"აქ ადვილია წამოიწყო შენი საქმე, ქართულსაც ვსწავლობ..." - გზაპრესი

"აქ ადვილია წამოიწყო შენი საქმე, ქართულსაც ვსწავლობ..."

ერმანდო ვოდო თავის ქართველ მეუღლესთან, სალომე სუთიძესთან ერთად უკვე 3 წელია, საქართველოში ცხოვრობს. ამბობს, რომ აქ თავს კარგად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს. როდესაც სალომემ იტალიაში 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, ერმანდოს უარი არ უთქვამს. წყვილმა მალევე თბილისში გახსნა პიცერია, სადაც იტალიელი შეფისგან მომზადებული უგემრიელესი პიცის დაგემოვნება შეგიძლიათ. ეს ხალისიანი და შრომისმოყვარე ცოლ-ქმარი ოჯახურ თბილ გარემოს უქმნის სტუმრებს. ერმანდოსაც აუთვისებია ქართული სტუმართმოყვარეობა, ყოველ წუთს მთავაზობდა, სხვათა შორის - ქართულად: მიირთვი, ჭამე, ეს იმერლებმა მასწავლესო.

სალომე სუთიძე:

- 2003 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე წავედი იტალიაში, სადაც ჩემი მშობლები და დედმამიშვილებიც იყვნენ. 15 წელი ვცხოვრობდი რომში, შევისწავლე სტილისტობა და 10 წლის განმავლობაში ვიმუშავე ამ პროფესიით. იტალიელები სხვა ენაზე საუბრობენ, თორემ ხასიათით ძალიან გვგვანან. თავდაპირველად "ტურისტული თვალით" რომ უყურებ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მოგწონს, ლამაზია იქაურობა, მაგრამ ცოტა არ იყოს, სტრესულიც. წლების განმავლობაში ცხოვრების იქაურ რიტმს ეჩვევი და მერე გიჭირს გადაწყვიტო, დარჩე თუ წამოხვიდე. მე არასდროს დამიკეტია ჩემი ქვეყნის კარი... თითქოს ყველაფერი მქონდა - კარგი სამსახურიც, ოჯახიც, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებდი, თუმცა დაბრუნებაც არ იყო ადვილი. ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღეთ საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება. ჩემები მენატრებიან, თორემ აქ ისე მშვიდად ვარ, ვერ წარმოიდგენთ.

- ალბათ ბევრმა არ მოგიწონათ ეს გადაწყვეტილება და გაუკვირდათ კიდეც, არა?

- მართლაც, ხშირად მეკითხებიან, რა გინდოდა, რატომ დაბრუნდი ამ დაქცეულ ქვეყანაშიო? ეს მაღიზიანებს. პირიქით, უნდა გიხაროდეს, რომ ემიგრანტები ბრუნდებიან. იქ ცხოვრებას იმხელა ხარჯი აქვს, ამდენს აქაც გამოიმუშავებ, თუ ზარმაცი არ ხარ და შრომა არ გეზარება. სოციალურად შეჭირვებული ფენა ყველა ქვეყანაშია. მანამდეც და მერეც, რაც დავოჯახდით, ორივე ვმუშაობდით, შეგვეძლო ჩვენი სურვილების დაკმაყოფილება და აქაც ასე ვართ - დილიდან საღამომდე აქ ვართ, პიცერიაში და მიხარია, რომ შრომა ფასდება. თავდაპირველად გვქონდა შიში, როგორ აგვეწყობოდა საქმე, რა იქნებოდა. ეს ხომ ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იყო. საქართველო მიყვარდა, მაგრამ არ ვიცოდი, ჩემი მეუღლე როგორ შეეგუებოდა აქაურობას. იქნებ წლები რომ გავიდოდა, ეთქვა, აღარ მინდა აქ ცხოვრებაო? ჯერჯერობით დაბრუნების სურვილი არ აქვს. ერთადერთი, ენის ბარიერის გამო წუხდა, მაგრამ ნელ-ნელა სწავლობს. სხვათა შორის, მასაც ხშირად ეუბნებიან, რა გინდოდა, რატომ ჩამოხვედიო და ერმანდო პასუხობს, მე აქ კარგად ვარო.

- მოგვიყევი, ვინ არის, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ცხობის შესასწავლად გაიარა სპეციალური კურსები, იტალიაშიც ამ სფეროში იყო დასაქმებული. ყოველთვის უნდოდა, თავისი პიცერია ჰქონოდა, მაგრამ იქ ძნელია წამოიწყო საქმე, რადგან დიდი გადასახადებია.

- მოდი, თვითონ ერმანდოს ვკითხოთ, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე საქართველომ.

ერმანდო ვოდო:

- საქართველო ჩემთვის სრულიად უცნობი სამყარო იყო, ვიდრე სალომეს გავიცნობდი. დამაინტერესა ქართულმა ენამ, ქვეყანამ. სალომემ ბევრი რამ მიამბო. მითხრა, რომ მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობას შორის ქართულიცაა. პირველ რიგში, თქვენმა სტუმართმოყვარეობამ მომხიბლა: "ჭამე", "დალიე" - ეს სიტყვები ხშირად მესმოდა (იცინის). სხვაც ბევრი დადებითი აღმოვაჩინე თქვენს ხასიათში. ვიყავი კახეთში, აჭარაში, სხვა კუთხეები ჯერ ვერ ვნახე უდროობის გამო. ძალიან მომწონს ბუნება, ღირსშესანიშნაობები. აქ უფრო მშვიდი ცხოვრებაა, ვიდრე იტალიაში, სადაც დილის 6 საათიდან იწყება სამუშაო დღე. იცით, რა გამიკვირდა? იტალიაში პიცის შესაკვეთად შემოდიან მხოლოდ პირველ და ხუთ საათზე, სხვა საათებში არ მიირთმევენ, აქ კი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი საათია, ნებისმიერ დროს მოდიან. მომწონს, რომ საქართველოში ადვილია წამოიწყო შენი საქმე. საბუთები ერთ თვეში გავაკეთეთ, იტალიაში კი ამას თვეები დასჭირდებოდა. ქართულსაც ვსწავლობ თანდათანობით, მაგრამ წერას - ვერა, ძალიან ძნელია.

- სალომემ რატომ მიიქცია თქვენი ყურადღება, რითი მოგხიბლათ?

- სალომე შესანიშნავი დედა და მეუღლეა, თორემ ამდენ ხანს წასული ვიქნებოდი აქედან (იცინის). 13 წელია, ერთად ვართ, - აი, ეს არის ჩემი პასუხი იმაზე, თუ რას ვფიქრობ მასზე.

სალომე:

- ეს 13 წელი სიმშვიდისა და სიყვარულის წლები იყო. როდესაც ერთმანეთი გავიცანით, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს ურთიერთობა არათუ წლები, არამედ მეორე დღესაც გაგრძელდებოდა. არასდროს მიფიქრია უცხოელზე გათხოვება. არ ვიცოდი, როგორ მიიღებდნენ ამ ამბავს ჩემი მშობლები, ძმები, მაგრამ ორივეს ოჯახი გაგებით მოეკიდა ჩვენს გადაწყვეტილებას. სულ აღნიშნავს და ხაზს უსვამს, რომ ქართველი ქალები იტალიელებისგან ძალიან განსხვავდებიან; რომ ოჯახის მოყვარულები არიან და მეტ ყურადღებას უთმობენ ქმრებს. თვითონ ერმანდოც ძალიან ყურადღებიანია, თბილი, უფრთხილდება ურთიერთობებს, შვილებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

- იტალიურ პიცაზეც უნდა გკითხოთ, რითი გამოირჩევა ის?

ერმანდო:

- იტალიური პიცა არ არის გადატვირთული, მას უბრალოება ახასიათებს. ცომი 2 დღით ადრე უნდა მოამზადო, მხოლოდ პასტა, მოცარელა და ძეხვია საჭირო. ინგრედიენტები იტალიიდან ჩამოგვაქვს. ვცდილობთ, აქ მომზადებულს იტალიური გემო შევუნარჩუნოთ.

სალომე:

- აქ ვინც შემოდის, თითქმის ყველამ იცის, რომ იტალიელის ნახელავი უნდა დააგემოვნოს. ოჯახური გარემოა, კლიენტები ჩვენს შვილებსაც კი იცნობენ. როდესაც ჩვენი მეორე შვილი, ჯულია დაიბადა, მათ საჩუქრები მოჰქონდათ, რაც ერმანდოს ძალიან უკვირდა. მახსოვს, ერთხელ ალექსის სრულიად უცხო ადამიანმა მარკეტში შოკოლადი უყიდა და გაოცდა, - თუ არ გიცნობდათ, რატომ უყიდაო?

- არ გენატრებათ იტალია ან არ აპირებთ იქ დაბრუნებას?

- როდესაც ძალიან მომენატრება, მივდივარ ხოლმე. იქ მყავს და-ძმა, მშობლები. ახლახან ვიყავი ერთი კვირით. პანდემიის გამო აქამდე წასვლა ვერ შევძელი. ვწუხდი იმაზე, რაც იტალიაში ხდებოდა. ამიტომაც, ჩვენმა გუნდმა საჭიროდ ჩათვალა, რომ მხოლოდ სიტყვებით კი არ გამოგვეხატა მადლიერება ექიმების მიმართ, არამედ მცირედით გაგვემხნევებინა ისინი და შარშან მარტში ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს სადილად პიცები გავუგზავნეთ. იტალიაში სამუდამოდ დაბრუნებას არ ვაპირებ, ოჯახი აქ მყავს, საქმეც აქ მაქვს და თანაც, პანდემიის გამო იქ სულ სხვანაირი იტალია დამხვდა, ძალიან შეცვლილი...

ნინო ჯავახიშვილი