"ყველაფერი, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება - ქიმიაა" - გზაპრესი

"ყველაფერი, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება - ქიმიაა"

"ხელოვანსაც და მეცნიერსაც ერთი ძირითადი მიზანი ამოძრავებს - სურვილი, ადამიანის სული აზიაროს სილამაზესა და სიმართლეს, შეიცნოს და შეისწავლოს ბუნების ჰარმონია" - ამბობს პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი რამაზ გახოკიძე, რომელიც გახლავთ დიდი მეცნიერი და არაჩვეულებრივი ხელოვანი. ამის დასტურია მისი შრომები ქიმიაში, ბიოლოგიაში, ბიოტექნოლოგიაში, სოფლის მეურნეობასა და მედიცინაში. სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა, ხელოვნების ხაზით კი, 200-ზე მეტი ნაწარმოების ავტორი და შემსრულებელია. მისი კიდევ ერთი ციტატა ასე ჟღერს: "ყველაფერი, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება, ქიმიაა: მთლიანად სიცოცხლე და თვით სიყვარულიც კი". გთავაზობთ ბატონი რამაზის მოგონებებს:

მსოფლიო ტენორის უდიდესი პასუხისმგებლობა

- ბავშვობაში, ყოველ ზაფხულს ერთი-ორი თვე მდინარე აბაშის პირას, სოფელ ბანძაში ვისვენებდი. მახსოვს კლუბში საოცარი წარმოდგენები იმართებოდა. ზაფხულობით ჩამოდიოდნენ ოპერის სახელოვანი მომღერლები: ზურაბ ანჯაფარიძე, პეტრე ამირანაშვილი, გივი ტორონჯაძე... და საოცარ კონცერტებს მართავდნენ. ბანძაში ცხოვრობდა ზურაბ ანჯაფარიძის მამიდა პარასკევა ფაღავა. ერთ დღეს, როდესაც ზურაბ ანჯაფარიძე ბანძაში, ჩემი ნათესავის ადვოკატ ალექსანდრე გაბუნიას სახლში წვეულებაზე მღეროდა, უცებ საიდანღაც აბრეშუმის დიდი პეპელა პირში შეუფრინდა. მსოფლიო ტენორმა პეპელა ისე შეუმჩნევლად გადაყლაპა, სიმღერა არ შეუწყვეტია... მე ვთვლი, რომ ეს არის პროფესიის მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა (იგი ხომ მხოლოდ ნათესავთა წრეში მღეროდა) და ნამდვილი გმირობა!

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, სადოქტორო დისერტაციასთან დაკავშირებით, ექსპერიმენტების ჩასატარებლად მოსკოვში ვიმყოფებოდი. ძალიან ცოტა დრო მქონდა და განვიცდიდი, რომ დიდ თეატრში არ ვიყავი ნამყოფი. ეს მაშინ, როცა ნიუ-იორკში მეტროპოლიტენ ოპერაშიც ვყოფილვარ. ვიფიქრე, ბედს ვცდი-მეთქი და დიდი თეატრის სალაროს მივადექი. ათ თვემდე ყველა ბილეთი გაყიდული დამხვდა, ძალიან მოვიწყინე. შენობის უკანა შესასვლელიდან ერთი ქალბატონი გამოვიდა. ეტყობა ისეთი შეწუხებული ვიყავი, მკითხა: რამე ხომ არ გიჭირსო? - დიდ თეატრში, ალბათ, ვერასოდეს მოვხვდები. სირცხვილი არ არის? რა ვუთხრა ჩემს ნათესავს ზურაბ ანჯაფარიძეს-მეთქი?! ქალბატონმა ანჯაფარიძის გვარი რომ გაიგონა, აღფრთოვანება ვერ დაფარა და მითხრა: ზურაბი მსოფლიო მოვლენაა, ქედს ვიხრი მის წინაშეო. შემდეგ შენობაში შებრუნდა, ხელში გასაღებით გამოვიდა, გადმომცა და მითხრა: თეატრის ადმინისტრატორი პავლოვა (სახელი არ მახსოვს) ვარ, ეს სამთავრობო ლოჟის გასაღებია და როცა გენებოთ, მობრძანდითო... მივლინების დასრულებამდე ორი კვირა მქონდა დარჩენილი და იმ დროის მანძილზე 14 სპექტაკლი ვნახე - მსოფლიო მუსიკის შედევრების საუკეთესო დადგმები.

GzaPress

"შემრცხვა ჩემი საქციელის"

- მეშვიდე კლასის სასკოლო არდადეგებზე დედულეთში, სოფელ ბანძაში წამიყვანეს. ბიძაჩემს, გიორგი გაბუნიას, რომელიც მარტვილის რაიონის მთავარი პედიატრი გახლდათ, ერთი მთოხნელი ჰყავდა დღიურად დაქირავებული. საშინლად ცხელოდა, მთოხნელს ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. დროდადრო ისვენებდა, ჩონგურზე რამდენიმე სიმღერას დაამღერებდა და კვლავ აგრძელებდა მუშაობას. ისე მომეწონა მისი ნამღერი, რომ მორიგი შესვენების დროს აღარ შევეშვი, ჩონგური ავაღებინე და მთელი კონცერტი ჩავატარებინე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და მთოხნელსაც, რომელიც დღიურად იღებდა გასამრჯელოს, მეტი რა უნდოდა - ხის ჩეროში წამოწოლილი მღეროდა (ძირითადად სახუმარო სიმღერებს) და ჩემგან ჰონორარად მირთმეულ სასმელსაც სვამდა. თანდათან მსმენელები, მეზობლის ბავშვებიც შემოგვიერთდნენ და იყო მთელი ოვაციები. ისე ჩამობნელდა, ვერც შევამჩნიეთ. ამ დროს ბიძაჩემიც დაბრუნდა სამსახურიდან და ეზოში რომ შემოვიდა, საოცარი სურათი დახვდა. მაშინ კი მივხვდი ჩემ "დანაშაულს", გავიქეცი და ყანაში დავიმალე. დიდხანს მეძებეს, მაგრამ ვერ მომაგნეს. რამდენიმე საათის შემდეგ ჩუმად შევედი სახლში და დავწექი.

დილით სასთუმალთან, ჩვეულებრივ დამხვდა ოლია ბებიას მიერ კეცზე გამომცხვარი საუცხოო ხაჭაპური და ახლად მოწველილი რძე, რასაც ჩემი საქციელის გამო ნამდვილად არ ვიმსახურებდი. სანამ ბიძაჩემი სამსახურში არ წავიდა, ლოგინიდან არ ავმდგარვარ. თავიდან ვიფიქრე, მთოხნელს შევენაცვლები-მეთქი, თოხი ავიღე და პირდაპირ ფეხზე დავირტყი. ეს იყო და ეს, ამის შემდეგ თოხი არასდროს მჭერია ხელში. რომ წამოვიზარდე, კიდევ უფრო შემრცხვა ჩემი საქციელის. სწორედ თოხმა მოიყვანა საქართველო დღემდე. ქართველი კაცი, პირველ რიგში, გლეხს უმღეროდა, შეიქმნა "თოხნური" და სხვა ნადური (შრომითი) სიმღერები.

"მოდით, გავცვალოთ..."

- ედუარდ ტელერი სახელგანთქმული ფიზიკოსი (ასევე, ვირტუოზი პიანისტი) იყო, მრავალი პირველხარისხოვანი ნაშრომისა და თეორიის ავტორი. მისი წარსული, მორალურად დიდი მეცნიერის შესახებ, ჩვენს შეხედულებებს არ პასუხობს... იგი მონაწილეობდა ამერიკული ატომის ბომბის შექმნაში. ტელერი ითვლება წყალბადის ბომბის მამად, მონაწილეობა მიიღო მასობრივი მოსპობის იარაღის ე.წ. ნეიტრონული ბომბის შექმნაში. მას ეკუთვნის "ატომური ლოკალური ომის" კონცეფცია. ედუარდ ტელერმა დაამუშავა მიწისქვეშა ქალაქებისა და ქარხნების მშენებლობის გეგმა, რაც მისი ჩანაფიქრით უნდა დახმარებოდა შეერთებულ შტატებს კომუნიზმზე გამარჯვებაში. ამ უდიდეს მეცნიერს შევხვდი 1991 წელს იტალიაში, ქალაქში ერიჩე, სადაც გაიმართა მსოფლიო მეცნიერული კულტურის ცენტრის (მსოფლიო ლაბორატორიის) სემინარი. ტელერი მაშინ მშვიდობისთვის მებრძოლთა რიგებში იდგა. დაესწრო სემინარზე ჩემს მოხსენებას აგროეკოლოგიის პრობლემების შესახებ და რამდენიმე შეკითხვაც დამისვა... შესვენებისას მასთან მივედი, საჩუქრად მცირე სუვენირი გადავეცი - ხანჯლის ფორმის ბურთულიანი ავტოკალამი და ხუმრობით ვუთხარი: მოდი, გავცვალოთ, მე ხანჯალს მოგცემთ, თქვენ კი წყალბადის ბომბი მომეცით-მეთქი. მან სერიოზულად მომიგო: "მე მომწონს ხანჯლებიც და წყალბადის ბომბებიც". შემდეგ ხანჯლის ვადა გამოსწია და ხელში ავტოკალამი შერჩა. ძალიან გაუკვირდა. მე ვუთხარი: ამ კალმით გისურვებთ, მრავალი ახალი იდეის შესახებ დაგეწეროთ. სხვათა შორის, ხშირად იდეა, მთელი ქვეყნის ატომურ ბომბებზე უფრო საშიშია-მეთქი. ამის გაგონებაზე გამხიარულდა და ჩვენი შეხვედრის აღსანიშნავად სურათი გადავიღეთ.

არაგვის ერისთავის ყანწი

- დავით ჩხიკვიშვილი, შოთა ძიძიგური, ვლადიმერ მიქაძე, როსტომ წულუკიძე და სხვა თვალსაჩინო მოღვაწენი დიდ წვეულებას ესწრებოდნენ ფასანაურში, რომელიც მოეწყო პრაღის უნივერსიტეტის რექტორის პატივსაცემად. თამადად აირჩიეს რევაზ ლაღიძე. რესტორნის დირექტორმა შემოიტანა ზაალ არაგვის ერისთავის ნაქონი ყანწი და განაცხადა: ვინც ამ ყანწს დალევს, საჩუქრად გადაეცემაო. შემოიტანეს ვედრო, ჩაასხეს თეთრი ღვინო და შემდეგ ყანწში გადაასხეს. რეზომ მოიყუდა და დალია. ატყდა ოვაცია. რესტორნის დირექტორმა დაპირებისამებრ, რეზოს ყანწი საჩუქრად გადასცა, მაგრამ ბატონმა რეზომ განაცხადა: ამ ყანწს არ წავიღებ, როგორც რელიკვია, აქ უნდა დარჩესო. ამ დროს დარბაზში მომღერალთა გუნდი შემოვიდა და დიდებულად შეასრულა სიმღერა "თბილისო".

GzaPress

ამერიკულ სარდაფში გატარებული ერთი ღამის ისტორია

- გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებია, სამეცნიერო სტაჟირებას გავდივარ ტეხასში, ჰიუსტონის უნივერსიტეტში. ვცხოვრობ საუნივერსიტეტო კეთილმოწყობილ აპარტამენტში. ჩემი მეზობლები არიან სტუდენტები და დოქტორანტები. შუაღამეა და ძლიერმა კაკუნმა გამომაღვიძა. კარი გავაღე და შეშფოთებულ მეზობლებს, ახალგაზრდა წყვილს ვხედავ. მათ მაცნობეს, რომ მიიღეს გაფრთხილება მოსალოდნელი ტორნადოს (ქარბორბალა) შესახებ. ასეთი რამ ხშირად ხდება ამერიკაში და დიდ საშიშროებას უქმნის ადამიანებს. გამოცხადდა საერთო ევაკუაცია და ყველანი სარდაფში ჩავედით. წინასწარ გათვალისწინებული უზარმაზარი სარდაფი ხალხით გაივსო. ყველა შეშინებულია, ტირიან, ერთმანეთს ეხუტებიან და მათ შორის ვარ მე, საბჭოთა კავშირიდან ჩასული კინკილა უნიკუმი, რომელსაც უმრავლესობა პირველად ხედავდა. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. ახლად ჩასული ვარ, თითქმის არავის ვიცნობ და ჩამხუტებელიც არავინ მყავს.

მამლაყინწასავით ვიხედები აქეთ-იქით, შიშს არ ვიმჩნევ, გულს კი ბაგაბუგი გააქვს. ბაგაბუგზე გამახსენდა და ერთ სტუდენტს, რომელსაც მაგნიტოფონი ჰქონდა წამოღებული, ვთხოვე "ბუგი ვუგი" ჩაერთო. უმალ გაისმა საცეკვაო მუსიკა. შეშინებულები გახალისდნენ, დაიწყეს ცეკვა და დროებით გადაავიწყდათ მოსალოდნელი უბედურება. ესეც ასე, პირველი ქულა მოვიპოვე ევაკუირებულთა თვალში. მუსიკა დამთავრდა და კვლავ ჩამოწვა ავის მომასწავებელი სიჩუმე. უცბად შევამჩნიე, რომ ერთ ბიჭს ხელში კარტი ეჭირა. სასწრაფოდ გამოვიხმე და ასეთი სცენარი შევთავაზე. დავდგებოდი გამოსაჩენ ადგილზე, სათითაოდ ამოვიღებდი კარტებს და ყველას ვაჩვენებდი. ჩემი ასისტენტი კი საიდუმლო პაროლით (წინასწარ ვასწავლე) მანიშნებდა, თუ რომელი კარტი მქონდა ამოღებული. ნომერმა კარგად ჩაიარა, ხალხი ისევ გამოცოცხლდა და საფრთხეც დაავიწყდათ. ესეც, მეორე ქულა. ტორნადომაც გადაიფიქრა ჩვენი დარბევა და ირიჟრაჟა კიდეც. რამდენიმე საათით დარჩენა გამოგვიცხადეს, რადგან საფრთხის საშიშროება კვლავ არსებობდა. უკვე ყურადღების ცენტრში მყოფი, მესამე ქულის მოლოდინში ვიყავი. ერთ გოგონას გიტარა ეჭირა, მივედი და ვთხოვე სიმღერის შესრულებაში დამხმარებოდა. მცირეოდენი რეპეტიციის შემდეგ მთელი დარბაზი ინგლისურ ენაზე ასრულებდა "სულიკოს". ჩვენი გათავისუფლების ბრძანება გაიცა, მაგრამ სიმღერის დამთავრებამდე არავინ განძრეულა. ასე დასრულდა ჩემი ერთი ღამის ისტორია ამერიკულ სარდაფში და ჩამხუტებელთა დიდი რაოდენობაც შევიძინე.

უსაჩუქროდ დარჩენა

- ამერიკაში სამეცნიერო სტაჟირების პერიოდში სტუმრად ვეწვიე ლოს-ანჯელესში ჩემს მეგობარს ვალერი პეტროსიანს (შემდგომში აკადემიკოსი, ლომონოსოვის უნივერსიტეტის კათედრის გამგე), რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა ასევე სამეცნიერო სტაჟირების გასავლელად. მეგობარმა დამათვალიერებინა ჰოლივუდი და დისნეილენდი, შემახვედრა გამოჩენილ რუს ბიოქიმიკოს ალექსანდრე ოპარინს, რომლის საშუალებითაც სან-ფრანცისკოში დავუკავშირდი ნობელის პრემიის ლაურეატ მელვინ კელვინს. მეგობართან ჩემი ყოფნის პერიოდში ლოს-ანჯელესის უმდიდრესმა სომხებმა (მათ ხელშია ბანკების უმრავლესობა) ამერიკაში ჩასულ ახალგაზრდა სომეხ მეცნიერებს მორიგი შეხვედრა მოუწყვეს. ვალერიმ მეც მიმიპატიჟა და მთხოვა, შეხვედრაზე რომ მივიდოდით, მეთქვა რომ, მეც სომეხი ვიყავი და ავტომანქანით და სხვა ძვირფასეულობით დამასაჩუქრებდნენ. გამახსენდა კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები პარიზთან დაკავშირებით: აქ სომხები ბანკის მმართველები და შეძლებული ადამიანები გახდნენ. დიდ ქველმოქმედებას ეწევიან თავიანთი თანამემამულეების მიმართ, მაშინ როცა ქართველებმა ყველაზე დიდი რაც მოიფიქრეს, ის იყო, რომ რესტორნები გახსნესო.

მოკლედ, იმ საღამოს ძვირფასი საჩუქრები და შემდგომშიც დიდი ყურადღება მელოდა (რაც მეტად საჭიროა უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებისთვის), თუ ვიტყოდი, რომ სომეხი ვიყავი ან დედა მყავდა სომეხი. ჩემს სომეხ მეგობარს მადლობა გადავუხადე და ვუთხარი: მართალია, თქმულების თანახმად, ქართველების და სომხების წინაპრები - ქართლოსი და ჰაოსი ძმები იყვნენ და უხსოვარი დროიდან ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია, მაგრამ ქართველობაზე, თუნდაც მცირე ხნით, უარს ვერ ვიტყვი, რადგან სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ-მეთქი. აი, ასე დავრჩი უსაჩუქროდ, მაგრამ სულიერად მდიდარი ახალგაზრდა მეცნიერი.

ნანული ზოტიკიშვილი