"დე, სპექტაკლისთვის მოხვედი?" - გზაპრესი

"დე, სპექტაკლისთვის მოხვედი?"

არიან ადამიანები, რომლებსაც მარტივად მოაქვთ დიდი ბედნიერება, სიმშვიდე. დიახ, მარტივია ბედნიერების მოტანა. ამისთვის საჭიროა ღიმილი, სუფთა გული, ერთგულება, საკუთარ პრობლემებთან უხმო ჭიდილი და სიყვარულის უხვად გაცემა. ახლა ბედნიერების ერთ-ერთ ტრანსფორმერზე უნდა გიამბოთ, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს მშობლიურ ქალაქში...

მე კი ქალაქის გარეთ გაიცანი თამარ კოშორიძე. სულ ადრე, როცა მხოლოდ "ფეისბუკით" ვიცნობდით ერთმანეთს, ავადმყოფობის დროს უბრალო, მცირე მხარდაჭერის სურვილი გამოვხატე მის მიმართ და არაო, ყველაფერს თავად დავძლევ, ვიცი, კარგად ვიქნები და არ იღელვოო. მის მერე არც ვიცი, რამდენი წელი გავიდა, მთა მთას შეხვდებაო და ჩვენც ერთმანეთს გადავეყარეთ სამთავისში. ვერ წარმომედგინა, თუ თამარი ასეთი იქნებოდა: გამომეგება ტაძრის ეზოში მზეჩამდგარი სახით, ოჯახის წევრივით ჩამიხუტა და მომიკითხა. მერე ტაძარში შემიძღვა, დედა ისიდორა გამაცნო და მოკრძალებული თხოვნაც გადასცა ჩემგან, - ეკლესიის ეზოში ვარდის ნასხლავებს საკალმედ აარჩევსო. ქვაბისხევისკენ მიმავალს ლოცვა დამადევნა. მითხრა, იქ დავურეკე და იციან, რომ მიდიხარ, მშვიდობის გზა მოგეცესო... ვიცი, რომ პირველი არ ვიყავი, ვისაც დახვდა ღიმილით, იმედით და ათასი ცისკრის ნათელით. ჩემს თანმხლებ ქალბატონს სანუგეშო ბევრი უთხრა: ნუ გეშინია, გჯეროდეს, რომ იცოცხლებ და კარგად იქნები. მე გამიხსენე, როგორ გავუმკლავდი იმას, რაც შენ ასე ძალიან გაშინებსო.

ახლა, როცა ადამიანები ერთმანეთის მიმართ აგრესიით უფრო გამოვირჩევით, თამარი საყდარს შეფარებული მტრედივით უწყინარი ღუღუნით ყველასთვის პოულობს თუნდაც ცოტა დროს, რომ უთხრას, - ახლა მშვიდობის, სიყვარულისა და გაღიმების დროაო. დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა მასზე მის უკითხავად, რადგან ჩემს სურვილს აუცილებლად შეეწინაღმდეგებოდა. იმასაც გაბედვით ვიტყვი, თამარის გაცნობა ხალხს უფრო სჭირდება, ვიდრე პირიქით... ამ "საპირიქეთო" საქმის მოსაგვარებლად ნაცნობს ვთხოვე, თამარზე პატარა კომენტარები შემიგროვე-მეთქი და უკეთესად ვისგან მოგაწოდო ინფორმაცია, თუ არა გორის თეატრის ხალხისგანო...

დავით ჩხარტიშვილი, ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- თამარი კარგი ადამიანია, ხალისიანი და ყველა რთულ სიტუაციაში პოზიტივზე ორიენტირებული... კაი ჯიგრიანი გოგოა... ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადამიანები უყვარს... სამსახურს რაც შეეხება - იმდენად სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, როგორც ხელმძღვანელს, შემიძლია მშვიდად ვიყო. რაც თამრომ დაიწყო მუშაობა ჩვენთან, ბევრად უკეთესობისკენ შეიცვალა მასზე მიბარებული სფერო და ეს ფაქტია... მაყურებელთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. "დედი გენაცვალოს", - ეს არის მისი სავიზიტო ბარათი... ასე მგონია, ყველა მაყურებელს პირადად, სახელით იცნობს...

ლიკა კევლიშვილი, ერისთავის თეატრის მსახიობი:

- თამართან უნდა მოჰყვე ყველაფერს და ის აუცილებლად დაგეხმარება, გაპოვნინებს გამოსავალს. შენთან ერთად იცინებს, იტირებს და დადებითი ემოციით სავსეს გაგისტუმრებს. მისი ემპათია ცალკე მოვლენაა. მან იცის, როგორ გაიმარჯვოს საკუთარ თავზეც კი. ვიდრე თეატრის თანამშრომელი გახდებოდა, ყველა სპექტაკლს ესწრებოდა, მოჰქონდა ყვავილები და უზღვავი ყურადღება. მინდა მადლობა ვუთხრა მას ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, სიყვარულისთვის, ფინჯანი ყავისთვის, ყვავილებისთვის, კეთილგანწყობისთვის...

ქეთი ლუარსაბიშვილი, ერისთავის თეატრის მსახიობი:

- თამარი ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მზრუნველი და დადებითი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ ზოგადად, არა მარტო ჩვენს თეატრში. ყველასთვის "დე" არის, განურჩევლად ასაკისა. რაც უნდა შეწუხებული იყოს პირადი პრობლემით, ამას სალაროსთან მოსული მაყურებელი ვერასოდეს შეატყობს. დეტალურად, მისთვის ჩვეული პოზიტივით გააცნობს ყველა სპექტაკლის პროგრამას და საუკეთესო ადგილსაც შეარჩევინებს. თეატრზე უზომოდ შეყვარებული და მისი მუდმივი გულშემატკივარია...

GzaPress

სოფიკო ნარიაშვილი, მაყურებელი:

- დიდი ხანი არ არის, რაც მე და თამარი მეგობრები ვართ. თეატრში გავიცანი. მისმა ყურადღებიანმა და თბილმა დამოკიდებულებამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ყველას მიმართ ასეთია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი, წრფელი და პირდაპირი, ერთგული და უანგარო ადამიანია. მახსოვს, ერთხელ, წირვის დროს ქალბატონი გახდა ცუდად. ვიდრე დაბნეულობას ვძლიეთ, თამარმა უცბად მოიყვანა გონს. ხუმრობით ვუთხარი, შენ კოშორიძე კი არა, ცეცხლაძე უნდა იყო-მეთქი. დიდი გულის ადამიანია, მუდამ მოღიმარი, კეთილგულიანი და კეთილთვალება... მხოლოდ ერთი სიტყვა უნდა უთხრა, - თამარ, მჭირდები... მიყვარს და მინდა ბედნიერი იყოს...

ნათია ტატულაშვილი, ერისთავის თეატრის მსახიობი:

- ყველასთვის პოზიტიური და უთბილესი თამარი... მოსიყვარულე და საუკეთესო მეგობარი... რეპეტიციიდან დაღლილს მასთან სალაროში სტუმრობისას თაფლიან ჩაის და "ჩასატკვარუნებელს" ყოველთვის გახვედრებს... ყველასთვის თბილი "დედი" არის ის, ბებიის ტოლ ქალბატონებსაც ასე მიმართავს, საოცარ სითბოს გვრის და ერთი ბილეთის მყიდველ მაყურებელს მგონი, ზოგჯერ ათი ბილეთი შეუძენია... მიხარია, რომ ასეთი საიმედო უფროსი მეგობარი შევიძინე...

ახლა კი ერთი სხვა, სრულიად განსხვავებული პასაჟი თამარის ცხოვრებიდან. თამარი წირვასა და ლოცვაზეც სულ მიცვალებულთა კუთხეში დგას, ჯვარცმის ხატთან. ასე დედასთან ახლო ვარო, გაუმხელია მეგობრისთვის...

გორში თეატრია. ამით კითხვას, იქ თეატრი არის? - პასუხი დადებითი მოჰყვება, თავისთავად ცხადია. მინდა გითხრათ, იმ თეატრში ერთი ქალბატონი მუშაობს, თამარ კოშორიძე. ის მოლარეობის გამო ვერ ნახულობს პრემიერებს, მაგრამ ეს არაფერი - თეატრი მასში ისეა, როგორც ვაზში ლერწები ან კიდევ, სისხლი ძარღვებში, ან თუნდაც ჯვარცმის ხატთან რწმენითა და სიყვარულით თავდახრილ შვილთან დედის მოგონება...

ამ მცირე სტატიის გამოქვეყნების მიზანს კიდევ ერთხელ გამოვკვეთ: თამარისთვის იმდენად არაფერი, ხალხისთვისაა მნიშვნელოვანი ერთი თეატრის ერთი თანამშრომლის გაცნობა. როცა შეძლებთ, მიდით გორის თეატრში და სალაროსთან დადექით, თუ გნებავთ, გაიგონოთ უტკბესი სიტყვები: "დე, სპექტაკლისთვის მოხვედი?!"

როლანდ ხოჯანაშვილი