ქართველი ასტრიდი
მარიამ წიკლაურს გემოვნებიანი საბავშვო ნაწარმებებით იცნობენ. ასეულობით მასწავლებელი და ათასეულობით მოსწავლე ისაუბრებს მასზე სიყვარულით. პარადოქსია, მაგრამ მასთან რეალური შეხვედრების ბედნიერება მცირედს გააჩნია. ერთ-ერთ სკოლაში პატარებმა მითხრეს, ნუთუ ლექსებისა და ზღაპრების ავტორი აღარავინაა ცოცხალიო? მათ დავპირდი, რომ ორ საბავშვო მწერალს მაინც გავაცნობდი. მკითხველისთვის გასაგებია, რომ ერთ-ერთი ასტრიდია, ჩვენი მარიამი! გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, რომელიც სასურველია წაიკითხონ მშობლებმა, პედაგოგებმა და თვით პატარებმაც!
- ქართველ ასტრიდს გიწოდებენ. როგორ იქმნება თქვენი ნაწარმოებები?
- უხერხული შედარებაა (იღიმება). ვიყოთ უფრო რეალურები და მოკრძალებულები! ასტრიდ ლინდგრენი ძალიან მიყვარს. ისაა ბედნიერების ანგელოზი. უამრავი ბავშვისა თუ უფროსის გამაბედნიერებელი თავისი საოცარი წიგნებით. არ ვიცი, როგორი იქნებოდა სამყარო უასტრიდოდ. მას ადამიანის სახით მოსულ ანგელოზად ვთვლი, რომელთაც ქართულ ფოლკლორში "ხორცივლები" ჰქვიათ. გადმოცემით, როცა ადამიანებს დევებთან ბრძოლა გაუჭირდათ, ღმერთმა მათთან ღვთისშვილები მიავლინა, ადამიანის სახის, მაგრამ განსაკუთრებული ძალისა და თვისებების არსებები. სწორედ მათი დახმარებით დაიბრუნა ხალხმა სიმშვიდე. ეტყობა, ძალიან გვჭირდებოდა ის წიგნები, სიკეთეს, სიმშვიდეს, ბედნიერებას, სიხარულს რომ გვაჩუქებდა და აი, ასტრიდ-ასტეროიდიც ჩამოფრინდა დედამიწაზე მეოცე საუკუნის დასაწყისში - ძალიან რთულ საუკუნეში და დღემდე, ყველაზე "ცოცხალი" მწერალია, ულევ სიკეთეს რომ გვჩუქნის. რაც შემეხება მე, მაგდენი სად შემიძლია?! მე უბრალო, რუტინის ტყვეობაში მყოფი ადამიანი ვარ, შეშლილი ჟამის მოქალაქე. თუმცა მეც ვწერ... და მაქვს პატივი, მისი სახელობის პრემიაზე ვიყო წარდგენილი საქართველოდან, სხვა ქართველ საბავშვო ავტორებთან ერთად. ჩვენი ცხოვრებაც, ჩვენი ქვეყნებიც ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. აქ ასტრიდივით ნიჭიერიც ვერ შეძლებს ასტრიდობას... მე ვარ ნამყოფი მის ქვეყანაში და დღემდე მაოცებს იქაური დამოკიდებულება საბავშვო წიგნის მიმართ. როცა ბავშვი იბადება შვედეთში, ახალშობილს, ნებისმიერი სოციალური ფენის ოჯახიდან, სახელმწიფო ჩუქნის მთელ საბავშვო ბიბლიოთეკას! ეს პირველი საჩუქარია ადამიანისთვის სახელმწიფოსგან - წიგნები. იქ მხოლოდ 5-6% ითარგმნება უცხო ქვეყნების საბავშვო წიგნებიდან, ისიც მაშინ, თუ კონკრეტულ თემაზე იმ წელს შვედმა მწერალმა არ დაწერა წიგნი, თორემ დანარჩენი 95% შვედური მწერლები გამოიცემიან. იქ მწერალს ნებისმიერი ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნისთვისაც კი ერიცხება ჰონორარი. იქ საბავშვო ლიტერატურას ემსახურება "შვედეთის საბავშვო ლიტერატურის ინსტიტუტი", რომელსაც განათლების სამინისტრო აფინანსებს. იქ ექსპერტები შისწავლიან ყველა გამოცემულ საბავშვო წიგნს და უამრავ კონკურსს შორის ყველაზე პრესტიჟულად ითვლება "ბავშვთა რჩეული", უფულო პრემია, რადგან ამ წოდებას ის მწერალი იღებს, რომლის წიგნი ყველაზე მეტად მოსწონთ შვედ ბავშვებს. იქ ხომ ყველა წიგნი ყველგან და მათ შორის, სასკოლო ბიბლიოთეკებშიც შედის? ანუ ყველა ყველაფერს კითხულობს... დაუსრულებლად შემიძლია შვედეთზე საუბარი... სადაც ასეთი ღირებულებებია, იქ აუცილებლად ეყოლებათ ასტრიდები... ეს ბუნების კანონზომიერებაა. იქ ამ შესანიშნავ ავტორთა ნაწარმოებებს ასცენიურებენ, იღებენ ფილმებს, დგამენ მიუზიკლებს, აწარმოებენ ბრენდირებულ სათამაშოებს, ხსნიან თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის მუზეუმს, ბიბლიოთეკას. იმდენი რამ კეთდება, მთელი ინდუსტრიაა... ჩვენ რა სახსენებელი ვართ მათთან. აქ ხომ გამუდმებით ბრძოლა და მტკიცება გიწევს, რომ შენ არსებობ, რომ საბავშვო ლიტერატურაც ლიტერატურაა... აქ ამოიჩემებენ ერთ სახელს და გვერდზე გახედვა არ უნდათ, სიახლეებს ნაკლებად იღებენ. რთულია უბრალო მწერლად ყოფნაც, ასტრიდობას ვინ ჩივის.
როგორ ვქმნი ნაწარმოებს? - ესაა ყველაზე კარგი დრო, შემოქმედებითი პროცესი. საბავშვო ნაწარმოებისთვის ნიჭთან და შთაგონებასთან ერთად გჭირდება მიზნები, არსებული ცოდნა, კარგი გემოვნება და ის, რომ გახსოვდეს ბავშვი, ვისთვისაც წერ. აქ მიზანია მნიშვნელოვანი. გააზრებული უნდა გქონდეს, რაზე და რატომ, რისთვის და როგორ ესაუბრები პატარა მკითხველს. უნდა იცოდე, რა იყო შენამდე, ახლა რისი მოთხოვნა და საჭიროება აქვს ბავშვს.
მე მიკვირს, როგორ ვწირავთ ბავშვებს, ოღონდ კი ჩვენი უგემოვნო ტექსტები შევასაღოთ მათ. ასეთი განუკითხაობა დაუშვებელია. ბავშვებს მხოლოდ მაღალი ლიტერატურული ღირებულების ტექსტებს უნდა ვაწვდიდეთ. მაგრამ არც ამ დარგს ჰყავს სათანადო გულშემატკივარი და არც ბავშვს ჩვენთან. ისეთი ავტორები გვყავდა ადრე, მათი წაკითხვის მერე მაინც ხომ უნდა იგრძნო, არის თუ არა საბავშვო ლიტერატურა შენი საქმე. თორემ ორ სიტყვას ყველა გარითმავს და "მოლაიქეც" არ დაელევა. ცოტას ესმის, სინამდვილეში რაა საბავშვო ნაწარმოები...
- როგორც ვიცი, სახელმძღვანელოებშიც შეიტანეს თქვენი ნაშრომები. ბევრი პედაგოგი დამატებით რესურსად იყენებს თქვენს ნაწარმოებებს. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს, როგორც აღიარებას თუ როგორც საჭიროებას?
- პირველივე წიგნის გამოცემის შემდეგ, 1997 წლიდან მოყოლებული, იყენებენ ტექსტებს სახელმძღვანელოებისთვის. ალბათ საჭიროებაა. აღიარებას ვერ დავარქმევ, რადგან აღიარებული რომ ვიყო, ასე არ გამიჭირდებოდა გამომცემლობების დაინტერესება, წიგნების გამოცემა... არის დიდი გამომცემლობები, რომლებსაც აქვთ "საბავშვო ხაზი", მაგრამ ჩემი ერთი წიგნიც კი არასდროს გამოუციათ... დაუბეჭდავად, მცირე ნაწილი მაინც აღწევს სკოლებში, ბაღებში, უმაღლეს სასწავლებლებშიც, სადაც ჯერ კიდევ ისწავლება საბავშვო ლიტერატურა. ამ დროს კი ამ ლექსების წიგნად გამოცემა მიჭირს... არაერთი პრესტიჟული პრემიაც მოუნიჭებიათ: გოგებაშვილის, მაყვალა მრევლიშვილის, მაგრამ დღეს არაფერს აქვს ის მნიშვნელობა, რაც უნდა ჰქონდეს. დღეს ამ "გაქვეყნების" ფუნქციას უფრო სოციალური ქსელი ითავსებს, მაგრამ წიგნი მაინც სხვაა. აუცილებელია! ექვსი წელია, ჩემი ლექსების კრებული არ გამოცემულა. არავის მოუმართავს სათანამშრომლოდ. ადრე რაც გამოიცა, ისიც ჩემი და მკითხველთა თანადგომით, მაგალითად "მხიარული რეცეპტები". ერთი "ქართული ანბანი", ჩემი საანბანო ლექსების კრებული გამოდიოდა, ახლა ისიც შეჩერდა, არადა, ათი წელია, სულ ბესტსელერი იყო. არიან ლიდერი გამომცემლობები, რომელსაც ყველა საბავშვო პოეტი ჰყავთ ჩემ გარდა გამოცემული. ცოტა გასაკვირია, მაგრამ ასეა. ეტყობა ასეთია ჩემი ბედისწერა...
გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ მაინც სულ ვმუშაობ, ვქმნი... ხანდახან კიდეც მიმართლებს.
- როგორ დაიწერა თქვენი პირველი ნაწარმოები?
- წიგნებით სავსე იყო ჩემი ბავშვობა... ფიქრი მიყვარდა, კითხვაც, წერაც... პატარაობიდან ვწერ ლექსებს, ჩანახატებს... ნაწარმოები ხმამაღალი სიტყვაა, ლექსი კი მეოთხეკლასელმა დავწერე. ეტყობა "კარგ ხელზე" და მას მერე მეტ-ნაკლებად სულ ვწერ... 37 წლისამ გამოვაქვეყნე პირველი საბავშვო წიგნი. ისიც "ჩემთვითონ". ჩემი ბიბლიოგრაფიაც საკმაოდ ბევრ გამოცემას აღნუსხავს, რადგან ჩემი საქმიანობა ლიტერატურაში რამდენიმე ჟანრს მოიცავს: ვთარგმნი, ვწერ, პროზასაც, ლექსებსაც - სადიდოს, საბავშვოს, სიმღერების ტექსტებს, მიუზიკლების, ლიბრეტოებს... მაგრამ ეს სხვა თემაა. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში რაც უფრო ბევრს მუშაობ, მით მეტი გულისწყვეტა გაქვს. არადა, ხომ პირიქით უნდა იყოს?
- ზოგადად, როდის და როგორ წერთ?
- მირჩევნია სიმშვიდე, ნაკლები საზრუნავ-საფიქრალი და ნაკლები დაძაბულობა, მაგრამ ასეთი ცხოვრება არ მერგო. ამიტომ ვიტყვი, დროს და წუთებსა ვპარავ რუტინას. განთიადი მიყვარს... სუფთა და გამჭვირვალეა ამ დროს მანძილი ცასა და მიწას შორის და აშკარად ძლიერად იმუხტები. ჩემი ბატარეა მზეა. უმზეოდ არ შემიძლია, თუმცა იმ წლებში, როცა მუდმივად უდენოდ ვიყავით, ლამპის შუქზე წერას ისე მივეჩვიე, მერე, როცა სინათლე აინთებოდა, ვაქრობდი და ისევ ლამპას ვანთებდი... მერე უკვე ტელეფონის მესიჯებადაც შემეძლო მეწერა, ტრანსპორტშიც, ახლა კლავიატურას ვაკაკუნებ. საზოგადოდ კი, ინსპირაცია არის კარგი ლიტერატურა, უცნაური სიტყვა, თემა, უცებ მოფრენილი იდეა, რომელიც თუ იმავე წამს არ აქციე ბწკარად, მერე, რომ მოვკვდე, ვეღარ გავიხსენებ... ასე ბევრი რამ გამიტარებია... ენის შესაძლებლობები პოეზიაში ამოუწურავია. ეს საქმე რაღაცით ჰგავს ფაზლით თამაშს. მიყვარს ორგინალური თემა და განსხვავებულად გადაწყვეტა.
- არ შეიძლება, რომ არ გქონდეთ ბავშვობის დროინდელი მოგონებაც, რომელიც ერთგვარ იმპულსად გექცათ...
- საბავშვო მწერალი ხდები გვიან, ამას სჭირდება გამოცდილება. ბავშვობაში კი ეს იყო უამრავი წიგნი, ზრდის პროცესი, რასაც განვიცდიდით. ზრდა ხომ სიცოცოხლის საოცარი პერიოდია... სხვადასხვა პერიოდს სხვადასხვა საკვები მოჰქონდა სულისთვის. ცხოვრება ღირს გახსენებად, წერად. არც კატაკლიზმები გვაკლია, რომელშიც ჩავყვინთეთ და ვეღარ მივაღწიეთ ნაპირს... კი, დამოუკიდებელობა მოვიპოვეთ, მაგრამ ასეთი მსხვერპლიანი ცხოვრება, ჩვენ რომ გვაქვს, მაუძლურებს შინაგანად. ასეთი არასწორი სვლები, არასწორი ღირებულებები, ამდენი სიცრუე, ასეთი სოციალური ფონი, აგრესია... მეცოდება ქვეყანაც, მებრალება ადამიანიც და თავიც, განსაკუთრებით კი ბავშვები. მაგრამ ეს ყველაფერი მეტი იმპულსიცაა წერისთვის. ამ გადასახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე დიდი იმპულსი ესაა თავად ბავშვობა, ბუნებასთან ურთიერთობა, სოფელი. ეს ფაქტორები აბედნიერებს და ზრდის არა მხოლოდ ბავშვს, არამედ მის მომავალსაც.
- როგორ შეხვდნენ თქვენს სამწერლობო ნაბიჯებს ახლობლები?
- მე დავიწყე გასული საუკუნის ბოლოს და მივუსწარი კუდში იმ დროს, როცა თუ სადმე დაიბეჭდებოდი, მთელი ქვეყანა გკითხულობდა, გეხმიანებოდა, გირეკავდა, აზრს გიზიარებდა, მათ შორის უფროსი თაობის მწერლებიც. ახლობლებიდან კი დედა განსაკუთრებული ქომაგი მყავს, ყველაფერს კითხულობს, აზრს მიზიარებს, უხარია, აინტერესებს. ასევე მეუღლეც... შვილიშვილებიდან ჯერ მხოლოდ უფროსებს ახარებთ ის, თუ სკოლის წიგნში ბებოს ლექსს აღმოაჩენენ ან მასწავლებელი ეტყვით, რომ მე მიცნობს. ასევე ახარებთ საბავშვო სიმღერები, რომლებიც ჩემს ტექსტებზე იქმნება. სულ ესაა ჯერ.
- ვინ არის თქვენთვის ისეთი საბავშვო მწერალი, რომელიც არასდროს დაკარგავს აქტუალობას?
- სამყარო სწრაფად იცვლება, არ ვიცი, ხვალ რა იქნება აქტუალური სხვისთვის. ჩემთვის კი არც ასტრიდ ლინდგრენი დაკარგავს აქტუალობას, არც მარკ ტვენი, არც სულაკაური ან თეა ლომაძე. ერთადერთი, ძალიან მწყდება გული, საზოგადოდ ტენდენციაა იმისა, რომ პოეზია არ ითვლება კომერციულად მომგებიან საქმედ. პოეზიის გარეშე კი ვერ წარმომიდგენია. ვთქვათ როცა ჭიჭინაძეს, მაყვალა მრევლიშვილს, ჩუკოვსკის კითხულობ, არ გინდა ამის დაჯერება. პოეზიამ უნდა თავისი თავიც გადაირჩინოს და ბავშვის გონებასაც მისცეს სათანადოდ სარგებელი. განუვითაროს ლექსიკა, ფანტაზია, სიხარული მიანიჭოს... კულტურას მეტი დოტაცია სჭირდება და მათ შორის განსაკუთრებული ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს საბავშვო ლიტერატურას. მისი რესურსი და სიკეთე ამოუწურავია, მკითხველი კი ბავშვობიდან ყალიბდება. ტექნოლოგიების განვითარებამ არ უნდა გამორეცხოს პოეზიის ნიადაგი და არ უნდა აქციოს ის ეროზირებულ, მკვდარ ნიადაგად. ყველაზე ლამაზ ყვავილებს ხომ პოეზიის მიწები ზრდის. მე რომ მკითხოს ვინმემ, ბევრ პროგრამას გავაკეთებდი ამ დარგის ხელშეწყობისთვის, განვითრებისთვის.
- განათლების სპეციალისტები დაწყებითი კლასის პედაგოგებს ურჩევენ, რომ თქვენი ნაწარმოებები გამოიყენონ სასწავლო პროცესში.
- თუ ასეა, გამიხარდება...
- რა არის საჭირო, რომ მეტად დაუკავშირდეს ბავშვი წიგნსა და მის ფასეულობებს?
- ამ ფასეულობის მატარებელი უნდა იყოს ოჯახიც, ქვეყანაც, სკოლაც, ტელევიზიაც და არსად რომ ეს არაა, ცოტა ძნელია შენ დაარწმუნო ბავშვი კითხვის სიკეთეში. თანაც, მას ნუსხავს ათასგვარი ინტერნეტთამაში, ფილმები და რა ქნას, იმას ადვილად ახერხებს, კითხვა არ ეიოლება, საშრომია. კითხვას სერიოზული კონკურენტები ჰყავს. არიან ბუნებით წიგნის სიყვარულით დაჯილდოებულები, ცოდნის მიღების სურვილით შეპყრობილნი. არიან ე.წ. წიგნიც ჭიებიც, მაგრამ მასა ასეთი არაა... და რომ ეს ბმა მოხერხდეს - ბავშვი-წიგნი, ამისთვის ათასგვარი პროგრამა უნდა ავამუშაოთ, გამოვყოთ ფონდები და ბევრი კარგი წიგნი გამოვცეთ, მივიტანოთ ყველა წიგნი და გამოვტენოთ ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები, მოვაწყოთ სატელევიზიო-საბავშვო შოუები და გადაცემები წიგნებზე, მკითხველები შემოვიყვანოთ "მოდაში"... მოკლედ, ჩვენ უწიგნურ და უწიგნო ცხოვრებას მივეჩვიეთ, ასე კი შორს ვერ წავალთ! მაგრამ არსებობს ის ნაწილიც, რომელსაც უწიგნოდ ვერ წარმოუდგენია და ეს მაძლევს იმედს!
სამწუხაროდ, არ დაადგა საშველი ამ ქვეყნის მართლა განვითარებას, რომ შესაბამისად განვითარდეს განათლებაც, კითხვა და წიგნი იქცეს პრიორიტეტად. ბავშვიც იქცეს პრიორიტეტად. საკვები იქნება თუ საკითხავი, სათამაშო თუ სამოსი, ნახატი თუ წამალი, ხარისხი ყველგან საჭიროა! კომერციალიზაცია ამ შემთხვევაში ცუდ როლს თამაშობს.
- ვიცი, რომ დაუზარებლად მიდიხართ პატარებთან და უკითხავთ წიგნებს. როგორ შეაფასებდით თქვენი ვიზიტების ეფექტიანობას?
- როგორ შეიძლება, დაიზარო? მეც და ჩემი კოლეგებიც ბევრ სკოლაში მივსულვართ. პანდემიის პერიოდში კი ჩართვებით ვესაუბრებით მოსწავლეებსა და პედაგოგებს. ესაა უფრო კამპანიური ხასიათის ან პროგრამული შეხვედრები. ზოგჯერ საუცხოოდ მომზადებული კლასი გხვდება. იციან, რა დაგიწერია, ვინ ხარ, ნაწარმოებებზე გესაუბრებიან, სერიოზულ კითხვებს გისვამენ. ზოგჯერ კი, რომ იტყვიან, ესაა შეხვედრა შეხვედრისთვის, პლუსის დასასმელად. მაგრამ ყველა შეხვედრას მაინც მოაქვს რაღაც სიკეთე, ჩემთვისაც და რაც მთავარია, ბავშვებისთვის, პედაგოგისთვის. მშობლები მეტად უნდა იყვნენ ჩართულები შვილების ამბებში. ათასში ერთხელ დაგვახვედრებენ წიგნებსაც პირადი ბიბლიოთეკებიდან. არადა, რა კარგი იქნებოდა, ჩვენი წიგნები თუნდაც კლასის, თუნდაც სკოლის ბიბლიოთეკებში რომ გვხვდებოდეს. გვხვდებოდეს საბავშვო ჟურნალებიც... ხანდახან მგონია, რასაც ვაკეთებთ, საერთოდ ვერ აღწევს ადრესატამდე, მაგრამ ისეთი სკოლები და ბაღებიც მხვდება, სადაც ზღვა სამუშაო აქვთ პედაგოგებს ჩატარებული და ხედავ ბავშვებს, რომლებაც მართლაც შეირგეს ის, რაც შეგიქმნია, გახვედრებენ ახალ სიმღერებს შენს ლექსებზე, გახვედრებენ ხელნაკეთ წიგნებს, ბარათებს... ასეთი შეხვედრა გაბედნიერებს. სახლში უამრავი ასეთი წიგნი, ბარათი და ნახატი მაქვს პატარების სახსოვარი... მადლობა კიდევ ერთხელ ასეთ პედაგოგებს, აღმზრდელებსა და მუსიკის მასწავლებლებს.
როლანდ ხოჯანაშვილი