"ჩვენ სიყვარულის სიმცირეს ვჩივით, მის დანაკლისს, ნელ-ნელა გაქრობას" - გზაპრესი

"ჩვენ სიყვარულის სიმცირეს ვჩივით, მის დანაკლისს, ნელ-ნელა გაქრობას"

სიყვარულისგან დაცლილი გარემო, მოჭარბებული აგრესია, ურთიერთობები სოციალურ სივრცეში, ნაწერის განწყობა, სამყარო დღეს და პანდემიის შემდეგ, - გთავაზობთ პოეტის, პროზაიკოსისა და დრამატურგის, ნინია სადღობელაშვილის თვალით დანახულ რეალობას...

- ნინია, პირველსავე შეკითხვას პირდაპირ და საკმაოდ მძიმე პრობლემით ვიწყებ: სად გაქრა ადამიანთა შორის სიყვარული?

- ამაზე დიდ ტრაგედიას ალბათ კაცობრიობა ვერასდროს დაიტეხდა თავზე. სიყვარული დგას სამყაროს შესაქმეს თავში, ყველა რელიგიის დვრიტაში, საერთოდ, ადამიანის არსებობის საზრისში, ისაა ძალა და ენერგია, რაც ამ სამყაროს წესრიგს და მშვენიერებას ჰფენს, ასე მჯერა მე, აი - ვარსკვლავები რომ არ გვეცემა თავზე, გაზაფხული რომ ჯერჯერობით ისევ ბუნების/სიცოცხლის განახლებას ნიშნავს ან ერთ წვეთ სისხლში მთელი კაცობრიობის გენური კოდის წაკითხვა შეიძლება, ამას ვგულისხმობ... ხშირად ბანალურობამდე დაგვყავს იმის გააზრება, რომ სიყვარული აღარაა ადამიანებში. ეს აზრიც პირობითია, ჩვენ სიყვარულის სიმცირეს ვჩივით, მის დანაკლისს, ნელ-ნელა გაქრობას, თორემ, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ის ისევ ღვივის რჩეულ გულებში. ისეთი მაგალითები მინახავს, ისეთი საქციელების მომსწრე ვყოფილვარ!.. გადამდებია და დიდხანს მივლია მერე ამ სიყვარულის ენერგიით... მაგრამ რასაც შენ მეკითხები, იმას ერთი პასუხი ალბათ არც აქვს. იმდენივე პასუხი აქვს, რამდენი ადამიანიც პლანეტაზე დააბიჯებს, რადგან თითოეული ჩვენგანი ვაგებთ პასუხს ჩვენს წილ სიყვარულზეც და სიძულვილზეც. ერთი დიდი მიზეზი, რაც მგონია და რაზეც მიფიქრია, ადამიანის ბუნებასთან კავშირის გაწყვეტაა. თავის სასიცოცხლო გარემოსთან გაუცხოება, იმ უნარების ატროფირება, რომლითაც ადამიანში სიყვარული აქტიურდება. რატომ ამბობენ ხოლმე, რომ სოფლებში უფრო მეტი სითბო შემორჩა ხალხს, რომ იქ მეტი სიხალასეა, სიკეთეა? იმიტომ, რომ იქ ბუნებასთან კავშირი მეტ-ნაკლებად კიდევ არის, ადამიანმა ბუნების ენა ჯერ კიდევ იცის, მიწის წესები იცის, ესმით ერთმანეთის მას და სამყაროს. აი, შეხება - ხომ ვითომ არაფერია, მაგრამ კოვიდპანდემიამ პირველი რა შეზღუდა? შეხება. სამედიცინო და ჰიგიენურ პრევენციას რომ თავი დავანებოთ, ამ აკრძალვამ რაღაც მეტაფიზიკური აზრიც გამიჩინა, მისტიკური აზრი. ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გაჯეტში ვართ ჩართულნი, ერთმანეთს აღარ ვეხებით. ჩვენი სულები, გულები აღარ/ვეღარ ეხება ერთმანეთს. ეს პანდემიის გამო არ მომხდარა. პანდემია ამ ტრაგედიის ფიქსაციაა მხოლოდ, თან - ასეთი ულმობელი და შეუვალი წესებით...

- ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია, გასული საუკუნის 90-იანი წლები ენატრებოდეს ადამიანს, მაგრამ ბევრისგან გვსმენია, რომ იმ დროს ყველაზე მეტად იგრძნობოდა ურთიერთპატივისცემა, მხარში დგომისა და ლუკმის გაზიარების სურვილი... შენთვისაც ასეა?

- კი, მეც 90-იანელი ვარ (იღიმის). სიკვდილის ბოლომდე მაგ ზღვრული დროის დანით ვიქნები "დაჭრილი". ზღვრული იყო ნამდვილად - ძველი დაინგრა და ჩვენ, ამ ნანგრევებში მოყოლილები, ხელის ცეცებით ვიწყებდით ახლიდან ცხოვრებას... მე და შენ სულაც ბავშვები, მაგრამ იმ ყველაფრის ყურებით ნაადრევად გაზრდილები და დასერიოზულებულები... მახსოვს, კორპუსის წინ საერთო სადგამი გააკეთეს, რამდენიმე ქვაბი ერთად რომ დატეულიყო, გაზს ასე ზოგავდნენ, მეზობლები რიგრიგობით აკეთებდნენ სადილს; ბებიაჩემმა რაღაც გაყიდა და ცოტა ხორცი იყიდა, ხორცისა და კარტოფილისგან კერძი გააკეთა, მაგრამ უკვე ბოლოსკენ რომ იყო, ხელი მოუხვდა ქვაბზე, გადმოყირავდა და მთელი კერძი დაიქცა... ბებოს ტირილი მახსოვს, რომ ჩაჯდა ქურასთან და თავი ხელებში ჩამალა. მეზობლებმა, ვისი ქვაბიც იმ მორიგეობისას თუხთუხებდა, ყველამ ცოტ-ცოტა გაგვინაწილა და იმ დღეს უსადილოდ არ დაგვტოვეს. იყო ასეთები... ემპათია თითქოს დღეს უფროა, სოციალური ქსელებიც გვეხმარება, ბევრად მეტი სიკეთე ჩავიდინოთ, საქველმოქმედო ანგარიშებზე გადავრიცხოთ, მიუსაფარი მოხუცისთვის თუ ავადმყოფი ბავშვისთვის გავერთიანდეთ... ეს ძალიან კარგია, მაგრამ - არასაკმარისი. თითქოს ესეც იმ ვირტუალური ფასადის ნაწილია, რომელშიც ყველამ ამოვყავით თავი.

- ბოლო წლებში სოციალური ქსელი, რომელსაც შენ დროისა და ენერგიის ვამპირსაც უწოდებ, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყველაზე მეტად რა გთრგუნავს და რა მოქმედებს აქ შენზე უარყოფითად?

- ბევრჯერ დაგვიჩივლია, აი, გავაუქმებ და ამით აღარ დავიღლი თავს/გულს, აი, საერთოდ გამოვალ ამ ქსელიდან და ა.შ., მაგრამ მერე ისევ ვბრუნდებით (როგორი იგავური პარადიგმაა - უძღები შვილებივით გავრბივართ და ბოლოს ისევ უკან ვუბრუნდებით ვირტუალურ "სახლს"), რადგან აქ, რეალურად, ბევრი ინფორმაციაა, საკუთარი თავის პრეზენტაციის, კომუნიკაციის საშუალებაა, ბოლოს და ბოლოს, შენი არსებობის დადასტურებაა, აგული ერისთავივით ხალხს გარდაცვლილი აღარ ეგონები (იღიმის). ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს, ესაა ზღვარგადასული უტიფრობა, აგრესია, ყველაფრის მკადრებლობა, რაც ამ ქსელში თუხთუხებს და ყველას გვაჭუჭყიანებს, ვართ თუ არა ვართ კონკრეტული სჯა-ბაასის მონაწილე. ადამიანები, რომლებიც "ფეისბუკში" განსაკუთრებული აგრესიითა და უზრდელობით გამოირჩევიან, მინახავს ცხოვრებაში და ძალიან გამკვირვებია, - მორიდებული, მეტიც, ჩაკეტილი და რაღაცნაირად საწყალი ტიპებიც კი აღმოჩნდებიან ხოლმე. ალბათ ვირტუალური სივრცის მახასიათებელი ესეცაა - ერთმანეთს პირადად ვერ ვხედავთ, ერთმანეთის ენერგიას ვერ ვგრძნობთ და ყველაფრისთვის ვიმეტებთ, ყველაზე საშინელი, გულისმომკვლელი, ცილისმწამებლური სიტყვებისთვის... რამდენჯერ მნდომებია, ცოტა ხნით იმ "მთლად მთავარ კაცს" საერთოდ გაეუქმებინა ეს "ფბ", თუნდაც - საქართველოში... ცოტა ხნით, ეს ხალხი რომ ოდნავ მაინც დაშოშმინებულიყო და ფიქრს მისცემოდა...

- დიდი აგრესიაა ადამიანებში - ამას ყველა ვაღიარებთ. ზოგჯერ დაუნდობელ სიტყვებს ვისვრით და შედეგზე არ ვფიქრობთ. რას ფიქრობ, რამ მოიტანა ასეთი სისასტიკე?

- უამრავმა რამემ. პირველ რიგში, ალბათ სიღარიბემ, მძიმე სოციალურმა ფონმა, რომელმაც ბევრი ადამიანი ემიგრანტად აქცია, ბევრი - მაწანწალად, ბევრი - ქურდად და ზოგიც - უფრო დიდ დამნაშავედ... ერთი მიზეზი ჩვენი ამ 30-წლიანი დამოუკიდებლობის ეპოსის მუდმივი ტრაგიზმი მგონია, ჩვენი ვერშემდგარი სახელმწიფოებრიობა, ამდენი მარცხი, ღალატი, უნდობლობა, იმედგაცრუება... ამდენი ერთმანეთზე უპასუხისმგებლო ჩინოსანი (მათი მაგალითი ალბათ ბევრისთვის იქცა მოტივატორად: თუ იმას შეუძლია მოიპაროს, მოკლას, გაანადგუროს, მე რატომ არა?!.). განათლების პრობლემაცაა და უდიდესი წილი სწორედ მომავალ თაობაში ჩადებული თუ ვერჩადებული ცოდნის, უნარ-ჩვევების, სტერეოტიპების შედეგია. კიდევ, ჩვენი ზერელეობა, ფუქსავატობა, ფიქრის არსიყვარული, რაც ადვილად უხსნის სივრცეს აგრესიას, აგრესიიდან სისასტიკემდე კი ერთი უსიყვარულო ნაბიჯიღაა...

GzaPress

- შენი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, პანდემიის პერიოდში რომელიმე ხომ არ გახდა დომინანტი თუ წერ ისევე, როგორც აქამდე?

- პროზამ გამიტაცა. ერთი რომანი პანდემიაში დავასრულე ("დაბადების დღე"), ახლა მეორეს ვუტრიალებ შორიდან, ვზვერავ, როგორც ასაღებ ციხესიმაგრეს (იღიმის). თუმცა, პანდემიაში დავწერე რამდენიმე პიესაც, მათგან ერთს გამოვარჩევ, სულ ახლახან რომელზეც ვმუშაობდი, ესაა პიესა გორის თეატრისთვის და ჰქვია "სადგური: შინდისი". ის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისში მომხდარ ტრაგიკულ ეპიზოდს და იმ გმირებს ეძღვნება, ვინც სამუდამო სახელად აქცია "შინდისი".

- დასაწყისში, როცა გაცილებით დაბნეული, შეშინებული იყო საზოგადოება და შინ გამოვიკეტეთ, მუზა გქონდა?

- თავიდან მეც ძალიან დაბნეული და დაზაფრული ვიყავი, კრიჭა შემეკრა, როგორც იტყვიან. მერე ნელ-ნელა დავიწყე ფიქრი და გაანალიზება, თავდავიწყებითაც ვწერდი, დიდი შინაგანი ენერგია ვიგრძენი და ბოლომდე გამოვცალე. ამისთვის მადლობელიც ვარ, ოღონდ, პანდემიის კი არა, - დროის, რომელიც მაშინ მომეცა.

- გადანახული სასუსნავივით ტკბილია ის წუთები, როცა უახლოეს ადამიანებს ვხვდებით შექმნილი ვითარების გამო. კიდევ რა არის შენთვის ამ ვითარებაში სულის საზრდო?

- ეგ არის - საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა. კიდევ ფეხით სიარული. იმდენი ქუჩა გავიცანი ამ პანდემიაში, საკუთარი საცხოვრებელი უბანიც კი თავიდან აღმოვაჩინე (იღიმის). კითხვას, კინოს, წერას აღარ ვგულისხმობ, ეს - თავისთავად. მეტი დრო გამიჩნდა ძმისშვილებთან საურთიერთოდ და ამანაც დიდი ენერგია მომცა. ბავშვები - ისინი გადაარჩენენ სამყაროს!

- დაბოლოს, როგორი გინდა იყოს სამყარო კოვიდპანდემიის შემდეგ?

- სუნთქვა შემეკრა!.. მინდა ვიხილო თვალახელილი სამყარო, მთელი ეს ტრაგედია სწორად და ბოლომდე რომ ექნება გააზრებული. მინდა ვიხილო სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანები, რომლებმაც ახლა უფრო დააფასეს ყველა ის განძი, რაც ამქვეყნად მოგვეცა, იქცნენ მზრუნველ, მოსიყვარულე, მამაც ადამიანებად; მინდა ვიხილო ადამიანების მადლიერება ბუნების მიმართ... საერთოდ, მადლიერი და შეყვარებული სამყაროს ხილვას ვინატრებდი...

ანა კალანდაძე