წიგნის იშვიათობა მისი ბედით განისაზღვრება - გზაპრესი

წიგნის იშვიათობა მისი ბედით განისაზღვრება

ჩვენი უპირველესი წიგნის - "ვეფხისტყაოსნის" გამოცემების სტატისტიკა ასეთია: დღესდღეობით 41 ქვეყანაში 49 ენაზე 600-ზე მეტი გამოცემა არსებობს. კოლექციონერ ლევან თაქთაქიშვილს "ვეფხისტყაოსნის" 510 ნიმუში აქვს, შთამბეჭდავი ციფრია. ბატონი ლევანი გახლავთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, კოლექციას 1992 წლიდან აგროვებს. მანამდე მის ოჯახს "ვეფხისტყაოსნის" 12 გამოცემა ჰქონდა. ლევან თაქთაქიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას "ვეფხისტყაოსნის" სოლიდური და გაცილებით მდიდარი კოლექცია აქვს, ვიდრე თავად მას.

- რთულ დროს დაგიწყიათ წიგნების შეგროვება.

- მთელი ცხოვრება წიგნების სიყვარული მომდევს. მაშინ მართლაც მძიმე პერიოდი იდგა - თბილისის ომი და შემდგომი ხანა. საზოგადოების ერთ ნაწილს, ვისაც უჭირდა, წიგნები გამოჰქონდა სახლიდან და ყიდდა. უამრავ "ვეფხისტყაოსანს" ნახავდით ბაზრობებზე და მეც ვყიდულობდი. მაშინ გავიცანი უნივერსიტეტის რუსთაველის კაბინეტის გამგე ლევან მენაბდე. ის მეხმარებოდა გამოცემების ისტორიების მოძიებაში. საერთოდ, გამოფენის მოწყობის სურვილი არასდროს მქონია. პირველი გამოფენა რუსთაველის საზოგადოების მაშინდელი ხელმძღვანელის, თენგიზ სიგუას და მწერალ გურამ გეგეშიძის ინიციატივით, რუსთაველის საზოგადოების შენობაში 1996 წელს მოეწყო. მეორე და მესამე - დათო ტურაშვილის თხოვნით, შოთა რუსთაველის საჯარო კითხვის დროს შედგა. მეოთხე გამოფენა ქეთი ფეიქრიშვილის ორგანიზებული, მოსწავლეთა სასახლეში მოეწყო და ბოლოს, მეხუთე ბათუმში გაიმართა 2015 წელს, წიგნის გამავრცელებლის, დავით ბარამიძის თაოსნობით. როგორც ყველა კოლექციონერი, მეც მშვიდად მაშინ ვარ, როცა კოლექცია ჩემთან სახლშია. მაქვს "ვეფხისტყაოსნის" ნაირსახეობებიც - წიგნები მცირედი ნიშნით განსხვავდება ერთმანეთისგან, ვთქვათ - ტირაჟით, ყდის ფერით, არშიებით ან სხვა წვრილმანით. იყო შემთხვევა, როცა ტირაჟში რაღაც შეცდომა დაუშვეს და იგივე ტირაჟი მთლიანად გაიმეორეს. ამ ნაირსახეობის ერთი წიგნიც მაქვს და მეორეც. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ: წიგნს როდესაც ხელმეორედ გამოსცემენ - მაგალითად, სერიაში "50 წიგნი..." (პალიტრა L) ორჯერ გამოიცა, მხოლოდ წელშია განსხვავება, - მკითხველებს ჰგონიათ, რომ ეს წიგნები ერთი და იგივეა, მაგრამ ეს არის სხვადასხვა გამოცემა. ჩემს კატალოგში ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას.

- თუ გაქვთ ისეთი გამოცემები, რომლებიც ეროვნულ ბიბლიოთეკას არა აქვს?

- მაქვს, მაგრამ მათი რაოდენობა მწირია. საჯარო ბიბლიოთეკა 1946 წელს დაარსდა და აქ ისეთი გამოცემები ინახება, რომელთა შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. წლების წინ ქალბატონმა ნანა ალექსანდრიამ "ვეფხისტყაოსნის" სერბული გამოცემა მაჩუქა. ეს გამოცემა მქონდა. ვთხოვე ნებართვა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადამეცა. ქალბატონ ნანას ძალიან გაუხარდა. ჩემი კოლექციის ორ-ორი ერთნაირი გამოცემიდან თითო აქ მოვიტანე.

GzaPress

- იშვიათი გამოცემები ძალიან ძვირი ღირს, არა?

- ინტერნეტში მინახავს რამდენიმე ათასდოლარიანი გამოცემებიც, მაგრამ ჩემს კოლექციაში ამ ფასის წიგნები არ არის, - უბრალოდ ვერ ვიყიდი. საბჭოთა პერიოდში და დღემდე, რუსთაველი დიდი და იაფი ტირაჟებითაც გამოდიოდა. თუკი ვინმეს "ვეფხისტყაოსნის" შეგროვება სურს, ის ფულად გაჭირვებას ვერ მოიმიზეზებს. ჩემი მთელი კოლექცია ერთი კარგი ავტომანქანის ფასიც არ ღირს. ზოგი გამოცემა 50 თეთრიც ღირდა, ზოგი - 10 ლარი, ყველაზე მეტი - 100 ლარი გადამიხდია. ისე, რომ გამიჭირდეს, კოლექციას მაინც არ გავყიდი, ორი მიზეზით: მყიდველი ნაკლებად მეგულება და რაც ამ საქმეს ენერგია, ძალა შევწირე, გაცილებით მეტი მიღირს, ვიდრე რაღაც თანხა.

- წიგნებს ალბათ სხვა ქვეყნებშიც ეძებდით. რომელი გამოცემებია განსაკუთრებით იშვიათი, რითია გამორჩეული?

- უკრაინაში ხშირად ჩავდივარ. ერთ-ერთ მაღაზიაში ჩემზე ამბობენ, "რუსთაველი" ჩამოვიდაო: ყოველთვის რუსთაველს ვკითხულობ და დამიმახსოვრეს. 1943 წელს გერმანიაში გამოცემული იშვიათი მინიატიურული "ვეფხისტყაოსანი" მაქვს. თუმცა, წიგნის იშვიათობა მისი წლოვანებით კი არა, ბედით განისაზღვრება. უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში "ბრუმან გაზეტამ" 2006 წელს "ვეფხისტყაოსანი" გაზეთის დამატებად გამოსცა და ის მხოლოდ ამ ქალაქში დარიგდა. არც რუსეთის და არც უკრაინის ბიბლიოთეკებში არ არის, ძნელად თუ ვინმე იშოვის. გვაქვს - მე, ეროვნულ ბიბლიოთეკას და მამუკა ჩხეიძეს. ებრაული "ვეფხისტყაოსანი", ეზრა ფინინბერგის მიერ თარგმნილი უიშვიათესი გამოცემა მხოლოდ იოსებ გრიშაშვილს ჰქონდა. არსებობს გამოცემა, რომელიც სულ 10 ცალს შეადგენს. კონტროლის პალატის მაშინდელ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს უნდოდა გამოეცა და სასიგნალო ეგზემპლარები დააბეჭდვინა. შემდეგ პრობლემები შეექმნა - დააპატიმრეს... იმ 10 წიგნიდან ერთი ჩემს კოლექციაშია. ამ გამოცემას დიდი ფასი არა აქვს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია. 1918 წელს გამოცემული "ვეფხისტყაოსანი" მაღაზიაში ვნახე. მაშინვე ვერ ვიყიდე. მერე მთელი ზაფხული ქალაქიდან წასული ვიყავი და რომ ჩამოვედი, ისევ დამხვდა. ათ ლარად შევიძინე.

1977-80 წლებში სერიით "შკოლნაია ბიბლიოტეკა" ("სასკოლო ბიბლიოთეკა"), დიდი ტირაჟებით გამოდიოდა "ვეფხისტყაოსანი" და მთელი კავშირის მასშტაბით მოსწავლეებს ურიგებდნენ. ერთი ბავშვი წიგნს მეორეს გადასცემდა, მეორე - მესამეს და ა.შ. წიგნები დაიხა, დაიკარგა, აღარ არსებობს. ეს გამოცემა უკრაინაში ბაზრობაზე შემხვდა. ჩემთვის ბადრი პატარკაციშვილის ქორწილში დარიგებული "ვეფხისტყაოსანიც" ძვირფასია, რომელიც მან თავად გამოსცა. ტომსკში დაბეჭდილი სამი გამოცემა პრაქტიკულად იმდენად უხარისხო იყო, არ გაიყიდა. ეგ წიგნები ოდესაში აღმოვაჩინე. მაღაზიაში რუსთაველი ვიკითხე. არ გვაქვსო, - მიპასუხეს. წიგნებს დავაკვირდი და თვალი მოვკარი, - აი, ის არის-მეთქი. - აა, კაცი რომ ვეფხვს ახრჩობს, ეგაო?.. ასეთი მინიატიურული გამოცემები საწყობში სამი წელია გვიდევს, არ იყიდებაო. მაშინვე ამომიტანეს და წამოვიღე. აეროპორტში ახლობელი შემხვდა, ოდესიდან ერთად მოვფრინავდით თბილისში. იცოდა ჩემი კოლექციის შესახებ და მკითხა, რას შვრებიო? ახალშეძენილი, ტომსკში გამოცემული სამი მინიატიურული წიგნი ჩანთიდან ამოვიღე და ვაჩვენე. იმან თურმე წარმოიდგინა, რომ სადაც მივდივარ, ყველგან ეს წიგნები დამაქვს, ასე ვთქვათ, წინ და უკან დავატარებ. ჰოდა, თბილისში ნაცნობებისთვის უკითხავს: რა სჭირს ამ ბიჭსო?!. ასეთი კურიოზებიც მქონია.

GzaPress

- თქვენს კოლექციაში, წიგნების გარდა, არის "ვეფხისტყაოსნის" სურათებით გაფორმებული სამკერდე ნიშნები, ასანთის, სიგარეტის კოლოფები და სხვა ნივთებიც...

- ეგ კიჩია. საბჭოთა პერიოდში ქარხნები და ფაბრიკები ასეთი ტიპის პროდუქციასაც უშვებდნენ. ზოგჯერ ციხეებშიც ამზადებდნენ მსგავს ნივთებს. თბილისში სუნამო "ავთანდილი და თინათინი" გამოდიოდა. ჩემს კოლექციაში ყველაფერი მაქვს.

- "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვაში მონაწილეობთ ხოლმე?

- დათო ტურაშვილს და მის ჯგუფს დიდ პატივს ვცემ, ყოველთვის მათ გვერდით ვიყავი. რუსთაველის პოპულარიზატორი ვარ და საჯაროდაც სიამოვნებით ვკითხულობ. შემიძლია დავიკვეხნო - შესავალი მთლიანად ზეპირად ვიცი.

- რუსთველოლოგების შრომებს იცნობთ?

- როგორ არა, ბევრი კარგი წიგნია. პავლე ინგოროყვას "რუსთაველიანა" ისე საინტერესოდ იკითხება, რომ გეჩვენება, თითქოს დაფრინავ. დაამთავრებ და მერე ხვდები, რეალობა ნაკლებად იყო.

- რა გრძნობაა, როცა ამდენ იშვიათ წიგნს ხედავთ?

- მათთან ყოველი შეხება და ურთიერთობა სიამოვნებას მანიჭებს. ჩემთან სტუმრები როცა მოდიან, ყველას უნდა წიგნების დათვალიერება და ხშირად ისეთ რაღაცას ვპოულობ, რაც მანამდე არ შემიმჩნევია. ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ისევ რაღაცის შეგროვებას დავაპირებდი. დიდი ბედნიერებაა, როდესაც წიგნს ეძებ, იპოვი და ყიდულობ. ეს წელიწადში 3-4-ჯერ მაინც ხდება და მერე სიხარული დიდხანს მიგყვება.

ბოლო წლებში "ვეფხისტყაოსანი" გამოვიდა კორეულად, ეგვიპტის საელჩომ არაბულად გამოსცა, სომხეთმა საიუბილეო თარიღს გადააცილა, მაგრამ ახლა მოამზადა უბრწყინვალესი გამოცემა. ამ მხრივ კარგად მიდის საქმეები. წელს "ვეფხისტყაოსანი" ინდურად გამოიცა. ამ დიდ და მნიშვნელოვან საქმეში ინდოეთში საქართველოს საელჩო მონაწილეობდა. ეს გამოცემა მაქვს, ქალბატონმა თამილა ცაგარეიშვილმა მაჩუქა. ამ უნიკალური გამოცემის ილუსტრაციები ინდოეთიდან ჩამოვიდა და ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.

- ახალი პროექტი ხომ არა გაქვთ ჩაფიქრებული?

- 2013 წლიდან ვაგროვებ "დედა ენის" გამოცემებს, მათი რაოდენობა სამასს აღწევს. გადაწყვეტილი მაქვს, მთელი ჩემი კოლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადავცე. რუსთაველს უშბის მწვერვალს ვადარებ, იმდენად ძნელად ასაღები სიმაღლეა, რომ "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით ვერც ფილმი გადავიღეთ, ვერც სპექტაკლი დავდგით და მისი სწორი ნაწარმოებიც ვერ დავწერეთ. ის გალაქტიკაშია. სამ მილიონ ქართველს შეგვიძლია რუსთაველი წავიკითხოთ, მაგრამ ამ სამი მილიონიდან რამდენი გაიგებს ნაწარმოებს, ეს კიდევ სხვა საკითხია...

ჩემი "ვეფხისტყაოსნის" კოლექციაში გამომცემლობა "პალიტრა L"-ის რამდენიმე წიგნი მაქვს, რომლებსაც სიმბოლურად ყოველთვის "ბიბლუსში" ვყიდულობ. ეს ჩემი რიტუალია. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს გამომცემლობა მალე "ვეფხისტყაოსანს" უნიკალური გაფორმებით გამოსცემს, საიდუმლოდ დავტოვებ იმის სახელს, ვინც გააფორმა... ასევე, "პალიტრას" ჰქონდა ბედნიერება, რომ საიუბილეო - მეასე "ვეფხისტყაოსანი" გამოეცა. მიხარია, რომ გამომცემლობა ასეთ პატივს სცემს "ვეფხისტყაოსანს". თბილისში ყოველ წელს ათობით გამოცემა გამოდის და უკვე პრაქტიკულად, ადგილი აღარ მაქვს ოთახში, მგონი, ახალი კარადის გაკეთება მომიწევს.

ნანული ზოტიკიშვილი