლასამდე, როცა ამ დროს შემეძლო ერთი ენა მაინც შემესწავლა, რომლისკენაც მიდრეკილება მქონდა. სხვათა შორის, დღესაც ამ აზრზე ვარ: ვფიქრობ, რომ სკოლაში მე-9 კლასამდე სავალდებული სწავლება უნდა იყოს, მერე კი - დიფერენცირებული სწავლების მომხრე ვარ. როცა ბავშვს ტექნიკური საგნები ეხერხება და მოსწონს, მაღალ კლასებში მათი არჩევის უფლება უნდა ჰქონდეს, ხოლო თუ ჰუმანიტარია, ჰუმანიტარული საგნები უნდა აირჩიოს და ისწავლოს.

- ესპანური ენის შესწავლა როგორ დაიწყეთ?

- ჩემი მშობლები ყველანაირად გვიწყობდნენ ხელს, ოღონდ გვესწავლა. დედაჩემი - ნარგიზა მგელაძე ჟურნალისტი იყო, ხოლო მამა - ლერი გვასალია - პროფესორია, წლების განმავლობაში ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა, არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე იყო. თავიდან უკვირდათ, რატომ ამოვიჩემე ესპანური ენა და ესპანეთი და როცა მიხვდნენ, ეს ბავშვური ახირება სულაც არ იყო, მაქსიმალურად ამომიდგნენ მხარში და ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ენა მესწავლა. ჩემს ბავშვობაში ესპანურ ენას თითქმის არავინ არ სწავლობდა და რეპეტიტორებიც არ იყვნენ, მაგრამ 12 წლის ასაკში მაინც მომიძებნეს მასწავლებელი, რომელთანაც კერძოდ დავდიოდი. ახლა რომ ვფიქრობ და ვაკვირდები, იმ ქალბატონს ჩემთვის დიდი არაფერი მოუცია, მე უფრო მონდომებული ვიყავი - ის ერთ საკითხს რომ დამავალებდა, მე ათს ვსწავლობდი. მშობლებმა ესპანური ენის ლექსიკონიც მიყიდეს, ყოველ საღამოს ესპანეთის რადიოს ვუსმენდი, რომ ენა უფრო კარგად ამეთვისებინა, სიტყვებსა და ფრაზებსაც იქიდან ვიწერდი და ვსწავლობდი.

GzaPress

- ესე იგი, თქვენი ოცნება თანდათან ხორცს ისხამდა?

- დიახ. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა პირველი ესპანელი ვნახე და ვესაუბრე. გაოცებული მისმენდა და მითხრა, რომ თავიდან ესპანელი ვეგონე. მახსოვს, რა ბედნიერი ვიყავი, ეს რომ მითხრა! ეს იყო ყველაზე დიდი ქათინაური, რაც კი ცხოვრებაში ვინმესგან მიმიღია. ახლა რომ ვაკვირდები, ჩემთვის სრულიად უცხო ენა, ძირითადად, ჩემით ვისწავლე. ამიტომ ჩემს შვილებს სულ ვეუბნები - მონდომება იყოს და ადამიანი ყველაფერს შეძლებს-მეთქი. სკოლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე და გერმანულს ვსწავლობდი იმის ხათრით, რომ ამბობდნენ, ესპანური ენის ჯგუფსაც გახსნიანო. სამწუხაროდ, ჯგუფი არ გახსნეს და ამ ენის სრულყოფილი შესწავლა მადრიდის უნივერსიტეტში გავაგრძელე.

- სულ რამდენი ენა იცით?

- გარდა ესპანურისა, რუსული, ინგლისური და პორტუგალიური. ეს უკანასკნელი თითქოს ესპანურისგან განსხვავებულია, მაგრამ პორტუგალიაში რომ ჩავედი, 3-4 დღის შემდეგ მშვენივრად ვლაპარაკობდი. იტალიურიც მესმის, რადგან ესპანურს ძალიან ჰგავს.

- ესპანეთს დავუბრუნდეთ: რომელი მხარე მოგწონთ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად და ახლა სად ყოფნას ინატრებდით?

- იქ ყველა მხარე მიყვარს, მაგრამ მაინც ჩრდილოეთ ესპანეთში ყოფნა მირჩევნია - ბასკეთში და უფრო ზემოთ, რადგან სიცხეს ვერ ვიტან. სადაც გრილა, ჩემთვის იქ ყოფნა უფრო სასიამოვნოა. ამ მხრივ, ჩრდილოეთი ესპანეთი ყველაზე სასურველი მხარეა: ანდალუზიაში 45 გრადუსი სიცხე რომ არის, ამ დროს პამპლონაში 22 გრადუსია. ამ წუთშიც, ჩრდილოეთ ესპანეთს ვინატრებდი და არა სამხრეთის სიცხეში ყოფნას.

- საინტერესოა, "ბარსელონას" გულშემატკივრობთ თუ სხვა ესპანურ გუნდებს?

- ბავშვობაში ფეხბურთზე ვგიჟდებოდი და თითქმის ყველა ფეხბურთელის ბიოგრაფია და ვინაობა ზეპირად ვიცოდი. რატომღაც, ამ სიყვარულმა გამიარა და ახლა ფეხბურთი საერთოდ აღარ მაინტერესებს. უბრალოდ, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატი რომ იმართება, ყოველთვის ესპანეთს ვგულშემატკივრობ. ვისთვის "ბარსელონაა" ფავორიტი და ვისთვის - მადრიდის "რეალი", მე კი, სხვებთან შედარებით ბილბაოს "ატლეტიკი" მიყვარს. თუმცა, თავი რომ გამოვიდო და ვთქვა, რომელიმეს ფანი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ.

- თუ გამოყოფდით თვისებას, რომელიც ესპანელებში ყველაზე მეტად მოგწონთ?

- ძალიან გულღია და გახსნილი ხალხია, არ არიან ორპირები და თუ რაიმეს ფიქრობენ, პირდაპირ გეუბნებიან. როგორი მზიანი და ნათელიცაა ეს ქვეყანა, დაახლოებით ისეთივე ხასიათი აქვს იქ მცხოვრებ ხალხსაც. რასაკვირველია, კარგი და ცუდი ყველგან გვხვდება, მაგრამ ესპანელი ერი რომ დავახასიათოთ, პირველად სწორედ ეს თვისებები უნდა აღვნიშნოთ.

- აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თქვენი, როგორც მთარგმნელის საქმიანობაზე. რომელი მწერალი თარგმნეთ სიამოვნებით?

- მარკესი ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და საყვარელი მწერალია. სულ ოცამდე წიგნი მაქვს ესპანურიდან ნათარგმნი და უმეტესობა სწორედ გაბრიელ გარსია მარკესს ეკუთვნის. თამამად ვიტყვი, რომ ის "ჩემი" მწერალია. 16 წლის ვიყავი, როცა მარკესის თარგმნა დავიწყე. ახლაც მიკვირს, რა პატარა ვყოფილვარ, როცა ამ დიდი მწერლის შემოქმედებით დავინტერესდი... მერე კი, ესპანეთში რომ ჩავიდოდი, მარკესის ახალგამოსულ წიგნს ვყიდულობდი და თვითმფრინავში სულმოუთქმელად ვკითხულობდი. თბილისში ჩამოვდიოდი, ვჯდებოდი და არ ვდგებოდი, სანამ არ ვთარგმნიდი, - იყო ჩემს ცხოვრებაში ასეთი პერიოდიც. ალბათ ამის წყალობით შევძელი, რომ საკმაო რაოდენობის ნაწარმოები ვთარგმნე.

- ქართველ მთარგმნელებს შორის ვის გამოყოფთ?

- არ შემიძლია არ ვახსენო იუზა ახვლედიანი, რომელმაც არაჩვეულებრივად თარგმნა "მარტოობის ასი წელიწადი", "პატრიარქის შემოდგომა" და "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა". ლანა კალანდიამ თარგმნა მარკესის ავტობიოგრაფიული რომანი - "იცხოვრე, რომ მოჰყვე". როგორღაც მიხარია და მეამაყება, რომ ჩემი საყვარელი მწერლის სხვა ქართულ თარგმანებს ჩემი სახელი და გვარი აწერია...

GzaPress

- საკუთარ თარგმანებს შორის ფავორიტი თუ გყავთ?

- მარტო პოეტები კი არ ამბობენ, რომ ყველა ლექსი ერთნაირად უყვართ. მეც ასეთი განცდა მაქვს: როგორც შვილებს ვერ გაარჩევ, მეც ისე ვარ - ყველა ჩემი თარგმანი ერთნაირად მიყვარს. მთარგმნელები ერთგვარი გამტარები ვართ: მწერლის ნაფიქრი და ნააზრევი ჩვენს სულსა და გულში უნდა გავატაროთ და მშობლიურ ენაზე მერე გადმოვთარგმნოთ. ვერც კი წარმომიდგენია, ამ პროცესში მესამე პირი როგორ უნდა ჩაერიოს. მიკვირს, პწკარედებით როგორ თარგმნიან, რადგან დიდი ბედნიერებაა, როცა შეგიძლია დიდი მწერლის ნააზრევი პირდაპირ, ორიგინალში წაიკითხო და მერე თარგმნო!

- დაბოლოს, როგორ აპირებთ ამ ზაფხულის გატარებას - ესპანეთში წასვლას ხომ არ გეგმავთ?

- პანდემიის გამო ესპანელების ცხოვრებაც შეიცვალა. მართალია, ამ ქვეყანაში ზაფხულიც მიყვარს, შემოდგომაც, ზამთარიც და გაზაფხულიც, მაგრამ იქ წასვლისგან ჯერჯერობით თავი უნდა შევიკავო: ესპანეთი კორონავირუსისგან ყველაზე დაზარალებული ქვეყნების რიგშია. იქ ახლა მეხუთე ტალღაა, ვირუსი ახალგაზრდებს მოედო და იქით გახედვაც კი სარისკოა. მართალია, ქვეყანა გახსნილია იმ ტურისტებისთვის, ვისაც ორი ვაქცინა აქვს გაკეთებული, მაგრამ ტურისტები მაინც არ ჰყავთ. ტელევიზორში რომ ვხედავ, გული მიკვდება: მადრიდი, რომელიც წელიწადში 8 მილიონამდე ტურისტს იღებდა, თითქმის ცარიელია. იქ სულ რამდენიმე ათასი ტურისტია ჩასული. რას ვიზამთ, ამ ვირუსმა მთელი მსოფლიო შეძრა და საერთო წესებს ჩვენც ვემორჩილებით. ამიტომ წლევანდელ ზაფხულს ჩემს ოჯახთან ერთად წყნეთში გავატარებ.

ხათუნა ჩიგოგიძე