სიკეთის გამცემი ხელი
ანდრია გეგეჭკორი არასრულწლოვანი იუველირი და ქველმოქმედია. სხვების სიცოცხლეს აფასებს და თანადგომას უცხადებს მათ, ვისთვისაც მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. "ლოგოდ გამოყენებული მაქვს ხელის სიმბოლო, რადგან ხელით ვაკეთებ ნივთებს და ხელითვე გავცემ. ლოგოს ფერებად შავი და თეთრი შევარჩიე, სიმბოლურად ქველმოქმედების აღსანიშნავად და ზოგადი სახელი "ვიდა" შევარჩიე, რაც ესპანურად ნიშნავს სიცოცხლეს", - ამბობს ანდრია.
- მე ვარ ანდრია გეგეჭკორი, 15 წლის, ვცხოვრობ თბილისში და ვსწავლობ 53-ე სკოლაში, ვარ მეათე კლასში. ჩემი ჰობია ხატვა. მინდა ჩავაბარო სამხატვრო აკადემიაში, ინტერიერ-ექსტერიერის სპეციალობით, ასევე ძალიან მინდა ვისწავლო ვერცხლზე, ოქროსა და მინანქარზე მუშაობა.
- ასეთი პატარა ხარ და უკვე ჩაერთე ქველმოქმედებაში. რამ გიბიძგა იმისკენ, რომ სხვებს დახმარებოდი?
- ბავშვობიდან ვხატავ და მეხერხება ხელნაკეთი ნივთების შექმნა. სამი წლის წინ ჩემი მეგობრის დას დაუდგინდა ლეიკემია. იმ პერიოდში საახალწლო სათამაშოებს ვაკეთებდი და გადავწყვიტე, დავხმარებოდი, დავიწყე ამ ნივთების გაყიდვა. თავიდან მხოლოდ ჩემი ახლობლები ყიდულობდნენ.
- როგორ დაიწყე სამკაულების შექმნა?
- სამკაულების გაკეთების იდეაც მოვიდა ქველმოქმედების საჭიროების გამო. შარშან ზაფხულში ერთი გოგონა მოყვა ავარიაში, რომელსაც რეაბილიტაციისთვის ფული სჭირდებოდა. დავიწყე სამკაულების გაკეთება და უბნის მაღაზიაში დავიწყე ჩაბარება, ასევე გავხსენი ჩემი გვერდი სოციალურ ქსელში და დავიწყე ონლაინგაყიდვა.
- როგორ იქმნება ნივთები? რა არის შენი საქმიანობის ინსპირაციის წყარო?
- როგორც ხატვის, ისე სამკაულების დამზადებისას მუზა თავისით მოდის. ბოლო სამი წელია ქველმოქმედება, ვიღაცის დახმარება არის ჩემი ინსპირაციის წყარო.
- შენი სუვენირების ფასი ძალიან დაბალია იმ პირობაზე, რომ ნატურალურ მასალასაც იყენებ, რა მოგება გრჩება, მით უფრო, რომ ქველმოქმედებაში ხარჯავ?
- კი, ჩემს აქსესუარებს ნამდვილად არა აქვს დიდი ფასი. მინდა, ძალიან ხელმისაწვდომი იყოს, რათა ბევრმა შეიძინოს და მეტის ჩარიცხვა შემეძლოს სხვის ანგარიშზე. ჩემს ნახელავში უმეტესად ნატურალური ქვებია გამოყენებული... რაც შეეხება მოგებას, ჯერ ამაზე არ მიფიქრია, ჩემთან შემოსული თანხა მთლიანად ჩავრიცხე რამდენიმე ადამიანის ანგარიშზე, ვისაც ძალიან სჭირდებოდა ეს ფული...
- ვინ გახსენდება შენი მხარდამჭერების რიცხვში?
- ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები მხარში მიდგანან, მეხმარებიან. განსაკუთრებით მინდა გამოვყო უბნის მაღაზიის მფლობელი ხატია, რომელმაც გადაწყვიტა ჩემი ნივთების ჩაბარება და გაყიდვა.
- როგორ შეხვდნენ შენი ოჯახის წევრები შენს იუველირობასა და ქველმოქმედებას?
- ჩემთვის ეს ახალი ამბავი არ იყო. ბავშობიდან მიჩვეული ვარ სხვების დახმარებას. პატარაობაში მე და დედა სულ ვაგროვებდით ჩემს სათამაშოებს, ტანსაცმელებს და ვჩუქნიდით სხვა ბავშვებს, რომლებსაც ეს სჭირდებოდათ. ვფიქრობ, ყველას ძალიან უხარია ჩემი საქმიანობა.
- სკოლაში თუ იციან შენი საქმიანობის შესახებ?
- მგონი არა. არ ვიცი, ამაზე ხმამაღლა არსად ვლაპარაკობ.
- რა არის შენი ოცნება?
- რაღაც გამოკვეთილი ოცნება არ მაქვს. მინდა პანდემიის დასრულება და ტელეფონი კარგი კამერით, მხოლოდ იმისთვის, რომ ხარისხიანად და კარგად გავუკეთო რეკლამა ჩემს პროდუქციას.
- რას ურჩევ თანატოლებს?
- ყველამ იპოვოს თავისი საქმე და აკეთოს ის, რაც უყვარს.
როლანდ ხოჯანაშვილი