ორი მეგობრის კოლაბორაცია - ბეტონის ქოთნები სუკულენტებისა და კაქტუსებისთვის
ბავშვობის მეგობრები - თამარ ჭელიძე და ხატია ღოღობერიძე სწორედ ამ მცენარეებისა და კაქტუსებისთვის ქმნიან პატარა "სახლებს", სამომავლოდ მათ ქოთნებში გაზრდასაც გეგმავენ და სუკულენტების ორანჟერეის მოწყობასაც. სტარტაპს ბიზნესის სახე დაახლოებით 6 თვის წინ მიეცა და ამ ხნის განმავლობაში დიდი ინტერესი გამოიწვია.
თამარი:
- დიდი ხანია სხვადასხვა ბანკში ვმუშაობ. რამდენიმე წლის წინ სუკულენტების შეგროვების ჰობი გამიჩნდა. მინიატიურული, კომპაქტური მცენარეებია და ძალიან მომწონს. მინდოდა, პატარა და განსხვავებულ ქოთნებში ჩამერგო, მაგრამ სულ პრობლემა იყო. მისი გამოწერა საზღვარგარეთიდან მიწევდა, ტრანსპორტირება დამატებით ხარჯებს მოითხოვდა, აი, სწორედ ამიტომ ვიფიქრე, ქოთნები თავად დამემზადებინა. გადავწყვიტე, ამ საქმეში ჩემი მეგობარიც ჩამერთო.
ხატია:
- მხატვარი-მონუმენტალისტი ვარ. როცა თამუნამ თავისი იდეა სისრულეში მოიყვანა და წარმოებაში ჩაუშვა ქოთნები, შემომთავაზა, მოხატვაში მეც მივხმარებოდი. მოგვიანებით საქმეში სრულად ჩავერთე და ახლა ერთად ვაწარმოებთ ამ ნივთებს. ბეტონის ქოთნები სპეციალური ტექნოლოგიით მუშავდება, წყალგამძლე რომ იყოს და არ დასკდეს. ბევრი ცდისა და სხვადასხვა ვიდეოს ნახვის შემდეგ, თამუნამ ეს ტექნოლოგიაც შეიმუშავა. თიხასთან მუშაობის გამოცდილება მაქვს და სამომავლოდ ამ სახეობის პროდუქციაც მინდა შევქმნა. მცენარეებით დაინტერესებული ადრე არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა თამუნასგან მათ მოვლასაც ვსწავლობ.
თამარი:
- ბეტონის ქოთნებს სპეციალურ ყალიბებში ვამზადებთ. ნებისმიერ ფორმას მარტივად ვიღებთ. ქოთნებს სწორხაზოვანი გეომეტრიული ფორმები აქვს, გამძლეა და მყარი. ექსტერიერისთვის კომფორტულია. ჩემი აივანი ძალიან ქარიანია, არაერთხელ დაამტვრია თიხის ქოთნები და არც უსაფრთხო იყო, ამიტომ დავიწყე მათი დამზადება. სუკულენტები გარე სივრცის მცენარეებია, მზე უყვართ.
- სუკულენტის მრავალი სახეობა არსებობს და ზოგიერთი ხელოვნური ყვავილის ასოციაციას ქმნის...
- დიახ, ხელოვნური ყვავილის იერი იმიტომ აქვს, რომ სრულყოფილი ფორმით გამოირჩევა, სიმეტრიულია. 1500-მდე სახეობის სუკულენტი მაქვს. მათი შეგროვება აზარტულია. ყველა აღნიშნავს, რომ თუ ერთხელ დაავადდი სუკულენტების სიყვარულით, იმდენად პრიორიტეტული ხდება, რომ შეიძლება ადამიანისთვის პირველადი მოხმარების ნივთების ყიდვაც კი ჩაანაცვალოს. სპეციფიკური მოვლა სჭირდება, თუმცა - რთული არაა. მთავარია, ერთხელ გაუგოთ. სწორი ადგილის შერჩევა, პირველ რიგში, სინათლესა და მზის სხივებს გულისხმობს. თუ შესაბამის ადგილას განათავსებთ, სუკულენტმა შეიძლება 1 თვის უყურადღებობაც კი გაპატიოთ.
- სწორად აღნიშნეთ, სუკულენტების შეძენამ ჩათრევა იცის. დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყე შეგროვება, მაგრამ, როგორც ჩანს, "ზედმეტად ვზრუნავდი" - ბევრი წყალი დავასხი და ყველა გაფუჭდა...
- ეს დიდი შეცდომაა, რასაც სუკულენტი ვერ იტანს. ის თვეობით შეიძლება არ მორწყათ, მაგრამ თუ ზედმეტი წყალი დაუსხით, ვერ გადარჩება. სუკულენტების მოვლაში გავიწაფე და თუ სხვა მცენარეს შევიძენ, შეიძლება "მომიკვდეს", რადგან არასაკმარის წყალს ვასხამ. სუკულენტი ღია სივრცეში უნდა იდგეს. გადახურულ აივანზეც კი შეიძლება ამ მცენარეს სინათლე არ ეყოს. დიდი ტერასა მაქვს, გადახურული არ არის, მაგრამ იმდენი დამიგროვდა, რომ გადავწყვიტე, ორანჟერეა გავაშენო და სპეციალურად ამისთვის მიწის ნაკვეთიც კი შევიძინე წეროვანში. ხატია ქალაქგარეთ ცხოვრობს, მომავალში შეიძლება, მეც ქალაქგარეთ გადავიდე საცხოვრებლად. ქოთნების რეალიზებასთან ერთად, სუკულენტების კომპოზიციების დამზადებასაც ვაპირებთ, მერე კი ერთობლივად შევთავაზებთ მომხმარებელს.
ანა კალანდაძე