რა მიზეზით არ მიიღეს სასტუმროში ეგნატე ნინოშვილი... - გზაპრესი

რა მიზეზით არ მიიღეს სასტუმროში ეგნატე ნინოშვილი...

მაგრამ ცოტამ თუ იცის, რამდენად გამორჩეული სასტუმროები მდებარეობდა ბათუმში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან კობრავა სწორედ ამ სასტუმროებს გვაცნობს...

- ბათუმის ქალაქის ხალხმრავალ, ხმაურიან ადგილებში იყო განთავსებული საუკეთესო სასტუმროები, რომლებიც ყოველთვის გადატვირთული გახლდათ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებით. ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა სანაპიროზე მდებარე სასტუმროები "ბელ-ვიუ" და "ორიენტალი". ეს სასტუმროები მოიცავდა მთელ კვარტალს და გადიოდა 4 ქუჩაზე.

კონკრეტული წყაროების მიხედვით, სასტუმრო "ბელ-ვიუ" ეკუთვნოდა კურტ-ოღლის, ხოლო შემდეგ ჩალინგარიანს. სასტუმროს ზღვისა და ქალაქის გარეუბნების საუკეთესო ხედი ჰქონდა. ნომერი 1 მანეთი ღირდა. იყო განუმეორებელი სისუფთავე და სიხალვათე... სასტუმრო "ორიენტალიც" პირველი კლასის იყო. ჰქონდა მშრალი და ნათელი ნომრები, რომლის საფასური 1 მანეთი გახლდათ და უფრო ძვირი. ფუნქციონირებდა პირველი კლასის რესტორანი, ზღვისა და მტკნარი წყლის აბაზანა. ჰქონდა ელექტრონული განათება. იყო ჟურნალები და გაზეთები ადგილობრივ, რუსულ და საზღვარგარეთულ ენებზე, ასევე ტელეფონი; ჰყავდათ თარჯიმანი. შენობა იყო კურტ-ოღლის, სასტუმროს მფლობელი კი ბერძენიშვილი გახლდათ. უცხოელი სტუმრების გარდა, სასტუმრო "ორიენტალმა" 1918 წლის მაისში ბათუმის კონფერენციის მონაწილე ამიერკავკასიის 45-კაციან დელეგაციას უმასპინძლა. 1922 წელს ორივე სასტუმრო მუნიციპალიზაციას დაექვემდებარა. საბჭოთა პერიოდში შენობებში აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველო ფუნქციონირებდა. 2006 წელს შენობა აუქციონის წესით ინვესტორმა შეიძინა.

სასტუმრო "ნეაპოლი"

- სასტუმრო ეკუთვნოდა მემლი ზადე სანდას და საბლე ეფენდის. 1922 წელს შენობის ნაციონალიზაცია მოხდა და საცხოვრებელ ფართად გადაკეთდა. 1948 წელს შენობის პირველ სართულზე გაიხსნა ბავშვთა სამხატვრო სკოლა, რომლის დირექტორად წლების მანძილზე მუშაობდა აჭარის დამსახურებული მხატვარი შოთა ზამთარაძე. სასწავლებელი ამჟამადაც ფუნქციონირებს.

ყოფილი "იმპერიალი"

- ასევე პირველი კლასის სასტუმრო იყო სასტუმრო "იმპერიალი", რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. ჰქონდა სუფთა და მოხერხებული ოთახები ელექტრონული განათებით, აბაზანა, ბუფეტი და რესტორანი ევროპული და აზიური კერძებით. სადილი 60-80 კაპიკი ღირდა. სასტუმროში იყო საბანკეტო დარბაზი, ბიბლიოთეკა და პიანინო. 1916 წლის იანვარში რუსეთის ქალაქთა კავშირმა სასტუმრო "იმპერიალის" შენობაში გახსნა 50-საწოლიანი საავადმყოფო, რომელიც წლის ბოლომდე ფუნქციონირებდა... 1918-1921 წლებში სასტუმროს ერქვა "ნოე". ამ პერიოდში იქ რამდენიმე დღით ცხოვრობდა პოეტი სერგეი ესენინი. 1922 წლის მუნიციპალიზაციის შემდეგ შენობა მრავალფუნქციური გახდა.

სასტუმრო "მასკვა"

- XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ხულოს ქუჩა #8-ში მდებარეობდა სასტუმრო "მასკვა", სადაც 1894 წლის გაზაფხულზე რამდენიმე დღე ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი, როცა იგი უკვე მძიმედ იყო ავად. თვითონ ნინოშვილი ასე აღწერდა ბათუმში ჩამოსვლას: "20 მარტს, როგორც იყო, გამოვემგზავრე ბათუმისაკენ. ვესტუმრე ბათუმს, მაგრამ ვაი ამ სტუმრობას! სახლები ბლომად არის ბათუმშიო, რომ გვეგონა, სულ მთელ ბათუმში ოთხი აღმოჩნდა ცალკე გასაქირავებელი, ისიც ჩვენი გემოვნების არა, მაგრამ გაიგეს თუ არა, რომ მე ავადმყოფი ვარ, უარი თქვეს... მივმართეთ "გასტინიცას". ღამე იყო, რომ მივედით და მიგვიღეს, მაგრამ მეორე დღეს, როცა მიტკლისფრად თეთრ ჩემს "სახე-სკელეტს" შეხედეს, გამოგვხედეს: მიბრძანდით, ავადმყოფს ნომერს ვერ მივაქირავებთო, რადგან სხვა პასაჟირები დაგვიფრთხებაო. რაღა გვექნა, მოვიცადეთ დაღამებამდის (ვითომდა კარგად ვერ დაგვინახავენ სახესო) და დაღამებულში შევატყუეთ თავი ერთ სასტუმროს პატრონს". სასტუმრო "მასკვას" ერთ პატარა ოთახში მოათავსეს სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული სახელოვანი მწერალი. მან აქ რამდენიმე დღე დაჰყო. ოთახს პატარა სარკმელი ჰქონდა. შიგ იდგა ერთი საწოლი, პატარა მაგიდა, სკამი და ლამპა. ოთახი ნესტიანი იყო. საჭმელ-სასმელი მეგობრებს მოჰქონდათ. ბათუმის ჰავამ უარყოფითად იმოქმედა ავადმყოფზე. მისი ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა. ეგნატემ მშობლიურ სოფელში დაბრუნება ითხოვა და 1894 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა მშობლიურ სახლში. ამჟამად ამ სახლს, სადაც ბათუმში ყოფნისას ბოლო დღეები გაატარა ეგნატე ნინოშვილმა, მემორიალური დაფა ამშვენებს წარწერით: "ამ სახლში 1894 წლის მარტში ცხოვრობდა ქართული ლიტერატურას კლასიკოსი ეგნატე ნინოშვილი".

მანანა გაბრიჭიძე