ბაღათერ არაბული: "ამგვარი პოლიტიზება კოშმარია..." - გზაპრესი

ბაღათერ არაბული: "ამგვარი პოლიტიზება კოშმარია..."

რთულად თუ იპოვი ადამიანს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა არ აღელვებს. სხვადასხვა მიმართულებით წამოჭრილ პრობლემებს შორის, ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა მაინც დომინანტია. მუდმივად წრეზე ტრიალი, არასტაბილურობის განცდა, დღევანდელობა და სამომავლო პრიორიტეტები - ის უმთავრესი თემებია, რომელიც მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარესა და ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ჟურნალის "სხივი-შაფაგი" რედაქტორ ბაღათერ არაბულთან ერთად განვიხილეთ.

- ბატონო ბაღათერ, რომელ ნაწარმოებს შეადარებდით ჩვენი ქვეყნის დღევანდელობას?

- ვფიქრობ და ვერ აღმოვაჩინე ასეთი ნაწარმოები. საქართველოში უამრავი პრობლემაა დაგროვილი ყველა მიმართულებით და ერთიანად რომ მოიცვას, ასეთი არ არსებობს. ეს არის ტერიტორიების დაკარგვა, დემოგრაფია, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები და ა.შ. სამომავლოდ დასაწერია ასეთი წიგნი, როგორც ისტორიკოსების, ასევე მწერლების მიერ... ისე კი, დღევანდელი საქართველო დეტალებში ბრეხტის "კავკასიურ ცარცის წრეს" მაგონებს. დასავლეთს, აღმოსავლეთს, ჩრდილოეთს - ყველას უნდა მას რაღაც წაჰგლიჯოს. ქართველ ხალხს აზრს არავინ ეკითხება. ამ თვალსაზრისით მართლა ტრაგიკული მდგომარეობა აქვს საქართველოს.

- წლებია საქართველოში ვერ დაისადგურა სტაბილურობამ. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

- ვფიქრობ, ჩვენს დღევანდელ ყოფას და ქვეყნის არასტაბილურობას განსაზღვრავს ჩვენი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა. 2 მილიონამდე ემიგრანტი გვყავს. ხევსურეთსა და სხვა მაღალმთიან რეგიონებზე აღარ არის საუბარი - იმერეთისა და სამეგრელოს სოფლებიც მოიშალა. ამ არასტაბილურობით სარგებლობს ათასი ჯურის პარტია, რომელიც ხალხს გონებას ურევს. 230-მილიონიან რუსეთში დუმის ბოლო არჩევნებში 20 პარტია მონაწილეობდა. საქართველოში 3 მილიონამდე მოსახლეობას შორის კი 200 პარტიაა, ანუ ეს იმას ნიშნავს, ყველა ოჯახის რომელიღაც წევრი ამა თუ იმ პარტიაშია გაერთიანებული. ამგვარი პოლიტიზება კოშმარია. პოლიტიზებულია ტელევიზიებიც და მასმედიაც, რომელიღაც პარტიებისა და ჯგუფების დაქვემდებარებაში იმყოფებიან. ყველა თავის ჭკუაზე ცდილობს საქართველოს ბედის გადაწყვეტას და თავისი შეხედულების მიხედვით გზების გამოძებნას, თუ როგორ შეიძლება, საქართველოს რამე ჩამოათალონ, წაართვან და მიითვისონ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა ბიზნესად იქცა. ამიტომ მიდიან პოლიტიკაში ხელმოცარული მსახიობები, ჟურნალისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთ საქმეში არ გაუმართლათ, და ის ხალხი, ვინც არჩევნებამდე სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყვნენ, 3-4 წელიწადში მილიონერებად ყალიბდებიან. ასეთ პირობებში, როგორ ფიქრობთ, იქნება სტაბილურობა?! 20-30 წელი მაინც გვჭირდება, რომ საქართველო კალაპოტში ჩადგეს და განისაზღვროს ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება, თუ რა მიმართულებით წავიდეს ქვეყანა. სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა დაეთმოს ყურადღება, რომელიც ფაქტობრივად მოშლილია იმის გამო, რომ სოფლები აღარ არსებობს. ვფიქრობ, თქვენ და თქვენი ჟურნალი ხშირად ეხება ამ თემებს და ეს აუცილებელია.

- თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ საქართველოს ყველა კუთხის სოფლები ნასოფლარად არის ქცეული. ეს ტკივილი თქვენს ლექსებშიც იგრძნობა. პანდემიის პერიოდში ბევრი დაუბრუნდა თავის ფუძეს. მსგავსი მაგალითები თუ გაქვთ გარშემო?

- რასაკვირველია, პანდემია უბედურებაა, მაგრამ ამან ერთგვარი დადებითი როლიც ითამაშა, რადგან ამ პერიოდში ბევრმა თავის დედულ-მამული თავიდან აღმოაჩინა, ხალხი დაბრუნდა სოფლებში. ასე მოხდა დასავლეთ საქართველოში, რაჭაში, სვანეთში და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. რაც შეეხება ხევსურეთს, თუ არ ვცდები, მხოლოდ 1 ოჯახი დაბრუნდა. დღესდღეობით ხევსურეთში სულ 150-მდე ოჯახია დარჩენილი, ისინიც უმთავრესად - ხანდაზმულები. შატილის სკოლაში 15 ბავშვი სწავლობს, ბარისახოში - 50-მდე, როცა ჩემს დროს ბარისახოს სკოლა-ინტერნატში 300-ზე მეტი მოსწავლე იყო. სოფლებში არ არის გზები, დენი, მეტ-ნაკლები ყურადღება მხოლოდ ბარისახოსა და შატილს ექცევა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მთის კანონი მიიღო, 20%-იანი დახმარებაა ხელფასებსა და პენსიებზე დამატებული, ვფიქრობ, ეს კანონი ვერ იმუშავებს და ხევსურეთს არაფერი ეშველება, თუ ამას არ მიება ადგილობრივად მცირე საწარმოების მშენებლობა, სოფლის მეურნეობის განვითარება და ბიზნესის განვითარება. უცხოეთის მთიან ქვეყნებში, როგორიც არის იტალია, შვეიცარია, საზღვრისპირად მცხოვრებ მოსახლეებს მესაზღვრეების სტატუსი აქვთ და სახელმწიფოსგან სტიპენდიის სახით ეძლევათ ფულადი დახმარება. ასევე უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მთიან ადგილებშიც. პირიქითა ხევსურეთში, სოფელი ფიჭვნია, სადაც რუსები 7 კილომეტრით ქვევით ჩამოვიდნენ, ასე მოხდა მამისონზეც. როცა ასეთი საშიშროებაა, იქ მცხოვრებ ხალხს უნდა ჰქონდეს დახმარება, ისევე როგორც ახალგაზრდა ოჯახებისთვის უნდა არსებობდეს უპროცენტო და გრძელვადიანი ფინანსური დახმარება-სესხები.

- მახსოვს, ინტერვიუში, რომელიც 2013 წელს ჩავწერეთ, იმავე პრობლემებზე ვსაუბრობდით, გვეგონა, რომ მალე იქნებოდა მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ერთგვარი წამახალისებელი დახმარების პროგრამა. 8 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა?

- არაფერი. პრობლემა პრობლემად დარჩა, მეტიც - ვფიქრობ, სიტუაცია გაუარესდა. საქართველოს მთავრობაში შექმნილია მთის გადარჩენის ფონდი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ხევსურეთის დასახმარებლად. მთების გადასარჩენად მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ.

- საუბრისას ხაზი გაუსვით მასობრივ ემიგრაციას. ხევსურეთიდან ბევრია საზღვარგარეთ წასული? და აქვე გკითხავთ: როცა ლუკმაპურის ფულისთვის საქართველოდან წასვლა გიწევს, ესეც ხომ არ უწყობს ხელს იმ პრობლემას, რომ ახალგაზრდებში სამშობლოს ცნება გაუფასურებულია?

- გეთანხმებით... ჩემი ორი დაც ისრაელშია. ერთი თიანეთში ცხოვრობდა, მეორე - ახმეტაში. მათ ჰქონდათ ძლიერი ოჯახები, სოფლის მეურნეობა, სამსახურები, მათი მეუღლეებიც მუშაობდნენ, მაგრამ როცა ყველაფერი მოიშალა, გაჭირვების პირისპირ დამდგარი ჩემი დები იძულებულები გახდნენ, საზღვარგარეთ წასულიყვნენ. ხევსურეთიდანაც და ყველა სხვა კუთხიდანაც ბევრი ქალია უცხოეთში სამუშაოდ წასული. მათი შვილები და შვილიშვილები მათი პირველი აღმზრდელის, ანუ დედისა და ბებიის გარეშე დარჩნენ. ბავშვი სითბოს, სიყვარულს, ადამიანებთან ურთიერთობას, სამშობლოს სიყვარულს მათგან სწავლობს და ოჯახებიდან დაიწყო იმის მოშლა, რასაც სამშობლოს სიყვარულს ვეძახით. შემდეგი ეტაპია სკოლა, სადაც მასწავლებლების ნაწილიც აღმოჩნდა ემიგრაციაში. სკოლებში მივიდნენ ის ადამიანები, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ პედაგოგიურ საქმიანობასთან. პატრიოტული განწყობა ყველას ვერ ექნება, თან ამას ემატება დაბალი ხელფასები და უგულო მუშაობა. მესამე საფეხურია უმაღლესი სასწავლებელი, სადაც პატრიოტული თემატიკის "ლიბერასტული" ფილოსოფიითა და თეორიებით ჩანაცვლება ხდება.

როგორც ოჯახსა და სკოლაშია მოშლილი პატრიოტული აღზრდის იდეოლოგია, ასევეა უმაღლეს სასწავლებელში. ახალგაზრდებში სრულიად დანგრეულია ცნობიერება და აღარ არის ის მუხტი, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია. ერთხელ, ილიაუნიში მწერლების შეკრება იყო, რომელზეც პატრიოტულ ლექსებს კითხულობდნენ, მათ შორის მანანა ჩიტიშვილის ლექსებს. ამ უმაღლესი სასწავლებლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს უთქვამს, პატრიოტულმა თემატიკამ დრო მოჭამაო. ამას არ უნდა ამბობდეს ადამიანი, რომელსაც კავშირი აქვს ახალგაზრდებთან, ვისაც ზრდის, აზროვნებას ასწავლის და უხსნის, რა უყვარდეთ, და უნდა იყოს მათთვის ცხოვრებაში უპირველესი წინამძღოლი. მანანა ჩიტიშვილი ადგა და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. ეს უბედურებაა, სამშობლოს ცნება უმაღლესი სასწავლების ხელმძღვანელებსა და ლექტორებშიც დაკარგულია. ოჯახი - დედა, სკოლა - პედაგოგები, უმაღლესი - ლექტორები, ანუ ეს სამი საფეხურია კრიზისის გამომწვევი. ამ პრობლემებმა კი მორალურ-ზნეობრივი კატასტროფის გარემო შექმნა, რომელსაც დარეგულირება სჭირდება და გონიერი ხელისუფლება, რომ საქართველო გადავარჩინოთ.

- საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ქართველი მწერლები პასიურობენ, ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას თავს არიდებენ, აღზრდის მეთოდებსა და ქვეყნის გზაზე საჯაროდ არ საუბრობთ. ტრიბუნა არ გეთმობათ თუ რა ხდება, როგორ ფიქრობთ?

- თუ არ შემომთავაზეს პრესიდან თუ ტელევიზიიდან საუბარი, რომ დავრეკო, მიმიღებენ?.. დღეს, ისევე როგორც წინა წლებში, ჩვენთვის ტელევიზიები დაკეტილია და არავინ გვიწვევს. მწერალს თუ არ მიეცი ტრიბუნა, როგორ ილაპარაკებს?! დიდი მადლობა "პატარატირაჟიან" არხებს, სადაც გამოვსულვარ და მისაუბრია სხვადასხვა პრობლემაზე, მაგრამ სხვაგან მიჰყავთ ადამიანები, რომლებიც საუბრობენ თემაზე: ვინ რამდენჯერ გათხოვდა, ვინ რამდენჯერ გაშორდა, ის კაცი, ვინც ქალად გადაკეთდა და პირიქით. რა დამსახურებით ეძახიან ამ ხალხს, არ ვიცი. იმ ხალხს ეკითხებიან ჭკუას, რომელსაც ის არა აქვს. დღეს მხოლოდ და მხოლოდ არაფრის მომცემი შოუები იკავებს ეთერს. მიეცი ხალხს სანახაობა, საჭმელი და ის ხალხი შენი მონა იქნება - დაახლოებით ამგვარად მუშაობს დღევანდელი ტელევიზიებისა და მასმედიის უმრავლესობა.

GzaPress

- პირადად მე არა მგონია, რომ ეს გამიზნულად ხდება. ის თემები, რომლებიც ჩამოთვალეთ, უფრო "ადვილად სამუშაოა", ხოლო ინტელექტუალური ხასიათის გადაცემის მომზადებას სჭირდება ისეთივე ადამიანური რესურსი, როგორც პროდიუსინგში, ისე წამყვანების მხრივ... ასე არ არის?

- სავსებით გეთანხმებით. სამწუხაროდ, ჩვენი ტელევიზიები დილეტანტებით არის სავსე. დღეს ადამიანები შემთხვევით არიან ტელევიზიებში მოხვედრილი. შეიძლება უწინ რომელიღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერდა მხარს და შემდეგ ხელმძღვანელობამ თავისთან ჟურნალისტად მიიწვია. მათ არ იციან, რა ხდება კულტურაში, მწერლობას არ იცნობენ და როგორ უნდა ელაპარაკონ თავიანთ სტუმრებს?!

- ბოლო პერიოდში მსახიობები ხშირად ხდებიან ტელეწამყვანები და ეს დამატებითი შემოსავლისთვის ხდება. ისევ სოციალურ პრობლემებამდე მივდივართ...

- დიახ, ასეა. სხვადასხვა პროფესიის ხალხი მიდის ტელევიზიაში. მათ გავლილი აქვთ ის საფეხურები (სახლი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი), რაზეც უკვე ვილაპარაკეთ და ამის გამო არ იცნობენ ჩვენს ისტორიას, მწერლობას, დემოგრაფიას. ეთერში მხოლოდ ზედაპირულ თემებზეა ლაპარაკი და ასეთივე გადაცემებიც მზადდება.

- როგორ ხედავთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მომავალს 15-20 წლის შემდეგ?

- ვფიქრობ, პოლიტიკური ბაკქანალია და ქაოსი დამთავრდება, დესტრუქციული ქმედებები აღიკვეთება. არ შეიძლება ამა თუ იმ ავანტიურისტული პარტიის სეირს უყურებდეს მთელი ქვეყანა და მთელი წელი ვისმენდეთ, შევა თუ არა ესა თუ ის პარტია პარლამენტში. ამომრჩეველს ის ქუჩისთვის და პროცესების იქიდან სამართავად არ აურჩევია, არამედ - საკანონმდებლო ორგანოში მათი პრობლემების წარმოსაჩენად და გადასაწყვეტად. ოპოზიციური პარტიების ქმედებები არის მხოლოდ მათი რეიტინგის განულება და არა მოსახლეობის კეთილდღეობის სასარგებლო ქმედება. ისინი თამაშობენ თავიანთი წესებით, მხოლოდ საკუთარი ინტერესებით და უცხოეთის თვალში ჩვენ ვჩანვართ როგორც ჩამორჩენილი და არადემოკრატიული ქვეყანა, რაც საშინელებაა. ვფიქრობ, ამღვრეული წყალი ნელ-ნელა და ეტაპობრივად დაიწმინდება.

ანა კალანდაძე