უხუცესი აკრობატები
აკრობატები, ტანვარჯიშის მწვრთნელები - ალიოშა ჩქოტუა და ედვარდ ეკსუზიანი "დიდების შოუდან" გაიცნო მაყურებელმა. ბატონი ალიოშა 73 წლისაა, ედვარდი - 76 წლის, თუმცა ასაკი ხელს არ უშლით, საოცარი აკრობატული ილეთები აკეთონ. ახალგაზრდობიდან ერთად ვარჯიშობდნენ, ტანმოვარჯიშეთა ნაკრებშიც ერთად იყვნენ და ცირკშიც ერთად მუშაობდნენ ჟამბაზებად. რაკი ედვარდ ეკსუზიანი საქართველოში არ იმყოფებოდა, ამჯერად ალიოშა ჩქოტუას ვესაუბრეთ განვლილ სპორტულ ცხოვრებასა და წარმატებებზე.
- დავიბადე ზუგდიდში, პატარა ვიყავი, ფეხბურთზე რომ შემიყვანეს. 1958 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ახალი იყო სპორტის ეს სახეობა, ჩემმა მეზობელმა გოგონამ შემომთავაზა, - წამოდი, ნახე, როგორი ლამაზი სპორტია ტანვარჯიშიო და გავყევი. ძალიან მოქნილი ვიყავი, სალტოებსაც ვაკეთებდი, მაგრამ დარბაზი რომ ვნახე, მართლაც ძალიან მომეწონა და ორივეგან დავიწყე ვარჯიში. ერთხელ მწვრთნელმა მითხრა, ასე არ შეიძლება, ან იქ იარე, ან - აქო. ვიფიქრე, ვიფიქრე და მივატოვე ფეხბურთი, მაშინ ვიქნებოდი ასე 10-11 წლის, საკმაოდ გვიან დავიწყე ვარჯიში სპორტის ამ სახეობაში. სასურველია, 5 წლიდან დაიწყო ვარჯიში. დედასთან მისულა ფეხბურთის მწვრთნელი, მეკარედ მამზადებდა და უკითხავს, სად არის თქვენი შვილი, რატომ აღარ დადის, ძალიან კარგი მონაცემები და მომავალი აქვსო. დედას უპასუხია, - რაღაც ახალი სახეობა ყოფილა, ის უფრო მოეწონა და იქ დადისო. მიმხვდარა, ტანვარჯიშზე დადის ალბათო და არ მოსწონებია ჩემი გადაწყვეტილება, - რა უნდა ტანვარჯიშზე, რატომ ღუპავთ ამ ბავშვსო? კარგი მონაცემები აღმომაჩნდა ტანვარჯიშში და 2-3 წელში უკვე წარმატებებს მიწინასწარმეტყველებდნენ. მართლაც, მალე საქართველოს ჩემპიონი გავხდი მეორე თანრიგოსანთა შორის - ეს იყო ჩემი პირველი წარმატება. იმდროინდელ პრესაშიც კი დაიბეჭდა ნორჩი ზუგდიდელი ტანმოვარჯიშის მიღწევების შესახებ. კარგი მასწავლებელი გვყავდა, ვაჟა ხაბეიშვილი, მისი წყალობით თბილისისა და ქუთაისის გუნდსაც კი ვუგებდით, ბევრი თაობა აღზარდა. შემდეგ გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი, 1975 წელს, რაც ჩემთვის ყველაზე სასიხარულო და მნიშვნელოვანი წარმატება იყო, არაერთ სხვა ტურნირსა და ჩემპიონატს შორის.
- დღესაც კარგ სპორტულ ფორმაში რომ ხართ, ეს როგორ მოახერხეთ?
- ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, რადგან ისეთი სიმაღლე მქონდა, რაც სპორტის ამ სახეობისთვის სასურველი არ იყო, 1 მ და 82 სმ ვიყავი და ჰაერში ჩემი თავი რომ მეგრძნო, ამას ბევრი ვარჯიში სჭირდებოდა. საერთოდ, ტანვარჯიში რთული სპორტია, 80% მოდის ტრავმებზე, მეც რამდენჯერმე მივიღე ტრავმა. დილის 6 საათზე ვიწყებდი და 8 საათამდე ვვარჯიშობდი, განსაკუთრებით შეკრებების დროს, ამ სპორტის ფანატიკოსი გავხდი, მიყვარდა და ამიტომაც ვაკეთებდი მაქსიმალურს. 35 წლის ასაკში ჩამოვშორდი აქტიურ სპორტს და წონაში უცებ მოვიმატე, 115 კილო გავხდი. ჯანმრთელობამ შემაწუხა, 20 კილო დავიკელი და ახლა უკვე აღარ ვუშვებ წონას ზევით. ტანვარჯიშს რომ თავი დავანებე, 20 წლის განმავლობაში ცირკში ვმუშაობდი აკრობატად და ჯამბაზად.
- ახლა უკვე მწვრთნელი ხართ და მომავალ თაობებს ზრდით...
- მწვრთნელობა გვიან დავიწყე, დაახლოებით 2000 წლის შემდეგ. ფიზიკურ მომზადებაში ვამზადებდი ყველა სახეობის სპორტსმენს, ამჟამად ტანვარჯიშის ოლიმპიურ ცენტრში ვავარჯიშებ ბავშვებს. დაინტერესება არის, მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ამ სახეობას შესაფერისი ყურადღება არ ექცევა. მყავს მეუღლე და 3 შვილი, ერთი ვაჟი და 2 ქალიშვილი. შვილიშვილი კალათბურთელია და მასაც მე ვავარჯიშებ, ვასწავლი ბატუტზე ხტომას, ტანვარჯიშის ილეთებს, ფიზიკური მომზადებისთვის სჭირდება ყველა სპორტსმენს.
- "დიდების შოუში" გამოჩენის შემდეგ რა შეიცვალა?
- მეუღლეს ურეკავენ, რა ქმარი გყოლია, აქამდე არ ვიცოდითო (იცინის). ქუჩაშიც მცნობენ და მეუბნებიან, შენ რა მაგარი ყოფილხარო, რაც ძალიან მახარებს.
ნინო ჯავახიშვილი