კალმითა და ფუნჯით მხატვრები
მათ საერთო არაფერი აქვთ, არც ასაკი, არც პროფესია, არც ერთმანეთის მსგავსი ცხოვრების გზა გაუვლიათ. ერთი კალმით ხატავდა, მეორე - ფუნჯით; ალბათ ეს აერთიანებთ რამდენიმე დღის წინ იმ ქვეყნად წასულებს - გივი ალხაზიშვილსა და დიმიტრი ერისთავს. პირადად ჩემთვის, ეს ორი ადამიანი ყოველთვის იმ მცირერიცხოვან პიროვნებათა რიგში დარჩება, რომლებთან საუბარიც არასოდეს გინდოდა დასრულებულიყო. ყოველი დიალოგი დიდი ხანი მიგყვებოდა და ამ შემთხვევაში, თავს უფლებას ვაძლევ, ვიყო სუბიექტური...
მხატვარი 2008 წელს გავიცანი, პოეტი - 2012-ში. ვრცელი საუბრების შემდეგ, კიდევ არაერთხელ გადავკვეთილვართ, ხან მწერალთა თუ წიგნის სახლში, ხან სხვადასხვა გამოფენაზე. ინტერვიუები შემდგომაც ჩაგვიწერია, თუმცა მერე რამდენიმე წელი ისე მიეწყო, არც ერთი არ მინახავს. ჯერ გივი ალხაზიშვილი წავიდა, შემდეგ - დიმიტრი ერისთავი - ახლა, ამ აგვისტოს ცხელ დღეებში, რამდენიმე საათის ინტერვალით... გივი ალხაზიშვილის ერთობ ნაცნობ, დაზეპირებულ სტრიქონებს ვკითხულობდი, როცა დიმიტრი ერისთავის ნახატებით გაფერადდა სოციალური სივრცე. ცრემლი წამომივიდა, როცა გავიაზრე, რომ ბოლო დროს ჩემთვის საინტერესო ადამიანებისგან შემდგარ ტყეში სულ შემოდგომა-ზამთრის პირია. ამ ორი ადამიანის წასვლით, კიდევ უფრო გამეჩხერდა ჩემი გამოგონილი სამყარო და გახმა ფაუნა...
ჩემი სახელისა და გვარის გამო, სკოლასა და უნივერსიტეტიდან მოყოლებული, სულ მესმის შეკითხვები: "დიდი ანასი ვინ ხართ?", "ლექსებს წერთ?" და ა.შ. ბატონი გივიც დაინტერესდა, ვწერდი თუ არა ლექსებს და მერე ჩვეული მოზომილი ღიმილით მითხრა: "...ანა კალანდაძე მართლა დიდი პოეტი იყო. საბჭოთა თემატიკიდან განსხვავებულ ლექსებს ქმნიდა. 40-იან წლებში მის დებიუტს ძალიან შეუწყო ხელი სიმონ ჩიქოვანმა. სოციალური აღმშენებლობის, ბელადებისა და სხვა მსგავს შავ-ბნელ რახარუხსა და უაზრობაში, უცბად ანას ლირიკა გამოჩნდა. ანა და დედაჩემი ტოლები იყვნენ, ორივე 1924 წელს იყო დაბადებული. მას დიდ პატივს ვცემდი. ის შესანიშნავი პოეტი და პიროვნება იყო. ვეხვეწებოდი, გამომცემლობა "მერანში" მისი წიგნი გამოგვეცა, მაგრამ ვერაფრით ვიყოლიებდი. სულ მეუბნებოდა, ახალი არაფერი მაქვსო. ჩვენი ურთიერთობა იყო დედაშვილური. რადგან თქვენ ანა კალანდაძე ხართ, ჩვენი ურთიერთობა არის და მომავალში იქნება მამაშვილური".
მაშინ და შემდეგშიც ლექსებს კი ვწერდი, მაგრამ ეს ფაქტი მხოლოდ გავუმხილე, ვერ ვაკითხებდი. სამაგიეროდ, თავად ხშირად მიგზავნიდა სხვადასხვა წლებში თავის შექმნილ სტრიქონებს და შეფასებას მთხოვდა. ასეთ დროს ყოველთვის უხერხულ სიტუაციაში ვვარდებოდი და ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ გივი ალხაზიშვილი აზრს მეკითხებოდა თავის ნაწერზე...
პოეტმა, პროზაიკოსმა, ესეისტმა და მთარგმნელმა ბავშვობის წლები ქუთაისში გაატარა და სწორედ იქ მოსინჯა ბედი მწერლობაში. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მისი ლექსების ბეჭდვა დაიწყეს, ხოლო მოგვიანებით პოეზიას პროზაც დაერთო. მისი ცხოვრება სავსე იყო თავგადასავლებით, რომელსაც სისტემატურად იწერდა. მისი პროზის დიდი ნაწილი ავტობიოგრაფიულია. მწერლის ცხოვრების სხვადასხვა მომენტს მის რომანებში იპოვით. მისი ნამდვილი გვარი "ალხაზაშვილია", "ალხაზიშვილი" კი მისი ლიტერატურული ფსევდონიმი გახდა. მწერლობაში პირველ ნაბიჯებს ასე იხსენებდა:
"მცირე ასაკში დავწერე პოემა კატებისა და თაგვების ომზე. ცხადია, რაღაც უაზრობა იყო, მაგრამ ეს იყო პირველი მცდელობა. პარალელურად ამისა, დავდიოდი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, ჰობოიზე დაკვრას ვსწავლობდი. 1961 წელს დავამთავრე და იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროს, უნივერსიტეტის სტუდენტურ სიმფონიურ ორკესტრში ვუკრავდი. "დაისის" შესავალს ჰობოიზე მე ვიწყებდი. ერთხელ, მოსკოვში გასტროლებზე წავედით. ორკესტრს ვახტანგ ფალიაშვილი დირიჟორობდა. კონსერვატორია დამთავრებული პირველი ჰობოი პრემიერაზე ვერ მოვიდა და მაშინ, ვახტანგ ფალიაშვილის თხოვნით, "დაისის" შესავლის შესრულებამ მე მომიწია. მაშინ 17 წლის ვიყავი. მუხლების კანკალით გავედი და დავუკარი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა...
სამწუხაროდ, სკოლას უჟმურად ვიხსენებ. რაც შეეხება უნივერსიტეტს, მიუხედავად მომხდარისა, დიდი სიყვარულით. 1963 წელს გარკვეული აპოლიტიკური ტლიკინის გამო, ჯარში წამიყვანეს. უნივერსიტეტის კლუბში ტრიბუნაზე გამოვედი და ვთქვი, რომ საქართველო მალე ამირანივით გათავისუფლდებოდა. ცხადია, 19 წლის ბიჭს არც ჭკუა მქონდა და არც შიში. კარგად ვსწავლობდი და გამოსწორების მიზნით, ეს სამწლიანი სასჯელი მომცეს. კოშმარი იყო. ანტისაბჭოური პროპაგანდის გამო ჯარში გამწესება და ის პერიოდი, ჩემს ერთ-ერთ რომანში "ღია კარს აქეთ და იქით" მაქვს აღწერილი. იმ წლებს და მთლიანად საბჭოთა კავშირის პერიოდს "ჟამიანობის ხანა" დავარქვი. ჟამიანობის პიკი ჯარში განვიცადე. წნეხი, ყაზარმა, საშინელი პირობები. უნდათ მანქანად გაქციონ და როცა მოაზროვნე ადამიანი ამას ხედავ, ეწინააღმდეგები. ჯარიდან ვიპარებოდი, დაუმორჩილებლობისა და შელაპარაკებების გამო ასამდე ე.წ. სუტკა გაუბახტში გავატარე. ეს სამი წელი ძალიან გაიწელა... როცა წიგნი გამოიცა, ზოგი ამბობდა, ჯარში კარგად ვიყავით, გვაჭმევდნენ და გვასმევდნენ, ასე რატომ დაწერეო?! ასეთი ადამიანები მონები არიან, ასეთები დღესაც ბევრია. ჩემი თაობის უმეტესი ნაწილი საბჭოთა პერიოდშია ჩარჩენილი. იმ ხანას ნატრობენ და ეს მე მაოგნებს..."
* * *
ინტერვიუზე მისულს მხატვარი დიმა ერისთავი თავის სამუშაო მაგიდასთან დამხვდა და სანამ ფურცელზე უკანასკნელ შტრიხებს აკეთებდა, ვაკვირდებოდი. მარცხენა ხელით მუშაობდა. ბოლოს ინიციალები "დ.ე." მოხაზა და ნამუშევარი რომ არ დაზიანებულიყო, გაზეთი გადააფარა... გაზაფხულის გრილი და ქარიანი დღე იყო. ჩაი შემომთავაზა. პატარა, გადაშლილ ჩაის ჭიქაში ქაფქაფა სითხეს ორთქლი ასდიოდა, როცა მერე ორცხობილით სავსე თეფში მომიჩოჩა, - ჩაის უხდებაო.
მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და პერსონალური გამოფენის ავტორი იყო, როგორც სამშობლოში, ისე საზღვარგარეთ. უამრავი წიგნისა და ჟურნალის ილუსტრატორი. წლების განმავლობაში კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელ მხატვრად მუშაობა, მისი ბიოგრაფიიდან ეს კიდევ ცალკე საინტერესო მონაკვეთია:
"პირველად ფილმის მხატვრად რეზო ჩხეიძის ფილმ "ზღვის ბილიკზე" ვიმუშავე. მოკლემეტრაჟიანი ფილმი უნდა ყოფილიყო. რეზომ მოიწვია სერგო ზაქარიაძე, მერაბ თავაძე და სხვები, მაგრამ ბოლოს ფილმი გაწელეს, არსებული მასალა კი სრულმეტრაჟიან ფილმს არ ეყო. მიუხედავად იმისა, რომ "მასოვკაში" ზღვის ნაპირად მშვენიერი გოგონები დარბოდნენ და ირგვლივ მშვენიერი ბუნება იყო, ფილმი არ გამოვიდა. ბევრი სამუშაო არ მქონდა, ირგვლივ იყო ზღვა, არ გვჭირდებოდა დეკორაცია და კოსტიუმები, ყველა შიშველი გახლდათ და ნახევარი ფილმიდან წამოვედი. სწორედ იმ დროს თენგიზ აბულაძე იღებდა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონს". ფილმზე მთავარ მხატვრებად გივი გიგაური და კახი ხუციშვილი მუშაობდნენ. გადაღებებს ზამთარში ბაკურიანში მეც შევუერთდი. თენგიზ აბულაძე ძალიან თბილი, ყურადღებანი, სასიამოვნო პიროვნება იყო. ფილმში სამ მოხუც კინოვარსკვლავს ვიღებდით: სესილია თაყაიშვილს, სანდრო ჟორჟოლიანს და გრიგოლ ტყაბლაძეს. სერგო ორჯონიკიძე და მანანა აბაზაძე მაშინ სულ ახალგაზრდები იყვნენ. ამ ფილმის გადაღებისას გაიცნეს ერთმანეთი და შემდეგ ოჯახი შექმნეს. მაშინ გავაკეთე ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ნახატი - მანანას პორტრეტი...
ბათუმი ისე შემიყვარდა, რომ ქუთაისზე შექმნილი ფილმი "არაჩვეულებრივი გამოფენა" უმეტესად იქ გადავიღეთ. ქუთაისში რომ ჩავედით, ამერიკულ ფილმებში რომ "გონკებია", ისე დაგვდევდნენ ქუთაისელები და დასალევად გვეპატიჟებოდნენ. საწყალი დოდო აბაშიძე ქუთაისის სასტუმროს ბრწყინვალე ნომერში ცხოვრობდა, მაგრამ იძულებული იყო, იქვე თანამშრომლის პატარა ოთახში დაეძინა. მანქანასაც სასტუმროდან შორს აყენებდა. ქუთაისელები დილით შენობას რომ მოადგებოდნენ და დოდოს მოიკითხავდნენ, მის ოთახს ნახულობდნენ და მხოლოდ მას შემდეგ იჯერებდნენ, რომ ნომერში არ იყო. ბათუმში ქუჩიდან რომ შედიოდა ფილმის გმირი, თბილისში პიპინიას ეზოში ხვდებოდა, ანუ ალაყაფის კარი "იყო" ბათუმში და ეზო - თბილისში. დედაქალაქშივე ავაგეთ ორსართულიანი სახლის ფასადი და სახელოსნო, დავდგით ქვა...
საზღვარგარეთ ოთარ იოსელიანის ორ ფილმზე ვმუშაობდი, ერთი იყო საფრანგეთში "მთვარის ფავორიტები" და მეორე დასავლეთ ბერლინში "და არს ნათელი". "მთვარის ფავორიტებზე" მუშაობისას პარიზში 6 თვე დავყავი და მაშინ მივხვდი, რა ფსიქიკური ავადმყოფობაა ნოსტალგია!.. არა მარტო ოჯახი მენატრებოდა, ვფიქრობდი, რომ ვერ ვნახავდი ჩემს ქალაქს, ქუჩებს, მეგობრებს და გარემოს! მაინც რა ყოფილა, კაცო, ეს ნოსტალგია, ეს ფიზიკური გულის ტკივილია!"
დიმიტრი ერისთავს მამა აკვარელისტი ჰყავდა და ალბათ ამის გავლენაც იყო, რომ პროფესიად მხატვრობა აირჩია. ბავშვობაში კითხვა უყვარდა და ილუსტრაციებს აკეთებდა იმ ქაღალდის ნაგლეჯებზე, რომელიც მამას მორჩებოდა ხოლმე. სკოლაში სიარული არ მოსწონდა, არც იმის გამო, რომ პედაგოგებით იხიბლებოდა და არც იმის, რომ დილით ადრე ადგომა უწევდა. ღამით გვიანობამდე ხატავდა ან კითხულობდა, დილით ადრე გაღვიძება მისთვის იყო სასჯელი....
ბოლო წლებში დღის უმეტეს ნაწილს თავის სახელოსნოში ატარებდა და როგორც თავად ამბობდა, უფრო მეტს ხატავდა, ვიდრე ახალგაზრდობაში. მიიჩნევდა, რომ ყვავილების ხატვა არ გამოსდიოდა, თუმცა მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად "იების გამყიდველი" ითვლება...
ანა კალანდაძე